Aa Aa
30 სექტემბერი 2022  |  10:37

ის აქაა - Ferrari Purosangue V12-თა და 715 ცხენის ძალით

დადგა ის ნანატრი დღეც - Ferrari Purosangue-ს დებიუტი შედგა. ალბათ, წელს ამ ავტომობილის გამოჩენას ყველაზე მეტი ადამიანი ელოდა. ეს ხომ Ferrari-ის SUV-ია!

Purosangue, რაც იტალიურად სუფთა ჯიშის ცხოველს ნიშნავს, უფრო მეტად სპორტული სტილის ავტომობილია, ვიდრე SUV-ი. თამამად შეიძლება ითქვას ისიც, რომ მოდელი GTC4 Lusso-ს მაღლა აწეულ ვერსიას ჰგავს. თუმცა, ამ უკანასკნელი მოდელისგან განსხვავებით ჩვენს დღევანდელ გმირს 4-კარი აქვს და უფრო პრაქტიკულია. უცნაურია, არა? - სიტყვა პრაქტიკულს Ferrari-ისთან ვიყენებთ.




რატომ მიიღო Ferrari-მ ასეთი სტილის ავტომობილის შექმნის გადაწყვეტილება? პასუხი მარტივია - გაყიდვების მაღალი მაჩვენებელი. ისეთი ბრენდები, როგორიც Aston Martin-ი, Lamborghini და Porsche-ა უფრო მეტ SUV-ის ყიდის, ვიდრე ორკარიან, დაბალ და საოცრად სპორტულ ავტომობილებს. მეტიც, ერთადერთი მიზეზი, რატომაც დღეს Porsche კიდევ არსებობს Cayenne-ის შექმნა და მისი წარმატებაა. ასეთი სტილის მქონე ავტომობილი კი Ferrari-ის ჯერ არ ჰყოლია. ბრენდი SUV-ის შექმნაზე უარს, პრინციპულად, დიდ ხანს ამბობდა, მაგრამ დღეს სხვა რეალობის წინაშე ვართ. ფინანსური სიძლიერე სპორტული ავტომობილების ხაზის მეტად განვითარებაში ითარგმნება. ასეც რომ არა - შეხედეთ Purosangue-ს!

მანქანა სრულად ახალ პლატფორმაზეა დაფუძნებული, რომელიც სპეციალურად საკრუიზო მოდელებისთვის შეიქმნა. მისი დიზაინი ისეა შექმნილი, რომ ძრავა წინ, მაგრამ ძარის ცენტრისკენ არის განთავსებული. ამის შედეგია, რომ ამ SUV-ის წონის გადანაწილება 49:51-ზეა.



Purosangue სრულად ამძრავი იქნება და ეს არავის უკვირს. სხვა AWD სისტემებისგან განსხვავებით, Ferrari-ის სრულად 4RM სისტემა 2-სიჩქარიან გამანაწილებელ ტრანსმისიაზე არის დაფუძნებული. ის ძრავის წინაა დამაგრებული და სიმძლავრეს ბორბლებზე პირდაპირ მუხლალილვიდან ანაწილებს. ძრავის მეორე მხარეს კი ჩვეულებრივი ტიპის ღერძი გვაქვს, რომელიც სიმძლავრეს უკან განთავსებული ტრანსმისიისკენ, ამ შემთხვევაში კი 8-სიჩქარიანი ორმაგი ქუროს მქონე ავტომატური კოლოფისკენ მიმართავს.

Purosangue-მ Ferrari-ის უახლესი, 6.5-ლიტრიანი V12 მიიღო. ამ აგრეგატის პიკური სიმძლავრე 715 ცხენის ძალასა და ამდენივე ნიუტონ მეტრს შეადგენს. მოდელს 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება 3.3 წამში შეუძლია, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 310 კმ/სთ-ია. ეს მონაცემები კი ავტომობილისთვის, რომელიც 2 ტონაზე მეტს იწონის შთამბეჭდავია. აღსანიშნია, რომ ძრავა მაბრუნი მომენტის 80%-ს 2 100 ბრუნიდან იყენებს.


რომ არა ალუმინის მძლავრი ქვედაჩარჩოები, ეს SUV-ი უფრო მძიმე იქნებოდა. ამ გადაწყვეტილებით ინჟინრებმა მანქანა სტრუქტურულად უფრო ხისტი გახადეს. წონის შესამცირებლად გამოყენებულია კარბონიც. მაგალითად, სახურავი მთლიანად კარბონისაა. მსურველებს მისი პანორამული შუშით ჩანაცვლება შეუძლიათ. ალბათ, საკრუიზო Ferrari-ს ეს უკანასკნელი უფრო დაამშვენებდა.

ის, რაც Purosangue-ს გამორჩეულ ავტომობილად აქცევს მისი ფორმები და სტილია. SUV-ი შექმნა Lamborghini-მაც, Porsche-მაც, Aston Martin-მაც, Bentley-მაც, მაგრამ ვერც ერთმა ბრენდმა მოახერხა, რომ მათ ავტომობილებს სული ჰქონოდათ. Ferrari-ის ეს გამოუვიდა. Purosangue-ს დიზაინი Roma-ს კუპეს მოგვაგონებს, რაც ამ ავტომობილისთვის ყველაზე დიდი კომპლიმენტია. საოცარია ის, თუ როგორი პროპორციულია მანქანა 4-კარიანი SUV-ის კვალობაზე. ამაში დიდ როლს უკანა კარების სახელურებიც ასრულებს, რომელიც მაღლა, შუშასთან არის განთავსებული. ასევე, უკანა რიგის კარი თვითმკვლელი სტილით იღება. ენთუზიასტებს ეს დეტალი Mazda RX-8-დან უნდა ახსოვდეთ.



ახლა კი ინტერიერში გადავინაცვლოთ. სალონში 4 მგზავრისთვის განკუთვნილი სავარძელი ინდივიდუალურად არის განთავსებული. სხვა SUV-ებთან შედარებით, უკანა რიგის სავარძლები თვალშისაცემად პატარა ზომისაა. თუმცა, ადარდებს ეს ვინმეს? საბარგულის მოცულობა 472 ლიტრს შეადგენს, ხოლო თუ უფრო მეტი ადგილი დაგჭირდებათ, უკანა რიგის სავარძლები შეგიძლია გადასწიოთ.

Purosangue-ს მძღოლს ულამაზესი კოკპიტით ტკბობის საშუალება ექნება. მაჩვენებელთა დაფა SF90 Stradale-დან არის გადმოტანილი, რაც იდეალური გადაწყვეტილებაა. კარების პანელებისა და კოკპიტის დიზაინის ერთმანეთში შერწყმა კი უბრალოდ ხელოვნების ნიმუშია. პროპორციები იდეალურადაა დაცული. მგზავრის მხარეს კი თანამედროვე სტილის, 10.2-დუიმიანი მონიტორი გვაქვს. ის, რაც ჩვენს აღფრთოვანებას იწვევს, ცენტრალური კონსოლია, სადაც კინოთეატრის ეკრანის ზომის მულტიმედიის სისტემა არ არსებობს. ეს Ferrari-ის დიზაინერების უმაღლეს დონეს უსვამს ხაზს. Purosangue-ში Ferrari თითოეულ დეტალში იგრძნობა. სხვა რომელმა მწარმოებელმა მოახერხა ეს? დრო გვაქვს, კარგად დაფიქრდით...




კომპანიამ მომხმარებლისთვის მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად თავის პირველ SUV-ში მდიდრული ელემენტებიც შეიტანა. აქ თქვენ Burmester-ის ხმის სისტემას, მასაჟორებიან სავარძლებს, სალონში შემომავალი ჰაერის ფილტრაციას, კარბონის მოკაზმულობას და ბუნებრივ მასალებს შეხვდებით. Purosangue-ს მფლობელები Android Auto-სა და Apple CarPlay-ს მოხმარებას უპრობლემოდ შეძლებენ.

ალბათ, ახლა ფიქრობთ - „ეს ყველაფერი შესანიშნავია, მაგრამ ფასი?“. კომპანიაში ამბობენ, რომ ამ კვიცის საწყისი ფასი 390 000 ევროთია განსაზღვრული. მწარმოებელი შეინარჩუნებს ექსკლუზიურობას, რაც წელიწადში მხოლოდ 3 000 ერთეულის გამოშვებას გულისხმობს.

ალბათ, ახლა ამასაც ფიქრობთ - „კი, მაგრამ ასეთი მაღალი ფასის გამო ამ მანქანას ვინ შეიძენს?“. მეგობრებო, Ferrari-ის Purosangue-ზე უკვე იმდენი ჯავშანი მიიღო, რომ შეკვეთების მიღება შეაჩერა. იმედია, ამით ყველა თქვენს კითხვაზე პასუხი ამომწურავადაა გაცემული.

და ბოლოს - Purosangue-ს მიწოდება 2023 წელს დაიწყება.

გაზიარება: