Aa Aa
17 ნოემბერი 2020  |  11:46

ლუის ჰამილტონისა და სოცმედიის რეაქცია ისტორიულ გამარჯვებაზე

მსოფლიო აღფრთოვანებას ვერ მალავს!

ბრიტანელმა პილოტმა მსოფლიო ჩემპიონის მეშვიდე ტიტული მოიპოვა და მიხაელ შუმახერის რეკორდს გაუთანაბრდა. თურქეთის გრან პრიზე, სანამ სხვები რბოლის ნაცვლად ფიგურული სრიალით იყვნენ დაკავებულები, ჰამილტონმა გაიმარჯვა და ჩემპიონობისთვის საჭირო ქულები მოიპოვა.

ჰამილტონს უკვე აქვს პოლ პოზიციებისა და მოგებული რბოლების რეკორდი. ახლა კი შუმახერის ტიტულების რაოდენობასაც გაუთანაბრდა. ეს რეკორდი შუმახერის შემდეგ წლების განმავლობაში მიუღწევლად მიიჩნეოდა, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ჰამილტონის მეშვიდე გამარჯვებას მთელი მსოფლიო და სოცმედია აღფრთოვანებით შეხვდა.

„სიტყვები არ მყოფნის“. - თქვა ჰამლტონმა ტიტულის მოგების შემდეგ და ცრემლები ვერ შეიკავა. – „უპირველეს ყოვლისა, მინდა ყველას მადლობა გადავუხადო. რომ არა ეს გუნდი, მე დღეს აქ არ ვიქნებოდი. ძალიან ამაყი ვარ. დიდი მადლობა ჩემს ოჯახს. როცა პატარა ვიყავი რბოლებს ვუყურებდით და ამაზე ერთად ვოცნებობდით, მაგრამ ეს უკვე ყოველგვარ ოცნებას ცდება.

ჰამილტონს უკვე 94 გამარჯვება აქვს. ეს სამით მეტია, ვიდრე შუმახერს ჰქონდა. თურქეთის გრან პრი ლუისმა მეექვსე ადგილიდან დაიწყო, საბურავების შესანიშნავი კონტროლი აჩვენა და გამარჯვებაც მოიპოვა.

„მახსოვს როგორ ვუყურებდი მიხაელის გამარჯვებებს და ვფიქრობდი, რომ ერთი... ორი... სამი გამარჯვების მოპოვება ურთულესი იყო. შვიდი უბრალოდ წარმოუდგენელია“.

„თავს ისე ვგრძნობ, თითქოს ეს მხოლოდ დასაწყისია. ფიზიკურად კარგ ფორმაში ვარ. ეს წელი გამოწვევა იყო, მაგრამ ჩემ  გარშემო მყოფი ადამიანები ფოკუსირებაში დამეხმარნენ. იმედია, მომავალი წელი უკეთესი იქნება და მე ამ გუნდში დავრჩები. მინდა ამ მოგზაურობაში ფორმულა 1-ს, „მერსედესს“ დავეხმარო“.

მისი გუნდელი ვალტერი ბოტასი რბოლისას 6-ჯერ მოსრიალდა და უნდოდა, რომ ის დღე მალე დასრულებულიყო. ჰამილტონს გამარჯვება მანაც მიულოცა, თუმცა პირველი მისალოცად ბრიტანელის ბოლიდთან სებასტიან ფეტელი აღმოჩნდა. ეს მომენტი ჰამილტონის გულშემატკივრების გარდა, ემოციური გერმანელის გულშემატკირებისთვისაც აღმოჩნდა. ამ ორ პილოტს ერთად ხომ 11 ტიტული აქვთ მოგებული!

 

 

გაზიარება: