Aa Aa
4 ივლისი 2022  |  13:47

კარლოს საინსმა ბრიტანეთის გრან პრიზე კარიერაში პირველი გამარჯვება მოიპოვა

სეზონის საუკეთესო რბოლა და კარლოს საინსის პირველი გამარჯვება!

ბრიტანეთის გრან პრი ყოველთვის გამორჩეულია. ამჯერადაც „სილვერსტოუნმა“ ფორმულა 1-ის გულშემატკივრებს იმედები არ გაგვიცრუა და სეზონის საუკეთესო რბოლა გვაჩუქა. საშიში ავარია, ბევრი გადასწრება და „აუთსაიდერების“ წარმატება... ეს ის მცირე ჩამონათვალია, რის გამოც ეს რბოლა ჩვენს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება.

სეზონის მეათე რბოლაში, დაძაბულ ბრძოლაში Ferrari-ს პილოტმა კარლოს საინსმა გაიმარჯვა და თავისი კარიერის განმავლობაში პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე პირველად ავიდა.

გუან ჯოუს ავარია

რბოლის დაწყებისთანავე ტრასაზე წითელი დროშები გამოფინეს. მიზეზი Alfa Romeo-ს ჩინელი პილოტის გუან ჯოუს საშიში ავარია იყო. სტარტზე ერთმანეთს გუან ჯოუ, პიერ გასლი და ჯორჯ რასელი შეეჯახნენ. ჩინელის ბოლიდი გადაბრუნდა, მაყურებლების ტრიბუნისკენ გასრიალდა, ჰაერში აიჭრა და ბარიერებს შორის ჩავარდა. ერთი შეხედვით, წარმოუდგენელი იყო, რომ ამ ავარიას ჯოუ ცოცხალი გადაურჩებოდა. თუმცა, ჩინელი პილოტი საავადმყოფოდან ავარიის შემდეგ ერთ საათში გამოწერეს და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. 

„ჰალომ სიკვდილისგან მიხსნა“, - წელს გუან ჯოუ სოციალურ ქსელებში.

უსაფრთხოების ამ ელემენტის გამოჩენას თავის დროზე დიდი კრიტიკა მოჰყვა. თუმცა, მას შემდეგ, რაც რომენ გროჟანი საშიში ავარიის შემდეგ ჰალომ გადაარჩინა, კრიტიკოსები დადუმდნენ. ახლა კი უსაფრთხოების ამ ელემენტის საჭიროებაში ეჭვი აღარავის ეპარება.

ასეთი საშიში ავარიის შემდეგ უვნებლად გადარჩენა, იმაზე მიუთითებს, რომ ფორმულა 1-ში უსაფრთხოებამ წარმოუდგენელ დონეებს მიაღწია.

წითელი დროშების შემდეგ

რბოლა ავარიიდან თითქმის 1 საათის შემდეგ გაგრძელდა. რესტარტის შემდეგ კარლოს საინსი რბოლის ლიდერი იყო. მეოთხე მოსახვევში კონტაქტის შემდეგ შარლ ლეკლერსა და სერხიო პერესს ბოლიდის წინა ფრთა ჰქონდათ დაზიანებული. „რედ ბულის პილოტს“ ბოქსებში შესვლა მოუწია. ლეკლერის დაზიანება შედარებით მცირე იყო და ტრასაზე დარჩა.  

მეათე წრეზე ფერსტაპენმა საინსს სწორ მონაკვეთზე გადაასწრო და რბოლის ლიდერი გახდა, „ფერარის“ პილოტი კი ტრასიდან გადავიდა. ნიდერლანდელის ლიდერობა დიდხანს არ გაგრძელებულა. სამი წრის შემდეგ მისი ბოლიდი დაზიანდა. მაქსი ბოქსებში ხისტი საბურავებისთვის შევიდა. საინსმა ლიდერობა დაიბრუნა. შარლი მასთან ძალიან ახლოს იყო.

მალევე მაქსს შეატყობინეს, რომ ბოლიდის უკანა ნაწილს აეროდინამიკული დაზიანება ჰქონდა, თუმცა, რბოლის გაგრძელებას შეძლებდა.

„ბოლიდის ძირი დაზიანდა და რთული რბოლა გვქონდა. ყველაფერი გავიღე იმისთვის, რომ მეშვიდე პოზიცია შემენარჩუნებინა და მნიშვნელოვანი ქულები მომეგროვებინა“,- თქვა მაქსმა რბოლის შემდეგ.

21-ე წრეზე Ferrari-მ საინსი ხისტი საბურავებისთვის ბოქსებში შეიყვანა. ჰამილტონსა და ლეკლერს შორის დისტანციის გასაზრდელად, მონეგასკი ტრასაზე დატოვეს. რბოლის ლიდერი შარლი პიტებში ოთხი წრის მერე შევიდა. ბრიტანელი ტრასაზე დარჩა და გაცვეთილი გარდამავალი საბურავებითაც შესანიშნავად გამოიყურებოდა. ლეკლერი რადიოში ჩიოდა, რომ მას საინსზე უკეთესი ტემპი ჰქონდა. Ferrari-ს პილოტებს გუნდმა ერთმანეთთან ბრძოლის უფლება მისცა. საბოლოოდ, 31-ე წრეზე პოზიციები გააცვლევინეს. 34-ე წრეზე ბოქსებში ლუისიც შევიდა. ნელმა სტოპმა ბრიტანელს საშინაო რბოლაში მნიშვნელოვანი წამები დააკარგვინა. ის საინსის უკან მესამე ადგილზე, 3-წამიანი ჩამორჩენით გამოვიდა. „ანდერქათმა“ არ იმუშავა.

მას შემდეგ, რაც საწვავის ავზის პრობლემის გამო, ესტებან ოკონის ბოლიდი გჩერდა, 39-ე წრეზე ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა ამოქმედდა. Ferrari-მ უფასო სტოპით ისარგებლა და საინსი რბილი საბურავებითვის ბოქსებში შეიყვანა. ბოქსებში შევიდა ჰამილტონიც. Ferrari-ს გუნდმა საკამათო გადაწყვეტილება მიიღო და ლეკლერი გარდამავალ საბურავებზე ტრასაზე დატოვა.

რბოლა განახლდა და გულშემატკივრებმა ამ სეზონში ყველაზე სანახაობრივი ბოლო 9 წრე ვიხილეთ. საინსმა გუნდს დაუმტკიცა, რომ რბოლის მოგებისთვის უკეთეს პოზიციაში იყო და ლეკლერისგან ლიდერობა დაიბრუნა. ამასობაში პერესმა ჰამილტონს გადაასწრო და მესამე პოზიციაზე დაწინაურდა.

დაძაბულ ბრძოლაში პერესმა ლეკლერსაც გადაუსწრო და მეორე პოზიციაზე აღმოჩნდა. ლეკლერის გაცვეთილ გარდამავალ საბურავებს ჩაჭიდება დაკარგული ჰქონდა. მონეგასკს ჰამილტონმაც გადაუსწრო.   

საინსმა მის უახლოეს მდევარს 3.7 წამით აჯობა და კარიერაში პირველად გრან პრის გამარჯვებული გახდა.

„გასაოცარია, პირველი გამარჯვება 150 რბოლის შემდეგ, Ferrari-ში, სივერსტოუნზე. ეს დღე არასდროს დამავიწყდება. მთლიანობაში განსაკუთრებული უიკენდი იყო“,- თქვა საინსმა.

სხვა მნიშვნელოვანი დეტალები

პირველ წრეზე ერთმანეთს იუკი ცუნოდა და ალექს ალბონიც შეეჯახნენ. „უილიამსის“ პილოტი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ბრიტანეთის გრან პრი Mercedes-ის ორივე პილოტისთვის საშინაო რბოლა იყო. ჯორჯ რასელის რბოლა ნაადრევად, პირველ წრეზე ავარიის შემდეგ დასრულდა. სერ ლუის ჰამილტონმა მესამე ადგილი დაიკავა.

„ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ორ Ferrari-ს დავწეოდი. თუმცა, ისინი ჩვენთვის ძალიან სწრაფები იყვნენ. შემდეგ პერესთან ბრძოლა მომიწია. სწორზე ჩვენზე ბევრად სწრაფები იყვნენ“, - თქვა ჰამილტონმა.

გოუნ ჯოუს ავარიის შემდეგ, მასთან პირველმა ჯორჯ რასელმა მიირბინა. ბრიტანელი ბოლიდიდან გადმოხტა და Alfa Romeo-ს დამტვრეული ბოლიდისკენ გაიქცა.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჯოუ კარგადაა. საშიში ავარია იყო. მარშლები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები სწრაფი რეაგირებისთვის უნდა შევაქოთ. რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული ვარ, რომ რბოლა ასე დავასრულე. ბოდიშს ვუხდი გუნდს და გულშემატკივრებს. მიხარია, რომ ლუის ჰამილტონმა კიდევ ერთი პოდიუმი მოიპოვა. პროგრესი გვაქვს“, - წერს ჯორჯ რასელი. 

რბოლას ჰოლივუდის ვარსკვლავი ტომ კრუზი ესწრებოდა. 3 ივლისს, რბოლის დღეს, ტომ კრუზის დაბადების დღეც იყო. მას სამოცი წელი შეუსრულდა.

ყველაზე სწრაფი წრისთვის ქულა ლუის ჰამილტონმა მოიპოვა. მან ერთი წრე 1:30.510-ში დაფარა.

ფორმულა 1-ში თავისი პირველი ქულები მოიპოვა მიკ შუმახერმა. Haas-ის პილოტმა მერვე ადგილი დაიკავა და 4 ქულა მიიღო. მიხაელ შუმახერის შვილს სებასტიან ფეტელი განსაკუთრებულად გულშემატკივრობს.

„ბოლიდში ვყვიროდი: მიდი, მიკ, მიდი!“- ამბობს ფეტელი.

თავად შუმახერმა კი ეს წარმატება მამას მიუძღვნა:

„ეს მამასთვის“, - თქვა მიკმა რბოლის ბოლოს.

პერესისა და ჰამილტონის მამები პოდიუმზე მდგარ შვილებს ერთად აკვირდებოდნენ. კარლოს საინს უმცროსის მამა, რალის ლეგენდარული პილოტი, კარლოს საინს უფროსი კი მისი შვილით ალბათ ძალიან ამაყობს.

დღის საუკეთესო პილოტად გულშემატკივრებმა სერხიო პერესი დაასახელეს.

შემდეგი რბოლა

შემდეგი რბოლა ავსტრიაში, რედ ბულ რინგზე 10 ივლისს გაიმართება. ეს Red Bull-ისთვის საშინაო რბოლაა და, რა თქმა უნდა, ფავორიტი სწორედ ეს გუნდი იქნება. ჩემპიონატში მდგომარეობა კი სულ უფრო იძაბება. ახლა პერესი მაქსს მხოლოდ 34 ქულით ჩამორჩება. Red Bull-ისა და Ferrari-ს გუნდს შორის სხვაობა კი 63 ქულაა.

გაზიარება: