Aa Aa
14 იანვარი 2023  |  11:25

2024 წლის Mercedes Benz EQA ტესტირებებისას შენიშნეს

Mercedes Benz-ი კომპაქტური ავტომობილების ხაზის განახლების პროცესშია.

ბოლო დროს ტესტირებებისას EQA კომპაქტური ელექტრო კროსოვერი შენიშნეს. EQA-ს დებიუტი 2021 წელს შედგა. მას განახლება მალევე დასჭირდა, რადგან GLA-Class-ი, რომელზეც ეს ავტომობილია დაფუძნებული, ასევე განახლების პროცესშია.

განახლებული GLA-Class-ის დებიუტი წელს, 2024 წლის მოდელის სახელით, უნდა შედგეს. დაახლოებით იმავე დროს უნდა ველოდოთ EQA-ს დებიუტსაც.

პროტოტიპს ცხაურისა და მაშუქების განახლებული დიზაინი აქვს. წინ ბამპერის საფარიც განახლებული იქნება. უკანა მაშუქების შეცვლილ დიზაინსაც უნდა ველოდოთ.

სალონში ხელსაწყოთა პანელი განახლებულია. მულტიმედია ეკრანი Mercedes-ის MBUX-ის უახლეს ვერსიაზე მუშაობს. ცენტრალური კონსოლიც შეიცვლება და სავარაუდოდ სენსორულ დაფას ვეღარ ვიხილავთ.

უცნობია, განახლდება თუ არა აგრეგატები. ამჟამად, ბაზრის მიხედვით, EQA 66.5- და 70.5-კვ/სთ-იანი ბატარეებითაა ხელმისაწვდომი. კლიენტებს არჩევანის გაკეთება ერთმოტორიან წინაწამყვან ან ორმოტორიან ოთხივეწამყვან ვერსიებს შორის შეუძლიათ. ყველაზე ძლიერი ვერსიას 288 ცხენის ძალა აქვს.

მომავალში, ისევე, როგორც GLA-Class-ი, EQA-ც Mercedes-ის ახალი თაობის პლატფორმაზე გადავა, რომელიც კომპაქტური ავტომობილებისთვისაა. MMA პლატფორმა ჰიბრიდული და ელექტრო ავტომობილებისთვის გამოიყენება.

გაზიარება: