Aa Aa
13 ოქტომბერი 2020  |  12:52

RWB – „უხეში სამყაროს კონცეპტის“ ისტორია

RWB ეს ის ბრენდია, რომლის გამოც ჰაერის გაგრილების „პორშეების“ ფასმა წარმოუდგენლად მაღალ ნიშნულებს მიაღწია. ეს ის ბრენდია, რომელიც „პორშეს“ ენთუზიასტებს ყველაზე მეტად ეზიზღებათ. მათი აზრით, ის, რასაც აკირა ნაკაი კლასიკურ „პორშეებს“ უკეთებს მკრეხელობის ტოლფასია. ეს ის ბრენდია, რომლის შესახებ ბევრი რამ გსმენიათ და ამავდროულად არაფერი. დღეს ჩვენ ერთ-ერთი უნიკალური და ყველაზე სადაო დიზაინის და მისი შემქმნელის ისტორიას მოგიყვებით.

RWB იშიფრება, როგორც Rauh-Welt Begriff, რაც „უხეში სამყაროს კონცეპტს“ ნიშნავს. აკირა ნაკაის და Rauh-Welt-ის ისტორია იაპონიის 90-იან წლებს უკავშირდება. ის ავტომობილებით 7 წლის ასაკიდან აღტაცებული იყო. ავტომობილებისადმი ულევი სიყვარული ამერიკულმა ფილმებმა გააღვივა, როგორებიცაა კლასიკური „გატაცება 60 წამში“ (Gone in 60 Seconds) და The Cannonball Run. სრულწლოვნობის პერიოდში აკირა ნაკიმ „უხეში სამყაროს სადრიფტაო გუნდში“  (Rough World Drift Team) მოღვაწეობა იაპონიის ქ. იბარაკიში დაიწყო. მისი პირველი ავტომობილი ლეგენდარული Toyota AE86 იყო. გუნდის სხვა წევრების ავტომობილების მსგავსად, ნაკაის AE86 ძალიან მოდიფიცირებული იყო, გაჭიმული საბურავებით და საბურავების უზომოდ დიდი დახრის კუთხით. მაღალმთიან ვიწრო გზებზე ავტომობილის მოცურებულ მდგომარეობაში მართვისთვის (Tōuge Attack) „უხეში სამყაროს“ გუნდი ლიდერ აკირა ნაკაი-სან-თან ერთად იაპონიაში ერთ-ერთ საუკეთესო და საპატივსაცემო დრიფტ გუნდად აღიარეს.

ამ პერიოდში აკირა ნაკაი ძარების შეკეთებაზე მუშაობდა და 1990 წელს სახელოსნოში დამტვრეული Porsche 911 მიუყვანეს. 28 წლის ნაკაი-სანს „პორშე“ დიზაინის ნაკვთების, ძრავის ხმისა და სპორტული ხასიათის გამო შეუყვარდა. ძალიან მალე მან Porsche 911 (930) ხელში ჩაიგდო. მისი მზაკვრული დიზაინერული იდეების განსახორციელებლად 6 წელი დასჭირდა. RWB-ს დიზაინის შთაგონება აკირამ 70-იანების Porsche 934 group Race-Spec-ისგან თავისებური ინტერპრეტაციით გადმოიღო. 1996 წელს პირველი RWB 911 დაიბადა, რომელსაც მან თავისი საყვარელი ლუდის სახელი „სტელა არტუა“ დაარქვა.

„უხეში სამყაროს კონცეპტის“ „სტელა არტუა“ საზოგადოებაში ძალიან მალე გახდა ცნობილი. როდესაც „პორშეს“ ენთუზიასტებმა გაიგეს, რომ იაპონიაში, რომელიღაცა პატარა სახელოსნოში მათ ძვირფას „პორშეებს“ ნაწილებად კემსავდნენ, ჭკუიდან შეიშალნენ. „როგორ გაბედა?!“ - ყვიროდნენ „პორშეს“ ისეთი მოყვარულები, რომლებსაც Opel Vectra/ Toyota Prius ჰყავთ. RWB-ს პოპულარობა 2010 წლიდან იზრდებოდა და აღიარება 2011 წლის SEMA-ს ავტოშოუზე მოხდა.

მიუხედავად ვიზუალური მხარის გაუმჯობესებისა, არ დაგავიწყდეთ, რომ ეს კვლავ „პორშეა“ და ნაკაი-სანის მოდიფიკაციები არა მხოლოდ ვიზუალური ესთეტიკისთვისაა. აკირა ნაკაი სულით და გულით მრბოლელი იყო და იმის დასამტკიცებლად, რომ მისი აწყობილი RWB დასაცინი არაა, Twin Ring Motegi-ს Idler-ის 12-საათიან რბოლაში მიიღო მონაწილეობა. ამ რბოლაში მონაწილეობა ნაკაი-სანისა და მისი მიმდევრებისთვის ტრადიციად იქცა. დღესაც კი დიდი სიამოვნებით ესწრება რბოლებს და მის მიერ შექმნილ ყოველ RWB-ს მფლობელს და მრბოლელს ყოველთვის გვერდში უდგას. რბოლაზე დაზიანებულ „პორშეებს“ პიტებშივე ასწორებს, რათა უმოკლეს ვადაში მათ რბოლაში მონაწილეობა გააგრძელონ და ამავდროულად თავში იდეების ქორიანტელი უტრიალებს, თუ როგორ შეიძლება გადაკეთდეს და გამოსწორდეს ის დაზიანებული RWB.

2010-2020 წლებში RWB საკმაოდ პოპულარული გახდა და აკირა ნაკაის ბევრი მიმდევარი შეემატა: ზოგიერთი დიზაინის გამო, ზოგიერთი იდეის გამო, რომ კლასიკურ „პორშეებს“ ჭრის და კერავს და ამით „პორშეს“ მოყვარულებს აბრაზებს, ზოგიერთი მისი მიდგომის და მუშაობის სტილის გამო.

ნაკაი-სანის მუშაობა თვალწარმტაცი სანახაობაა. ის ენთუზიაზმი, მოწიწება და პროფესიონალიზმი, რომლითაც თავის სამუშაოს ეპყრობა აღმაფრთოვანებელია. თითოეულ პროექტზე თავად მუშაობს და თითსაც არავის ადებინებს. 2016 წლის განმავლობაში მან 68 RWB ააწყო!

RWB-ს დაარსებიდან დღემდე აკირას ასეულობით ავტომობილი აქვს აწყობილი. ყველა უნიკალური დიზაინის მქონეა. თითოეულ ავტომობილს თავისი ისტორია აქვს, რომელიც აკავშირებს მის მფლობელთან. ნაკაი-სანი ყოველთვის ითვალისწინებს იმ გარემოს, სადაც ავტომობილს უწევს ყოფნა, იქნება ეს SEMA-ს ავტოშოუ, სარბოლო ტრასა თუ „ბეტონის ჯუნგლები“. მსოფლიოში არსებულ ორ იდენტურ RWB-ს ვერ იპოვით. ყველას აქვს თავისი უნიკალური სახელიც.  ნაკაის თქმით, არასდროს ფიქრდება მორიგი პროექტის სახელზე, ყველა თავისით მოდის სამუშაო პროცესის დროს. ზოგიერთი უბრალო სახელს ატარებს, ზოგიერთს ღრმა შინაარსის მქონე სახელი აქვს, მაგალითად Kei Kishi, რომელიც „მებრძოლ რაინდს“ ნიშნავს.

დღეს აკირა ნაკაის მეორე RWB Porsche 911 (993) Rotana ჰყავს, რაც მისი კომპანიის პოლიტიკას - თითო RWB თითო მომხმარებლისთვის - არღვევს. ეს ავტომობილი სუფთა სარბოლოდ არის აწყობილი. ზოგადად ნაკაი არ ერევა ავტომობილის ტექნიკურ მახასიათებლებში, მაგრამ „როტანას“ შემთხვევაში მან მუხრუჭები, დაკიდების სისტემა და „პორშეს“ ორიგინალი ტურბინა შეცვალა. ასევე „პორშეს“ ავტოსალონში ხელოსანს ძრავი გადააწყობინა და ყველა ცვეთადი ნაწილი შეაცვლევინა, რათა სარბოლო პირობებში ძრავამ დიდ დატვირთვებს გაუძლოს და ცხენისძალების მაქსიმალური რაოდენობა გამოიმუშაოს. ეს იასამნისფერი ტრეკ-მონსტრი 575 ცხენისძალას გამოიმუშავებს. ეს ის ავტომობილია, რომელიც მძღოლს მართვისას სიამოვნებას ანიჭებს და მაყურებელს თავისი ვიზუალური მხარითა და ძრავის ხმით აბედნიერებს.

Rauh-Welt Begriff Kit-ის ფასი 22 000$-დან იწყება. აკირა ნაკაი უბრალო მასალას იყენებს, რომელიც მისი სახელოსნოს გვერდით მაღაზიაში იყიდება. შესაბამისად ბევრს გაუჩნდება კითხვა, რატომ ღირს ასე ძვირი, მაგრამ როდესაც დაინახავთ, თუ როგორ ავსებს პანელებს შორის ჭრილებს, მიხვდებით.

აკირა ნაკაი ერთადერთია დედამიწაზე, მხოლოდ მან იცის „უხეში სამყაროს კონცეპტების“ აწყობა, მის მიერ ყველა აწყობილი „პორშე“ უნიკალურია. იმედია, დიდხანს იცხოვრებს ამ უხეშ სამყაროში, მაგრამ, როცა გარდაიცვლება, მის მიერ აწყობილ RWB-ს ფასები კიდევ უფრო გაიზრდება. ამიტომ ამ თანხას შეხედეთ, მინიმუმ როგორც სამომავლო ინვესტიციას. აღარ შეგახსენებთ, რა სიამოვნებას მოგანიჭებთ RWB-ს ყოლა და ტარება.

 

გაზიარება: