Aa Aa
1 ოქტომბერი 2024  |  13:11

Mercedes-ი V8-ძრავის დეფექტის გამო S580-სა და Maybach S580-ს უკან გაიწვევს

როგორც აღმოჩნდა, მდიდრულ ავტომობილებში, საშუალო ტიპის ავტომობილებთან შედარებით, ხუთჯერ ან თუნდაც ათჯერ მაღალი ღირებულების გადახდაც კი არ ნიშნავს პრობლემებისგან 100%-ით დაზღვევას. ამის მტკიცებულება მიმდინარე კვირაში Mercedes-ის მიერ გაკეთებული განცხადებაა, რომლის თანახმადაც გერმანული ავტომწარმოებელი ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული მოდელების უკან გაწვევას გეგმავს. 

უკან გაწვევის ეს კონკრეტული ეტაპი 27 000 ერთეულ მანქანას შეეხება. პოტენციური დეფექტი ამჯერად ავტომობილების V8 ძრავაშია აღმოჩენილი. იმ მოდელებს შორის, რომელსაც გერმანული ავტომწარმოებელი უკან გაიწვევს მოხვდა 2021-23 წლებში წარმოებული 26 260 ერთეული S580 და 930 ერთეული Mercedes-Maybach S580.  ორივე მანქანა იდენტურ, 4-ლიტრიან V8 ძრავას იყენებს, რომელიც 496 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 

ეს V8 ძრავა დამატებით 48-ვოლტიანი, mild-ჰიბრიდული სისტემითაა აღჭურვილი, რომელიც მანქანის შესაძლებლობებს ზრდის. ამასთან ერთად, ამ ავტომობილებს Camtronic ცილინდრის გამორთვის ტექნოლოგიაც აქვს, რომლის საშუალებითაც, კრუიზ კონტროლზე გადასვლისას ძრავა მის ოთხივე ცილინდრს თიშავს. 

ავტომწარმოებელმა ეჭვქვეშ სწორედ Camtronic-ის სისტემის გამართულობა დააყენა. Mercedes-ში ფიქრობენ, რომ დეფექტის გამო, ცილინდრებში შესაძლოა ზედმეტი რაოდენობის საწვავი აღმოჩნდეს, რაც გამონაბოლქვის ტემპერატურის ზრდას გამოიწვევს. შედეგად შესაძლოა კატალიზატორი დაზიანდეს და ძრავა გაჩერდეს. 

წინასწარი გაფრთხილება მძღოლებს უკან გაწვევის შესახებ არ მიუღიათ. თუმცა თავად ავტომწარმოებელმა, 2023 წლის ზაფხულიდან დაწყებული არაერთი შეტყობინება მიიღო მძღოლებისგან, ძრავის გაუმართავად მუშაობისა და გაჩერების შესახებ. გამოსავალი პროგრამული უზრუნველყოფის განახლებაა, რისთვისაც მფლობელებს ავტომობილის სადილეროში მიყვანა დასჭირდებათ. 

საინტერესოა, რომ ეს არც პირველი შემთხვევა არაა, როდესაც მსგავსი პრობლემის წინაშე Mercedes-ის ყველაზე მდიდარი მომხმარებლები დადგნენ. Maybach S580 და S580-ის მოდელები უკან გასულ წელსაც გაიწვიეს, მაშინ პოტენციურ საფრთხედ დამამიწებელი სადენის გაუმართაობა დასახელდა. 

გაზიარება: