Aa Aa
21 იანვარი 2022  |  11:45

პოლონეთში ქართული ნომრებით დამტვრეული Lamborghini მიატოვეს

ჩვენ ხშირად ვწერთ  იმის თაობაზე, თუ როგორ ამტვრევენ ძვირადღირებულ ავტომობილებს. იმაზეც, თუ როგორ ეჯახებიან გზაში სხვა ავტომობილებს. თუმცა, ეს ჩვენთვის პირველი შემთხვევაა, როცა ამ საქმეში მდიდრული ავტომობილი, ქართული ნომრებით აღმოჩნდა გარეული.

Lamborghini Huracan LP 610-4 ვარშავაში დამტვრეული და მიტოვებული იპოვეს. პოლიცია მძღოლს ეძებს. ავტომობილს კი ქართული ნომრები აქვს!

Lamborghini Huracan LP 610-4 ვოლსკას ქუჩაზე რამდენიმე ავარიაში მონაწილეობდა. მას ზაფხულის საბურავები აქვს, რაც ავარიების აცილებაში აშკარად არ დაეხმარა. Lambo Toyota-სა და Renault-ის ავტომობილებს შეეჯახა. ვარშავის პოლიციის ინფორმაციით, ამ ავტომობილების მძღოლები ალკოჰოლზე შეამოწმეს, თუმცა ისინი ფხიზლები აღმოჩნდნენ. Lamborghini-ს მძღოლი კი პოლიციას არ დაელოდა და ადგილიდან მიიმალა.

მძღოლმა ავტომობილი სტომატოლოგიურ კლინიკასა და პიცერიასთან ახლოს დატოვა.

რაც შეეხება ავტომობილს, Huracan-ის დაზიანება ერთი შეხედვითაც შესამჩნევია. მარცხენა მხარე მთლიანად განადგურებულია. უსაფრთხოების ბალიშები არ გახსნილა. ასეა თუ ისე, ამ ავტომობილის შეკეთება ნამდვილად ძვირი დაჯდება.

გაზიარება: