Aa Aa
20 მარტი 2023  |  12:11

საუდის არაბეთის გრან პრი: Red Bull-ის დომინაცია და ალონსოს დრამა

2023 წლის სეზონში Red Bull-ის დომინირება გრძელდება. ამჯერად გამარჯვება სერხიო პერესს დარჩა. შედარებისთვის, Ferrari-ს ცუდი რბოლა ჰქონდა. „მერსედესებმა“ კი რბოლა 4-5 პოზიციაზე დაასრულეს. 

ფორმულა 1-ის 2023 წლის სეზონის მეორე რბოლას საუდის არაბეთმა უმასპინძლა. ჯედაში პილოტებს 50 წრის გავლა მოუწიათ. სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით, რომ ეს საქალაქო ტრასა, კალენდარში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზია.

„ხარებისთვის“  საუდის არაბეთის გრან პრი არც თუ ისე კარგად დაიწყო. კვალიფიკაციაზე მაქსის ბოლიდს წამყვანი ლილვის პრობლემა შეექმნა, რის გამოც რბოლის დაწყება მეთხუთმეტე პოზიციიდან მოუწია. არ არის მაქსი, არის ჩეკო! პოლ პოზიციაზე სერხიო პერესი აღმოჩნდა.

მექსიკელ პილოტს სტარტზე ფერნანდო ალონსომ გადაასწრო, თუმცა, პერესმა პოზიცია მალევე დაიბრუნა და რბოლა მშვიდ გამარჯვებამდე მიიყვანა. მაქსმა გზა მეთხუთმეტე პოზიციიდან გაიკვალა. რბოლის ნახევარი დასჭირდა იმისთვის, რომ გუნდელის უკან აღმოჩენილიყო.  ნიდერლანდელმა გრან პრის დასრულებამდე ყველაზე სწრაფი წრე 1:31.906 დააფიქსირა და დამატებითი ქულაც მიითვალა, რის ხარჯზეც საერთო ჩათვლაში ლიდერობა მოიპოვა.

„გუნდმა შესანიშნავად იმუშავა. კვირის განმავლობაში მათ დიდი შრომა ჩადეს. ბევრი მექანიკური პრობლემა გვქონდა და ისინი ყველაფერს კარგად გაუმკლავდნენ. მათ გამო ბედნიერი ვარ და ახლა კი ზეიმის დროა“, - თქვა სერხიო პერესმა რბოლის შემდეგ.

Ferrari-ს გუნდს კი საუკეთესო რბოლა ნამდვილად არ ჰქონია. საინსმა რბოლა მეექვსე პოზიციაზე დაასრულა, ლეკლერმა - მეშვიდეზე.

ალონსოს დრამა

41 წლის ესპანელი პილოტი და მისი Aston Martin-ი ამ სეზონში შესანიშნავად გამოიყურება. პირველ რბოლაში ნანდომ მესამე ადგილი დაიკავა. ჯედას ტრასაზე კი თავისი მეასე პოდიუმისთვის იბრძოდა.

ესპანელს კარგი სტარტი ჰქონდა. მან სერხიო პერესს გადაასწრო. თუმცა, სტრატის პროცედურების დარღვევის გამო, 5-წამიანი ჯარიმა მიიღო. სტროლის ბოლიდი გაჩერდა, რის შედეგადაც ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა და ალონსოს ჯარიმის მოხდა მშვიდ პირობებში მოუწია.

რბოლის განმავლობაში ესპანელი პილოტი ჯორჯ რასელსა და ლუის ჰამილტონს აკავებდა. საბოლოოდ, კი პოდიუმის მესამე საფეხური დაიკავა. ბოლო რამდენიმე წრე ჯორჯ რასელს აფრთხილებდნენ, რომ ალონსოს არ ჩამორჩენოდა, რაც ეჭვს აჩენდა, რომ რაღაც რიგზე არ იყო. როგორც აღმოჩნდა, ჯარიმის მოხდის დროს, მექანიკოსები ბოლიდს შეეხნენ, რის გამოც ალონსო დაჯარიმდა. მესამე ადგილი რასელს მისცეს. ეს გადაწყვეტილება Aston Martin-მა მალევე გაასაჩივრა. გუნდმა დაამტკიცა, რომ მსგავსი შემთხვევა მანამდე 7-ჯერ მოხდა და არავინ დასჯილა. ამიტომ, ფერნანდო ალონსოს მესამე ადგილი ოფიციალურად უკან დაუბრუნეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ესპანელმა თავისი მეასე პოდიუმი მოიპოვა!

„მეასე, მადლობა“, - ასე მოკლედ შეაფასა მან თავისი მიღწევა Instagram გვერდზე.

როდის გადაწყდა რბოლის ბედი

1/50 ალონსო პერესს უსწრებს - პერესმა ესპანელი ვერ შეაკავა. პიასტრიმ თავისი ბოლიდის ნაწილი დაკარგა.

2/50 ალონსოს შემთხვევას იძიებენ - როგორც ჩანს, ესპანელმა სტარტის პროცეურები დაარღვია.

3/50 ალონსო ჯარიმდება - ფერნანდოს 5-წამიანი ჯარიმა აქვს, რომელსაც პიტ სტოპის დროს მოიხდის.

4/50 პერესი ლიდერობას იბრუნებს - მექსიკელი ისევ რბოლის ლიდერია.

18/50 სტროლი ჩერდება - ყვითელი დროშები. Aston Martin-ი ტრასიდან გადავიდა. სტროლს გუნდმა გაჩერება უბრძანა. უსაფრთხოების მანქანა გამოდის.

26/50 RED BULL-ი პირველ და მეორე ადგილებს იკავებს - პერესი და ფერსტაპენი ლიდერობენ, ალონსო მესამეა, მათ უკან ორი Mercedes-ი მიჰყვება.

38/50 ფერსტაპენი ნერვიულობს - „მაღალ სიჩქარეზე უცნაურ ხმებს გამოსცემს“, - ჩივის ნიდერლანდელი. კვალიფიკაციაზე პრობლემების შემდეგ, მისი ნერვიულობა ბუნებრივია.

50/50 - პერესი საუდის არაბეთის გრან პრის გამარჯვებულია - მექსიკელი პირველია. მაქსი - მეორე. ამ უკანასკნელმა ყველაზე სწრაფი წრე დააფიქსირა და ჩემპიონატში ლიდერობა შეინარჩუნა.

„ასეთი სწრაფი ბოლიდი არასდროს მინახავს. როცა ჩვენ სწრაფები ვიყავით, ასეთი არ ვყოფილვართ. ყველაზე სწრაფი ბოლიდია, რაც მინახავს. არ ვიცი, როგორ ან რატომ, მაგრამ მაქსმა სერიოზული სიჩქარით ჩამიარა. თავის დაცვაზე არც კი მიფიქრია, რადგან სიჩქარეებს შორის ძალიან დიდი განსხვავება იყო“, - ამბობს ლუის ჰამილტონი.

შემდეგი რბოლა

შემდეგი რბოლა ავსტრალიაში, მელბურნში 2 აპრილს გაიმართება. ალბერ პარკზე პილოტები 58 წრეს გაივლიან. ამჟამად ჩემპიონატში 44 ქულით მაქს ფერსტაპენი ლიდერობს. ის გუნდელს მხოლოდ 1 ქულით უსწრებს. მესამე ადგილოსანი ფერნანდო ალონსო კი ჩემპიონატის ლიდერს 14 ქულით ჩამორჩება. როგორც ჩანს, Red Bull-ების მთავარი კონკურენტი ამ სეზონში სწორედ ესპანელი პილოტი იქნება.

გაზიარება: