Aa Aa
18 ოქტომბერი 2021  |  11:04

,,ხშირად მანქანის თვითღირებულებას აჭარბებს კონტეინერის ფასი“

,,ერთი კონტეინერი პანდემიამდე თუ 4-დან 6 ათას დოლარამდე ღირდა, ახლა მინიმუმ 8 ათასია. აზიიდან კი 3-ჯერ არის გაზრდილი ფასი, მეტიც, ხშირად მანქანის თვითღირებულებას აჭარბებს კონტეინერის ფასი“ - ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ,,რობანი მოტორსის" დამფუძნებელი, იმპორტიორი ელგუჯა ჯამაგიძე აცხადებს.

მისი თქმით, გაზრდილია ავტომობილების მიწოდების დროც.

,,მსოფლიო ბაზარზე ტრანსპორტირების ფასები გაზრდილია, შესაბამისად, ფასები მომატებულია ჩვენთანაც. მოგეხსენებათ, ძალიან მარტივად ხდება ხოლმე ფასის მატება, მაგრამ როგორც უნდა დასტაბილურდეს სიტუაცია, მერე იგივე ნიშნულს იშვიათად უბრუნდება. ერთი კონტეინერი პანდემიამდე თუ 4-დან 6 ათას დოლარამდე ღირდა, ახლა მინიმუმ 8 ათასია. აზიიდან კი 3-ჯერ არის გაზრდილი ფასი, მეტიც ხშირად მანქანის თვითღირებულებას აჭარბებს კონტეინერის ფასი. ამასთან, გაზრდილია ტრანსპორტირების ვადებიც. 3 თვე იყო პანდემიამდე, ახლა 6 თვემდე გახანგრძლივდა“- განაცხადა ჯამაგიძემ.

მისივე თქმით, საქართველოდან პანდემიის პირობებში რეექსპორტი გაზრდილია.

,,წინა კვირაში ჩავატარე გარკვეული სახის მონიტორინგი, რა მიმართულებით ხდება ჩვენგან გადაზიდვები და ძირითადად ყირგიზეთში გადიოდა. ცოტა გაურკვეველია, რატომ ჩვენგან, როცა ყაზახეთში და უზბეკეთში კორეული ავტომობილების მინი ქარხნებია. მაგრამ საბოლოო ჯამში, ფაქტია, რომ რეექსპორტი იზრდება, რაც დადებითი ფაქტორია“, - აცხადებს ჯამაგიძე.

ცნობისათვის, საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი თითქმის, 52%-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-აგვისტოში 38,961 მანქანის (293,4 მლნ აშშ დოლარი) რეექსპორტი განხორციელდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 25,643 ერთეულის (260,1 მლნ აშშ დოლარი).

ავტორი: bpn.ge

გაზიარება: