Aa Aa
13 ივნისი 2021  |  12:20

Bugatti Chiron Super Sport-ს 1577 ცხენის ძალა აქვს

16-ცილინდრიანი ჰიპერქარის ახალი ვერსია $3.9 მილიონი ეღირება.

ორი წლის შემდეგ, რაც კომპანიამ 30 ეგზემპლარი Super Sport 300 გამოუშვა, ის კიდევ ერთ ვერსიას შემოგვთავაზებს, რომელიც ძირითადად ისევ მსგავსი ავტომობილი იქნება. მას Chiron Super Sport-ი ერქმევა  და ძარას 300 ვერსიასთან გაიზიარებს.

როგორც ამბობენ, ახალი მოდელი უფრო კომფორტული და ყოველდღიურობისთვის გამოსადეგი უნდა იყოს. მას სიჩქარის შემზღუდველიც აქვს, რომელიც 440 კილომეტრზე მაღლა არ ადის. მყიდველებისთვის ეს პრობლემა საერთოდ არ უნდა იყოს. თანაც Chiron Sport-ს შეზღუდვა უკვე ნაკლებ სიჩქარეზე - 420კმ/სთ-ზე აქვს.

Super Sport-ს მაღალ სიჩქარესთან ადაპტირებისთვის განახლებული ძარა აქვს. პაკეტი Dallara-სთან თანამშრომლობით შეიქმნა. ეს კომპანია სარბოლო ავტმობილების ცნობილი კონსტრუქტორია. მაყუჩის მილებს ადგილი შეუცვალეს და ცენტრალური პოზიციიდან უკანა დიფუზორის გვერდებზე გადაიტანეს.

Chiron-ს და Chiron Sport-ს 1479 ცხენის ძალა აქვს. Super Sport ვერსიას კი განახლებული ტურბოკომპრესორები დაუმატეს. 8.0-ლიტრიანი W16 ძრავა 1577 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. კომპანია 0-100კმ/სთ-მდე მისაღწევად საჭირო დროს ჯერ არ ასახელებს.

Bugatti ამბობს, რომ Super Sport-ი მაღალ სიჩქარეზე ისეთი სტაბილური და დახვეწილია, როგორზეც სხვა სუპერქარები ვერც იოცნებებენ. Chiron Super Sport-ის ფასი დაახლოებით $3.91 მილიონი იქნება. მყიდველებისთვის მიწოდება კი 2022 წელს დაიწყება.

გაზიარება: