Aa Aa
24 ოქტომბერი 2024  |  19:21

სპეციალური გამოშვების M2, მხოლოდ მექანიკური გადაცემათა კოლოფით

BMW მექსიკაში ბიზნესსაქმიანობის დაწყებიდან 30 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ თარიღისთვის, გერმანული ავტომწარმოებელი, სპეციალური  გამოშვების BMW M2 Coupe 30 Years Edition-ს წარადგენს. ამ მოდელს, სტანდარტული M2-სგან განსხვავებით მხოლოდ ერთ ვერსიად ვნახავთ - 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით.

BMW სპეციალურ მოდელებს შეზღუდული რაოდენობით, მხოლოდ 30 ერთეულად გამოუშვებს. ამ მოდელისთვის BMW-იმ ორი ფერი - Frozen Portimao Blau metallic-ი და Frozen Pure Grey metallic-ი შეარჩია. ტყავის ინტერიერისთვის კი წითელი და შავი ფერები გადაწყდა.

BMW M2 Coupe 30 Years Edition-ში ავტომწარმოებელი 2025 წლის სტანდარტული M2-ის განახლებებსაც გამოიყენებს. ეს ნიშნავს, რომ სპეციალური გამოშვების მოდელი ორტურბინიანი, ექვსცილინდრიანი ძრავით იქნება აღჭურვილი და 473 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ამ ყველაფერს ემატება ახალი საჭე და განახლებული ინტერიერი, უახლესი ვერსიის iDrive-ით.

ყველა სხვა M2-ის მსგავსად, სპეციალური გამოშვების მოდელებიც, ტოლუკაში მდებარე, სან-ლუის პოტოსის ქარხანაში იწარმოება. აღნიშნულ ქარხანაში კომპანიამ წარმოება 1994 წელს, E36-ის თაობის მესამე სერიით დაიწყო.

თუმცა, BMW-ის ახალი მოდელების შეძენას ყველა ვერ შეძლებს. M2 Coupe 30 Years Edition-ი მხოლოდ მექსიკის მომხმარებლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. რაც შეეხება ფასს, არსებული კურსით მანქანის ღირებულება $107 650 იქნება - $20 000-ით ძვირი, ვიდრე მექსიკაში სტანდარტული M2 ჯდება.

გაზიარება: