Aa Aa
20 მარტი 2020  |  13:25

გასული წლის Top 10 ყველაზე სწრაფი SUV-ი

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში SUV-ების ბაზარი შესამჩნევად გაიზარდა და მწარმოებლებისთვის ძალიან მიმზიდველი გახდა. ადრე მომხმარებელს მხოლოდ Porsche, BMW და Mercedes-ს შორის არჩევნის გაკეთება უწევდა. ახლა უკვე Jaguar-მა, Lamborghini-მ, Bentley-მ და Rolls Royce-მაც კი მსოფლიოს თავიანთი შემოქმედებები წარუდგინეს. დღესდღეისობით ბაზარზე ძალიან ბევრი საინტერესო მოდელი გვხვდება. ყველას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს, მაგრამ დღეს ჩვენ მსოფლიოს ტოპ 10 უსწრაფეს SUV-ზე ვისაუბრებთ.

10. Jaguar F-Pace SVR | 542 ც.ძ. | 0-100: 4.3 წამი |

 
ცხენის ძალა: 542
მაბრუნი მომენტი: 680 ნმ
0-100 კმ/სთ: 4,3 წამი
მაქს. სიჩქარე: 283 კმ/სთ
წონა: 2070 კგ
ფასი: 81 000$-დან

 ეს შინაური კატა არ არის, ეს სავანების მხეცია. ეს Jaguar-ის განახლებული და გაძლიერებული F-Pace SVR გახლავთ. მასში 5.0 ლიტრიანი V8 ძრავა დევს, რომელიც 542 ცხენის ძალას და 680 ნმ-ს გამოიმუშავებს. SVR-ს სტანდარტული F-Pace-ისგან მხოლოდ პატარა ვიზუალური დეტალები განასხვავებს, ამიტომ როდესაც შუქნიშანზე ვინმე „ხულიგანკით“ დაგიდგებათ, მეორე შუქნიშანთან შერცხვენილი მოგადგებათ უკნიდან.

 9. Maserati Levante Trofeo | 590 ც.ძ. | 0-100: 3.9 წამი |

 
ცხენის ძალა: 590
მაბრუნი მომენტი: 730 ნმ
0-100 კმ/სთ: 3,9 წამი
მაქს. სიჩქარე: 306 კმ/სთ
წონა: 2170 კგ
ფასი: 156 900$

Maserati Levante Trofeo პირველად ნიუ-იორკის ავტოსალონში 2018 წელს იყო წარდგენილი. აგრესიული დიზაინი, კომფორტული სალონი და საოცარი მონაცემებით ავტომოყვარულების გულები მომენტალურად დაიპყრო, მაგრამ ის რაც უფრო გვაინტერესებს, მანქანის სიღრმეში დევს. ეს Ferrari-ს 3.8-ლიტრიანი V8 „ბი-ტრუბო“ ძრავა არის. 590-ცხენისძალიანი აგრეგატი 730 ნმ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს, რომელიც საკმარისია 306 კმ/სთ მაქსიმალური სიჩქარის გასავითარებლად. მწარმოებლის სარბოლო ჯიში Levante-საც ეტყობა. ავტომობილის 2170 კგ წონა თვლებს შორის 50:50-ზეა განაწილებული, რაც მართვის დინამიკაზე და მოსახვევების დაძლევაზე დადებითად აისახება. Levante Trofeo-ს ფასი 2018 წელს, გამოსვლისთანავე, 198 000$-შ შეადგენდა, თუმცა ახლა ეს ქმნილება 156 900$-დან შეგიძლიათ შეიძინოთ.  კიდევ 1-2 წელი დაელოდეთ და ერთ-ერთი ეკზემპლარის მფლობელი დაახლოებით 120 000$-ის გადახდით გახდებით.

8. Bentley Bentayga Speed | 626 ც.ძ. | 0-100: 3.9 წამი |

 
ცხენის ძალა: 626
მაბრუნი მომენტი: 900 ნმ
0-100 კმ/სთ: 3,9 წამი
მაქს. სიჩქარე: 306 კმ/სთ
წონა: 2476 კგ
ფასი: 195 000 $-დან

ფუფუნება, სიმძლავრე, სივრცე და სიჩქარე - ეს ყველაფერი Bentley Bentayga-ს განუყოფელი თვისებებია. ბრიტანულმა მწარმოებელმა Bentley-მ შეამჩნია, რომ ბაზარზე არსებულ SUV-ებს შორის, ფუფუნების მოყვარული თავის შესაფერის მანქანას ვერ იპოვის. ამიტომ Bentley-მ Bentayga გამოუშვა, რომელიც უმოკლეს დროში და სრულიად კომფორტში ადგილამდე მიგიყვანთ. თუმცა ჩვენ არ გვაინტერესებს, რომ სალონი უმაღლესი ხარისხის ტყავისგან არის დამზადებული, რომ პანორამული შუშის სახურავი აქვს, რომ 2476 კილოს იწონის. ჩვენ ძრავა გვაინტერესებს, რომელიც Bentley-ს უკვდავი 6.0 ლიტრიანი, 626 ცხენისძალიანი W12-ია. მაგრამ გაზის საფეხურზე ფრთხილად უნდა იყოთ. ჭკუიდან შემშლელი 3.9 წამიანი აჩქარების დროს მუცელი ეკრობა ხერხემალს. ამას დადებითი მხარეც აქვს: კვლავ გამხდარი გამოიყურებით, თუმცა 306 კმ/სთ სიჩქარეზე ვინმეს თუ ჩაუქროლეთ, არამგონია შეგამჩნიონ როგორი ხართ.

7. BMW X5 M Competition | 616 ც.ძ. | 0-100: 3.8 წამი |


ცხენის ძალა: 616
მაბრუნი მომენტი: 750 ნმ
0-100 კმ/სთ: 3.8 წამი
მაქს. სიჩქარე: 250 კმ/სთ
წონა: 2350 კგ
ფასი: 103 900$-დან

თუ BMW X5 M ერთხელ მაინც გიტარებიათ, გაგიჭირდებათ რამე სხვა SUV-ი იპოვოთ, რომელიც თქვენს საყვარელ X5 M-ს ჩაანაცვლებს. ეს ავტომობილი თავისი დიზაინითა და მართვის სიამოვნებით ძალიან მარტივად გიყვარდება. რა შეიძლება ჯობდეს გაზის საფეხურის ჩაჭერას და 616-ცხენისძალიანი 4.4-ლიტრიანი ორ-ტურბინიანი V8 ძრავის ღრიალის მოსმენას? მხოლოდ ის, რომ ამისთანა მონსტრი 0-დან 100კმ/სთ-მდე 3.8 წამში ადგილიდან გაგაუჩინარებთ და აჩქარების ძალის გამო სავარძელში ჩაგბეჭდავთ.

 6. Alfa Romeo Stelvio Quadrifoglio | 503 ც.ძ. | 0-100: 3.8 წამი |

 
ცხენის ძალა: 503
მაბრუნი მომენტი: 600 ნმ
0-100 კმ/სთ: 3,8 წამი
მაქს. სიჩქარე: 285 კმ/სთ
წონა: 1905 კგ
ფასი: 81 840$-დან 

იტალია. ამის ხსენებაზე პიცა, დიზაინი და ავტომობილები გვახსენდება, ქვეყანა, რომელმაც ავტოინდუსტრიას მონა-ლიზების კოლექცია აჩუქა. ამ კოლექციას ახალი ნაშრომი დაემატა: Alfa-Romeo Stelvio Quadrifoglio. მანქანას ეტყობა, რომ დიზაინერებს და ინჟინრებს არაერთი ღამე აქვთ გათენებული. Alfa Romeo Stelvio-ს სპორტული ვერსია : Quadrifoglio - ჩვენს ტოპ 10-ში ერთადერთი SUV-ია, რომელსაც V6 ძრავა აქვს V8-ს მაგივრად. Ferrari-ს შექმნილი ორტურბინიანი V6 503 ცხენს და მოკრძალებულ 600 ნმ მაბრუნ მომენტს აწარმოებს. ამის მიუხედავად, აჩქარებაში Bentley Bentayga-საც კი აჯობა. 0-დან 100-მდე გამაოგნებელ 3,8 წამში აღწევს! შეიძლება გაჩნდეს კითხვა: როგორ? პასუხი კი მარტივია. ავტომობილი ძალიან მსუბუქია, სულ რაღაც 1905 კილოგრამს იწონის.

 5. Porsche Cayenne Turbo S E-hybrid | 677 ც.ძ. | 0-100: 3.8 წამი |

 
ცხენის ძალა: 677
მაბრუნი მომენტი: 900 ნმ
0-100 კმ/სთ: 3,8 წამი
მაქს. სიჩქარე: 295 კმ/სთ
წონა: 2565 კგ
ფასი: 163 490$-დან

რომ არა Cayenne, SUV-ების კლასი საერთოდ არ გვექნებოდა. 2019 წელს Porsche-მ პირველი ჰიბრიდული SUV-ი წარადგინა, რომელიც ახალი ჰიბრიდული სისტემის ხარჯზე, წინამორბედთან შედარებით, უფრო მძლავრი და ბევრად უფრო ეკონომიური გამოვიდა. ახალ Cayenne-ს ბენზინის 4-ლიტრიანი 540 ცხენიანი V8 აქვს. ელექტროძრავა, რომელიც 8-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფშია ინტეგრირებული, 137 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ჯამში 677 კვიციანი და 900 ნმ მაბრუნი მომენტის მქონე Cayenne 0-100 კმ/სთ სიჩქარეს 3,8 წამში ავითარებს. ახალ Cayenne-ს მსუბუქს ვერ დაარქმევ, მაგრამ თავის 2565 კილოს Porsche Dynamic Chassis Control (PDCC) სისტემის მეშვეობით მარტივად უმკლავდება. აღსანიშნია, რომ პნევმატური დაკიდების სისტემა და კერამიკული მუხრუჭები უკვე საბაზო კომპლექტაციაში შედის. ახალი Cayenne-ის ფასი 163 490$-დან იწყება. ამ ფასად შეგიძლიათ ორი Stelvio Quadrifoglio-ს იყიდოთ.

 4. Mercedes-AMG GLC 63 S | 503 ც.ძ. | 0-100: 3.7 წამი |

 
ცხენის ძალა: 503
მაბრუნი მომენტი: 700 ნმ
0-100 კმ/სთ: 3,7 წამი
მაქს. სიჩქარე: 280 კმ/სთ
წონა: 2060 კგ
ფასი: 94 500$-დან

ერთი შეხედულებით ძალიან ცივილური მანქანაა მანამ, სანამ ნეიტრალურ სიჩქარეში გაზის საფეხურს არ დააწვებით და მთელ მანქანას არ შეაზანზარებს. GLC 63 S-ის ძრავის განყოფილებაში ერთ-ერთი ყველაზე გამძლე აგრეგატი იმალება, რომელიც 503 ცხენისძალას და 700 ნმ-ს გამოიმუშავებს. GLC სულ რაღაც 2060 კილოს იწონის, და თავისი კონკურენტების ნახევარზე მეტს ჯობნის. ასეთი მსუბუქი ავტომობილი, არც თუ ისე ძლიერი ძრავით, 0-100 კმ/სთ-ს 3,7 წამში ავითარებს.

3. Lamborghini Urus | 641 ც.ძ. | 0-100: 3.6 წამი |

 
ცხენის ძალა: 641
მაბრუნი მომენტი: 850 ნმ
0-100 კმ/სთ: 3,6 წამი
მაქს. სიჩქარე: 305 კმ/სთ
წონა: 2197 კგ
ფასი: 203 990$-დან

რა ხდება, როდესაც მსოფლიოს ყველაზე გიჟური ავტომობილების მწარმოებელმა დიდი ყველგანმავალი 5-კარიანი საოჯახო მანქანის შექმნა გადაწყვიტა? წარმოგიდგენთ Lamborghini Urus-ი. მას შემდეგ 6 წელი გავიდა,რაც Lamborghini-ის კონცეპტი 2012 წელს პირველად ვნახეთ, მაგრამ შედეგი ლოდინის იმსახურებდა. Urus-ში არც V12 და არც V10 დევს, არამედ ორტურბინიანი V8, რომელიც 641 ნამდვილ იტალიურ კვიცს და 850 ნმ მაბრუნ მომენტს აწარმოებს. 2,2 ტონიანი ხარი 0-დან 100 კმ/სთ-ს 3.6 წამში ანვითარებს და მისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, თუ ჭენება რა საფარზე მოუწევს.

 2. Tesla Model X Perfomance (P100D) | 518 ც.ძ. | 0-100: 2.8 წამი | 


ცხენი სძალა: 518
მაბრუნი მომენტი: 930 ნმ
0-100 კმ/სთ: 2,8 წამი
მაქს. სიჩქარე: 263 კმ/სთ
წონა: 2509 კგ
ფასი: 104 990$-დან

ოცდამეერთე საუკუნეა. ვიწყებთ ფიქრს იმაზე, თუ რა გვეშველება, იმ შემთხევაში თუ ნავთობი ამოიწურება, ავტომობილით სწრაფად როგორ უნდა ვიაროთ და ამავდროულად თეთრ დათვებზე ვიზრუნოთ? ჩვენს მაგივრად ეს ყველაფერი ილონ მასკს აქვს ნაფიქრი, იმაზეც, რომ ოჯახსა და მეგობრებთან ერთად უნდა ვიაროთ. Tesla Model X Perfomance (P100D) არის ის ავტომობილი, რომელიც ყველა ამ კითხვას პასუხს სცემს. ჩვენს სიაში კი Tesla-მ თავისი ადგილი 0-100 კმ/სთ-მდე აჩქარებით დაიმკვიდრა. 2,8 წამი. ეს შესაძლებელი განახლებული 4x4-ზე სისტემით გახდა. ელექტროძრავების ხარჯზე 930 ნმ მაბრუნი მომენტი არ იკარგება და მაქსიმალური სიჩქარის ნიშნულამდე უცვლელი რჩება. P100D-ს 520 კმ მანძილის დაფარვის რესურსი აქვს, ამიტომ შეგიძლიათ Dodge SRT Hellcat 402 მეტრზე რამდენჯერმე დაამარცხოთ და სახლში დაბრუნდეთ.

 1. Hennessey Jeep Grand Cherokee Trackhawk HPE1200 | 1217 ც.ძ. | 0-100: 2.3 წამი |

 
ცხენის ძალა: 1217
მაბრუნი მომენტი: 1360 ნმ
0-100 კმ/სთ: 2,3 წამი
მაქს. სიჩქარე: 322 კმ/სთ
წონა: 2430 კგ
ფასი: 179 000$

Jeep Grand Cherokee Trackhawk ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი SUV-ია, თავისი 707 ცხენისძალიანი Hellcat-ის ძრავით. ამერიკული ტუნინგ ატელიე Hennessey Perfomance Engeneering-ისთვის ეს არასაკმარისი არ აღმოჩნდა. მათ საბაზო Trackhawk აიღეს, რომელიც 87 695$ ღირს. ავტომობილის კომპიუტერში, ძრავში და სამუხრუჭე სისტემაში რამდენიმე „უმნიშვნელო“ ცვლილება შეიტანეს. 92 000 $-ის დამატებით მათ 1217 ცხენიანი, 1360 ნმ-იანი მონსტრი შექმნეს, რომელიც 0-100-მდე 2,3 წამში აღწევს. ამ ავტომობილმა SUV-ებში 402 მეტრზე მსოფლიო რეკორდი დაამყარა: 9,66 წამი. Bugatti Veyron რატომ უნდა იყიდოთ , როდესაც მაგ ფასში 6 Hennessey HPE1200 მოგივათ. დარწმუნებული იყავით, რომ HPE1200-ით უფრო მეტ ყურადღებას მიიქცევთ, ვიდრე Veyron-ით.

გაზიარება: