Aa Aa
16 აგვისტო 2021  |  10:16

რას ნიშნავს მაყუჩიდან გამომავალი სხვადასხვა ფერის კვამლი?

ძირითადად, ავტომობილის გამართულობის შემთხვევაში მაყუჩიდან გამომავალი ბოლი თითქმის შეუმჩნეველი უნდა იყოს, მაგრამ გარკვეულ შემთხვევაში ბოლს ლურჯი, თეთრი ან შავი ფერი აქვს.

უჩვეულო ფერის ბოლი მაშინ ჩნდება, როცა ავტომობილი ჩქარდება და მაშინაც, როცა სტაბილური სიჩქარით გადაადგილდება. მაყუჩიდან გამომავალი ბოლი შესაძლოა იმის ნიშანი იყოს, რომ ავტომობილს შეკეთება სჭირდება. თუმცა, ხანდახან ის მექანიკური პრობლემის შედეგი არც არის.

ეს სტატია დაგეხმარებათ იმის გარკვევაში, თუ როგორ უნდა მიხვდეთ, რა პრობლემა შეიძლება ჰქონდეს თქვენს ავტომობილს.

დიაგნოსტიკა

პირველი ნაბიჯი იმის დადგენაა, თუ კონკრეტულად როდის გამოდის უჩვეულო ბოლი ავტომობილიდან. თუ ბოლი მხოლოდ აჩქარების დროს ჩნდება, მაშინ ეს სულ სხვა პრობლემაზე მიუთითებს. როცა ძრავა თანაბარ სიჩქარეზე მუშაობს და ბოლი მაინც გამოდის, მაშინ სულ სხვა პრობლემასთან გვაქვს საქმე.

რა თქმა უნდა, ყველაფერი ავტომობილის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. თუ ავტომობილი კარგად მოვლილია და გეგმურ სერვისებსაც გადის, მაშინ მაყუჩიდან გამომავალი შესამჩნევი ბოლი ცუდს არაფერს ნიშნავს, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა.

ძრავის ტიპის მიხედვით, პრობლემა შესაძლოა განსხვავებული იყოს. ჰიბრიდის ყოლის შემთხვევაშიც კი შესაძლებელია, რომ მაყუჩიდან გამომავალი არასასურველი ბოლი ვიხილოთ.

თეთრი ბოლი

ყველაზე ხშირად მაყუჩიდან გამომავალი ბოლის ფორმა თვითონ კვამლი არ არის. როცა ცივ ძრავას ქოქავენ, ის გაცხელებას იწყებს და მაყუჩიდან შუალედური პროდუქტი - წყალი გადმოდის.  როცა ძრავაში ტემპერატურა იწევს, წყალი ორთქლად იქცევა.

პრობლემა მაშინ ჩნდება, თუ ავტომობილს მხოლოდ მოკლე მანძილზე გადაადგილებისთვის იყენებთ და ძრავა გაცხელებას ვერ ასწრებს. თუ მილში კონდენსაცია წარმოიქმნება და ის გარეთ არ გამოვა, მაშინ ის ჟანგვას გამოიწვევს.

ჰიბრიდული ავტომობილები, განსაკუთრებით კი ფლაგ ინ ჰიბრიდები, ძრავას მაშინვე არ ქოქავს. მაყუჩიდან გამომავალი ბოლი შესაძლოა მგზავრობის დროს დაინახოთ. არ უნდა შეგეშინდეთ, რადგან, ეს შესაძლოა მხოლოდ დაგვიანებული რეაქცია იყოს. 

თუ ავტომობილიდან ბოლის გამოშვება არ ჩერდება, ეს უფრო რთულ პრობლემაზე მიუთითებს. ეს შესაძლოა ძრავაში ჩაქცეული გამაგრილებელი სითხის შედეგი იყოს. ამას ცილინდრთა ბლოკის დაზიანებული თავის შუასადები იწვევს. ამ შემთხვევაში შეკეთება იაფი არ დაჯდება, მაგრამ არა იმდენად ძვირი, რამდენიც თვითონ ძრავის ან ცილინდრთა ბლოკის სახურავის შეკეთება ღირს.

თუ ჟონვა მცირეა, მაგრამ არ ჩერდება, შეკეთებაა საჭირო, რადგან მას ბევრად სერიოზული პრობლემის გამოწვევა შეუძლია. მათ შორის, ძრავის გაფუჭება.

ლურჯი კვამლი

თუ მაყუჩიდან გამომავალ ლურჯ ბოლს ხედავთ, მაშინ მას თან, წესით, დამწვრის სუნიც უნდა ახლდეს. ეს იმას უნდა ნიშნავდეს, რომ სისტემაში ზეთი მოხვდა. ძრავის ზეთმა მოძრავი ნაწილები უნდა გაპოხოს. თუ ყველაფერი სწორად ფუნქციონირებს, მაშინ ზეთი საწვავის სისტემაში არ უნდა მოხვდეს.  

თუ ავტომობილს ზეთი ბოლო დროს გამოუცვალეთ, შესაძლოა, სისტემაში საკმარისზე მეტი აღმოჩნდა. თუ კვამლი რაღაც დროის მერე შეჩერდა, ე.ი. პრობლემა არ არსებობს. ასევე ლურჯი ბოლის მიზეზი, შესაძლოა, ზეთის გამოცვლის დროს მაყუჩის მილზე მოხვედრილი წვეთები იყოს, რომელიც ავტომობილის სიარულისას იწვის.

თუ ავტომობილიდან, რომელსაც დიდი გარბენი აქვს, ლურჯი ბოლი გამოდის, დიდი შანსია, რომ სარქველის მამჭიდროებელი ან დგუშის რგოლები გაცვდა, რაც ზეთს საწვავის სისტემაში შესვლის საშუალებას აძლევს. რა თქმა უნდა, ამ დროს, მამჭიდროებლები და რგოლები უნდა გამოცვალოთ, რაც საკმაოდ ძვირი დაჯდება, რადგან ამისთვის ძრავის დაშლა მოგიწევთ.

თუ ასეთი ბოლი ტურბოკომპრესორიანი ავტომობილიდან გამოდის, მაშინ, შესაძლოა ეს გაცვეთილი ტურბოკომპრესორის ბრალი იყოს. მისი გამოცვლაც ასევე ძვირი დაგიჯდებათ.

ნაცრისფერი კვამლი

ლურჯი კვამლის გარდა, ნაცრისფერიც ზოგჯერ არასაჭირო ადგილას ზეთის წვას ნიშნავს. თუმცა, შესაძლოა ამისთვის სხვა მიზეზიც არსებობდეს. პირველი გასათვალისწინებელი მიზეზი კარტერის ვენტილაციის დეფექტიანი სარქველია. ეს არის სისტემა, რომელიც გამონაბოლქვის კონტროლზეა პასუხისმგებელი. ის დაუწვავ საწვავს ძრავის ქვედა ნაწილიდან ზედაში გზავნის.

ეს გამონაბოლქვის შემცირებაში ეხმარება, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ძრავა ცივია, მაგრამ დროთა განმავლობაში ის ცვდება. მისი გამოცვლა გაცილებით ნაკლები დაგიჯდებათ, ვიდრე სხვა პრობლემის გამოსწორება.

თუ ავტომობილს ავტომატური გადაცემათა კოლოფი აქვს, ნაცრისფერი ბოლის გამომწვევი შესაძლოა ტრანსმისიის სითხეა, რომელიც ძრავაში იღვრება.

შავი კვამლი

შავი კვამლის დროს მნიშვნელოვანია თქვენი ავტომობილი დიზელის ძრავიანია თუ ბენზინის. ბენზინის ავტომობილისთვის შავი კვამლი იმის ნიშანია, რომ ზედმეტად მეტი საწვავი იწვება. პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, ჰაერის ფილტრი უნდა შეამოწმოთ და საჭიროების შემთხვევაში გამოცვალოთ. თუ ფილტრი წესრიგშია, მაშინ საწვავის ფრქვევანები უნდა შეამოწმოთ. ასევე საწვავის წნევის რეგულატორიც. თუმცა, უკეთესია, თუ ამ სამუშაოს პროფესიონალი შეასრულებს.  

დიზელის ავტომობილების შემთხვევაში შავი კვამლი შესაძლოა ჭვარტლი იყოს, რომელიც დაუწვავი დიზელის გამო წარმოიშვა. დიზელის ჭვარტლის ფილტრმა თავისი საქმე უნდა შეასრულოს, სანამ ის მაყუჩის მილიდან გამოვა. მუდმივად დაბალ სიჩქარეზე სიარულისას, ჭვარტლი დროთა განმავლობაში გროვდება და მონაცემთა დაფაზე გამაფრთხილებელი სიგნალი ინთება.

ამის მოსაგვარებლად და საწვავის და ჰაერის ნაერთის ნაკადის გასაძლიერებლად, ავტომობილი უფრო სწრაფად უნდა მართოთ. მაშინ გამაფრთხილებელი სიგნალიც ჩაქრება. თუ სიგნალი არ ჩაქრა, ეს იმას ნიშნავს, რომ დიზელის ავტომობილი თქვენი მართვის სტილს არ შეეფერება და ამიტომ ბენზინის ძრავიანზე ან ჰიბრიდულზე უნდა გადახვიდეთ.

შეიხედეთ ავტომობილის ქვეშ და შეამოწმეთ, არის თუ არა დიზელის ჭვარტლის ფილტრი ადგილზე. ზოგიერთი სახელოსნო ფილტრს უბრალოდ ხსნის. ეს ჭვარტლის გამოსვლას მუდმივად აქცევს, რამაც შესაძლოა რამდენიმე ტექნიკური პრობლემა გამოიწვიოს.

გაზიარება: