Aa Aa
19 ოქტომბერი 2021  |  13:03

Lamborghini Aventador-ის გაყიდვები ოფიციალურად დასრულდა

თუ სრულად ახალი მოდელის შეძენა პირდაპირ ქარხნიდან გსურდათ - ვეღარ შეძლებთ.

დიახ, ჭორები მართალია. GT Spirit-ის მიხედვით, ახალ მდგომარეობაში მყოფი Aventador-ის შეძენა შესაძლებელი აღარ იქნება. ეს ნიშნავს იმას, რომ V12-ძრავიანი „სუპერქარი“ მკვდარია. თუმცა ეს ყველაფერი არ არის.

Aventador-ის წარმოების დასასრული კომპანიის ახალი ფლაგმანის დაბადებას უხსნის გზას, რომელსაც 2023 წელს ვიხილავთ. ყველაზე ბოლოს Aventador Ultimae ვიხილეთ. ვერსია 350 კუპე და 250 კაბრიოლეტ ეგზემპლარად გამოვიდა. ამ დროისთვის კი ყველა მათგანი გაყიდული გახლავთ. Aventador-ის წარმოება 4 000 ეგზემპლარამდე უნდა ყოფილიყო შეზღუდული, მაგრამ 2016 წელს 5 000 მოდელის გამოშვება გადაწყდა. 

Aventador Ultimae იმავე 6.5-ლიტრიანი ატმოსფერული V12 ძრავითაა აღჭურვილი, რაც სტანდარტულ ვერსიაში გვხვდება. თუმცა, ახალი პროგრამირების შედეგად აგრეგატი 780 ცხენის ძალასა და 720ნმ-ს გამოიმუშავებს. 0-დან 100კმ/სთ-მდე აჩქარება 2.8 წამში შეუძლია და სატერფულს საკმარისად დიდხანს თუ დააჭერთ 355კმ/სთ-ს განავითარებთ.

რაც შეეხება Aventador-ის მემკვიდრეს, სავარაუდოა, რომ მწარმოებელი მას 2022 წლის ბოლოს გვაჩვენებს, ხოლო წარმოებაში 2023 წელს ჩაუშვებს. სხვადსხვა მოხსენების მიხედვით ვიცით, რომ მასში სრულიად ახალი V12 ძრავი იქნება გამოყენებული, რომელსაც ელექტრო აგრეგატიც დაეხმარება. დიდი ალბათობით სისტემა ზუსტად ისე იმუშავებს, როგორც ეს Sian FKP37-ში გვხვდება.

როგორია თქვენი პროგნოზები? რა სიმძლავრეს ელოდებით Lamborghini-ს ახალი ფლაგმანისგან? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

გაზიარება: