Aa Aa
22 ოქტომბერი 2021  |  10:45

დიზელის საწვავზე „ევრო 5“-ის სტანდარტის ამოქმედება ისევ გადავადდა

დიზელის საწვავზე „ევრო 5“-ის სტანდარტი არც 2022 წლის 1-ლი იანვრიდან აღარ ამოქმედდება. ცვლილება, რომელიც ძალაში ჯერ კიდევ 2020 წელს უნდა შესულიყო, ისევ გადავადდა.

ინფორმაცია ,,ბიზნესპრესნიუსს" „სოკარის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან გიორგაძემ დაუდასტურა.

,,დადგენილება კიდევ ერთხელ გადავადდა, ზუსტად არ მახსოვს როდემდე. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას, თუმცა რატომ მოხდა მორატორიუმის ვადის გახანგრძლივება, ამ კითხვის ადრესატი კომპანია არ არის.

რაც შეეხება,ქარხნის გადაიარაღებას, ზუსტ ინფორმაციას არ ვფლობ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ის მომავალ წელს დასრულდება და ამით საქართველოც იხეირებს“, - განაცხადა ლევან გიორგაძემ.

მთავრობის დადგენილებით კი ირკვევა, რომ „დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის №238 დადგენილებაში ცვლილები კიდევ ერთხელ შევიდა და ამოქმედების დრომ 2023 წლის 1-ელ იანვრამდე გადაიწია.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 1-ელი იანვრიდან, დიზელის ხარისხი ევრო 4 ნორმამდე უკვე გაიზარდა და 2020 წელს ქვეყანა უკვე „ევრო 5“-ზე უნდა გადასულიყო, თუმცა მთავრობამ მორატორიუმი კიდევ ერთხელ, სავარაუდოდ, იქამდე გაახანგრძლივა, სანამ აზერბაიჯანი ქარხნის გადაიარაღებას დაასრულებს, რომელიც „ევრო 5- ის სტანდარტიც დიზელს აწარმოებს. რაც შეეხება ბენზინს, 2017 წლიდან ქვეყანაში ევრო 5 სტანდარტის ბენზინი მოიხმარება.

ავტორი: bpn.ge

გაზიარება: