Aa Aa
23 ოქტომბერი 2021  |  13:24

VW-ის მთავარი ქარხანა 1958 წლის შემდეგ ყველაზე ნაკლებ მანქანას აწარმოებს

საავტომობილო „ჩიპების“ დეფიციტის გამო ავტომწარმოებლები იძულებულნი არიან საწარმოები გააჩერონ ან შეფერხებით ამუშაონ. ეს პრობლემა Volkswagen-საც აწუხებს. ვოლფსბურგის ქარხანა, რომელიც Golf-ისა და Tiguan-ის მოდელებს აწარმოებს, 2021 წელს დაახლოებით იმდენ მანქანას გამოუშვებს, რამდენიც 1958 წელს გამოუშვა. ეს ბოლო 63 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გახლავთ.

წლის მესამე კვარტალში ვოლფსბურგი 300 000-იან ნიშნულს ძლივს გასცდა. 2020 წელს კი ამავე ქარხანამ ნახევარ მილიონზე ნაკლები მოდელის გამოშვება შეძლო, რაც 1960 წლის შემდეგ პირველად მოხდა.

კომპანიაში არსებული კრიზისის შესახებ საუბრობს დანიელა კავალო, რომელიც კომპანიაში Volkswagen AG-ს საბჭოს თავჯდომარეა. ის პრობლემის მთავარ მიზეზად დაბალ პროდუქტიულობას ასახელებს და გამოწვევებისადმი შიდა მენეჯმენტის მზაობას ეჭვქვეშ აყენებს. კავალომ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ კომპანიას კრიზისის დაძლევის ცალსახა გეგმა არ აქვს. დრო კი არ ითმენს. მაგალითისთვის, BMW-მ და Toyota-მ ნახევრადგამტარი „ჩიპების“ დეფიციტი უფრო მარტივად გადაიტანეს.

VW-ს კონკურენტმა BMW-მ კარგი გაკვეთილი ფუკუშიმას ატომური სადგურის კატასტროფის შემდეგ მიიღო. ბავარიულმა ავტომწარმოებელმა სპეციალური გუნდი შექმნა, რომელსაც მომარაგების ქსელის გაკონტროლება ევალება. შედეგად, მწარმოებელმა „ჩიპების“ ნაკლებობის პრობლემა ადრეულ ეტაპზევე აღმოაჩინა და შესაბამისი ზომებიც მიიღო. ასე და ამგვარად BMW-ს ეს საკითხი ნაკლებად აწუხებს.

როგორც ხედავთ, კორონავირუსის პანდემიამ ავტომწარმოებლებს სერიოზული გამოცდა მოუწყო. აქ ყურადსაღები არამხოლოდ ავტომობილების ხარისხი, არამედ სამუშაო ეთიკაც და მენეჯმენტის მიდგომებიცაა. აშკარაა, რომ VW-ს სერიოზული პრობლემები აქვს, რისი სრულად პანდემიაზე გადაბრალებაც არასწორია.

გაზიარება: