Aa Aa
8 დეკემბერი 2022  |  10:57

Lexus LFA-ს ელექტრო შთამომავალს მექანიკური გადაცემათა კოლოფი ექნება

ელექტრო ავტომობილი სამი სატერფულით...

Lexus-ი LFA-თი შთაგონებულ ელექტრო ავტომობილზე მუშაობს. ელექტრო ავტომობილს მექანიკური გადაცემათა კოლოფი და მესამე სატერფული ექნება. 

ეს ინფორმაცია ევროპაში ბოლო პრეზენტაციის დროს ბრენდის ელექტრო ავტომობილების მთავარმა ინჟინერმა ტაკაში ვატანაბემ დაადასტურა.

ვატანაბეს თქმით, ეს არ იქნება სტანდარტული მექანიკური გადაცემათა კოლოფი კონუსით. ეს იქნება პროგრამულად სიმულირებული სისტემა, რომელიც მექანიკური გადაცემათა კოლოფის შეგრძნებას დატოვებს. დამატებული იქნება ძრავის ხმებიც.

„ყველაფერი იმით დაიწყო, რომ Lexus-ის ინჟინრები დაფიქრდნენ, რა მოსწონდათ შიგაწვისძრავიან ავტომობილებში და რა აკლდა ელექტრო ავტომობილებს“, - თქვა ვატანაბემ.

Toyota-მ ამ სისტემის პროტოტიპი უკვე ააწყო. ამისთვის Lexus UX კროსოვერი მოიყენეს. პრეზენტაციის დროს ამ პროტოტიპის მოკლე ვიდეოც აჩვენეს.

ელექტრო Lexus-ის კონცეპტი იმ მრავალ კონცეპტთა შორის იყო, რომელიც Toyota-მ გასულ წელს წარმოადგინა. კომპანია 2030 წლამდე 30 ელექტრო ავტომობილის გამოშვებას აპირებს. ბევრ მათგანს Lexus-ის ლოგო ექნება. Toyota-ს თქმით Lexus-ის ელექტრო სუპერქარს 100კმ/სთ-ს განვითარება 2 წამის ფარგლებში უნდა შეეძლოს.

გაზიარება: