Aa Aa
24 სექტემბერი 2024  |  18:47

შეერთებული შტატები რუსული და ჩინური საავტომობილო ტექნოლოგიის აკრძალვას გეგმავს

შეერთებული შტატები ჩინურ საავტომობილო და ტექნოლოგიურ კომპანიებზე ზეწოლას აგრძელებს. ადმინისტრაციის უახლესი ქმედება ჩინური საავტომობილო ტექნოლოგიების სექტორისკენაა მიმართული. როგორც აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია განმარტავს, "ჩინური ავტომწარმოებლები შეერთებულ შტატებსა და გლობალური მასშტაბით დომინირებას ცდილობენ, რაც საფრთხეს ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებასა და მიწოდების ჯაჭვების ეფექტიან მუშაობას უქმნის".

ამ საფრთხის მოსაგვარებლად, კომერციის დეპარტამენტმა ახალი წინადადება წამოაყენა, რომელიც "ჩინეთიდან და რუსეთიდან გარკვეული კომპონენტების, ასევე იმ ავტომობილების იმპორტსა და გაყიდვას აკრძალავს, რომლებიც ამ ქვეყნებთან დაკავშირებულ ტექნოლოგიას იყენებენ". მთავარი სამიზნე ჩინეთია. აშშ-ის დაშვებით, არსებობს რისკები, რომ ავტომობილები მძღოლებისა და მგზავრების შესახებ ინფორმაციას აგროვებენ, რაც შემდეგ ჩინეთში იგზავნება. ასევე ჩინეთი, მანქანებში დამონტაჟებული სენსორებისა და კამერების საშუალებით, იღებს დეტალურ ინფორმაციას ამერიკული ინფრასტრუქტურის შესახებ.

აშშ-ის განცხადებით, მათ უკვე გამოავლინეს რამდენიმე სახის ტექნოლოგია - ჩინეთთან და რუსეთთან დაკავშირებულ ავტომობილებში - რომლებიც განსაკუთრებით მწვავე საფრთხეს წარმოადგენენ ქვეყნისა და მათი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის. 

ახალი შეთავაზებით, კანონმდებლობა შეეხება სატრანსპორტო სისტემებს, რომლებიც შექმნილი, განვითარებული, წარმოებული ან მიწოდებულია კომპანიების მიერ, რომლებსაც აქვთ ძლიერი კავშირები ჩინეთთან ან რუსეთთან. მათ შორისაა: Bluetooth, ფიჭური, სატელიტური და Wi-Fi, ასევე მართვის ავტომატიზებული სისტემები.

კანონმდებლობის ფარგლებში შეზღუდვები დაწესდება ისეთი ავტომობილების გაყიდვებსა და იმპორტზე, რომლებიც იყენებენ ავტომობილის დაკავშირების სისტემებს (VCS) და ავტომატური მართვის სისტემების (ADS) პროგრამულ უზრუნველყოფას, VCS "ჰარდვეართან" ერთად. გამონაკლისები შეიძლება დაიშვას მცირე ზომის ავტომწარმოებლებისთვის. 

შეთავაზების დამტკიცების შემთხვევაში, პროგრამული უზრუნველყოფის აკრძალვა შეეხება 2027 წლის მოდელებს, ხოლო "ჰარდვეარის" აკრძალვები 2030 წლის მოდელებზე გავრცელდება. მთავრობის განცხადებით, კომერციის დეპარტამენტი მუშაობს ინდუსტრიის წარმომადგენლებთან და აშშ-ის მოკავშირეებთან, მომხმარებელთა მონაცემების მაქსიმალური დაცვის უზრუნველსაყოფად. 

გაზიარება: