Aa Aa
21 ივნისი 2022  |  09:37

მაქს ფერსტაპენი კანადის გრან პრის გამარჯვებულია

საინსის და ფერსტაპენის დაძაბული ბრძოლა ნიდერლანდელის გამარჯვებით დასრულდა... ლუის ჰამილტონი პოდიუმზე ავიდა.

მსოფლიო ჩემპიონმა მაქს ფერსტაპენმა 2022 წლის სეზონის მეცხრე რბოლაში, ფინიშის ხაზი პირველმა გადაკვეთა. რბოლა კანადაში, ჟილ ვილნევის სახელობის ტრასაზე გაიმართა. ჟილ ვილნევი 1982 წელს ბელგიის გრან პრიზე, ტრაგიკულად გარდაიცვალა.

ნიდერლანდელმა პილოტმა რბოლა პოლ პოზიციიდან დაიწყო. შაბათს წვიმიან კვალიფიკაციაზე მაქსი ფერნანდო ალონსოზე ექვსი მეათედით უფრო სწრაფი იყო. შარლ ლეკლერი, ძალური აგრეგატის გამოცვლის გამო, 10 პოზიციით დააჯარიმეს. სერხიო პერესი კი კვალიფიკაციის მერე ნაწილში ბარიერს შეეჯახა და რბოლა მე-13-ე პოზიციიდან დაიწყო.

პერესის უიღბლობა კვალიფიკაციაზე არ დასრულებულა. მერვე წრეზე Red Bull-ის პილოტს რბოლის ნაადრევად დასრულება გადაცემათა კოლოფის პრობლემის გამო მოუხდა.

ამ შემთხვევის შემდეგ, ტრასაზე ვირტუალური უსაფრთხოების მანქანა ამოქმედდა. რბოლის ლიდერი ფერსტაპენი ბოქსებში შევიდა. მის ბოლიდს ხისტი საბურავები მოარგეს. ალონსომ და საინსმა ტრასაზე დარჩენა არჩიეს.

Red Bull-ის გუნდმა სტრატეგია სწორად გათვალა. 8 წრის შემდეგ, მაქსმა ალონსოს გადაასწრო.

მეორე წრეზე ტრასაზე ვირტუალური უსაფრთხოების მანქანა დაბრუნდა, მას შემდეგ, რაც მიკ შუმახერს მექანიკური პრობლემა შეექმნა. რბოლის ლიდერი საინსი ბოქსებში შევიდა. ესპანელი ტრასაზე მესამე პოზიციაზე, ლუის ჰამილტონის წინ დაბრუნდა.

ალონსო არც ერთი უსაფრთხოების მანქანის დროს არ გაჩერებულა და გარდამავალ საბურავებზე 29 წრე დარჩა. Alpine-ის პილოტი სტოპის შემდეგ მისი გუნდელის უკან აღმოჩნდა.

მაქსი 44-ზე წრეზე ბოქსებში კიდევ ერთხელ შევიდა, მას შემდეგ, რაც რადიოში დაიჩივლა, რომ მისმა ხისტმა საბურავებმა რესურსი ამოწურა. მაქსი უკმაყოფილო იყო იმით, რომ ტრასაზე ჰამილტონის უკან დაბრუნდა. თუმცა, ბრიტანელის გადასწრება იმავე წრის ბოლომდე შეძლო.

6 წრის შემდეგ, Alphatauri-ს იუკი ცუნოდა პირველ მოსახვევში კედელს შეეჯახა. ამჯერად ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა. ეს საინსს ხელს უწყობდა. ესპანელი „უფასო“ სტოპზე შევიდა და Red Bull-ის უკან ძალიან ახლოს მოხვდა.ეს იმას ნიშნავდა, რომ წინ პირველობისთვის 15-წრიანი ბრძოლა გველოდა.

ბოლო ათი წრის განმავლობაში საინსი მაქსს წამზე ნაკლებით ჩამორჩებოდა, თუმცა, მის გადასწრებას DRS-ითაც კი ვერ ახერხებდა. ფინიშის ხაზი პირველი მაქსმა გადაკვეთა. საინსი მეორეზე გავიდა.

„რბოლის ბოლო ძალიან ამაღელვებელი იყო. მე ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო და ასევე იქცეოდა კარლოსიც. ბოლო რამდენიმე წრე სახალისო იყო“, - თქვა მაქსმა.

ლუის ჰამილტონი ამ სეზონში პოდიუმზე მეორედ ავიდა. პირველად მან ეს ბაჰრეინის გრან პრიზე მოახერხა. ბაქოში, ზურგის პრობლემების შემდეგ, ეს პოდიუმი ბრიტანელი პილოტისთვის მნიშვნელოვანი იყო. მისი გუნდელი ჯორჯ რასელი მეოთხეზე გავიდა.

„კარგი რბოლა მომავლის იმედს და თავდაჯერებულობას მმატებს. ამ ავტომობილს პოტენციალი აქვს. ცვლილებების შესატანად ცოტა დრო გვაქვს და გზის გაკვლევა რთულია, მაგრამ გუნდმა შესანიშნავად იმუშავა“, - ამბობს ჰამილტონი. 

ლეკლერმა კარგი რბოლა აჩვენა. მონეგასკი პილოტი უკანა რიგებიდან მეხუთე პოზიციაზე აღმოჩნდა და დღის პილოტის წოდებაც დაიმსახურა.  

როდის გადაწყდა რბოლის ბედი

8/70 - პერესისთვის რბოლა დასრულებულია! დრამა! სერხიო პერესი ტრასიდან გადადის. როგორც ჩანს, გადაცემათა კოლოფის პრობლემები აქვს! Red Bull-ის პილოტის ცუდი უიკენდი უარესდება. ვირტუალური უსაფრთხოების მანქანა.

16/70 - ფერსტაპენი ალონსოს ასწრებს! მაქსმა DRS-ის დამხარებით ალონსოს მარტივად გადაუსწრო.

20/70 - ვირტუალური უსაფრთხოების მანქანა! მიკ შუმახერი გზიდან გადადის. Haas-ს კოშარი გრძელდება. ვირტუალური უსაფრთხოების მანქანა. რასელი ბოქსებში ხისტი საბურავებისთვის შედის. რბოლის განახლებიდან 2 წრის შემდეგ, საინსიც ბოქსებშია.

23/70 - საინსი ალონსოს უსწრებს. ესპანელი მეორე პოზიციაზეა. ლეკლერი ფანტასტიკური მანევრით ბოტასს უსწრებს.

44/70 - ფერსტაპენი ბოქსებშია! რბოლის ლიდერი ახლა საინსია. მაქსი ჰამილტონს უკან გამოდის. წრის ბოლოს ბრიტანელიც ბოქსებში შედის.

50/70 - უსაფრთხოების მანქანა. იუკი ცუნოდა პირველ მოსახვევში ბარიერს შეეჯახა.  საინს სწორედ ეს სჭირდებოდა. ბოქსებში შედის. ახლა ის მაქსთან ძალიან ახლოსაა.

63/70 - მაქსი კომფორტულად გამოიყურება. საინსი საკმარისად ვერ უახლოვდება. მაქსი რვა მეათედით წინაა. DRS-ისთვის საკმარისი მანძილით ვერ უახლოვდება.

70/70 - ფერსტაპენი კანადის გრან პრის გამარჯვებულია. ამაღელვებელი რბოლის დასასრული. საინსმა ფერსტაპენის დასაწევად ყველაფერი გააკეთა, მაგრამ Red Bull-ს პილოტმა ფინიშის ხაზი პირველმა გადაკვეთა.

რამდენიმე საინტერესო დეტალი

ყველაზე სწრაფი წრე კარლოს საინსმა დააფიქსირა. მან ტრასა 1:15.749-ში დაფარა და ყველაზე სწრაფი წრისთვის დამატებითი ქულაც მოიპოვა.

კანადის გრან პრი ლენს სტროლისა და ნიკოლას ლატიფისთვის საშინაო რბოლა იყო. სტროლმა მეათე ადგილი დაიკავა, ლატიფიმ - 16.

კვალიფიკაციაზე ფერნანდო ალონსომ მეორე პოზიცია მოიგო, რამაც ესპანელი პილოტის გულშემატკივრებს პოდიუმის იმედი გაუჩინა, თუმცა, ალონსომ რბოლა მეცხრე პოზიციაზე დაასრულა.

მაქსის რადიოს რბოლის ბოლოს პრობლემები ჰქონდა. ბოლო უსაფრთხოების მანქანის შემდეგ ნიდერლანდელს გუნდთან ლაპარაკი არ შეეძლო. თუმცა, გუნდის ხმა ესმოდა.

ფინიშის ხაზი მიკ შუმახერმა, სერხიო პერესმა და იუკი ცუნოდამ ვერ გადაკვეთეს. 

შემდეგი რბოლა

შემდეგ რბოლას ბრიტანეთი უმასპინძლებს. გრან პრი სილვერსტოუნის ტრასაზე 3 ივლისს გაიმართება. მაქს ფერსტაპენი ჩემპიონატის ლიდერია. ნიდერლანდელი მის გუნდელ სერხიო პერესს 46 ქულით უსწრებს. მესამეზე შარლ ლეკლერია. „ფერარის“ პილოტი ჩემპიონატის ლიდერს 49 ქულით ჩამორჩება. კონსტრუქტორთა თასში ხარები სკუდერიას 76 ქულით უგებენ.

გაზიარება: