Aa Aa
3 ივლისი 2022  |  09:54

Stellantis-ი: თუ ელექტრო ავტომობილები არ გაიაფდება, ბაზარი ჩავარდება

Stellantis-ში ფიქრობენ, რომ ელექტრო ავტომობილები ზედმეტად ძვირია.

Stellantis-ის აღმასრულებელი დირექტორი კარლოს ტავარესი ელექტრიფიკაციის მიმართულებასა და ტემპზე უკმაყოფილებას ხშირად გამოთქვამს. მას პოტენციურ უარყოფით შედეგებზე არაერთხელ უსაუბრია.

მის კრიტიკას ახლა წარმოების ხელმძღვანელი არნო დებიოფიც შეუერთდა.

ევროკავშირი 2035 წლიდან შიგაწვის ძრავიანი ავტომობილების გაყიდვის აკრძალვაზე შეთანხმდა. დებიოფმა თქვა, რომ საავტომობილო ინდუსტრია „განწირულია“... თუ ელექტრო ავტომობილები არ გაიაფდება.

„თუ ელექტრო ავტომობილები არ გაიაფდება, მაშინ ბაზარი ჩავარდება. ეს დიდი გამოწვევაა“.

ტექნოლოგიური პროგრესი და ელექტრო ავტომობილების წარმოების რაოდენობის ზრდა იმაზე უნდა მიუთითებდეს, რომ წარმოება ძვირი არ ჯდება. თანაც გაზრდილი კონკურენციაც უნდა გავითვალისწინოთ. ელექტრო ავტომობილების წარმოება იმ კომპანიებმაც დაიწყეს, რომლებიც წლების განმავლობაში EV-ებს სკეპტიკურად უყურებდნენ.

არნო დებიოფის თქმით, Stellantis-ი ელექტრო ავტომობილების წარმოების ხარჯების შემცირებას 2030 წლისთვის 40%-ით აპირებს.

კარლოს ტავარესმა პოლიტიკოსების გააკრიტიკა:

„Stellantis-ი ამ გადაწყვეტილებას ემორჩილება, თუმცა, როგორც ჩანს პოლიტიკოსებს არ ადარდებთ ის ფაქტი, რომ ამ ცვლილების გასაკეთებლად, შესაძლოა საკმარისი ნედლეული არ ჰქონდეთ“.

ასევე კომპანიაში ფიქრობენ, რომ ელექტრო ავტომობილების ბატარეებზე დიდი მოთხოვნა სარგებელს აზიურ მწარმოებლებს მოუტანს. მთავარი კითხვა კი ისაა, დააგვიანა თუ არა Stellantis-მა ბატარეების წარმოებაში ფულის დაბანდება.

გაზიარება: