Aa Aa
14 სექტემბერი 2021  |  10:19

F1-ის ტიტულები, რომლებიც ერთმა ქულამ გადაწყვიტა

Mercedes-ის F1-ში ბატონობის გამო დიდიხანია, რაც ბოლო რბოლაში გამოვლენილი ჩემპიონი არ გვინახავს. ასევე დიდი დროა გასული მას შემდეგ, რაც საფინალო რბოლაში ორი სხვადასხვა გუნდი მონაწილეობდა.

ეს ყველაფერი კი მიმდინარე წელს დასრულდა. სეზონის პირველ ნახევარში მაქს ვერსტაპენსა და ლუის ჰამილტონს შორის მიდიოდა ბრძოლა.

„ფორმულა 1-ის" რბოლები ასეთი პროგნოზირებადი სულ არ იყო. 70 წლის განმავლობაში F1-ის საუკეთესო პილოტის ტიტულის მოპოვება 1 ქულითაც წყდებოდა. ქვემოთ კი სწორედ ასეთ შემთხვევებზე მოგიყვებით.

1976: ჯეიმს ჰანტი 69, ნიკი ლაუდა 68


ალბათ, არ გჭირდებათ იმის შეხსენება თუ რა მოხდა 1976 წლის ორთაბრძოლისას და თუ გჭირდებათ გირჩევთ 2013 წელს გამოსული ფილმი, სახელად “Rush-ი“ იხილოთ. ნიკი ლაუდა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი Ferrari-ით ხდებოდა, როდესაც Nurburgring-ზე ავარია შეემთხვა და მძიმედ დაშავდა. სარბოლო სერიის გაგრძელების იმედს მას არავინ აძლევდა, თუმცა, ლაუდა გამოჯანმრთელდა და ორი რბოლის გამოტოვების შემდგომ სეზონში ხელახლა ჩაერთო. ის McLaren-ის გუნდის ლიდერს, ჯეიმს ჰანტს ეპაექრებოდა, რომელიც ქულებით საკმაოდ ახლოს იყო. ყველაფერი საბოლოო რბოლაში უნდა გადაწყვეტილიყო, მაგრამ ლაუდამ, საბოლოოდ, წვიმიანი ამინდის გამო უკან დაიხია. მას მიაჩნდა, რომ გრან პრის ასეთ პირობებში ჩატარება უსაფრთხო არ იყო. შედეგად ჰანტმა ტიტულის მოგება უკანასკნელ ორ წრეზე შეძლო. ტიპური ჰოლივუდი, წარმოუდგენელია!

1981: ნელსონ პიკე 50, კარლოს როიტმანი 49


1981 წლის სეზონი F1-ში ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული იყო. საუკეთესო შვიდეულის ყველა წევრს ბოლო 15 რბოლაში გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული, ხოლო ჯამში სამზე მეტი რბოლა არც ერთს მოუგია. მიუხედავად იმისა, რომ კარლოს როიტმანს ორი გამარჯვება ჰქონდა, სეზონის დასრულებამდე 6 რბოლით ადრე, კარლოს როიტმანი ტიტულს იგებდა, რადგან უილიამსის გუნდის პილოტი ბრებემის ნელსონ პიკეს 17 ქულით უგებდა. თუმცა, ყველაფერი საბოლოო რბოლაში ერთმა ქულამ გადაწყვიტა. როიტმანის უპირატესობა თანდათან გაქრა და პიკეს მეხუთე ადგილმა ბოლო რბოლაში ის ჩემპიონად აქცია. მომდევნო სეზონში ჩატარებული ორი რბოლის შემდეგ კი როიტმანმა F1 სამუდამოდ დატოვა.

1994: მიხაელ შუმახერი 92, დეიმონ ჰილი 91


1994 წლის სეზონისთვის დეიმონ ჰილი ტიტულის მოგების კანდიდატი არ გახლდათ, მაგრამ აირტონ სენას დაღუპვის შემდეგ ის ყურადღების ცენტრში მოექცა. სეზონის შუაში ჩანდა, რომ ბენეტონის მიხაელ შუმახერი ჩემპიონი მარტივად გახდებოდა. მან პირველი 7 გრანპრიდან 6 მოიგო, მაგრამ ორმა დისკვალიფიკაციამ ჰილს გზები გაუხსნა. ავსტრალიაში გამართული საბოლოო ორთაბრძოლა ერთმა ქულამ გადაწყვიტა: თავდაპირველად შუმახერი ლიდერობდა, მაგრამ შუა დისტანციაში დაშვებულმა შეცდომამ ჰილს შანსი გაუჩინა ტიტული მოეგო. შუმახერი თავს კარგად იცავდა, რაც საბოლოო ჯამში მათი შეჯახებით დასრულდა.

2007: კიმი რაიკონენი 110, ლუის ჰამილტონი და ფერნანდო ალონსო 109


2007 წლის სეზონი სირთულეებით იყო დატვირთული. ეს მხოლოდ ორგზის ჩემპიონ ფერნანდო ალონსოსა და მის ახალწვეულ გუნდელ ლუის ჰამილტონს შორის კონკურენტობით არ იყო გამოწვეული. მათ შორის არსებული პაექრობა ტრეკის მიღმაც გრძელდებოდა. ფერარის კიმი რაიკონენი და ფელიპე მასა McLaren-ის გუნდს წინ მიუძღვებოდნენ. მაშინ, როდესაც ორი რაუნდი იყო დარჩენილი, ჰამილტონი ტიტულის მოპოვებასთან ახლოს იყო, მაგრამ ჩინეთის გრან პრიზე დაშვებულმა შეცდომამ ჩემპიონატს აზრი დაუბრუნა. ბრაზილიაში მას გადაცემათა კოლოფმა უმტყუნა და კიდევ ერთხელ არ გაუმართლა. რბოლა რაიკონენს ისე უნდა მოეგო, რომ ალონსო მესამე პოზიციაზე მაღლა არ გასულიყო. საბოლოოდ, გრან პრი ასეც დასრულდა და ჰამილტონი მეშვიდე ადგილამდე ამოიწია. მას მოსაგებად ორი პოზიცია დააკლდა.

2008: ლუის ჰამილტონი 98, ფელიპე მასა 97


ლუის ჰამილტონისთვის მომდევნო სეზონიც ასეთი დაძაბული გამოდგა. ფერნანდო ალონსოს Renault-ში დაბრუნების შემდეგ, ჰამილტონის მთავარი კონკურენტი Ferrari-ს ფელიპე მასა გახლდათ. Ferrari-ს უფრო სწრაფი მანქანა ჰყავდა, მაგრამ ბრაზილიელს სამწუხაროდ სეზონზე ოთხჯერ არ გაუმართლა და რბოლის გამოტოვება მოუწია, მათ შორის ორჯერ, როცა ლიდერი იყო. მიუხედავად ამისა, ყველაფერი ბრაზილიაში უნდა გადაწყვეტილიყო. ჰამილტონს გამარჯვებისთვის მეხუთე ადგილიც ჰყოფნიდა. მასამ საოცრად იასპარეზა, მაგრამ წვიმამ მას ხელი შეუშალა. ბოლო ორ წრეზე ჰამილტონი შუალედური საბურავებით გამოჩნდა და მეექვსე ადგილი ეკავა. საბოლოო წრეზე წვიმამ იმატა და მეოთხე ადგილზე მყოფმა Toyota-ს ტიმო გლოკმა, რომელმაც „სლიკებზე“ გარისკა დრამატულად შენელდა. ჰამილტონი მას დაეწია, გაასწრო და ჩემპიონობა ყველაზე დრამატულად მოიგო.

1984: ნიკი ლაუდა 72, ალან პროსტი 71.5


დიახ, 1984 წლის ტიტული ნახევარმა ქულამ გადაწყვიტა. როგორ? მონაკოს გრან პრის მესამე მეოთხედზე წითელი დროშა აღიმართა. წესების მიხედვით, ეს ნიშნავდა, რომ პირველი ექვსეული ნახევარ ქულას მიიღებდა. მაშინ, როდესაც F1-ის ახალწვეული აირტონ სენა საოცარ წვიმაში გიჟივით ასპარეზობდა, პროსტმა რბოლის დასრულება თავად მოინდომა. შედეგად მას ეს ნაბიჯი ჩემპიონობად დაუჯდა. McLaren-ის გუნდელი ნიკი ლაუდა კარიერის დასრულებას აპირებდა და კვალიფიკაციაზე პროსტს ტოლს ვერ უდებდა, მაგრამ რბოლაში საკმაოდ სტაბილური იყო. მიუხედავად იმისა, რომ მან ხუთი გრან პრი, ხოლო პროსტმა შვიდი მოიგო, ავსტრიელმა გამარჯვება უმცირესი სხვაობით მოიპოვა. მან ეს ყველაფერი ისე გააკეთა, რომ პოლპოზიციაზე არც კი მდგარა. მორალი - მნიშვნელობა არ აქვს როგორ დაიწყებ, მთავარია როგორ დაასრულებ...

გაზიარება: