Aa Aa
22 მარტი 2020  |  10:00

ფერარის ოჯახის ტრაგედია და დინოს მეორე სიცოცხლე

დინო

დინო - ეს არის სიტყვა, რომელიც ალბათ იტალიური ენის ლექსიკონში მამა-შვილის ურთიერთობის აღსანიშნად უნდა შეიტანონ. „დინო“ არ არის ავტომობილი. ის არის მამის სიყვარული შვილის მიმართ, საერთო ვნება ავტომობილებისა და რბოლების მიმართ. ავტომობილი, რომელიც ენცო ფერარიმ დინოს მიმართ სიყვარულის გამო შექმნა,  მაგიითაა სავსე. ეს არის ისტორია იმისა, თუ როგორ იქცა მეტალი სიმბოლოდ.

ოჯახი

ვერც ერთი სხვა ავტომობილი გადმოგვცემს ფერარების ოჯახის ისტორიას ისე, როგორც „დინო“. ამ მანქანაში ერთი მხრივ გადმოცემულია ენცო ფერარის ისტორია, მკაცრი და ამავდროულად ნაზი კაცისა, რომელიც ავტოსამყაროს ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა. მეორე მხრივ, ისტორია მისი შვილისა, ახალგაზრდა, ამბიციური, განათლებული ბიზნესმენისა და ინჟინერისა, რომელსაც უბრალოდ მამისთვის იმედების გაცრუება არ უნდოდა. ფერარი დინო არის განხორციელება ენცო ფერარისა და ალფრედო (ალფრედინო, დინო) ფერარის ისტორიისა.

 

ბატონი სიკვდილი

ენცო ძალიან მომთხოვნი ადამიანი იყო. ვერავინ უარყოფს, რომ ის იყო ეგოისტი კარიერისტი, რომელიც მხოლოდ საკუთარ წარმატებაზე ფიქრობდა. 1955-1965 წლებში ფერარის ავტომობილით ტრასაზე სულ მცირე 6 მრბოლელი დაიღუპა. 1957 წელს ალფონსო დე პორტაგო თავისი  335 S-ით მაყურებელს შეეჯახა. ამ ავარიამ პილოტის და 12 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. უბედური შემთხვევების შემდეგ ენცო ფერარი ფიქრობდა არა პილოტებზე, არამედ იმაზე თუ რამდენად გამოდგებოდა ავტომობილი შემდეგი რბოლისთვის. 1960-იანებში ერთ-ერთი ასეთი ავარიის შემდეგ ის მკვლელობაშიც კი დაადანაშაულეს, მაგრამ სასამართლომ ის უდანაშაულოდ სცნო.

დაავადება

ენცო ფერარის ცხოვრება დიდმა ტრაგედიამ შეცვალა. 1956 წელს მისი საყვარელი 24 წლის ვაჟიშვილი მასკულარული დისტროფიით გარდაიცვალა. ეს არის დაავადება, რომელიც ასუსტებს ადამიანს და თიშავს მის კუნთებს. მცირე ასაკიდან დინოს ამზადებდნენ იმისთვის, რომ როცა დრო მოვიდოდა, მამის იმპერია გადაებარებინა. დინო კარგად ერკვეოდა მეცნიერებასა და ინჟინერიაში. მამისგან განსხვავებით, ის სერტიფიცირებული ინჟინერი იყო და ორ ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლობდა. ასევე კარგად ერკვეოდა ეკონომიკასა და ბიზნესის მართვაში. ალფრედო იყო იდეალური კანდიდატი მამის მემკვიდრეობის გასაძღოლად. მან, როგორც „ფერარის“ ინჟინერმა, დაიწყო მუშაობა 1.6-ლიტრიან V6 ძრავაზე, რაც მაშინ ინოვაციური იყო, რადგან ენცო მხოლოდ V12 ძრავებს იყენებდა.

 

ახალგაზრდა დინო გამოჩენილ ინჟინერთან და კაცთან ერთად, რომელსაც ენცო ფერარი ყველაზე მეტად ენდობოდა, ვიტორიო იანოსთან ერთად ახალ ძრავებზე მუშაობდა. მის მშვიდ გარდაცვალებამდე სასიკვდილო სარეცელზეც კი დინო მამასთან და ინჟინრების ჯგუფთან ერთად ქარხნიდან მოტანილ მონაცემებს ეცნობოდა. ალფრედოს ჰქონდა შანსი „ფერარისთვის“ ახალი ერა შეექმნა, მაგრამ რეალური გავლენა მან მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ მოახდინა.

მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი გააკეთა ვაჟიშვილის გადასარჩენად,  იტალიაში წამლებიც კი შეიტანა, ამ დაავადების წინააღმდეგ ყოვლისშემძლე ენცო ფერარიც კი უძლური აღმოჩნდა. შვილის გარდაცვალებამ მას გული დასწყვიტა. ყოველ დღე სამსახურის დაწყების წინ ის ოჯახის სამარხში მიდიოდა და დინოსთვის ლოცულობდა.

საყვარელი

დროთა განმავლობაში ენცო სულ უფრო უბედური ხდებოდა. დინოს გარდაცვალებიდან რამდენიმე დღის შემდეგ მისი საიდუმლო სასიყვარულო ურთიერთობა გამოაშკარავდა. ალფრედო ენცოსა და ლაურა გარელოს კანონიერი შვილი იყო. გამოაშკარავდა, რომ წლების განმავლობაში მას საყვარელი ლინა ლარდი ჰყავდა, რომლისგანაც უკანონო შვილი პიერო ეყოლა. მოგვიანებით პიერო „ფერარის“ ინდუსტრიის ვიცეპრეზიდენტი გახდა, თუმცა დინო ენცოს ყოველთვის გამორჩეულად უყვარდა. მან გადაწყვიტა შვილის საპატივსაცემოდ ავტომობილი შეექმნა. ეს ავტომობილი იყო Dino 206GT, მოგვიანებით კი Dino 246GT. პროტოტიპული მოდელი სერჯიო პინინფარინამ შექმნა, ხოლო წარმოებული 246GT აღჭურვილი იყო 2.4-ლიტრიანი V6 ძრავით და 200 ცხენისძალით, იმავე კონსტრუქციით, რომელზე მუშაობაც დინომ დაიწყო.

 

გამოცდილება

დინო პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც მოძრავი გამოცდილებაა. მისი კარის სახელური თხელი და დელიკატურია. ავტომობილში ჩაჯდომისას იგრძნობთ, რომ სულ სხვა სამყაროში ხართ. ის „ნარნიას“ გარდერობივითაა. რეალობაში ცოტათი არაკომფორტული სავარძელი გაბრუნებთ, რომელიც დაბალი და ბრტყელია. მანქანას დაძრავთ და მას შესანიშნავი V6 ძრავის ხმა აქვს. „დინო“ არ არის არც მონსტრი და არც დემონი. არ არის სწრაფი, თუმცა ეს ავტომობილი ამ კრიტერიუმებით არც უნდა შევაფასოთ. მიუხედავად იმისა, რომ ენცოს უნდოდა ეს ავტომობილიც სარბოლო ყოფილიყო, ბოლოს გადაწყვიტა აქცენტი შესრულებასა და რეგულირებაზე გააკეთებინა.

 დიზაინი

„დინოს“ დიზაინი საკმაოდ მიმზიდველია. ავტომობილი საშუალო ზომისაა. გარედან დიზაინის ბევრი დეტალი აქვს, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ გადაჭარბებულია. აქვს საუკეთესო პროპორციები. „პატარა ფერარი“ იძლევა ბალანსის შეგრძნებას. ეს ავტომობილი პირველი „ფერარია“, რომელსაც ძრავა შუაში აქვს განლაგებული. ეს იყო ენცოს ინოვაცია, რომელიც ტრასაზე არც თუ ისე სანდოდ გამოიყურებოდა.

მომავალი

დღეს 488GTB-ს ბევრი „დინოს“ განვითარებად მოიხსენებს. 488GTB ნამდვილად არის გზაზე ორიენტირებული პატარა ძრავიანი ავტომობილი დიდი პოტენციალით, მაგრამ მის დნმ-ში არ იგრძნობა საერთო ფერარის ოჯახის უდიდეს ტრაგედიასთან.

 

 

გაზიარება: