Aa Aa
8 აპრილი 2020  |  21:13

გამოუვალი მდგომარეობიდან მსოფლიო რეკორდებამდე - BRABUS-ის ისტორია

„ბრაბუსი“ „მერსედესის“ უდიდესი დამოუკიდებელი ტიუნინგ ატელიეა, რომელიც მასშტაბებიდან გამომდინარე მსოფლიო ტიუნინგ ატელიების სიაში, პირველ ადგილს იკავებს. ის ყველა „მერსედესის“ მოდიფიკაციით არის დაკავებული, SL Roadster და G-კლასით დაწყებული, Smart For-Two და S-Class Maybach-ით დამთავრებული. თუ ყველაზე სწრაფი ავტომობილი გინდათ, რომელსაც ყველაზე მდიდრული და კომფორტული ინტერიერი ექნება, ძიება ახლავე შეგიძლიათ შეწყვიტოთ იმიტომ, რომ დღეს Brabus-ის ავტომობილებზე ვისაუბრებთ.

ისტორია 1977 წელს გერმანიის პატარა ქალაქ ბოტროპში დაიწყო, სადაც მთავარი მოქმედი პირი ბოდო ბუშმანი საკმაოდ შეძლებულ ოჯახში ცხოვრობდა. ბოდო იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა და ამასთან ერთად ავტომობილების დიდი სიყვარულითაც გამოირჩოდა, მას Porsche 911 ჰყავდა.

Brabus 500SEL W116

ბოდოს მშობლებს „მერსედესის“ ავტოსალონი ჰქონდათ - სახელად Buschmann Mercedes-Benz.

სწავლის შემდეგ, ბოდო მშობლების ავტოსალონს თავისი „პორშეთი“ ხშირად აკითხავდა, რაც მამამისის გაბრაზებას იწვევდა. უფროსი ბუშმანი ფიქრობდა, რომ სპორტული Porsche „მერსედესის“ ბრენდს აფუჭებდა და კლიენტებს აფრთხობდა. მითუმეტეს, რომ იმ პერიოდში ავტოსალონს მერსედესის გაყიდვები ძალიან უჭირდა. ერთ დღეს მამამ, ბოდოს „პორშეს“ გაყიდვა აიძულა და სანაცვლოდ S-კლასის სედანი მისცა. ახალგაზრდა ავტო-ენთუზიასტს 70-იანი წლების „მერსედესები“ სასტიკად არ მოსწონდა, რადგან ისინი ძალიან ზლანტი და არასპორტული ხასიათის მქონე ავტომობილები იყვნენ, თუმცა ძალიან კომფორტულები.

 ბოდო ბუშმანი და მისი Brabus 500SEL W116

პირველივე დღიდან ბოდომ სახელოსნოების ძებნა დაიწყო, სადაც მის ძრავას გააუმჯობესებდნენ და უფრო მეტ ცხენის ძალას მიიღებდნენ. მისი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. უამრავი უარყოფითი პასუხის მოსმენის შემდეგ, ბოდომ თავისი ხერხებითა და რესურსებით ავტომობილის გაუმჯობესება დაიწყო. მისთვის ყოფილი „პორშეს“ მონაცემები ეტალონად იქცა. ბოდო არ დანებდა და ყველანაირი რესურსი დახარჯა იმისთვის, რომ თავის აწყობილ S-კლასს, „პორშესთვის“ ეჯობნა.

ექსკლუზიურად მოდიფიცირებულმა „მერსედესმა“ ძალიან მალე ბუშმანების სალონის კლიენტების ყურადღების მიპყრობა დაიწყო. ბოდომ ეს შეამჩნია და თავში ახალმა ბიზნეს იდეამ გაუელვა.

იმდროინდელი გერმანიის კანონმდებლობიდან გამომდინარე, ახალ კომპანას ვერ დააარსებდი, თუ ორი ან მეტი პარტნიორი არ გეყოლებოდა. ბოდომ ეს ძალიან კარგად იცოდა და სწორედ ამიტომ პარტნიორობა მის ძველ კურსელს, კლაუს ბრაკმანს შესთავაზა. ახალი კომპანიის სახელისთვის მათი გვარების პირველი სამი ასო აიღო და კომპანიას „BRABUS“ დაარქვა. ბრაკმანს ავტომობილები და მით უმეტეს, მათი ტუნინგი, საერთოდ არ აინტერესებდა, ამიტომ მან თავისი წილი ბოდო ბუშმანს 100 გერმანულ მარკად მიჰყიდა.

 ბოდო ბუშმანი (მარცხნივ) და კლაუს ბრეკმენი (მარჯვნივ)

ბოდოს მშობლებმა მას ბიზნესის განვითარებაში ხელი შეუწყეს და მათი ავტოსალონის გვერდით „ბრაბუსის“ პატარა სახელოსნო გაახსნევინეს. ცოტა ხანში პატარა სახელოსნო S-კლასების ტიუნინგით ძალიან პოპულარული გახდა.

Brabus 500 SEL-ის მულტიმედიური სისტემა

დღეს ბიზნეს კლასის ავტომობილებში მულტიმედიური ეკრანები აღარ არის გასაკვირი, მაგრამ „ბრაბუსმა“ ეს ტექნოლოგიები ჯერ კიდევ 1982 წელს შემოიღო. მართალია, ტელევიზორები საკმაოდ გაბარიტული და ძალიან პატარა ეკრანის მქონე იყო, მაგრამ წარმოიდგინეთ, 1982 წელს ტელევიზორი ავტომობილში. ეს ფანტასტიკის წიგნის მონაკვეთს უფრო ჰგავდა, ვიდრე რეალობას. ბრაბუსის პოპულარობა და შესაბამისად გაყიდვებიც იზრდებოდა და 1983 წელს ატელიე უკვე განცალკევებულ შოურუმში გადავიდა.

 "ბრაბუსის" ახალი სალონი, 1983

1984 წელს მერსდესმა 190E-ს გამოშვება დაიწყო. ბოდომ პირველი თამამი ნაბიჯი სწორედ მაშინ გადადგა და აღნიშნულ ავტომობილში ბევრად უფრო მძლავრი 8-ცილინდრიანი ძრავა ჩადგა. აეროდინამიკის დასახვეწად ატელიემ 190-ის ძარაც გააუმჯობესა. შედეგად „ბრაბუსის“ ახალმა ქმნილებამ მთელი მსოფლიოს მაშტაბით რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა. დრაგ კოეფიციენტი 0.26-ს შეადგენდა.

 
S-კლასის M117 V8 ძრავა, BRABUS 190E V8

ბოდოს ხელმძღვანელობითა და იდეებით შექმნილი მანქანები იმდენად პოპულარული და მოთხოვნადი გახდა, რომ 1986 წელს ბრაბუსის ატელიეს ადგილის შეცვლა კიდევ ერთხელ მოუწია. მათ ახალი, უფრო ფართო ტერიტორია სჭირდებოდათ, სადაც უფრო მეტი ავტომობილის წარმოებას და ინჟინერული მიღწევების ტესტირებას შეძლებდნენ. მათი არჩევანი, ცხადია, ავტობანის მიმდებარე ტერიტორია გახდა, სადაც სიჩქარის ლიმიტი არ იყო. შეუძლებელია უფრო ხელსაყრელი ადგილის პოვნა, თუ სწრაფი ავტომობილების შექმნას ცდილობ.

 "ბრაბუსის" ახალი ქარხანა-სახელოსნო, 1987

 VDAT-ის წევრები (მარცხნიდან მეორე ორგანიზაციის პრეზიდენტი ბოდო ბუშმანი)

1987 წელს ავტოტიუნერების კავშირი შეიქმნა, რომლის პირველი პრეზიდენტიც ბოდო ბუშმანი გახდა. ბოდოს მუშაობის პრინციპი ძალიან მარტივ სლოგანზე იყო აწყობილი: “ფულის გულისთვის არასდროს იმუშაო, იმუშავე ვნებისათვის“

1992 წელს „ბრაბუსმა“ Mercedes S600 W140-ის ისედაც მძლავრი 6-ლიტრიანი 12-ცილინდრიანი ძრავა აიღო და მისი მოცულობა 6,9 ლიტრამდე გაზარდა. იცით რა გამოვიდა? 500-ცხენისძალიანი მონსტრი, რომელიც საბურავებს ჭამდა!

 Brabus S70 6.9ლ V12

„ბრაბუსის“ ტუნინგ ატელიეს ინჟინრების დღიურებში ფორმულა 1-ის ტექნოლოგიები აღმოჩნდა. შესაბამისად 1995 წლიდან მათ ახალ ქმნილებებზე კარბონის მუხრუჭბის დაყენება დაიწყეს.

სუპერქარების სხვადასხვა მწარმოებელმა „ბრაბუსის“ წარმატება შეამჩნიეს. 1994 წლიდან „ბრაბუსი“ „ბუგატის“ ოფიციალური ტუნინგ ატელიე იყო, სანამ 1998 წელს „ფოლკსვაგენ გრუპმა“ „ბუგატი“ არ შეიძინა.

„ბრაბუსმა“ „სმარტის“ გადამუშავებაც დაიწყო. პატარა ქალაქის მანქანები „ბრაბუსის“ მოდიფიკაციით იმდენად პოპულარული გახდა, რომ სმარტმა გადაწყვიტა კომპანიისთვის საქმე გაემარტივებინა და მოდელები მათი მოთხოვნების შესაბამისად გამოეშვა.

 Brabus 125R Smart For-Two

როდესაც მერსედესსა და აი ემ ჯის შორის ოფიციალური პარტნიორობის ხელშეკრულება დაიდო, „ბრაბუსმა“ ეს კონკურენციად არ ჩათვალა და თავისი ბაზრის წილის დაკარგვის არ შეეშინდა. პირიქით, კომპანია ზემოთხსენებულ თანამშრომლობას უყურებდა, როგორც უფრო ძლიერი და თავბრუდამხვევად სწრაფი ავტომობილების შექმნის შესაძლებლობას.

ბრაბუსის აღმავლობა ყოველწლიურად გრძელდებოდა, რასაც ძალიან მალე მსოფლიოს გინესების წიგნში შესვლა მოჰყვა. მსოფლიოს ყველაზე სწრაფი ფურგონი, მსოფლიოს ყველაზე სწრაფი სედანი და მსოფლიოს ყველაზე სწრაფი სუვი.


Brabus E V12 “One-Of-Ten”

მსოფლიოში არ მოიპოვებოდა საბურავების ისეთი ბრენდი, რომლის ნაწარმიც „ბრაბუსის“ სიჩქარეს გაუძლებდა. ამის გამო „ბრაბუსის“ მანქანები, მათ რეალურ მაქსიმალურ სიჩქარეს ვერ აღწევდნენ. როდესაც წარმოების სფერო ტექნოლოგიურად განვითარდა და საჭირო საბურავები ბაზარზე გამოჩნდა, „ბრაბუსი“ დაუფიქრებლად ძველ რეკორდებს მიუბრუნდა, მათი მოხსნა კიდევ არაერთხელ სცადა და წარმატებასაც მიაღწია.

 
Brabus E V12, 2005

2005 წელს BRABUS E V12 Bi-Turbo მათი პირველი რეკორდსმენი სედანი იყო. მათ გაზრდილი მოცულობის 6,3-ლიტრიანი V ტიპის 12-ცილინდრიანი ძრავა აიღეს და 2 დიდი ტურბო დაუმატეს. ტურბოს უფრო ეფექტური გამაგრილებელი რადიატორი დაუყენეს და სტანდარტული გამონაბოლქვის სისტემა უჟანგავი ფოლადისგან დამზადებულით შეცვალეს. ეს ყველა მოდიფიკაცია ჯამში 730 ცხენის ძალასა და 1 320 ნმ მაბრუნ მომენტში აისახა. ნარდოს ტესტ ტრეკზე „ბრაბუსის“ სედანმა 349კმ/სთ მაქსიმალური სიჩქარე აჩვენა.

 
Brabus E V12-ის ძრავის სივრცე

მომდევნო წელს, „ბრაბუსი“ ნარდოს ტრეკს და მათ შარშანდელ რეკორდს იმავე ძალოვანი აგრეგატით მიუბრუნდა. ამჯერად უფრო აეროდინამიკული ცეელესის ძარით. ახალმა კომბინაციამ წინა რეკორდი გააუმჯობესა და 365 კილომეტრი საათის მაქსიმალური სიჩქარის მქონე ყველაზე სწრაფი სედანის გვირგვინი, ახალმა Brabus CLS Rocket-მა დაიხურა.

 
Brabus CLS Rocket

წლების განმავლობაში „მერსედესი“ უფრო და უფრო მდიდრულ ავტომობილებს აწარმოებდა, როგორებიცაა S-Class Maybach-ი და G-კლასი. „ბრაბუსი“ „მერსედესს“ ყოველთვის გვერდში ედგა და მის თითოეულ ქმნილებას აუმჯობესებდა.

„მერსედესმა“, არსებული მოდელებიდან, ყველაზე რადიკალური, გიჟური, ირაციონალური ჯი63 წარადგინა. „ბრაბუსის“ აზრით, ეს არასაკმარისი იყო, ამიტომ მათ Brabus G700 გამოუშვეს! რატომ G700? იმიტომ რომ მონსტრი 700 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა.

 
Brabus G700

დღეს „ბრაბუსის“ ფლაგმანური ავტომობილი Brabus Rocket 900-ია, რომელიც S-Class Maybach-ის გადაკეთებული ვარიანტია. იგი 900 ცხენის ძალას და 1500 ნმ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს. აღსანიშნავია, რომ ინჟინრებს მაბრუნი მომენტის ელექტრონულად შეზღუდვა უფრო კონტროლირებად 1200 მდე მოუწიათ. მიუხედავად ამისა, ავტომობილი 0-დან 100-ამდე 4 წამზე ნაკლებ დროში ჩქარდება.

 
Brabus Rocket 900, ჟენევას ავტოშოუ 2015

„ბრაბუსს“ ყოველთვის ყველაფერი საუკეთესო აქვს. ამაზე მეტს „მერსედესის“ მოყვარული ვერც ინატრებს ! ყველა ძრავა ხელით იწყობა. ყველა ინჟინერი მთელი გულით და სულით მუშაობს, დედ-ლაინების გარეშე. კომპანიის აზრით, სჯობს უფრო მეტი დრო დაახარჯო და საუკეთესო შესაძლო შედეგებს მიაღწიო.

„ბრაბუსის“ ავტომობილების ფერთა გამა მოკრძალებული ფერებით შემოიფარგლება: თეთრი, შავი, ნაცრისფერი, მუქი ნაცრისფერი და ღია შავი და ა.შ., ერთის გარდა: Brabus Rocket 900 Desert Gold Edition, რომელიც ყვითლად არის შეღებილი. ავტომობილი ექსკლუზიურად 2015 წლის დუბაის ავტოშოუსთვის შეიქმნა.

 
Brabus Rocket 900 “Desert Gold” Edition

„ბრაბუსის“ სალონშიც ანალოგიური სიტუაციაა, ყველაფერი უმაღლესი დონისაა, ნაკერებიც კი. ავტომობილში არ არის ხალიჩა. „ბრაბუსის“ აზრით, ხალიჩა სიღარიბის ნიშანია. როდესაც მანქანაში ჩაჯდებით, თქვენს ფეხებ ქვეშ უმაღლესი ხარისხის ტყავისგან შეკერილი საფენები დაგხვდებათ.


Brabus Rocket 900-ის ინტერიერი

AMG-ის მოყვარულებო, ნუ გვიწყენთ, თუ ვიტყვით, რომ ბრაბუსი საუკეთესო მერსედესია. ერთადერთი რაც „ბრაბუსში“ არ მოგეწონებათ მისი ფასია. მაგალითად, როქეთ 900 დაახლოებით 400 000$ ღირს, რაც ორი სტანდარტული Mercedes S650 Maybach-ის ფასს აღემატება.

 
2019 Maybach S650-ის ბაზაზე აწყობილი Brabus Rocket 900

წლების განმავლობაში ტიუნინგ ატელიემ საოპერაციო არეალი ძალიან გააფართოვა. თუ ბოდო ბუშმანი ექსკლუზიურად ეს-კლასების გაუმჯობესებით იყო დაკავებული, დღეს ბრაბუსს რამდენიმე შვილობილი კომპანია ჰყავს, რომელიც სხვადასხვა ბრენდებს მოდიფიცირებას უკეთებს. მაგალითად „იაგუარი“ და „ლენდ როვერი“. „ბრაბუსი“ ისე გაიზარდა, რომ ნავების გაუმჯობესება დაიწყო. კომპანიის სადილერო 100-ზე მეტ ქვეყანაშია.


Startech - ბრიტანული ავტომობილების ტიუნინგზე ორიენტირებული "ბრაბუსის" ქვე-ბრენდი

ბოდო ბუშმანმა, „პორშეს“ გაყიდვის გამო ნაწყენმა ბავშვმა, მსოფლიოს „ბრაბუსის“ ისტორია აჩუქა. სამწუხაროდ, იგი 2018 წლის აპრილში 62 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი საქმე კი შვილმა გადაიბარა. ის ყველაფერს გააკეთებს, რომ მამამისის მემკვიდრეობა არ დაიკარგოს და „ბრაბუსის“ კომპანიამ არსებობა კიდევ დიდხანს გააგრძელოს.

ჩვენ კი იმედი ვიქონიოთ, რომ „ბრაბუსის“ გიჟური რეკორდების შესახებ, კიდევ არაერთხელ გავიგებთ.

ავტორი: გერმან ბუხალცევი

გაზიარება: