Aa Aa
19 ივლისი 2022  |  09:34

ყველაზე ცუდად შესრულებული სამღებრო სამუშაო ავტომობილზე

ავტომობილის შეღებვა მარტივი საქმე არ არის. ვისაც გიცდიათ და არ გამოგსვლიათ ეს ყველაზე კარგად გეცოდინებათ. დაახლოებით ასეთივე მარცხი განიცადა იმ ადამიანმა, რომელმაც სურათზე ნაჩვენები Audi A5 Sportback-ი შეღება.

ბევრი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება ამ სურათებში - არ გვაქვს. ეს სურათები Facebook-ის პლატფორმაზე გავრცელდა. თუმცა, სურათებიდანაც საკმარისი ინფორმაციის ამოკრეფა შეიძლება. ფაქტია, რომ ამ საქმის შემსრულებელს ქაღალდებითა და საიზოლაციო ლენტის გამოყენებით უკეთესი შედეგის დადება შეეძლო.



ეს გერმანული სედანი თეთრ ფერში ყველაზე ფეთხუმმა ადამიანმა შეღება. მან ავტომობილის გარკვეული დეტალები არ შეფუთა, რის გამოც მაშუქები, დისკები, წარწერები ცხაურა და ფანჯრებიც კი თეთრია. რას ნიშნავს ეს? ცუდად შესრულებული საქმე რომ უგულებელყოთ და გადაადგილება დააპიროთ - ამას ვერ შეძლებთ. სალონიდან ვერაფერს დაინახავთ. თუმცა, ამას ერთი პლუსი აქვს - თეთრად შეღებილი მაშუქებიდან გამომავალი არასაკმარისი სინათლე არ შეგაწუხებთ.

უკეთესად დაკვირვებისას ყველაფერი უარესდება. ახლოს გადაღებული კადრებიდან კარგად ჩანს, თუ რამდენად არათანაბრად არის დასხმული საღებავი ავტომობილის კორპუსზე. მანქანას საღებავი წვეთებად ეტყობა. ასე შესრულებული სამღებრო სამუშაო ავტომობილის მფლობელების კოშმარია. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. რამდენიმე ადგილას, ტორტზე მარწყვივით, ნათითურებიც გამოკვეთილად ჩანს. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელმაც ეს ავტომობილი შეღება. არც თუ ისე ესთეტიკური სურათია, არა?



ხელმარჯვე ოსტატი აქ არ გაჩერებულა და ძრავის განყოფილების „გალამაზებაც“ მოინდომა. კაპოტის ქვეშ არსებული შავი პლასტმასები ახლა თეთრია. სავარაუდოდ, ჰაერის ფილტრიც საღებავით არის დაფარული. და საქარე მინის საწმენდები? ესეც თეთრია!

გინახავთ სადმე ასე ცუდად შეღებილი ავტომობილი? მოგვიყევით თქვენი ისტორია კომენტარებში.

გაზიარება: