Aa Aa
14 სექტემბერი 2020  |  11:19

წითელი დროშები ტოსკანას გრან პრიზე: ჰამილტონმა ისევ გაიმარჯვა

პილოტების შეცდომები და ქაოსი მუჯელოს ტრასაზე. რბოლა ორჯერ შეჩერდა. საბოლოოდ კი გამარჯვება ლუის ჰამილტონს დარჩა. 

ტოსკანას გრან პრიზე ნამდვილი დრამა დატრიალდა. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ რბოლის ბოლოს ტრასაზე ერთი ბოლიდიც აღარ დარჩებოდა. წითელი დროშა ორჯერ გამოჩნდა.

მაქს ფერშტაპენის ოცნება ჩემპიონობაზე პირველივე წრეზე დასრულდა, როცა უკანა ხაზებში არეულობის შემდეგ, მაქსი ხრეშზე აღმოჩნდა. რბოლის შემდეგ ინტერვიუში მას ჰკითხეს, თუ რა მოხდა ტრასაზე და რომელმა პილოტმა დაასრულა მისი რბოლა. ფერშტაპენმა უპასუხა, რომ მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინ დაეჯახა, რადგან მის ბოლიდს ძალა უკვე დაკარგული ჰქონდა და მისი რბოლა შეჯახებამდეც უკვე დასრულებული იყო.

მეშვიდე წრეზე, მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების მანქანამ ტრასა დატოვა, უკანა ხაზებში ისევ სრული ქაოსი დაიწყო. ავარიაში, რომელმაც რბოლის დროებით შეწყვეტა გამოიწვია, კარლოს საინსი, კევინ მაგნუსენი, ანტონიო ჯოვინაცი და ნიკოლას ლატიფი მონაწილეობდნენ.

რბოლის განახლებისას პირველ პოზიციას ვალტერი ბოტასი იკავებდა. ჰამილტონმა ჭკუა იხმარა, მუხრუჭები ადგილზევე გააცხელა, რამაც ბოტასისთვის გასწრების საშუალება მისცა.

მას შემდეგ, რაც ლენს სტროლის ბოლიდი საბურავების ბარიერს შეეჯახა და ძალიან დიდი დაზიანება მიიღო, რბოლა მეორედ შეწყდა.

ტოსკანას გრან პრის დასრულება 8 პილოტმა ვერ შეძლო. ლუის ჰამილტონმა სეზონში მეექსვე გამარჯვება მოიპოვა. ახლა ის მის გუნდელ ვალტერი ბოტასს უკვე 55 ქულით უსწრებს. ალექს ალბონი პოდიუმზე პირველად ავიდა. ის ასევე პირველი ტაილანდელი პილოტია, რომელიც პოდიუმზე მოხვდა.

დღის მრბოლელი - ალექს ალბონი

ტაილანდელი პილოტი დღის მრბოლელად დასახელდა. მისთვის ეს რთული სეზონია და, როგორც ჩანს, 24 წლის პილოტი გუნდისგან გარკვეულ წნეხსაც განიცდის. ამ რბოლამ მის დიდ პოტენციალს ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა.  

როდის გადაწყდა რბოლის ბედი?

1/59 - ბოტასმა პირველობა მოიპოვა. ფეტელს ამჯერადაც არ გაუმართლა. თუ არ ბზრიალებს თვითონ, ბზრიალებს სხვა და მას ეჯახება. გერმანელ პილოტს ამჯერად საინსი დაეჯახა. ფერშტაპენი ხრეშზე გადავიდა. მისი რბოლა დასრულდა, ტრასაზე კი უსაფრთხოების ავტომობილი გამოჩნდა.

7/59 - დიდი ავარია! უკანა რიგებში დიდი ავარიაა, რომელშიც სულ მცირე 4 პილოტი მონაწილეობდა. უსაფრთხოების ავტომობილი დაბრუნდა.

9/59 - წითელი დროშა! რბოლა დროებით შეჩერებულია. ტრასას გაწმენდა სჭირდება.

10/59 - რბოლა განახლდა! ჰამილტონმა ბოტასს პირველობა წაართვა.  

25/59 – ჰამილტონს პრობლემები აქვს. მისი თქმით, უკანა საბურავი „ცურავს“.  როგორც ჩანს, „მერსედესის“ გუნდის საბურავებთან დაკავშირებული პრობლემები ჯერ არ დასრულებულა.

45/59 - სტროლი საბურავების ბარიერს შეეჯახა. მისთვის რბოლა დასრულებულია. ბოლიდს დიდი დაზიანება აქვს.

47/59 - კიდევ ერთი წითელი დროშა! ბოლო ორ რბოლაზე სამი წითელი დროშა.

51/59 - ალბონმა რიკიარდოს გაუსწრო! მისი შემდეგი სამიზნე ფინელი პილოტია.

59/59 - ფინიშის დროშა და ჰამილტონი ისევ პირველია! მეორეზე ვალტერი ბოტასი, მესამე ადგილს კი ალექს ალბონი იკავებს!

დღის საუკეთესო რადიო

„ჰაასის“ ფრანგმა პილოტმა, რომან გროჟანმა, მეშვიდე წრეზე მომხდარი ავარიის შემდეგ, სხვა პილოტებისთვის „თბილი“ სიტყვები არ დაიშურა:

- „რა სისულელეს აკეთებს ვიღაც წინ. ჩვენი მოკვლა უნდათ, თუ რა? ამაზე ცუდი არაფერი მინახავს”. - თქვა მან. „სისულელესთან“ ერთად, გროჟანმა უწმაწური სიტყვაც გამოიყენა, თუმცა, აღარ დავაკონკრეტებთ.

 ყველაზე სწრაფი წრე და საუკეთესო გასწრება

ყველაზე სწრაფი წრისთვის ქულა ლუის ჰამილტონმა მოიპოვა. მან საუკეთესო დრო 1:18:833 აჩვენა.

საუკეთესო გასწრება კი ალექს ალბონს ეკუთვნოდა. მან დენიელ რიკიარდოს სანახაობრივად გაუსწრო და საბოლოოდ რბოლა წარმატებულად დაასრულა.

 

მთლიანობაში რბოლა საინტერესო და დრამატული გამოდგა. ალბონისთვის ტოსკანას გრან პრი ოცნებების ამხდენი, ფერსტაპენისთვის კი პირიქით, დამანგრეველი აღმოჩდა. ლუის ჰამილტონმა ცხრილში ლიდერობა გაიმყარა. შემდეგი მეათე რბოლა კი სოჭში 27 სექტემბერს გაიმართება.

გაზიარება: