Aa Aa
10 ივნისი 2021  |  10:31

Ferrari-ს ხელმისაწვდომი მოდელები, რომლებიც სამომავლოდ კარგი ინვესტიცია იქნება

ამ 8 Ferrari-ს შეძენისთვის ბანკის გატანა არ მოგიწევთ.

ხართ თუ არა ავტომოყვარული, Ferrari-ს ფლობა ხაზს უსვამს, რომ თქვენ გარკვეულ წარმატებას მიაღწიეთ. Ferrari-ს ფლობა დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული. მიუხედავად მაღალი ღირებულებისა, გაუფასურებისგან ეს ბრენდიც არ არის დაზღვეული, თუ მისი მოდელი ნამდვილად განსაკუთრებული არაა. სიაში შეყვანილი ავტომობილები კი Ferrari-ს გამორჩეული ავტომობილების იდეალური მაგალითებია.

1. Ferrari Dino 208 / 308 GT4 (1973-1980)


Ferrari 208 და 308 GT4 მოდელები 2+2 კუპეს კატეგორიას განეკუთვნებიან. ისინი 2.0-ლიტრიანი V8 170-ცხენისძალიანი ან 2.9-ლიტრიანი V8 255-ცხენისძალიანი აგრეგატით არის აღჭურვილი. 2.0-ლიტრიანი ვერსია 0-დან 100-მდე 7.6 წამში ჩქარდება და მისი მაქსიმალური სიჩქარე 220კმ/სთ-ით არის განსაზღვრული. უფრო მძლავრი 308 GT4-ი კი 100კმ/სთ-ს 6.4 წამში ავითარებს, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 248 კმ/სთ-ს შეადგენს. ორივე ვერსია 5-სიჩქარიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფით არის აღჭურვილი, რომელიც სიმძლავრეს უკანა ღერძზე მიმართავს. ამ მოდელების საშუალო ფასი დღეს 53 000$-ს შეადგენს.

Ferrari Dino-ს მახასიათებლები:
ძრავა - 2.0-ლიტრიანი V8 / 2.9-ლიტრიანი V8;
სიმძლავრე - 170 / 255 ცხენისძალა;
მაბრუნი მომენტი - 186 / 285 ნიუტონ მეტრი;
0-დან 100კმ/სთ-მდე - 7.6 წამი / 6.4 წამი;
მაქსიმალური სიჩქარე - 220 კმ/სთ / 248 კმ/სთ;
გადაცემათა კოლოფი - 5-სიჩქარიანი მექანიკური.

2. Ferrari 208 / 308 GTB & GTS & Ferrari 328


Ferrari 208/308 GTB (Berlinetta) და GTS (Spider) Dino 208/308 GT4-ის უფრო სპორტული და გაუმჯობესებული ვერსიებია. 328 მათი შემდეგი მოდელი გახლავთ. 1986-89 წლებში მოდელი 3.2-ლიტრიანი V8 ძრავით აღიჭურვა, რომელიც 270 ცხენისძალასა და 305 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებდა. 1 263 კგ-იანი შუაძრავიანი ავტომობილი 0-დან 100კმ/სთ-მდე 5.5 წამში ჩქარდებოდა და 267კმ/სთ-ის მიღწევა შეეძლო. Spider-ს მცირედით ნაკლები წარმადობა ჰქონდა. აჩქარება 5.9 წამით იყო განსაზღვრული, მაქსიმალური სიჩქარე კი 263 კმ/სთ-ით. ნორმალურ მდგომარეობაში მყოფი 208/308 Berlinetta-ს ფასი 58 000$-დან იწყება.

Ferrari 328-ს მახასიათებლები:
ძრავა - 3.2-ლიტრიანი V8;
სიმძლავრე - 270 ცხენისძალა;
მაბრუნი მომენტი - 305 ნიუტონ მეტრი;
წონა - 1263კგ;
0-დან 100კმ/სთ-მდე - 5,5 წამი.
მაქსიმალური სიჩქარე - 267კმ/სთ;

3. Ferrari Mondial (1980-1993)


სამწუხაროდ, Ferrari-ს ემბლემა სისწრაფესთან მუდმივად არ არის დაკავშირებული. Mondial-ი ამის იდეალური მაგალითია. „გრან ტურზე“ ორიენტირებული 2+2 კუპე ან კაბრიოლეტი შუაში განთავსებული V8 ძრავითაა წარმოდგენილი, რომელსაც, წლების მიხედვით, 3.0-3.4-ლიტრიანი ძრავა აქვს.

Mondial-ს ოთხი ვერსია აქვს. Mondial 8 (1980-1982) 201 ცხენის ძალით, Mondial QV 3.0-ლიტრიანი 24-სარქველიანი ძრავითა და 340 ცხენის ძალით, Mondial 3.2 270 ცხენის ძალით და Mondial t-ი 3.4-ლიტრიანი V8 300-ცხენის ძალით.

ამ ავტომობილის შეძენა დღეს 37 000$-ად არის შესაძლებელი. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ სულ 7000 ეგზემპლარი არსებობს, მაღალია განსაკუთრებულობის ფაქტორიც.

4. Ferrari 348 (1989-1995)


ამ სიას კარგი ის აქვს, რომ ნელ-ნელა უფრო უკეთესი მანქანები ჩნდება. Ferrari 348-ს ის ჰქონდა, რაც Mondial-ს აკლდა. ამ მოდელიდან უკანა სავარძლები ამოიღეს, რამაც უკეთესი წარმადობისთვის პრაქტიკულობა დათმო. შუაში დამონტაჟებული 3.4-ლიტრიანი V8 320 ცხენის ძალასა და 324 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებდა. ეს ყველაფერი ნიშნავდა იმას, რომ ავტომობილს 0-დან 100-მდე აჩქარება 5.4 წამში შეეძლო, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 280კმ/სთ-ს შეადგენდა.

348 უკანასკნელი შუაძრავიანი Ferrari-ა, რომელიც 5-სიჩქარიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფით არის წარმოდგენილი. ჯამში სულ 8 844 ეგზემპლარი გამოვიდა. კარგ მდგომარეობაში მყოფი მოდელის შეძენა კი 55 000$-ადაა შესაძლებელი.

Ferrari 348-ს მახასიათებლები:
ძრავა - 3.4-ლიტრიანი V8;
სიმძლავრე - 320 ცხენისძალა;
მაბრუნი მომენტი - 324 ნიუტონ მეტრი;
0-დან 100კმ/სთ-მდე - 5,4 წამი.
მაქსიმალური სიჩქარე - 280კმ/სთ;

5. Ferrari F355 (1995-1999)


ალბათ, ეს ავტომობილი Fast & Furious-ის ფილმიდან გახსოვთ. 348-ს მემკვიდრედ F355 მოგვევლინა. ეს უფრო მომრგვალებული, სადა და მძლავრი ავტომობილი იყო. მოკლედ რომ გითხრათ, ეს 348-ს უკეთესი ვერსიაა.

3.5-ლიტრიანი V8 ძრავა ახლა ცილინდრზე 5 სარქველით წარსდგა, რომელიც 380 ცხენისძალასა და 363 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებდა. ეს სიმძლავრე საკმარისი იყო იმისთვის, რომ F355 0-დან 100-მდე 4.4 წამში აჩქარებულიყო და 300კმ/სთ განევითარებინა. ამ პერიოდში მსურველებს 6-სიჩქარიანი მექანიკური კოლოფის, ან 6-სიჩქარიანი F1-ის ავტომატიზებული მექანიკური კოლოფის არჩევა შეეძლოთ. არჩევანის გაკეთება შეიძლებოდა Berlinetta, Targa-სა და Spider-ს შორისაც. ამ ავტომობილის საშუალო ფასი დღეს 65 000$-ს შეადგენს.

Ferrari F355-ის მახასიათებლები:
ძრავა - 3.5-ლიტრიანი V8;
სიმძლავრე - 380 ცხენისძალა;
მაბრუნი მომენტი - 363 ნიუტონ მეტრი;
0-დან 100კმ/სთ-მდე - 4,4 წამი.
მაქსიმალური სიჩქარე - 300 კმ/სთ;

6. Ferrari 360 Modena/Spider (2000-2004)


F355-ის მემკვიდრე Ferrari 360 ახალი საუკუნის პირველი შუაძრავიანი მოდელი იყო. მოძრავი მაშუქები წარსულს ჩაბარდა და კონტურები კიდევ უფრო დაიხვეწა. მიუხედავად ყველაფრისა, 348-ის ელემენტების დანახვა მაინც იყო შესაძლებელი.

360 თითქმის ყველა ასპექტში იგივე ავტომობილი იყო, თუმცა, უკეთესი მონაცემები ჰქონდა. 3.6-ლიტრიანი V8 400-ცხენის ძალას გამოიმუშავებდა და წუთში 8500 ბრუნს ასრულებდა. 0-დან 100-მდე აჩქარება 4.2 წამში იყო შესაძლებელი, მაქსიმალური სიჩქარე კი 295კმ/სთ-ს შეადგენდა. ტრანსმისიების არჩევანი F355-ის იდენტური იყო.

ჯამში სულ 16 000 ეგზემპლარი იქნა წარმოებული. ის მისი წინაპრებისგან განსხვავებით, მეტი ხელმისაწვდომობით გამოირჩეოდა. დღეს კი 80 000კმ-იანი გარბენით 360-ის შეძენას 60 000$-ად შეძლებთ.

Ferrari 360-ის მახასიათებლები:
ძრავა - 3.6-ლიტრიანი V8;
სიმძლავრე - 400 ცხენისძალა;
მაბრუნი მომენტი - 372 ნიუტონ მეტრი;
0-დან 100კმ/სთ-მდე - 4,2 წამი.
მაქსიმალური სიჩქარე - 295 კმ/სთ;

7. Ferrari 456 (1992-2003)


საკმაოდ საინტერესო მოდელამდეც მივედით. 456 ერთ-ერთი ყველაზე მივიწყებული Ferrari-ა. შესაძლოა იფიქროთ, რომ ეს 550 Maranello-ს პატარა ვერსიაა. ეს უფრო მეტად „გრან ტურერია“, ვიდრე ტრეკის მონსტრი. ის 5.5-ლიტრიანი V12 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 442 ცხენისძალასა და 550 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს.

11-წლიანი წარმოების განმავლობაში სულ 3 289 მოდელი შეიქმნა, რაც 456-ს ერთ-ერთ ყველაზე იშვიათ ავტომობილად აქცევს. მისი ხასიათის მიუხედავად, მანქანა საკმაოდ სწრაფია. 1 790კგ-იანი Ferrari 0-დან 100-მდე 4.8 წამში ჩქარდება, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე 300კმ/სთ-ით არის განსაზღვრული. სიმძლავრეს 6-სიჩქარიანი მექანიკური ან 4-სიჩქარიანი ავტომატური კოლოფი ანაწილებს.

დღეს კარგად შენახული 456-ის შეძენას დაახლოებით 60 000$-ად შეძლებთ. დადებითი გარემოებაა ისიც, რომ ამ ავტომობილის შესახებ ბევრმა არ იცის, რაც მის გაუფასურებას განაპირობებს. 456 ყველაზე იაფად 25 250$-ად გაიყიდა, ყველაზე ძვირიანი 456 კი 148 500$-ად შეფასდა.

Ferrari 456-ის მახასიათებლები:
ძრავა - 5.5-ლიტრიანი V12;
სიმძლავრე - 442 ცხენისძალა;
მაბრუნი მომენტი - 550 ნიუტონ მეტრი;
0-დან 100კმ/სთ-მდე - 4,8 წამი.
მაქსიმალური სიჩქარე - 300 კმ/სთ;

8. Ferrari 612 Scaglietti (2004-2011)


თუ ფიქრობთ, რომ Ferrari-ს V12 ძრავის ხელში ჩაჯდება მხოლოდ 456-თაა შესაძლებელი, ცდებით. 456-ის ბუნებრივი მემკვიდრე 612 Scaglietti-ა, რომელიც 2004 წლიდან გამოდის. ის თითქმის იმავე დიზაინერულ ფორმებს იმეორებს, თუმცა ბევრად მომრგვალებულია. კიდევ ერთი გამონაკლისი მოძრავი წინა მაშუქებია. წინამორბედის მსგავსად, ეს ავტომობილიც 2+2 „გრან ტურერის“ კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც ატმოსფერული V12 ძრავითაა აღჭურვილი.

ამჯერად, 5.7-ლიტრიანი V12 540 ცხენის ძალასა და 588 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. ეს ძალა კი 6-სიჩქარიანი მექანიკური ან ავტომატური კოლოფით უკანა ღერძზე ნაწილდება. 612 Scaglietti საგრძნობლად მძიმეა და მისი წონა 1 919კგ-ს შეადგენს. მიუხედავად ამისა, 0-დან 100-მდე ასაჩქარებლად 4.0-წამზე მეტი დრო არ სჭირდება. საჭიროების შემთხვევაში კი 320კმ/სთ-ს განავითარებს.

7-წლიანმა საწარმოო ხაზმა 3 025 მოდელი შექმნა. დღეს ამ მოდელის საშუალო ფასი 106 000$, თუმცა, ბევრი კარგი ეგზემპლარი 85 000$-ადაც გაყიდულა.

Ferrari 612 Scaglietti-ის მახასიათებლები:
ძრავა - 5.7-ლიტრიანი V12;
სიმძლავრე - 540 ცხენისძალა;
მაბრუნი მომენტი - 588 ნიუტონ მეტრი;
0-დან 100კმ/სთ-მდე - 4,0 წამი.
მაქსიმალური სიჩქარე - 320 კმ/სთ;

გაზიარება: