Aa Aa
29 ივლისი 2021  |  10:40

7 ერთი გამოშვების „სუპერქარი“ რომლის არსებობის შესახებაც არ იცოდით

ეს მოდელები არ უნდა დაივიწყოთ.

სუპერქარის ფლობა გარკვეულწილად სიამაყისა და სტატუსის გარანტიაა. სამწუხაროდ, ყველა ისეთი იღბლიანი არ არის, რომ 6-ციფრიანი ღირებულების სპორტული ავტომობილი ჰყავდეს. გამომდინარე აქედან, როდესაც ასეთი ავტომობილი გყავთ, თავი კარგად უნდა იგრძნოთ.

გამორჩეული სპორტული მანქანების მწარმოებლებმა ერთი გამოშვების მოდელების შექმნაც კი დაიწყეს. ამ ავტომობილების ნაწილზე ავტოსამყაროში ისევ საუბრობენ. ზოგი კი საერთდ მიივიწყეს. ქვემოთ იმ 7 ერთი გამოშვების „სუპერქარის“ შესახებ ვისაუბრებთ, რომლებიც ყურადღების მიქცევას აუცილებლად იმსახურებენ.

1. TVR Cerbera Speed 12


TVR Cerbera Speed 12, ან უბრალოდ Speed 12, ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი „სპორტქარია“, რომელიც ისტორიის კუნჭულებშია ჩაკარგული. TVR-ის საწარმოო კედლებში შექმნილი 7.7-ლიტრიანი V12 ძრავა 800 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. მწარმოებელს GT-ის ტიპის სარბოლო ავტომობილის საგზაო ვერსიის შექმნა ჰქონდა გადაწყვეტილი.

სამწუხაროდ, TVR-ის ამბიციები - მიეღო GT-ი რბოლაში მონაწილეობა - სისრულეში ვერ მოვიდა. ეს დასანანი ფაქტი არასაიმედოობითა და ტექნიკური გაუმართაობის ბრალი გახლდათ.

TVR-ის მაშინდელმა მფლობელმა, ვიტერ ვილერმა, Speed 12-ის პროტოტიპი გაატარა და აღნიშნა, რომ მანქანა საგზაო გადაადგილებისთვის ზედმეტად სწრაფი იყო. საგზაო ვერსიის გამოშვება შეჩერდა. მწარმოებელმა კი 2003 წელს გამოშვებული პროტოტიპი გაყიდა. ავტომობილის ორიგინალი ფორმა განადგურდა. TVR-მა ძარაზე გამოუყენებელი სარბოლო კორპუსის დადგმა გადაწყვიტა. მათ, ვისაც TVR Speed 12-ის ნახვა სურს Lakeland Motor Museum-ს, ბრიტანეთში უნდა ეწვიოს.

2. McLaren X1


დღეს McLaren Special Operations-ი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დივიზიაა "სუპერქარებს" შორის. ის სუპერექსკლუზიური მოდელების შექმნაზეა პასუხისმგებელი, რომელთა შორისაც აუცილებლად შედის ერთადერთი McLaren X-1. ამ ავტომობილის დებიუტი Pebble Beach Concour d’Elegance-ზე გაიმართა.

X1 რამდენიმე თაობის დეტალებს აერთიანებდა. ფაქტობრივად ეს McLaren-ის თანამედროვე ტექნოლოგიების 50 წლის წინანდელი დიზაინის შთაგონებით შექმნილი ავტომობილი იყო. შედეგი კი გასაოცარი გახლდათ. სულ ერთი X1 გამოვიდა და ის სპეციალურ ინკოგნიტო მყიდველისთვის დამზადდა, რომელსაც ფარეხში სხვა McLaren-ებიც ჰყავს.

McLaren X1-ის მახასიათებლები:
ძრავა - 3.8-ლიტრიანი ტურბინიანი V8;
ცხენის ძალა - 592;
მაბრუნი მომენტი: 600 ნიუტონ მეტრი;
0-დან 100-მდე - 3.2 წამი;
მაქსიმალური სიჩქარე - 371კმ/სთ.

3. Lamborghini Aventador J


2012 წლის ჟენევის ავტოჩვენებაზე გასაჯაროებული Aventador J-ს Lamborghini-სგან არავინ მოელოდა. იმ პერიოდში ავტოსამყაროში სრულად განსხვავებული ხედვები იყო, რამაც უამრავ ადამიანს J-ს გამოჩენამ ყბა ჩამოუგდო. Aventador J LP700-4-ის მსგავსად, 6.5-ლიტრიანი V12 ძრავით იყო აღჭურვილი, რომელიც 690 ცხენისძალას გამოიმუშავებდა. გარდა იმისა, რომ მას წინ საქარე მინა არ აქვს, ის მსოფლიოში ერთადერთიცაა. 8 წლის წინ ეს ავტომობილი 2 მილიონ დოლარად გაიყიდა.

4. Ferrari P4/5 By Pininfarina



Ferrari Enzo-ს ძვლებზე - დიახ, ენცოს - აწყობილი P4/5 ჯეიმს გლიკენჰაუსის ნამუშევარი იყო. გლიკენჰაუსისთვის ერთი სახეობის „ფერარის“ არსებობა, რომელსაც საკუთარს დაუძახებდა, საკმარისი არ აღმოჩნდა. მას სურდა, რომ ავტომობილი 1960-იანი წლების P Series-ის სარბოლო მანქანას დამსგავსებოდა.

Pininfarina-მ Ferrari P4/5-ის შექმნას ერთ წელზე მეტი დრო დაახარჯა, ხოლო გლიკენჰაუსმა მასში 4 მილიონის გადახდა არ დაინანა. P4/5 იმდენად მიმზიდველი ნაწარმი გამოდგა, რომ ლუკა დი მონტეცემოლომ, ფერარის დირექტორმა, მანქანაზე Ferrari-ს ემბლემის გამოჩენის აღფრთოვანება ვერ დამალა. ასე შეიქმნა ერთი გამოშვების შედევრი, რომელსაც P4/5 Pininfarina-ს სახელით იცნობენ.

Ferrari P4/5 By Pininfarina-ს მახასიათებლები:
ძრავა - 6.0-ლიტრიანი V12;
ცხენის ძალა - 660;
მაბრუნი მომენტი: 656 ნიუტონ მეტრი;
0-დან 100-მდე - 3.0 წამი;
მაქსიმალური სიჩქარე - 374კმ/სთ.

5. Lotec C1000


ერთადერთი გამოშვების C1000 Lotec-მა Mercedes-Benz-თან პარტნიორობით შეიმუშავა. მის კორპუსს მთლიანად კარბონი ამშვენებს, რაც 1990-იან წლებში საკმაოდ იშვიათი მოვლენა იყო. C1000-ის კორპუსი, 6.0-ლიტრიანი ტურბინიანი V12 ძრავის მაქსიმალური შესაძლებლობების დემონსტრირებისთვის, აეროდინამიკულად დახვეწილი უნდა ყოფილიყო.

C1000-ის V12 ძალოვანი აგრეგატი 1000 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა, ხოლო 0-დან 100-მდე 3.2 წამში ჩქარებოდა.
აჩქარების ეს დრო იგივე იყო, რაც ამ ეპოქის საუკეთესო „სუპერქარს“ – McLaren F1-ს ჰქონდა. შთამბეჭდავი იყო C1000-ის მაქსიმალური სიჩქარეც. შესაბამისი მოხსენებების მიხედვით, მანქანას 431კმ/სთ-ის განვითარება შეეძლო. ეს მონაცემი კი ყველაზე სწრაფ საწარმოო მოდელად აქცევდა.

C1000 ახლო აღმოსავლეთის ნავთობის მაგნატმა 3.4 მილიონ დოლარად შეიძინა. მას შემდეგ ავტომობილმა მფლობელი რამდენჯერ გამოიცვალა. ბოლოს ის აშშ-ში 600 000$-ად გაიყიდა.

6. Aston Martin Bulldog


ეს Aston Martin Bulldog-ია და იმის თქმა, რომ ის უცნაურად გამოიყურება რეალობას მოკლებული არ არის. ეს ავტომობილი კიდევ უფრო უცნაურად მოგეჩვენებათ მას შემდეგ, რაც გაიგებთ, რომ მისი 5.3-ლიტრიანი V8 ძრავა 700 ცხენისძალას გამოიმუშავებს.

Aston-ი ამტკიცებდა იმასაც, რომ მოდელის მაქსიმალური სიჩქარე 381კმ/სთ-ით იყო განსაზღვრული, მაგრამ სატესტო გარბენისას პიკი 310კმ/სთ-ით შემოიფარგლა.

რამდენად დიადიც იყო გზაზე Bulldog-ი, იმდენად არ ჰგავდა ის Aston Martin-ს. დიახ, ის არც Bulldog-ს ჰგავდა. ჯამში სულ 25 ერთეულის წარმოება იგეგმებოდა, თუმცა მხოლოდ ერთი ეგზემპლარი გამოვიდა. Bulldog-ს რამდენიმე მფლობელი ჰყავდა. ბოლოს კი ამერიკელმა მფლობელმა შეიძინა, რომელმაც რესტავრაციის სამუშაოები რიჩარდ გაუნტლეტს ჩააბარა. ეს პიროვნება ვიქტორ გაუნტლეტის შვილია, რომელიც 1981 წელს Aston Martin-ს ლიდერი იყო. Bulldog-ის წარმოების შეჩერება, სიძვირის გამო, სწორედ ვიქტორ გაუნტლეტის გადაწყვეტილება გახლავთ.

7. Bugatti Veyron Grand Sport L’OR BLANC


„სუპერქარის" 10-წლიანი წარმოების განმავლობაში Bugatti-მ რამდენიმე ერთი გამოშვების მქონე ვერსია შექმნა. ამ სიას Sang Bleu, Bernar Vener-ი ან ერთადერთი Vitesse-ი განეკუთვნება. ყველაზე გამორჩეული ვერსია კი Veyron Gran Sport L’Or Blac-ია.

Bugatti-მ ეს ერთი გამოშვების მოდელი Royal Porcelain Factory-სთან გაერთიანებით შექმნა და როგორც ხედავთ, "სუპერქარი" მთლიანად ფაიფურის დეტალებითაა დაფარული.

EB-ის ემბლემები დისკის ცენტრსა და საწვავის ავზის კარზე ფაიფურისგანაა დამზადებული. საუბრის ცალკე თემაა ხელით მოხატული დეტალები, რომლებიც ზუსტად ისეა შესრულებული, როგორც ფაიფურის ნივთებზე დატანისას. ეს ავტომობილი მსოფლიოში მართლაც რომ ერთადერთია და გამოსვლისას ის 2.5 მილიონ დოლარადაა გაყიდული.

Bugatti Veyron Grand Sport L’OR BLANC-ის მონაცემები: 
ძრავა - 8-ლიტრიანი, 4-ტურბინიანი W16;
ცხენისძალა - 987; 
ნიუტონ მეტრი - 1344; 
0-100 - 2.4 წამი;
მაქსიმალური სიჩქარე - 407კმ/სთ. 

გაზიარება: