Aa Aa
2 სექტემბერი 2021  |  11:25

Top 5 ბავშვობის საოცნებო ავტომობილი

დიახ, იმ მანქანებს ვიხსენებთ, რომლებიც ბავშვობაში სულ გვინდოდა გვყოლოდა.

გახსოვთ როდესაც პატარა ავტომოყვარული იყავით? ბავშვობაში ყველას საკულტო ავტომობილები მოგვწონდა. ზოგი იტალიური სპორტული ავტომობილით იყო მოხიბლული, ზოგს 911 ესამყაროებოდა, ზოგი ამერიკულ კუნთებზე ოცნებობდა, ზოგიც კი იაპონურ სპორტულ ავტომობილებზე ფიქრში იძინებდა და იღვიძებდა. ქვემოთ ბავშვობის საოცნებო ავტომობილების საუკეთესო ხუთეულს განვიხილავთ.

Lamborghini Avendator


ალბათ ჩვენი მკითხველის უმეტესობა Aventador-ის გამოსვლისას ბავშვი აღარ იყო და მათ Lamborghini-ს გაგონებაზე უფრო მეტად Murcielago ან Diablo ახსენდებათ. თუმცა, ამ მგმინავი V12-იანი მონსტრის გამოსვლის შემდეგ მათში ის პატარა ბავშვი აუცილებლად გაიღვიძებდა. Aventador-ი 2012 წელს გამოვიდა და მას შემდეგ ის ყველა იმ ბავშვის ოცნების ავტომობილად იქცა, რომლებიც მანქანებით არიან დაინტერესებულნი. სამწუხაროდ, ეს მოდელები 300 000-400 000$ ღირს, რაც მათ ფინანსურ შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად აღემატება.

როგორც მოგეხსენებათ, მალე Aventador-ის წარმოება დასასრულს მიუხლოვდება, მაგრამ მისი დიზაინი და განუმეორებელი V12 ავტოისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო კომბინაციად გარანტირებულად შეფასდება.

McLaren F1 და შემდეგ P1


მამა და შვილი. ეს ორი ეპოქალური მოდელია. თითოეულმა მათგანმა საავტომობილო სამყაროში თავი გამოსვლისთანავე დაიმკვიდრა. ყველაფერი კი F1-ით დაიწყო.

მაშინ, როდესაც მილენიალები ჯერ კიდევ პატარები იყვნენ, ყველაფერს ბავშვური თვალებით უყურებდნენ და განსხვავებული ემოციებით აღიქვამდნენ PS1-ისთვის Need for Speed High Stake-ის ვიდეო თამაში გამოვიდა. NFS-ს ეს სერია უამრავი ენთუზიასტის საყვარელი საავტომობილო ვიდეო თამაშია, რადგან ის მანქანების აკურატული ხმებით, საოცარი მუსიკალური გაფორმებითა და მენიუს ესთეტიკურობით გამოირჩეოდა. ვიდეოთამაშის გმირი კი McLaren F1 გახლდათ. აქედან უამრავი პატარა ავტომოყვარულის ოცნება დაიბადა. დღეს F1 ლეგენდარული ავტომობილია. წლიდან წლამდე მოდელების ღირებულება საოცრად მზარდია. P1 კი თავისი ლეგენდარული წინაპრის ნაკვალევზე გავლას ცდილობს. რამდენად გამოუვა? ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს.

Porsche 911 (ყველა თაობა)


რთულია გიყვარდეს ავტომობილები და არ გიყვარდეს Porsche (თუ რა თქმა უნდა ჯერემი კლარკსონი არ ხარ). 911 ავტოსამყაროს ერთ-ერთი გამორჩეული საკულტო ავტომობილია, რომლის მიმართ სიყვარულშიც თაობები გაიზარდა. 911-ის მოდელები სპორტულობას, სიმარტივეს, ხელმისაწვდომობას და გერმანულ ინჟინერიას აერთიანებს.

გარდა ამისა, ოპოზიტური 6-ცილინდრიანის ხმას უამრავი მიმდევარი ჰყავს. 911 იმითაც გახლავთ გამორჩეული, რომ მსოფლიოს მასშტაბით უამრავმა ავტომოყვარულმა მისი ფლობით ბავშვობის ოცნება აიხდინა. მოდელების ხელმისაწვდომ ფასში (არა ქართული რეალობის ფონზე) შეძენა უამრავ ადამიანს დაეხმარა, რომ 911-ით არამხოლოდ საძინებელი ოთახის კედელი, არამედ ფარეხიც დაემშვენებინა.

Ford Mustang


Ford Mustang-ი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ამერიკული კუნთებია. მისი ყველაზე სასურველი ვერსია ძრავის ხუფის ქვეშ 5-ლიტრიან V8 ძრავას მალავს, რომელიც 460 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ეს იაფი ამერიკული “Muscle Car-ია“, რომლის შეძენაც 36 000$-ად არის შესაძლებელი.

თუმცა, უფრო მეტია ისეთი ადამიანების რაოდენობა, რომელთა ბავშვობის საყვარელი ავტომობილიც 1969 წლის Mustang Boss 429 ან ‘67 წლის Eleonor-ია. ’69 წლის Mustang Shelby GT500 კი ყველა დროის კლასიკად ითვლება.

Nissan GT-R


და აი იაპონურ ავტომობილსაც მივუახლოვდით. „ბრაიანის GT-R-ი“? „გოძილა“? Nissan-ის ყველა დროის საუკეთესო საავტომობილო ხაზი? ეს მანქანები დღეს ქარხნულ და მოვლილ მდგომარეობაში რამდენიმე ასეულ ათას დოლარად ფასდება. 90-იანების JDM ავტომობილების ფასები უბრალოდ მიფრინავს! ვიღაცისთვის ამ მანქანებში ასეთი თანხის გადახდა სრული სისულელეა, თუმცა თუ „გოძილას“ „ტუნინგ“ შესაძლებლობებს და სუპერქარების მკვლელის რეპუტაციას გავითვალისწინებთ ეს შესაძლოა საკამათო თემაც იყოს.

გაზიარება: