Aa Aa
6 ოქტომბერი 2020  |  12:31

ჩინური ავტომობილების უცნაური და საოცარი სამყარო

სცადეთ, ამოატრიალეთ ნებისმიერი ნივთი თქვენს სახლში და დაინახავთ წარწერას: Made in China (დამზადებულია ჩინეთში). ეს სიტყვები უმრავლესობისთვის წლების განმავლობაში უხარისხობასთან, პატენტთან ასოცირდებოდა. მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩინური პროდუქტები ჭარბობს არის მისი დაბალი ფასი. იცი, რომ მალე გაფუჭდება, სამაგიეროდ, შედარებით იაფია. მას შემდეგ, რაც ჩინურმა ტექნოლოგიებმა მსოფლიოს მასშტაბით ფეხი მოიკიდა და ფესვებიც ღრმად გაიდგა, ჩინურმა ავტომწარმოებლებმა გადაწყვიტეს არ ჩამორჩენოდნენ ამერიკას, გერმანიას, იაპონიას და სხვა ცნობილ ავტომწარმოებელ ქვეყნებს და აქტიურად შეუდგნენ ამ ინდუსტრიის განვითარებას. 2008 წლიდან ჩინეთის ავტოინდუსტრია წარმოებით ყველაზე დიდია და აჭარბებს ევროპის წარმოებას ისევე, როგორც ამერიკისა და იაპონიისას ჯამში. ჩინური ავტომობილები გამოირჩევა მათი განსაკუთრებული დიზაინით, მაგრამ მთავარი კითხვა სწორედ მათი ხარისხია, რადგან რაოდენობა არ ნიშნავს ხარისხს. ამ სტატიაში ჩვენ შევეცდებით ვუპასუხოთ იმ კითხვებს, რაც ამ ავტოსამყაროს შესახებ ხშირად ისმის და მათ შორის მთავარ კითხვასაც.

როგორ განვითარდა ჩინური ავტოინდუსტრია?

შიდა მწარმოებელი ტრადიციული „დიდი ოთხეულია“: SAIC Motor, Dongfeng, FAW და Chang’an. ასევე ცნობილი ავტომწარმოებლებია Geely, Beijing Automotive Group, Brilliance Automotive, Guangzhou Automobile Group, Great Wall, BYD, Chery და Jianghuai (JAC). მულტინაციონალური კომპანიები ადგილობრივ კომპანიებთან ხშირად თანამშრომლობენ. წარმოებული საქონლის უმეტესობა ჩინეთში იყიდება, თუმცა ექსპორტის მაჩვენებელი ძალიან სწრაფად იზრდება.

ჩინურ ავტოინდუსტრიას საბჭოური ფესვები აქვს (ქარხნები და ლიცენზირებული ავტოდიზაინები 50-იან წლებში საბჭოთა კავშირის დახმარებით შეიქმნა). პირველი 30 წელს წელიწადში დაახლოებით 100-200 ათასი იწარმოებოდა. 1990-იანი წლების შემდეგ ავტოინდუსტრია საკმაოდ განვითარდა. წარმოებამ მილიონს პირველად 1992 წელს გადააჭარბა. 2000 წელს ჩინეთი უკვე 2 მილიონ ავტომობილს აწარმოებდა. 2001 წელს ჩინეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლის შემდეგ, ავტოწარმოება კიდევ უფრო სწრაფად იზრდებოდა და 2014 წლისთვის 23.720 მილიონს მიაღწია, რაც მსოფლიო ავტოწარმოების 26%-ს შეადგენდა.

პირველი ჩინური ავტომობილი იყო სატვირთო სახელად Ming Sheng, რომლის პროტოტიპიც 1931 წელს შეიქმნა. წლების განმავლობაში ჩინური ავტოინდუსტრია იმდენად განვითარდა, რომ დღეს ისინი სუპერქარებსაც კი აწარმოებენ.

იპარავენ ჩინური ავტომწარმოებლები დიზაინს?

2007 წელს ფრანკფურტის ავტოშოუს შემდეგ BMW-მ ჩინური ავტომწარმოებლის Shuanghuan-ის წინააღმდეგ ლეგალური ომი წამოიწყო. ავტომობილი CEO, რომელიც კომპანიამ ააწყო X5-ის მსგავსად გამოიყურებოდა. ერთადერთი მიზეზი რის გამოც სიტყვა „იდენტურად“ არ გამოვიყენეთ არის ის, რომ ავტომობილის წინა ნაწილი „მერსედესის“ SUV-ის კლონი იყო, თუმცა BMW-მ იტალიის სასამართლოსთან საქმე წააგო.

„დარწმუნებულები ვართ, რომ CEO არ იყო X 5-ის კლონი. გვიხარია, რომ სასამართლომ ეს დაადასტურა“. - თქვა „მარტინ მოტორსის“ კმაყოფილმა დირექტორმა. „მარტინ მოტორსი“ Shuanghuan-ის ავტომობილების დისტრიბუტორია იტალიაში.

ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა ამ კომპანიას გერმანულმა ავტომწარმოებელმა უჩივლა. „მერსედესმა“ Noble მოდელი Smart Fotwo-ს მიამსგავსა და ვერც გაამტყუნებთ.

კოპირებული ავტომობილების სია კიდევ უფრო გრძელია და ერთი სტატია არ გვეყოფა ყველას მიმოხილვისთვის. Geely Englon SC7 RS Bentley’s Mulsanne -ს კარიკატურას ჰგავს. როცა Dongfeng EQ2050 -ს ვუყურებთ, თვალწინ არნოლდ შვარცნეგერი გვიდგება, რადგან ეს მანქანა Humvee-სგან არაფრით განსხვავდება. ჩინური მოდელები ორიგინალებზე 2-ჯერ და ხანდახან 3-ჯერ იაფიც კი ღირს. მაგალითად, Range Rover Evoque-ის ღირებულება 63 000 დოლარია, მაშინ, როცა მისი ავთენტური Landwind X7 მხოლოდ 22 000 დოლარი ღირს. ძნელია, თვალი დახუჭო ამ მსგავსებებზე. შესაბამისად, პასუხი არის დიახ, იპარავენ, თუმცა, ვერაფერს გავაწყობთ, რადგან სასამართლო ჯერჯერობით ჩინური ავტომწარმოებლებისკენაა.

Dongfeng EQ2050

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩინურ ავტომწარმოებლებს კარგად ესმით დიზაინის სილამაზის მნიშვნელობა და ის ფაქტი, რომ თანამედროვე სამყაროში დიზაინი ავტომობილის გაყიდვისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამიტომ ისინი ხშირად თანამშრომლობენ ამერიკელ და ევროპელ დიზაინერებთან. პეკინის საავტომობილო ჯგუფმა (BAIC) დაიქირავა ლეონარდო ფიორავანტი - Ferrari Daytona-ს ლეგენდარული დიზაინერი იმისთვის, რომ ჩინური ავტოსამყარო გარდაქმნას.

ქმნიან რაიმე განსხვავებულს?

სიტყვა „გარღვევა“ მსოფლიო ბიზნესში სულ უფრო აქტიურად გამოიყენება და ავტოინდუსტრიაშიც იგივე მდგომარეობაა. „ტესლა“ ცდილობს თავისი ელექტრომანქანებით შეცვალოს ავტოინდუსტრია. თუმცა, არსებობს რამდენიმე ჩინური კომპანია, რომლებიც ასავე ელექტრო ავტომობილებს აწარნოებს: BYD, BAIC, JAC, Geely და Zotye.

ერთ-ერთი გამორჩეული ავტომობილია Nio EP9. კომპანია Nio 2014 წელს შანხაიში დაარსდა და სწრაფად განვითარდა. მისი ყველაზე ცნობილი მოდელი კი EP9 ელექტრო ავტომობილია. მისი სიჩქარე რეკორდულ მაჩვენებლებსაც კი აღწევს. ნიურბურგრინგზე მან 6 წუთი და 45 წამი აჩვენა. მართალია, ეს მხოლოდ ტრეკისთვის განკუთვნილი სლიკებით შეძლო, თუმცა, ეს მას შთამბეჭდაობას ვერ უკარგავს. ავტომობილს დამოუკიდებელი ოთხი ელექტრო მოტორი აქვს. ჯამში - 1 341 ცხენის ძალა. მაქსიმალური სიჩქარე - 314კმ/სთ. 0-დან 100კმ/სთ-მდე კი 2.8წმ-ში ჩქარდება. მისი ფასი 1.2 მილიონი დოლარიდან იწყება.

 

„ყველაფერი ჩინური იაფია“ სტერეოტიპის დანგრევა სწორედ ამ ჩინურმა ელექტრო ავტომობილებმა დაიწყო. მათი ფასი უტოლდება ევროპული და ამერიკული ავტომობილებისას.  თუმცა, რამდენადაა სამყარო მზად მათ მისაღებად და ისეთივე დიდი თანხების გადასახდელად, როგორსაც გერმანულ ხარისხში ან ამერიკულ კუნთებში იხდიან, ეს უკვე სხვა საკითხია.

რამდენად უსაფრთხოა?

ძნელია, გაექცე სტერეოტიპს და მშვიდად ისაუბრო უსაფრთხოებაზე, როცა საქმე ჩინურ პროდუქციას ეხება. თუმცა, ამ მხრივაც ჩინური ავტომწარმოებლები ცდილობენ, არ ჩამორჩნენ უკვე პოპულარულ ბრენდებს. 2018 წლიდან 12-მა ჩინურმა ავტომწარმოებელმა გადაწყვიტა, ყველა ავტომობილი აღჭურვოს მოცურების საწინააღმდეგო ტექნოლოგიით  - ელექტრო სტაბილურობის კონტროლით. ეს სისტემა გეხმარებათ, თავიდან აირიდოთ ავარიის დროს კონტროლის დაკარგვა და მიიჩნევა, რომ ავტომობილებში ღვედის გამოგონების შემდეგ საუკეთესო განვითარებაა. საერთაშორისო ორგანიზაციების ცნობით, ამ ფუნქციამ უკვე მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა. თუმცა მსგავს უსაფრთხოების სისტემებს ავტოინდუსტრიის სხვა გიგანტები 80-90-იანი წლებიდან მიმართავდნენ და ამით მსოფლიოს გაკვირვება არ იქნება მარტივი.

„ეს არის მტკიცე ნაბიჯი, რომელიც ჩინურმა ავტომწარმოებლებმა გადადგეს და აჩვენეს საოცარი თავდადება ავტოუსაფრთხოების მიმართულებით, დანერგეს რა სისტემა, რომელიც არსებულ მოთხოვნებს წინ უსწრებს”. - ამბობს იუ კაი, ჩინეთის საავტომობილო ტექნოლოგიების და კვლევების მდივანი.

ჩინურ ავტომობილებს უსაფრთხოებაზე წლებია ამოწმებენ და ისინი ხშირად ვერ უტოლდება სხვა ავტომწარმოებელი ქვეყნების დაწესებულ მაღალ სტანდარტებს.

China Daily-ის თანახმად, დამოუკიდებელი უსაფრთხოების ტესტების ინსტიტუტი ქვეყანაში 2006 წლიდან არსებობს. 2006 წლამდე ავტომობილებს თვითონ მწარმოებლები ცდიდნენ და შედეგებს არც აქვეყნებდნენ.  

Euro NCAP ტესტებში ჩინური ავტომობილების მხოლოდ ერთეულებს აქვს 4-ვარსკვლავიანი შეფასება. მათ შორისაა MG6 და Geely Emgrand EC. უმეტესობა 3 ან უფრო ნაკლებ ვარსკვლავს იმსახურებს, რაც, რა თქმა უნდა, დღევანდელი ტექნოლოგიური პროგრესის ფონზე, კარგი შედეგი არ არის. 

 

რამდენად ხარისხიანია?

არ დაგვავიწყდეს, რომ სხვა ავტომწარმოებელ ქვეყნებს ზურგს დიდი გამოცდილება უმაგრებს. ჩინურმა ავტოინდუისტრიამ კი სულ რამდენიმე წელია, რაც განვითარება დაიწყო. JD Power-ის კვლევა აჩვენებს, რომ ადგილობრივ და იმპორტირებულ ავტომობილებს შორის სხვაობა შემცირდა. ჩინური ავტომობილების პრობლემები იმდენად ხშირად აღარ იჩენს თავს, როგორც ადრე. ჩინური და იმპორტული მანქანების პრობლემები ერთმანეთს თითქმის გაუტოლდა. JD Power-ი გამოთქვამს ვარაუდს, რომ ეს რიცხვი მალე სრულიად გათანაბრდება.

ჩინური ავტომობილები შეგვიძლია სამ კატეგორიად დავყოთ:

  • იაფი ავტომობილები - ეს არის ავტომობილები, რომლებიც ჩინური სტანდარტებითაც კი იაფია.
  • საშუალო დონის - ხელმისაწვდომი ავტომობილები, რომლებიც გამოდგება ყოველდღიური მოხმარებისთვის. არ შეგეშინდება იმის, რომ სამსახურში მიმავაი გზად რამდენიმე ნაწილს დატოვებთ.
  • მაღალი დონის - ავტომობილები, რომლებიც ჩინურ ავტომწარმოებლებს ავტოშოუებზე გამოჰყავთ და მათი შესაძლებლობები ხშირად გაკვირვებასაც იწვევს.

და ბოლოს, სანამ ყველაფერ ჩინურს ხაზს გადაუსვამთ, აქამდე თუ არ დაკვირვებიხართ, გეტყვით, რომ Iphone, რომელიც მთელს მსოფლიოში და საქართველოშიც ძალიან პოპულარულია, ჩინეთში იწყობა. (ყველა Iphone-ს უკან წვრილი ასოებით Designed in California… Arranged in China აწერია). ასე რომ ნუ განვსჯით ასე მკაცრად და დაველოდოთ, როდის შემოგვთავაზებენ რაიმე ინოვაციურს.

გაზიარება: