Aa Aa
19 ივლისი 2021  |  10:39

10 ეგზოტიკური ავტომობილი, რომლებიც მომავლის იმედს გვაძლევს

ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ელექტრო ავტომობილი გამოდის. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეგზოტიკური დიზაინები მალე გაქრება. სინამდვილეში კი ახლა ასეთი ავტომობილები ბევრად მეტია, ვიდრე როდესმე. დღეს ეგზოტიკური ავტომობილები ჰიბრიდული და ელექტრო აგრეგატებითაც გვხვდება.

ჩვენს სიაში მოხვედრილი ავტომობილები გვიჩვენებს, რომ ეგზოტიკური დიზაინები არ გამქრალა. აქ შეხვდებით, როგორც შიგაწვისძრავიან, ასევე ჰიბრიდებსა და ელექტრო ავტომობილებს.

Ferrari SF90 Stradale

LaFerrari-ს მსგავსად, SF90 Stradale-ც შუაძრავიანი ჰიბრიდული ავტომობილია. თუმცა, მათ შორის რამდენიმე მნიშვნელოვანი განსხვავებაა. ფლავიო მანზონის დიზაინი ავტომობილს ეგზოტიკურ შეხედულებას აძლევს. წინა ელექტრო მოტორების წყალობით, SF90 ოთხივეწამყვანია. მას, 6.3-ლიტრიანი V12 ძრავის ნაცვლად, ტვინ-ტურბოდაბერვის 4.0-ლიტრიანი V8 ძრავა აქვს, რომელიც 986 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მისი საწყისი ფასი €430,000-ია.

Bugatti Bolide

Bolide ყველაზე ექსტრემალური Bugatti-ა, რაც აქამდე შეუქმნიათ. ის ფორმულა 1-ს ბოლიდითაა შთაგონებული. ეს პროექტი 2020 წლის ოქტომბერში წარმოადგინეს. ეს არის რაკეტა ბორბლებზე. მისი ოთხმაგი ტურბო W16 ძრავა 1850 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და ხმაც საოცარი აქვს.

2021 წლის მილანის ავტოშოუზე ამ მსუბუქი ჰიპერქარის ახლოდან ხილვა იყო შესაძლებელი. Bolide-ს პროპორციები, აგრესიული დინამიკა, მაშუქების X-ის ფორმის განლაგება კი შესანიშნავად გამოიყურება.

Gordon Murray T.50

ძნელია, რომ McLaren F1-თან მსგავსება ვერ შენიშნოთ. ეს გასაკვირი არცაა, რადგან F1 გორდონ მიურეის კიდევ ერთი გენიალური პროექტია. ორივე ავტომობილს მოკლე, დახრილი ცხვირი და ჰაერის ვიწრო შემწოვები აქვს. საქარე მინა და ფანჯრები ფართოა. სახურავზე ჰაერამღებია, რომელიც ნაკადს V12 ძრავას აწვდის. 3.9-ლიტრიანი ძრავა 650 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. Xtrac-ის განვითარებული 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი ძალას უკანა თვლებს გადასცემს.

შასი კარბონისაა და ჯამში ავტომობილი მსუბუქია. კომპანიის მტკიცებით, პანელები მხოლოდ 150 კილოგრამს იწონის.

T.50 სულ 100 ეგზემპლარად გამოვა. თითოეულის ფასი £2.36 მილიონი იქნება. წარმოება 2022 წლის იანვარში დაიწყება.

Lotus Evija

თუ ვინმე გვკითხავს, რომელია ყველაზე ლამაზი თითქმის 2000-ცხენისძალიანი სუფთა ელექტრო ჰიპერქარი, ჩვენი პასუხი Lotus Evija იქნება.

ბრიტანული ავტომწარმოებლის პირველი, 1972-ცხენისძალიანი სრულიად ელექტრო ჰიპერქარის ფასი $2 მილიონს აღემატება. 4 ელექტრო მოტორს 70კვ/სთ-იანი ბატარეა ამარაგებს. ამ ავტომობილის შთაგონება 1971 წლის Lotus 56B ბოლიდია, რომელიც კოლინ ჩეპმენის ინჟინრული გენიის განსახიერება.

Tesla Roadster

Tesla Roadster-ი წარმოუდგენელი ავტომობილია. ის 0-დან 100-მდე 1.9 წამში ჩქარდება, 160-მდე 4,2 წამში, მისი მაქსიმალური სიჩქარე 400 კმ/სთ-ია, ერთჯერადად დამუხტული ელემენტების გავლის მანძილი კი 1000 კმ-ია.

ილონ მასკმა როდსტერი 2018 წლის პრეზენტაციაზე წარადგინა. ავტომობილის წარმოების დაწყება რამდენჯერმე გადაიდო და ზუსტი თარიღი ჯერ კიდევ არ არის ცნობილი. ერთი რამ კი ცხადია. როცა ეს მოხდება, ის იქნება ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი აჩქარების მქონე ავტომობილი მსოფლიოში. 

Maserati MC20

 

Maserati MC20 იტალიური ლეგენდის აღზევებაა. MC20 შემდეგნაირად იშიფრება: Maserati Corse 2020. ის ორი ტურბინითა და ორმაგი წვის 3-ლიტრიანი V6 ძრავითაა დაკომპლექტებული, რომელიც 621 ცხენის ძალასა და 729 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. ის რვასიჩქარიან ორმაგი გადაბმულობის ტრანსმისიასთანაა დაკავშირებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ავტომობილი 0-დან 100-მდე 2.9 წამში ჩქარდება, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე 323 კმ/სთ-ია.

ელექტრო აგრეგატით MC20 0-დან 100-მდე 2.8 წამში ჩქარდება, მაქსიმალური სიჩქარე - 310 კმ/სთ. ხოლო სრული მუხტით ის 323 კილომეტრს ფარავს.

McLaren Elva 

Elva მნიშვნელობით და ექსკლუზიურობით F1-ს, P1-ს, Senna-ს და Speedtail-ს უტოლდება. არც ფასით ჩამორჩება. საბაზო კომპლექტაცია $1,690,000-დან იწყება და ფასიანი დანამატების ხარჯზე საბოლოო ვერსიის ღირებულება $2,000,000-ს აღწევს. თავდაპირველად „მაკლარენი“ 399 Elva-ს გამოშვებას აპირებდა, მაგრამ წარმოება 249 ერთეულამდე შეამცირა, რითაც აღნიშნული მოდელი უფრო ექსკლუზიური გახადა.

ეს ავტომობილი ელვასავით სწრაფია. მისი 4.0-ლიტრიანი V8 ძრავა 804 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 0-100კმ/სთ-მდე კი 3 წამში ნაკლებ დროში აღწევს.

Rimac Nevera

კონცეპტუალური ჰიპერქარის C_Two–ს პრემიერიდან 3 წლის შემდეგ Rimac–მა მისი სერიული ვერსია გამოუშვა. ელექტრონულ ჰიპერქარს ხმელთაშუაზღვის ქარის, Nevera–ს სახელი უწოდეს.

სერიული სპორტქარი მოძრაობაში 4 ელექტროძრავს მოჰყავს და მათი საერთო სიმძლავრე 1914 ცხენის ძალაა. ეს სიმძლავრე საკმარისია იმისთვის რომ 2150-კილოგრამიანმა მოდელმა პირველი 100კმ 1,97 წამში განავითაროს. 300 კმ–მდე გასახურებლად კი 9,3 წამი დასჭირდეს. ჰიპერქარის მაქსიმალური სიჩქარე 412 კმ/სთ-ია.

Rimac Nevera–ს ტირაჟი მხოლოდ 150 ეგზემპლარია, ფასი 2 მილიონი ევრო.

Koenigsegg Gemera

Koenigsegg Gemera მსოფლიოს პირველი მეგა-GT ავტომობილად აღიარეს. ოთხადგილიანი, 1700-ცხენისძალიანი 400 კმ/სთ-ზე მეტი მაქსიმალური სიჩქარის მქონე Gemera Mazda MX5-ს არაფრით ჰგავს, მაგრამ როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, კომპანიის თითოეული მანქანა იაპონური პატარა სპორტული ავტომობილის გათვალისწინებით იწყობოდა.

მისი 2-ლიტრიანი, 3-ცილინდრიანი ტურბო ძრავა, ელექტროძრავებთან ერთად, 1700 ცხენის ძალას აწარმოებს. თანაც Gemera შუაძრავიანი 4-ადგილიანი GT კლასის ავტომობილია.

Ferrari Purosangue

როგორც იქნა, Ferrari-მ თამაშში სუვის ჩართვა გადაწყვიტა. Lamborghini-სთვის Urus-ი ძალიან წარმატებული გამოდგა. მარანელოში კი მისთვის პასუხის გაცემას გეგმავენ. Purosangue პაპარაცების ფოტოებში რამდენჯერმე ვიხილეთ, სხვა მხრივ კი ჯერ რენდერების იმედად ვართ. 

Ferrari-ს პირველი სუვის გამოსვლა 2023 წელს იგეგმება. ტექნიკური დეტალები ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა, ამ მოდელის წარმატებას კომპანიისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.

გაზიარება: