Aa Aa
7 დეკემბერი 2022  |  11:56

რა ხდება მაშინ, როდესაც მანქანა 160 კმ/სთ-ით კედელს ეჯახება

როდესაც მეცნიერები ავტომობილებს საავარიო სიტუაციებში ცდიან, ისინი მანქანებს უფრო დაბალ სიჩქარეზე უტარებენ გამოცდას, ვიდრე ჩვენ გვგონია. მაგალითად, IIHS-ის ფრონტალური საავარიო ტესტები 64 კმ/სთ-ზე ტარდება. თუმცა, რა ხდება მაშინ, როდესაც მანქანა გაცილებით უფრო სწრაფად გადაადგილდება?

ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა ფრანგმა „იუთუბერებმა“ გადაწყვიტეს. მათ არხს Vilebrequin-ი ჰქვია. მათ აინტერესებდათ რა მოხდებოდა, თუ მანქანა გზატკეცილზე დაშვებულ სიჩქარის ზღვარს მნიშვნელოვნად გადააჭარბებდა.

ექსპერიმენტისთვის გამომცდელებმა საავიაციო მოედანი იქირავეს, სადაც ბეტონის 72 ბლოკი დაალაგეს. მათი წონა ჯამში 86 ტონას შეადგენდა. კედელთან შესაჯახებლად BMW 5 Series-ის უნივერსალი შეარჩიეს. სანამ ეს ავტომობილი დაგენანებათ გეტყვით, რომ ის ჯართი იყო და სხვა არაფერი. დიზელისძრავიანი 5-იანის ოდომეტრზე 300 000 კილომეტრი იყო გამოსახული. თუმცა, მანქანის შემოწმების შემდეგ გაირკვა, რომ მოდელს 700 000 კმ ჰქონდა დაფარული. ექსპერიმენტატორებმა მანქანის დაშლა და გამოსადეგი ნაწილების გამოყენებაც გადაწყვიტეს, თუმცა, მსგავსი ვერაფერი ნახეს.

ასე და ამგვარად, ამ ადამიანებმა მანქანის წინა სავარძელი ამოიღეს და მართვის დისტანციური სისტემა დააყენეს. რამდენიმე კამერა დამონტაჟდა სალონშიც, რომლებიც ვირტუალური რეალობის სათვალეს გადასცემდა სიგნალს. ამას გამყოლი მანქანის დაქირავებაც დაემატა. ბოლო ნაბიჯი კი მეხუთე სერის კედელთან დაჯახება იყო.

თავდაპირველად, გამომცდელებს ექსპერიმენტის შესრულება 200 კმ/სთ-ზე სურდათ, მაგრამ მათ 150 კმ/სთ-ის განვითარება შეძლეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მიზნისგან შორს იყო, სტანდარტული საავარიო ტესტების სიჩქარეზე გაცილებით მეტი მაინც გახლდათ.

ამ გარემოებამ ექსპერიმენტს მეტი ინტერესი შესძინა. ზემოთ მიბმულ ვიდეოში კი კარგად შეიძლება იმის დანახვა, თუ რა საფრთხეს შეიცავს დასაშვებ სიჩქარეზე გაცილებით სწრაფად გადაადგილება.

გაზიარება: