Bugatti-ს ერთი ავტომობილის შესაღებად 600 საათი სჭირდება
Bugatti-მ ავტომობილების შეღებვის ხანგრძლივ პროცესზე ისაუბრა.
იმ დროს, როცა ავტომწარმოებლები საწარმოო დროისა და ხარჯების შემცირებას ცდილობენ, ზოგიერთი ყველაფერს ხელით აკეთებს. ასეთი ბრენდების ავტომობილები ეგზოტიკური და ექსკლუზიურია.
ფრანგული ავტომწარმოებელი Bugatti ცდილობს, ყველაფერში სამაგალითო იყოს. ისინი ხშირად იკვეხნიან იმით, თუ რამდენად რთულია Chiron-ის წარმოების პროცესი. ამჟამად, ბრენდმა შეღებვის პროცესზე ისაუბრა.
როგორც ამბობენ, Bugatti-ს მოლსჰაიმის ქარხანაში აწყობილი თითოეული ავტომობილის შეღებვას არც მეტი, არც ნაკლები 600 საათი სჭირდება. რა თქმა უნდა, ყველა დეტალს ხელით ღებავენ. Bugatti-ს თქმით, იმავე დროში სხვა ავტომწარმოებელი 4-5 ავტომობილს თავიდან ბოლომდე ააწყობდა.
სანამ საღების პირველი ფენა დაედება, მანამდე ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. ზედაპირი ადამიანების თვალით ზედმიწევნით მოწმდება ისე, რომ მასზე ერთი ხარვეზიც არ იყოს დარჩენილი. შემდეგ 2 ფენა „პრაიმერს“ ადებენ.
ამას დაახლოებით 100 საათი სჭირდება. ამის შემდეგაც კი ავტომობილი შესაღებად მზად არ არის. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველა პანელს იდეალური ფორმა ექნება, სპეციალისტები შემდეგ ეტაპზე გადადიან.
შემდეგი ეტაპი ზედაპირის გაპრიალებაა, რომელსაც 4 დღე სჭირდება. როგორც ამბობენ, ეს ყველაზე რთული პროცესია.
ბოლო საფეხური შეღებვაა. ჯამში ავტომობილის საღებავის იდეალურ მდგომარეობამდე მისაყვანად 600-700 საათია საჭირო.