უიშვიათესი 1994 Holden Ute eBay-ზე იყიდება
V8, მექანიკა, საბარგულში ტვირთი და საბურავების კვამლი - ეს ავსტრალიური სტილია
ბოლო დროის სიახლეები ან კორონავირუსს ეხება, ან ახალი ელექტრომობილების წარდგენას. დღეს ცოტა განსხვავებული სიახლე გელით, რომელიც ძველებურ V8 ძრავას და მექანიკურ გადაცემათა კოლოფს მოიცავს, ორი რამ, რაც ავტომოყვარულებს სიკვდილამდე ეყვარებათ.
Toprank International Vehicle Importers-ის eBay-ს გვერდზე ახალი განცხადება დაიდო, რომელზეც 1994 Holden Ute არის ასახული. სურათების დათვალიერების შემდეგ თქვენი თვალები ბზინვარებას დაიწყებს, რადგან Holden-ის სპორტული მოდელის HSV Maloo-ს ნიშნებს დაინახავთ. სამწუხაროდ, ეს არაა ნამდვილი HSV, უბრალოდ სპორტული ვერსიის ძარის პანელები და ნიშნები აქვს მიკრული. შესაბამისად, 248 ცხენის ძალის ნაცვლად, თქვენ 221-ცხენისძალიანი 5-ლიტრიანი V8 ძრავა დაგხვდებათ. 25 ცხენის დანაკლისი ცოტა საწყენია, მაგრამ 385 ნმ მაბრუნი მომენტი და 5-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი თქვენი გართობისთვის საკმარისი იქნება.

ერთი რამ იქნება გასათვალისწინებელი, რაც ერთდროულად კარგიც არის და ცუდიც. ამ თაობის Holden-ებში Chevrolet-ის V8 ძრავა არ დევს, რაც ნაწილების ყიდვის პროცესს გაგირთულებთ. ამ ავტომობილში ჩადებული ძრავა ნამდვილად ავსტრალიურია, იგი Holden-მა შეიმუშავა და აწარმოა. ეს ფაქტი ამ 1994 წლის Holden Ute-ს უფრო ექსკლუზიურს ხდის. ორიგინალი ავსტრალიური ძრავის მქონე Holden-ი ძალიან ცოტა დარჩა, ამიტომ, შესაძლებელია, რომ მისი ფასი სამომავლოდ გაიზარდოს.
ეს „ჰოლდენი“ თავისი 194 638 კმ გარბენისთვის ძალიან კარგ ფორმაშია. მთელ ძარაზე ჟანგის ნატამალი ერთგანაც კი არ აქვს. სალონიც შესანიშნავად შენახულია, სავარძლებზე და პანელებზე მატერიალი დახეული არაა. ავტომობილი კონდიციონერითაც კი აღჭურვილია.

ავტომობილი ამერიკაში, კალიფორნიის შტატში იმყოფება და გამყიდველი მასში 17 499$-ს ითხოვს. ცოტაა არაა, მაგრამ თქვენ ავსტრალიური ავტოისტორიის ნაწილის მფლობელი გახდებით. ასევე ეს თანხა, ფასის გაზრდის სამომავლო პერსპექტივით, ინვესტიციად შეიძლება ჩაითვალოს. ეს ხომ სუფთა ავსტრალიური კლასიკაა.