Aa Aa
24 სექტემბერი 2024  |  13:19

რომელი ავტომობილებია წელს საქართველოში ყველაზე პოპულარული?

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე წლის მონაცემებით რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა 1 729 081-ს უტოლდება. მაჩვენებელი გაზრდილია გასული წლის შესაბამის პერიოდში რეგისტრირებულ რაოდენობასთან - 1 680 436 ერთეული ავტომობილი - შედარებით. 

საქსტატის ანგარიშით, მიმდინარე წელს, ავტომობილების ძარის ტიპის მიხედვით, საქართველოში ყველაზე პოპულარული სედანი იყო - 572 602 ერთეული რეგისტრირებული ავტომობილი, შემდეგ ჰეტჩბეკი (326 471), მაღალი გამავლობის (274 974), სატვირთო (135 468) და უნივერსალი (104 973). 

საინტერესოა ისიც, რომ მიმდინარე წელს საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების უდიდესი ნაწილის ასაკი 10 წელზე მეტია: საქსტატის მონაცემებით, რეგისტრირებული 1 454 498 ერთეული ავტომობილის ასაკი აღემატება 10 წელს, 5-დან 10 წლამდე 193 ათასი ავტომობილია, 2-დან 5 წლამდე ასაკის 45 ათასი, ხოლო 2 წლამდე ხანდაზმულობა 28 ათას ავტომობილს აქვს.

საინტერესოა ისიც, რომ 2017 წლის შემდეგ, საქართველოში ყველაზე პოპულარული მარკა Mercedes Benz-ია. მიმდინარე წელს, ქვეყანაში, გერმანული ავტომწარმოებლის გამოშვების 428 ათასზე მეტი ავტომობილი დარეგისტრირდა. მეორე ადგილზეა Toyota - 368 ათასი ერთეულით, მესამეზე Ford-ი, 328 ათასი ერთეული. სრული სტატისტიკა ტოპ-ავტომობილების კი ასე გამოიყურება:

რაც შეეხება ყველაზე პოპულარულ მოდელებს, საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის ხუთეული ასეთია: Ford Transit - 52 092 ერთეული, Toyota Prius - 47 595 ერთეული, Opel Astra - 37 584 ერთეული, Honda Fit - 24 407 ერთეული და VAZ 21063 - 23 029 ერთეული. 

ცნობისთვის, იმავე მონაცემებში აღნიშნულია, რომ საქართველოში მიმდინარე წლის მონაცემებით რეგისტრირებული ავტომობილების უმეტესი ნაწილი რუხი ფერისაა - 462 ათასი, შემდეგ არის თეთრი მოდელები - 388 ათასი და შავი - 246 ათასი. საწვავის ტიპის მიხედვით კი, რეგისტრირებული ავტომობილების 41% ბენზინზე მუშაობს, 19.8% დიზელზე, 8.5%-იც ჰიბრიდია. 

გაზიარება: