Aa Aa
28 სექტემბერი 2022  |  10:18

Toyota-სა და Mazda-ს შემდეგ რუსეთს Isuzu Motors-იც დატოვებს

Toyota-სა და Mazda-ს შემდეგ რუსეთში წარმოება შესაძლოა, კიდევ ერთმა იაპონურმა ავტოკონცერნმა, Isuzu Motors-მა მთლიანად შეწყვიტოს.

გაზეთ Yomiuri-ის ცნობით, კონცერნი ულიანოვსკის საწარმოო ობიექტებზე, კომპონენტების მიწოდების შეჩერების გამო, მანქანების წარმოების მთლიანად შეწყვეტას განიხილავს. კომპანიის რუსულმა განყოფილებამ, Isuzu Rus-მა ულიანოვსკის ქარხანაში მანქანების წარმოება ჯერ კიდევ გაზაფხულზე შეაჩერა.

ბრენდი Isuzu რუსეთში ოფიციალურად 2006 წლიდან არის წარმოდგენილი და ბაზარს პიკაპებს, სატვირთო მანქანებსა და სპეცტექნიკას აწვდიდა. მიმდინარე წლის მარტიდან მაღალი გამავლობის Mu-x-ის გაყიდვების დაწყება იგეგმებოდა. 2021 წლის ბოლოს Isuzu Rus-ის გენერალური დირექტორი, ფაბრის გორლიე „კომერსანტთან“ აცხადებდა, რომ იმ წელს ულიანოვსკში 3700 მანქანა იყო წარმოებული, ხოლო 2022 წელს წარმოების 50%-ით გაზრდა იგეგმებოდა.

SPARK-ის მონაცემებით, Isuzu Rus-ის შემოსავალმა 2021 წელს 15,7 მლრდ რუბლი (269 353 320 დოლარი) შეადგინა, რაც 2020 წლის მაჩვენებელზე, ანუ 9,7 მლრდ რუბლზე (166 801 916 დოლარზე) 63%-ით მეტია.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ იაპონურმა Toyota-მ, რომლის ობიექტებიც სანქტ-პეტერბურგში მდებარეობს, რუსეთში ავტომობილებს აღარ აწარმოებს. კონცერნის კუთვნილი შუშარის ავტომწარმოებელი ქარხანა მარტის დასაწყისიდან გაჩერებულია. უკრაინის ომის შედეგად გამოწვეული ლოგისტიკური სირთულეების გამო Toyota-ს ხელმძღვანელობამ რიტმული მიწოდების განახლება შეუძლებლად მიიჩნია. ამასთან, ორი დღის წინ Bloomberg-ისთვის ცნობილი გახდა, რომ რუსეთიდან გასვლას კომპანია Mazda-ც განიხილავს, რომელიც რუს პარტნიორთან ერთად ვლადივოსტოკში ავტომობილებს 2012 წლიდან აწარმოებდა.

ავტორი: bpn.ge

გაზიარება: