Aa Aa
22 ივლისი 2021  |  11:23

5 საუკეთესო „როუდსტერი“ საქართველოში, რომელიც შეგიძლიათ 5000 დოლარად იყიდოთ

ეს მეტად განსხვავებული და მომხიბვლელი ძარის ტიპი, საქართველოში საკმაოდ იშვიათია, თუმცა მის მიმართ მოთხოვნა ეტაპობრივად იზრდება.  ეს არ არის ყოველდღიური მოხმარების ავტომობილი. „როუდსტერის“ მთავარი ნიშა ორი ადგილი და მოძრავია სახურავია. ამ კრიტერიუმებიდან გამომდინარე მოცემული ავტომობილები ფუფუნების საგანს უფრო წარმოადგენს, ვიდრე გადაადგილების საშუალებას. ეს ის ავტომობილებია, რომელსაც გულით ყიდულობთ და არა გონებით. ყველა ავტომოყვარულს „როუდსტერისგან“ მიღებული სიამოვნება ერთხელ მაინც უნდა ჰქონდეს გამოცდილი. ზაფხულის გრილ საღამოს, ღია სახურავით და გვერდით ყველაზე სასურველ ადამიანთან ერთად გასეირნებას ვერაფერი შეედრება. ეს ის ავტომობილია, რომელიც ცხოვრების ბოლომდე გემახსოვრებათ. წარმოგიდგენთ იმ ცხელ „როუდსტერებს“, რომლებიც საქართველოში 5000 დოლარის ფარგლებში შეგიძლიათ შეიძინოთ.

MERCEDES SLK-Class (1996-2004)

Mercedes-ის ეს პატარა „როუდსტერი“ საშუალო კლასის ავტომოყვარულებისთვის იყო განკუთვნილი. იმდენად მომხიბვლელად გამოიყურება, ვერც კი წარმოიდგენთ, რომ ბაზა პირველი თაობის Mercedes C Cklass-ის აქვს, აგრეთვე საკვანძო აგრეგატებიც. თუ ინტერიერს დააკვირდებით, მაჩვენებელთა დაფაზე C Class ამოიცნობთ. საქართველოში ამ მოდელის პოპულარულობა ალბათ ამ ფაქტორმა და ამ ბრენდის მიმართ დიდმა ნდობამ განაპირობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი ავტომოყვარულების რჩეული FIAT BARCHETTA იქნებოდა, რომელიც უკეთესი იტალიური დიზაინით და დაბალი ფასით გამოირჩევა, თუმცა მას ნაკლებად იცნობენ. SLK რვა წლის განმავლობაში საკმაოდ წარმატებულად იწარმოებოდა. ამჟამად ეს მოდელი საქართველოს ბაზარზე 3500-5000 დოლარის ფარგლებში შეგიძლიათ შეიძინოთ. ფასი ავტომობილის მდგომარეობიდან გამომდინარე მერყეობს.

MAZDA MIATA-mx5 (1997-2015)

„მაზდის“ ეს მოდელი მთელს მსოფლიოში ყველაზე პოპულარული „როუდსტერია“. მასზე ბევრი ხუმრობა და ბევრი საგა არსებობს. ეს ყველაფერი მისმა მარტივმა კონსტრუქციამ, ეკონომიურობამ, საკმაოდ დაბალმა ფასმა და სპორტული უნარების ერთობლიობამ განაპირობა. ერთი შეხედვით ერთგული  და თავმდაბალი იაპონელია. ამ ავტომობილის იდეა თავიდანვე კონკურენტებთან მიმართებაში მარტივად ხელმისაწვდომობა იყო. არის ასპექტები, რომელშიც მიატა კონკურენტებს უგებს, მაგალითისთვის შეიძლება „მერსედესივით’ კომფორტული არ არის, თუმცა გაცილებით ეკონომიურია, შეიძლება BMW Z4-ვით ჩქარი არ არის, მაგრამ მეტად მართვადია. ერთი რამ ცხადია, რომ ეს წმინდა სისხლის „როუდსტერია“, რომელიც მუდამ გიერთგულებთ და დაუვიწყარ მოგონებებს დაგიტოვებთ. მშობლიურ ბაზარზე მოცემულ ფასში „მიატის“ ორ თაობას შევხდებით, მეორეს და მესამეს. მათ წინაპარს, ყველაზე პოპულარულ მიატას, რომელიც ე.წ. “pop up” მაშუქებით გამოირჩეოდა, სამწუხაროდ თავისი ასაკიდან გამომდინარე თითქმის ვეღარ შეხვდებით. აღსანიშნავია მესამე თაობა, რადგან ეს მოდელი 10 წლის განმავლობაში უცვლელად გამოდიოდა, ცვლილებები მხოლოდ მცირე ვიზუალურ და ტექნიკურ კვანძებში იყო, რაც მის საიმედოობაზე და დიდ მოთხოვნაზე მეტყველებს.

BMW Z3

აღნიშნული მოდელი ამ ბრენდის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რაციონალური იყო. ბევრი ავტოკრიტიკოსის აზრით, ამ მოდელმა თავისი დიზაინით დროს გაუსწრო. უნაკლო შეხედულების მქონე ქალბატონს ჰგავს, მისი ყველა დეტალი ერთობლიობაშია მოყვანილი. რა თქმა უნდა, Z3 ტრადიციულად ამ ბრენდის ხასიათს ატარებს. Z3-ის პლატფორმა მე-3 სერიის  BMW E36 Compact-ის იდენტურია, ხოლო მისი აგრეგატები წლების მიხედვით მესამე სერიების, კერძოდ ე36 და ე46-ის აგრეგატებს მოიცავს. მოცემული მოდელი საკმაოდ ბევრ ძრავს გვთავაზობს, 1.9 მოცულობის ძრავიდან დაწყებული 3.2-ით მთავრდება. რაც შეეხება ვიზუალურ სხვაობებს, აღსანიშნავია 2000 წლამდე გამოსული 6-ცილინდრიანი მოდელები, რომლებიც უკან საგრძნობლად გაგანიერებული ფრთებით გამოირჩევა და ძალზედ რარიტეტულია. ყველასთვის კარგად ცნობილია თუ რაოდენ დიდი ავტორიტეტით სარგებლობს BMW, ამიტომაც “ზეტ 3“ მოდელი  ერთ-ერთი სასურველი „როუდსტერია“ ჩვენს ავტომოყვარულებში. ბევრი Z3-ს შედარებით ახალ მოდელს, Z4-აც კი ამჯობინებს. მოქნილი მართვის უნარი აქვს, ექსპლუატაციისთვის ადვილია, არაორდინალური შესახედაობისაა და ეს ყველაფერი “BMW” ბრენდის ქვეშ არის მოქცეული. ჩვენს ბაზარზე Z3-ის ფასები 3000 დოლარიდან იწყება. საკმაოდ ბევრ კომპლექტაციაში გვხდება, 4 ცილინდრიანი ძრავიდან დაწყებული განახლებული 6 ცილინდრიანი მოდელით დამთავრებული. ეს ის ავტომობილია, რომლითაც მუდამ ყურადღების ცენტრში იქნებით, არ აქვს მნიშვნელობა ზამთრის ცივ ამინდში ავტოსადგომზე დგახართ თუ ზაფხულში ზღვაზე მიემგზავრებით.

TOYOTA MR2 (1999-2007)

ეს პატარა და მოქნილი მოდელი თავის წინამორბედთან შედარებით შედარებით ნაკლებად ტემპერამენტიანია, თუმცა სპორტულ იმიჯს ტრადიციულად ატარებს. იაპონიაში მას ღარიბი ხალხის „პორშეს“ უწოდებენ, რადგან მასაც „პორშეს“ მსგავსად ძრავა უკან აქვს განლაგებული, „ბოქსტერივით“ ღია სახურავიანია და მასში ადგილი მხოლოდ ორ ადამიანზეა გათვლილი. ამ მანქანას არ იცნობენ როგორც მძლავრი ძრავის მქონე „როუდსტერად“. მასში აქცენტები მართვაზეა გაკეთებული. MR2 „ტოიოტასთვის“ დამახასიათებელი საიმედოობით გამოირჩევა. ამ ავტომობილს ძარავას, რომელიც 1ZZ ვერსიით არის ცნობილი, სულ რაღაც 138 ცხენის ძალა აქვს, მაგრამ „ტრეკზე“ ძალიან ბევრ მძლავრ ავტომობილს უკან მოიტოვებს, ეს მანქანა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მართვის მქონე ავტომობილად არის დასახელებული. თუ თქვენ უპირატესობას მაინც ცხენის ძალებს ანიჭებთ, ამის გამო ამ მოდელზე უარის თქმა არ ღირს, რადგან ალტერნატივაც არსებობს, თქვენ შეგიძლიათ სუსტი ძრავა „ტოიოტას“ გაცილებით ძლიერი 2ZZ ვერსიის ძრავით ჩაანაცვლოთ, ის 197 ცხენის ძალას გამოუმუშავებს, რაც ასეთი მცირე ზომის ავტომობილისთვის საკმაოდ შთამბეჭდავია. ამ მოდელის ფასი მშობლიურ ბაზარზე 3500 დოლარიდან იწყება და მისი მოძიება მარტივი არ არის.

BMW Z4 (2002-2008)

ამ ბრენდის მიერ შემოთავაზებული Z მოდელების ისტორია 80-იანი წლების მიწურულს იწყება, BMW-მ თავდაპირველად შეზღუდული ტირაჟის მქონე ვერსია Z1 შესთავაზა მსოფლიოს, რომელიც სულ 8000 ერთეული გაიყიდა. ეს საკუთარი ძალების ერთგვარი ტესტი იყო გერმანული ბრენდისგან, რის შემდეგადაც სერიულ წარმოებაში ვიხილეთ ზემოთხსენებული „ზ3“, ამ მოდელმა იმდენად დიდი აღიარება მოიპოვა, რომ BMW-მ მისი ისტორია Z4-ით გააგრძელა. ეს მოდელი უფრო ახალი თაობის დეტალებით იყო აღჭურვილი. წინამორბედის მსგავსად ესეც მომდევნო მე-3 სერიის ბაზაზე იყო აწყობილი. არ არსებობს ავტომოყვარული, რომელსაც „როუდსტერზე“ აქვს მიდრეკილება და ეს მოდელი არ მოსწონდეს. მას ხშირად ადარებენ „ზეტ 3-ს“, ეს ინდივიდუალური ხედვის და გემოვნების საკითხია და ამიტომ აზრი ორად იყოფა, ზოგს Z3 უფრო მოსწონს, ზოგს კი Z4. ეს უკანასკნელი შედარებით დახვეწილი და სტაბილური მართვადობით გამოირჩევა, ასევე მეტი კომფორტის გამზიარებელია, მასაც წინა ნაწილი იმდენად გრძელი აქვს, რომ ქალაქში მოძრაობისას მცირე ადაპტირება დაგჭირდებათ. ეს ყველაფერი მისი ფუტურისტულობისთვის და აეროდინამიკისთვისაა. თუ თქვენ „ზეტ 4“ მხოლოდ სასეირნოდ გჭირდებათ, მაშინ ავტომატური გადაცემათა კოლოფი და ძრავის პატარ მოცულობაც საკმარისია, ხოლო თუ თქვენ უფრო მეტი მოთხოვნები გაქვთ, მაშინ ამ ფასში მექანიკური გადაცემათა კოლოფი და 3.0 მოცულობის 265 ცხენის ძალის მქონე SI მოდელი შეიძინეთ, ის გულგრილს ნამდვილად არ დაგტოვებთ. BMW Z4-ის ფასი 4500 ამერიკული დოლარიდან იწყება და ჩვენს ბაზარზე მისი მოძიება გაცილებით ადვილია ვიდრე მისი წინამორბედის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ ფასში SI მოდელი არ შეგხვდებათ, ამ ფასში ძირითადად საბაზისო მოდელებს შეხვდებით.

გაზიარება: