Aa Aa
8 ოქტომბერი 2020  |  12:57

6 ნაცნობი ფრაზა საქართველოში, რომლებსაც ხელოსნები ხშირად მიმართავენ

ყველას, ვისაც ავტომობილი ჰყოლია, ხელოსანთან ერთხელ მაინც იქნება ნამყოფი. მანქანის პრობლემა არც ისე სასიამოვნოა, თუმცა, ექსპლუატაციისას ეს ხშირად გარდაუვალია. ბევრი ესეთი შემთხვევა მექანიკოსთან კონფლიქტით ან კურიოზით დამთავრებულა. ჩვენ იმ ფრაზებს გთავაზობთ, რომლებმაც დროს გაუძლო და დღემდე ავტოსერვისებში აქტუალურობას არ კარგავს.

 

1. „არ მცალია ძმა“

ეს ის ფრაზაა, რომელიც ხელოსანთან მისულს დილიდან მოყოლებულ ენთუზიაზმს, განწყობას და გეგმებს ერთ წამში გაგიქრობთ. წარმოიდგინეთ, თქვენს საყვარელ ავტომობილს პრობლემა შეექმნა, კარგი და საიმედო ხელოსანი გაიკითხეთ, იმედი მოგეცათ, ყველანაირი პირადი საქმე გადადეთ და მაშინვე ხელოსანთან გაეშურეთ. მისი გულის მოსაგებად მისალმებისას „ამერიკული ღიმილიც“ არ დაიშურეთ, მაგრამ ამ დროს ზემოთხსენებულ ფრაზას ხელოსნისგან აბსოლუტურად უემოციოდ იღებთ. მიუხედავად უეცარი შოკისა, მაინც არ ნებდებით და თქვენი საყვარელი ავტომობილის გადასარჩენად ბრძოლას აგრძელებთ. შემორჩენილ იმედს საბოლოოდ ამ ფრაზის გაგრძელება ანადგურებს, რომელიც შემდეგნაირად ჟღერს: „კიდევ ერთი კვირა არ მეცლება“.

2. „ეს არ გაკეთდება“

მიუხედავად იმისა, რომ პრობლემა შეიძლება მარტივად აღმოსაფხვრელი იყოს, ეს ფრაზა შესაძლოა მაინც მოისმინოთ. ამის გამომწვევი რამდენიმე მიზეზი შეიძლება არსებობდეს:

  1. ხელოსანს მოცემული საქმის შესრულება იმ თანხის სანაცვლოდ არ უღირს, რასაც თქვენ შეიძლება სთავაზობთ.
  2. რაიმე დეტალის აღდგენა გაცილებით მეტ დროს და რესურს მოითხოვს და, ამიტომ ხელოსანი მისი ახლით ჩანაცვლებას ამჯობინებს.
  3. უბრალოდ საქმეს თავიდან იცილებს.

თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, სხვა შემთხვევაში რაიმე დეტალი ხშირად შეიძლება გქონდეთ აღდგენილი და ამის გამო ამ ჯერზეც ხელოსანს ინდივიდუალური ოსტატობა მოსთხოვოთ. ამას არ გირჩევთ. ამ პროფესიის ხალხს ძალიან არ მოსწონთ, როდესაც მომხმარებელი რაიმეზე ჯიუტად მიუთითებს. ეს ყველაფერი შეიძლება ახალი ფრაზის მოსმენითაც დამთავრდეს, ამიტომ სხვა ალტერნატივის მოძებნას გირჩევთ.

3. „ძვირი დაგიჯდება“

ეს თქვენი მანქანის პრობლემის მნიშვნელობის ერთგვარი საზომია. ამ შემაშინებელი ფრაზით თქვენთვის პრობლემის მნიშვნელობა მარტივად გამოაშკარავდება. თქვენი რეაქციის შემდეგ ადვილია გაუმართაობის აღმოსაფხვრელად ფასის განსაზღვრა. ამ ფრაზას სხვა დატვირთვაც შეიძლება ჰქონდეს, მარტივად რომ ვთქვათ, ამ ფრაზით ხელოსანი პრობლემის მნიშვნელობაზე და სირთულეზე შეიძლება მიუთითებდეს. უეცრად ნუ შეშინდებით. მექანიკოსის მიერ გაწეული მომსახურების ფასით ბოლომდე დაინტერესდით, შეიძლება მისთვის ძვირის ნიშნული თქვენთის ხელსაყრელი იყოს.

 

4. „აქამდე როგორ დადიოდი?!“

ერთგვარი მესიჯია ხელოსნისგან, რომლითაც ის მიგითითებთ, რომ გაუმართაობა საკმაოდ ყურადსაღებია. კარგი იქნება თუ ამ ფრაზას ყურადღებას მიაქცევთ. ეს ნათქვამი ნიშნავს, რომ ყველანაირი წესით თქვენი ნებით ვერ უნდა მისულიყავით ხელოსანთან, თუმცა, სასწაულებრივად მაინც მოახერხეთ. გეგმიური და გადასამოწმებელი სერვისით სისტემატიურად ისარგებლეთ და ამ ფრაზის მოსმენა აღარ მოგიწევთ.

5. „მოიყვანე და შევხედოთ, აბა ესე რა გითხრა?!“

მოცემული ფრაზა შედარებით განსხვავებულ გარემოებებში გვხვდება. ეს შეიძლება სატელეფონო საუბრის დროს ან არასამუშაო გარემოში შეგვხვდეს. ექიმი ადამიანის იმედი და მკურნალია, ხელოსანი კი თქვენი ავტომობილის, ამიტომ როგორც ექიმს არ შეუძლია სატელეფონო საუბრისას დიაგნოზი დასვას, ისე არ შეუძლია ხელოსანს ტელეფონზე საუბრისას მანქანა გაგიკეთოთ. ეს ხშირად მექანიკოსებისთვის ძალზედ გამაღიზიანებელია და საკმაოდ ბევრი კურიოზული შემთხვევაც მომხდარა. გაურკვეველი ბგერებით იმის ახსნა, თუ რა ხმას გამოსცემს თქვენი მანქანის დაზიანებული ძრავა, ეს როგორც წესი ხელოსნების უკმაყოფილებას იწვევს და ხშირად ამ ფრაზით მიმართავენ მომხმარებლებს: „მოიყვანე და შევხედოთ, აბა ესე რა გითხრა?!“

6. „ჩემზე უკეთ თუ იცი, თვითონ გააკეთე!“

არცერთ პროფესიონალს არ უყვარს, როდესაც მის კომპეტენციაში ვინმე ერევა, მითუმეტეს არაპროფესიონალი. ამ ყველაფერს ემატება ის ფაქტორიც, რომ ავტომექანიკოსობა საკმაოდ სტრესული პროფესიაა და როდესაც დღის ბოლოს, დაღლილ, ძალაგამოცლილ ხელოსანს მიუთითებთ, თუ როგორ უნდა შეასრულოს საქმე, მაშინ ამ ფრაზას აუცილებლად მოისმენთ. ეს მითითება ხშირად ხელოსნის მიმართ უნდობლობიდან გამომდინარეობს, თუმცა, ჯერ უნდა აცადოთ ოსტატს თავისი საქმის შესრულება, თორემ მას აუცილებლად მოიმდურებთ და შეიძლება დაწყებული საქმე აღარც დაამთავროს და წინასწარ გადახდილი თანხა უკან დაგიბრუნოთ. თუმცა, არაერთხელ ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ხელოსანს არაპროფესიანალის რჩევა სასარგებლოდ გამოუყენებია.

 

გაზიარება: