Aa Aa
6 თებერვალი 2022  |  21:07

8 ავტომობილი, რომელთა ლოდინიც ნამდვილად ღირს

მომავალი სამი წლის განმავლობაში ავტოინდუსტრიაში ბევრი ამაღელვებელი რამ მოხდება. რამდენიმე ავტომწარმოებელი სრულიად ახალ მოდელს შემოგვთავაზებს, ზოგი კი ძველი მოდელის უფრო ამაღელვებელ ვერსიას გვიმზადებს.

მომავალი ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილებისაა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეგზოტიკურ მოდელებს აღარ უნდა ველოდოთ. ამ სიასი მოხვედრილ ავტომობილებს ბენზინის, ჰიბრიდული ან ელექტრო აგრეგატები ექნება.

2023 ACURA INTEGRA

Acura Integra  ბოლო პერიოდში ყველაზე დიდი სიურპრიზი იყო, რაც ავტომოყვარულებს ელოდათ. მისი დაბრუნება თითქმის ორი ათწლეულის შემდეგ ძალიან ამაღელვებელია. ბევრი კითხვა ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია, თუმცა, ერთი რამ ცნობილია. ის ელექტრიფიცირებული არ იქნება. მას Honda Civic-ის 4-ცილინდრიანი ტურბო ძრავა ექნება, ან Civic Type R - ის 2.0-ლიტრიანი კომპრესორიანი. უკვე დადასტურებულია, რომ მას 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი ექნება. 2-კარიანი, კუპეს სტილის წინაპრისგან განსხვავებით, ახალი მოდელი 4-კარიანი იქნება, თუმცა, სპორტული და კომპაქტური. სამწუხაროდ, ის NSX-ის ჩაანაცვლებს, რომელიც ბევრი ავტოენთუზიასტის საყვარელი სუპერქარია.  

2022 GMC HUMMER EV

Hummer-ის ელექტრო აგრეგატით დაბრუნება ახალი ამბავი არ არის. V8-ს ნაცვლად, მას სამი მოტორი ექნება, რომლებიც ჯამში 1000 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ეს ნიშნავს, რომ მას 0-100კმ/სთ-მდე მიღწევა დაახლოებით სამ წამში შეუძლია. GM-ს მტკიცებით, მას ბოლომდე დამუხტულზე დაახლოებით 570 კილომეტრის გავლა შეუძლია. ახალი Hummer-ი არა მხოლოდ სწრაფი იქნება, არამედ მას საუკეთესო ყველგანმავალი შესაძლებლობებიც აქვს. ადაპტური დაკიდების სისტემა სტანდარტული სიმაღლიდან  15 სანტიმეტრით იწევა.

2024 ASTON MARTIN VANQUISH

ავტომწარმოებელმა დაადასტურა, რომ Vanquish-ის ახალ ვერსიას AMG-ს ძრავა აღარ ექნება. ბრენდი 3.0-ლიტრიანი V6 ჰიბრიდულ ძრავაზე იმუშავებს, რომელიც 700 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. Vanquish-ი შუაძრავიანი იქნება და კონკურენციას McLaren 720S -სა და Lamborghini Huracan-ს გაუწევს. მას ალუმინის ჩარჩო ექნება. გამოიყენებენ კარბონსაც.

Vanquish-ს ბევრი აერო დანამატი არ ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის გრან ტურერი იქნება და არა სარბოლო ვერსია.

2022 LEXUS LQ

LQ Lexus-ის ყველაზე მნიშვნელოვანი სუვი იქნება, რომელიც წელს გამოვა. ის კომპანიის დიზაინის ახალი ენის განსახიერებაა. ეს ახალ ცხაურასა და გამოკვეთილ ხაზებს გულისხმობს. Lexus-ი ძრავების არჩევანს გვთავაზობს: ჰიბრიდული, ან ბენზინის.

ბენზინის ძრავა 3.5-ლიტრიანი ტვინტურბოდაბერვის V6 იქნება, რომელიც 416 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 3.5-ლიტრიანი V6 ძრავა კი ორ მოტორთან ერთად იმუშავებს. მას 62 ცხენის ძალით ნაკლები ექნება, ვიდრე ბენზინის ძრავიანს. LQ-ს უკანაწამყვანი არქიტექტურა ექნება. ოთხივეწამყვანი სისტემა დამატებითი არჩევანია. ფასის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მას უფრო მდიდრული სალონი ექნება, ვიდრე საშუალო ზომის კროსოვერ RX-ს.

2023 NISSAN Z

13-წლიანი ლოდინის შემდეგ, 370Z-ის მოყვარულები ახალი გვერდის გადაშლას მოუთმენლად ელიან. მას იგივე აგებულება ექნება, რაც წინა მოდელს: უკანა წამყვანი სისტემა, ორი ადგილი, ძლიერი ძრავა და ავტომატური გადაცემათა კოლოფი.

მთლიანობაში ის 350Z-სა და 370Z-ს ჰგავს, თუმცა, უფრო თხელი შეხედულება აქვს. ახალ Z-ს 3.0-ლიტრიანი ტვინ-ტურბო V6 ძრავა ექნება, რომელიც 400 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. გადაცემათა კოლოფი - 6-სიჩქარიანი მექანიკური ან 9-სიჩქარიანი ავტომატური. სალონში უფრო ხარისხიან ნედლეულს გამოიყენებენ. ელექტრო სავარძლები, ორზონიანი ავტომატური კლიმატ კონტროლი. ტყავის საფარი. მასში 1969 წლის Datsun 240Z-ს გავლენაც იგრძნობა.

2025 CADILLAC CELESTIQ

Celestiq-ი Cadillac-ის სრულიად ელექტრო ავტომობილი იქნება, რომელიც 2025 წელს გამოვა. მანამდე ბევრი დროა და, რა თქმა უნდა, ყველაფერი ცნობილი არ არის. თუმცა, რამდენიმე დეტალი ავტომწარმოებელმა მაინც გაამხილა. ის Escala-ს დიზაინის ენას გაიზიარებს. მას LED დღის ნათების მაშუქები და CT5-ის სტილის ცხაურა ექნება. ცხენის ძალების რაოდენობა ჯერ ცნობილი არ არის. სავარაუდოდ, მას თითო ღერძზე თითო ელექტრო მოტორი ექნება და Porsche Taycan-ის მსგავსი აჩქარება ექნება. სალონს რაც შეეხება, მას სენსორული ეკრანი ექნება, რომელიც მთელ მონაცემთა დაფას დაფარავს. ეკრანები უკანა სავარძლის მგზავრებისთვისაც იქნება.

2022 FERRARI PUROSANGUE SUV

Purosangue Ferrari-ს პირველი სუვი იქნება. მან კონკურენცია Lamborghini Urus-ს უნდა გაუწიოს. Purosangue-ს ტრაპეციის ფორმის ცხაურა და თხელი მაშუქები აქვს. მონაცემები ჯერ ცნობილი არ არის, მაგრამ მას V8 ან ტრადიციული V12 ძრავა უნდა ჰქონდეს. შესაძლოა, მას LaFerrari-ს მსგავსი ჰიბრიდული ძრავითაც ვიხილოთ. რაც ნამდვილად ვიცით ისაა, რომ ამ ავტომობილში ბევრ ტყავსა და კარბონს გამოიყენებენ.

2024 TOYOTA MR2

MR2 მხიარული 2-ადგილიანი ავტომობილია და დღემდე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული JDM-ი, მიუხედავად იმისა, რომ მისი წარმოება 2007 წელს დასრულდა. ის მსუბუქი, სპორტული ავტომობილის სახით დაბრუნდება. Toyota-მ GT86-სა და Supra-ს განახლებული ვერსიები უკვე გამოუშვა. ახალ MR2-ს 3.0-ლიტრიანი V6 ძრავა და ელექტრო მოტორი ექნება. ჯამში - 395 ცხენის ძალა. სხვა დეტალები კი ჯერ ცნობილი არ არის.  

გაზიარება: