Aa Aa
7 მარტი 2020  |  10:53

ბედნიერებისთვის ბევრი ფული არაა საჭირო: Peugeot 106 Rallye Replica

ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია „ცხელ ჰეჩბეკებზე“, რომლებმაც დროს გაუძლეს და დღევანდელი სტანდარტების მიუხედავად თავის „სიცხელეს“ კვლავ ინარჩუნებებენ. უმეტესწილად ეს 90-იანების ჰეჩბეკებია, რომლებიც მძღოლისთვის სიამოვნებისა და ბედნიერებისთვის იყო შექმნილი. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ასეთი ავტომობილები თანდათანობით კლასიკური ავტომობილების კატეგორიაში გადადის. ისედაც დაბალტირაჟიანი „ცხელი“ ვერსიების რაოდენობა ყოველ დღე იკლებს, სხვადასხვა მიზეზის გამო ქრება. ამ ფაქტორების გამო „ცხელი“ რეტრო ჰეჩბეკების ფასები იზრდება და კოლექციონერებისთვის უფრო მიმზიდველი ხდება.

სიტუაციას ცოტა ჭკვიანურად და ოპტიმისტურად თუ შევხედავთ, ჩვენს წინაშე ძალიან საინტერესო პერსპექტივები ისახება. ძველი მანქანების ტექნიკური სიმარტივის გამო, ძალიან მარტივია მათზე მუშაობა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სტანდარტული მოდელი შეგვიძლია სპორტულად ვაქციოთ. ამისთვის კი უბრალოდ იმავე მოდელის გაუმჯობესებული ვარიანტის დონორი ავტომობილი უნდა ვიპოვოთ.

ბრიტანელმა რაიან უოლტერსმა ზუსტად რომ ასეთი პერსპექტივა დაინახა.

რაიანს საკმაოდ ბევრი „პეჟო“ ჰყავდა, მათ შორის მისი უსაყვარლესი 205 1.9 GTI, რომელიც თავად აღადგინა. სარესტავრაციო პროცესისგან რაიანმა დიდი სიამოვნება მიიღო და დაბალბიუჯეტიანი ტრეკ-ავტომობილის პროექტის გაკეთების სურვილი გაუჩნდა. Peugeot 106 S2 Rallye ალბათ ყველაზე რაციონალური არჩევანი იქნებოდა, მაგრამ Rallye-ს ყიდვის შემთხვევაში პროექტი დაბალბიუჯეტიანი აღარ იქნებოდა. ამის გარდა, დიდ ბრიტანეთში მხოლოდ 100 ავტომობილიღა იყო რეგისტრირებული და რაიანს ასეთი ლეგენდარული ავტომობილის „გაფუჭება“ არ უნდოდა. ამიტომ რაიანმა 106-ის რომელიმე იაფიანი ვერსიის ძებნა დაიწყო.

ერთ მშვენიერ დღეს eBay-ზე Peugeot 106 XT-ს წააწყდა. მანქანა მის სამეზობლოში აღმოჩნდა და სულ რაღაც 70 000 კილომეტრი გარბენი ჰქონდა. მიუხედავად დაბალი გარბენისა, რაიანამდე ავტომობილს 11 მფლობელი ჰყავდა. „პეჟო“ მთლად კარგ ფორმაში არ იყო. რაიანს ეს დიდად არ აწუხებდა. მან ძალიან კარგად იცოდა რისთვის უნდოდა ეს ჰეჩბეკი და მანქანის ვიზუალს დიდ ყურადღებას არ აქცევდა.

ყიდვიდან რამდენიმე დღეში მანქანა „გულის ტრანსპლანტაციისთვის“ უკვე მზად იყო. ორიგინალი 1.1-ლიტრიანი ძრავა 16-სარქველიანმა 1.6-ლიტრიანმა 120 ცხენისძალიანმა GTI ძრავამ ჩაანაცვლა, რომელიც დამტვრეული S2 Rallye-ს დონორისგან აიღო.

ვიზუალური მხარის ხელის პატარა შევლებით, რაიან უოლტერსს Peugeot 106 Rallye რეპლიკა გამოუვიდა. რეპლიკა იმდენად კარგია, რომ განსხვავების პოვნა მხოლოდ „პეჟოს“ თავგამოდებულ გულშემატკივარს შეუძლია.

„ეს პროექტი დასაწყისიდანვე ძალიან დაბალბიუჯეტიანი იყო. ზღაპრული თანხები დღემდე არ დამიხარჯავს, რადგან eBay-ზე 106-ის საკმაოდ ბევრი და იაფი მეორადი ნაწილი იშოვება. ვიცი, რომ ჩემი აწყობილი სარბოლო ავტომობილი რეკორდებს ვერ მოხსნის და ტრეკზე ყოველთვის უფრო ძლიერი მოწინააღმდეგე ეყოლება, მაგრამ ჩემი „პეჟო“ ყოველ ჯერზე ბედნიერებას მანიჭებს და ჩემთვის ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი“ - თქვა რაიანმა.

რაიანს ეს პროექტი მანქანიანად დაახლოებით 4000 $ დაუჯდა, მაგრამ სიამოვნება, რომელსაც ეს ავტომობილი ანიჭებს, დაუფასებელია. მიუხედავად იმისა, რომ ავტოპროექტებში ყოველთვის დიდი თანხებია საჭირო, იცოდეთ, რომ სადღაც ყოველთვის არსებობს ბედნიერებისთვის საკმარისი ავტომობილი, რომელიც არც თუ ისე დიდი დანახარჯებით ყოველ გასეირნებაზე სახეზე დიდ ღიმილს მოგგვრით.

გაზიარება: