Aa Aa
24 სექტემბერი 2022  |  10:47

ტექინსპექტირების წესების დარღვევაზე ჯარიმები მკაცრდება

150 ლარი ტექინსპექტირების წესების დარღვევისთვის.

განმეორების შემთხვევაში, ტექინსპექტირების გაუვლელობაზე დამატებითი ჯარიმის ასამოქმედებლად, პარლამენტში ახალი საკანონმდებლო პაკეტი დაინიცირდება. ახალი კანონპროექტი მიზნად ისახავს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირებას გზებზე ტექნიკურად გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების მინიმუმამდე დაყვანით.

„დღეს მოქმედი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელსაც არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ჯარიმდება 50 ლარის ოდენობით. თუმცა, კოდექსი არ ითვალისწინებს სანქციას, აღნიშნული სამართალდარღვევის, განმეორებით ჩადენის შემთხვევაში. ეს კისაშუალებას აძლევს პოტენციურ სამართალდამრღვევს, ტექნიკური ინსპექტირების დადგენილი წესით გავლის ნაცვლად მხოლოდ ჯარიმის თანხის, 50 ლარის გადახდით შემოიფარგლოს.

ამდენად, ტექნიკური ინსპექტირების უმნიშვნელოვანესი რეფორმის სრულყოფის, ავტოტრანსპორტის ტექნიკური გამართულობისა და საბოლოოდ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის, აუცილებელია შესაბამისი ცვლილებები არსებულ საკანონმდებლო მოწესრიგებაში.

ინიცირდება საქართველოს პარლამენტის წევრების ავტორობით მომზადებული საქართველოს კანონის პროექტი: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს სანქციებს ხსენებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში.

კერძოდ: თუ ტექნიკური ინსპექტირების დადგენილი წესით გავლის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ტექნიკურ ინსპექტირება გაუვლელი ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად ან საექსპლუატაციოდ გადაცემის გამო ერთხელ დაჯარიმებული პირი შესაბამისი სახდელის დადებიდან 30 დღის განმავლობაში განმეორებით ჩაიდენს იმავე ქმედებას:

- ფიზიკური პირი დაჯარიმდება -150 ლარის ოდენობით;
- იურიდიული პირი/ინდ. მეწარმე დაჯარიმდება -300 ლარის ოდენობით.

იმავე პრინციპის შესაბამისად თუ ზემოთ ხსენებული სამართალდარღვევა ისევ განმეორდა აღნიშნული გამოიწვევს:

- ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით;
- იურიდიული პირის/ინდ. მეწარმის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

ხოლო, 118-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად იგივე სამართალდარღვევისთვის სახდელის დადებიდან 30 დღის შემდეგ, სამართალდარღვევის ყოველი მომდევნო ჩადენა გამოიწვევს:

- ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით,
- იურიდიული პირის/ინდ. მეწარმის დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით.

კანონპროექტის ამოქმედება გათვალისწინებულია გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს“, - განაცხადა გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ.

ავტორი: bm.ge

გაზიარება: