Aa Aa
26 ივლისი 2021  |  10:08

რამდენად უსაფრთხოა გაბზარული საქარე მინით გადაადგილება?

არ არის და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს.

შესაძლოა ერთ დღესაც სატვირთომ, რომლის უკანაც მოძრაობთ, კენჭი აისხლიტოს და თქვენი საქარე მინა გაიბზაროს. რა უნდა ქნათ ასეთ შემთხვევაში? პატარა ვარსკვლავის ფორმის ბზარი შესაძლოა უწყინარი გეგონოთ, მაგრამ ის ზომაში სწრაფად იზრდება და საბოლოოდ, მინის სრულად გამოცვლა მოგიწევთ. ასეთი სახის დაზიანებით შესაძლოა მანქანამ ტექდათვალიერებაც ვერ გაიაროს და გადაადგილება ვერ შეძლოთ. თანამედროვე ავტომობილებში კი გაბზარულ ან ამოტეხილ საქარე მინაზე დამონტაჟებული უსაფრთხოების სისტემების მუშაობაც ფერხდება.

რაც უფრო მეტად გადადებთ ბზარისა თუ ნატეხის შეკეთებას, მით უფრო ძვირი და დროში გაწელილი გახდება ის. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ბზარი დროთა განმავლობაში ვრცელდება და უფრო დიდ მასშტაბებს იღებს. თუ თქვენ ახალი ავტომობილი შეიძინეთ და მის საქარე მინაზე ბზარი უკანა ხედვის სარკის სამაგრთან შეამჩნიეთ, მაშინ მისი გამოცვლა მაშინვე მოგიწევთ. ამოტეხილი ნაწილი ისეთ სისტემებს უშლის მუშაობაში ხელს, როგორიც ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი, შეჯახების ამრიდებელი, ზოლის შენარჩუნების და სხვა სისტემებია.

თანამედროვე ავტომობილების 80% წინ მიმართული კამერით არის აღჭურვილი. ექსპერტების აზრით, შემდეგი წლიდან ყველა ავტომობილი მსგავსი ტექნოლოგიით გამოვა. ასეთ მანქანებზე კი საქარე მინის შეცვლა კამერის ხელახლა კალიბრაციას მოითხოვს. კალიბრაცია კი მარკაზე და მოდელზე გახლავთ დამოკიდებული.

გარდა ამისა, არსებობს კალიბრაციის ორი მეთოდი: სტატიკური და დინამიკური. სტატიკური კალიბრაცია სახელოსნოში სრულდება, ხოლო დინამიკურს საგზაო ტესტირება სჭირდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგ ავტომობილს ორივე სახის კალიბრაცია სჭირდება.

რა უნდა გავაკეთოთ, იმისთვის რომ საქარე მინის ბზარი ზომაში არ გაიზარდოს

თუ თქვენი საქარე მინა დაზიანდა და პროფესიონალთან კონსულტაციას ან შეცვლას დროულად ვერ ახერხებთ არ იღელვოთ. არსებობს რამდენიმე ხერხი, რითაც საქარე მინაზე ბზარის გავრცელებას თავიდან აირიდებთ.

უპირველეს ყოვლისა არ დაუჯეროთ საქარე მინის „ჰაკებს“, რომელიც ბზარზე სუპერ წებოს დასხმას გთავაზობთ. ასეთ გადაწყვეტილებას შესაძლოა საქარე მინის სრულად შეცვლის საჭიროება მოჰყვეს. ნაცვლად ამისა, უმჯობესი იქნება თუ ავტომობილს ისეთ ადგილზე გააჩერებთ, სადაც მას დიდ ხნის განმავლობაში მზე პირდაპირ არ მოხვდება. წინააღმდეგ შემთხვევაში საქარე მინა გაცხელდება და ბზარი გაიზრდება. გარდა ამისა, ნუ შეეცდებით მინის ტემპერატურის შემცირებას ცივი წყლით.

საქარე მინის შეკეთება, რომელსაც სამი ამოტეხილი ნაწილი ან 15 სანტიმეტრიანი ბზარი აქვს, სავსებით შესაძლებელია. ასეთ შემთხვევაში თქვენ, სრულად შეცვლასთან შედარებით, დროსაც და ფულსაც დაზოგავთ. არსებობს ისეთი კომპანიებიც, რომლებიც 15 სანტიმეტრზე დიდი ბზარის მქონე მინებსაც შეაკეთებს. მიუხედავად ამისა, რაც უფრო დიდია დაზიანება მით უფრო მეტია ალბათობა, რომ შეკეთების სამუშაო არაეფექტურად ან არასასურველი შედეგით ჩაივლის. გამომდინარე იქედან, რომ აღდგენის სამუშაოები პირდაპირ დაკავშირებულია ნატეხის ან ბზარის ზომასთან, უმჯობესი იქნება თუ ამ ყველაფერს მცირე დაზიანების შემჩნევისთანავე მოაგვარებთ.

ამოტეხილი ან გაბზარული საქარე მინის შეკეთება გუმფისით ხდება. ის დაზიანებულ ადგილას ულტრაიისფერი სხივების დახმარებით ემაგრება. შემდეგ კი შუშა მთლიანად პრიალდება. შედეგად, შეუიარაღებელი თვალით დაზიანებული წერტილის მონახვა შეუძლებელი ხდება.

გაზიარება: