Aa Aa
14 დეკემბერი 2020  |  11:29

2020 წლის სეზონი დასრულდა: გზა ავსტრიის გრან პრიდან აბუ-დაბიმდე

2020 წლის სეზონის ბოლო რბოლა მაქს ფერშტაპენის გამარჯვებით დასრულდა!

კორონავირუსის პანდემიამ მთელ მსოფლიოს უდიდესი ზიანი და ზარალი მიაყენა. მილიონზე მეტი გარდაცვლილი ადამიანი, ჩაკეტილი ქვეყნები, განადგურებული ეკონომიკა, გადადებული ან გაუქმებული კულტურული და სპორტული ღონისძიებები, საკუთარ სახლებში გამოკეტილი ადამიანები...

რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა დიდი გავლენა ფორმულა 1-ზეც მოახდინა. 2020 წლის სეზონი იყო ყველაზე უცნაური და გამორჩული ფორმულა 1-ის ისტორიაში. ამ სპორტის 70 წლის იუბილესთვის ბევრი საინტერესო ღონისძიება იგეგმებოდა, თუმცა 2020 წელს სულ სხვა გეგმები ჰქონდა.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ სეზონის პირველი რბოლა გაურკვეველი ვადით გადაიდო. ამ რთულ დროშიც ფორმულა 1-ის პილოტები გულშემატკივრების გახალისებას არ წყვეტდნენ და ვირტუალურ სამყაროში რბოლებში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს.

შემდეგ დადგა დღე, როცა პირველი რამდენიმე რბოლის ჩატარების თარიღი გახდა ცნობილი. თუმცა, კარგ ამბავს ცუდიც მოჰყვა. უსაფრთხოების ნორმების დასაცავად, რბოლებზე მაყურებლის დაშვება აიკრძალა. პილოტები დევიზის - "We Race As One"-ის ქვეშ გაერთიანდნენ.

პირველი რბოლა ავსტრიაში 5 ივლისს გაიმართა და ვალტერი ბოტასის გამარჯვებით დასრულდა. გაჩნდა იმედი, რომ ეს სეზონი უფრო სანახაობრივი იქნებოდა და შეიძლებოდა ფორმულა 1-ს ახალი ჩემპიონიც ჰყოლოდა.

ეს სეზონი ზოგისთვის ოცნებების ახდენის, ზოგისთვის კი დიდი იმედგაცრუებების აღმოჩნდა. იტალიის გრან პრიზე პოდიუმის პირველ საფეხურზე პირველად ვიხილეთ პიერ გასლი.

შემდეგ კი ყველაფერი კარგად ნაცნობი სცენარით განვითარდა. Mercedes-ის დომინირებას წინ ვერავინ აღუდგა. ბრიტანელმა პილოტმა კი რეკორდების გრძელ სიას ახალი და ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევები შემატა. ლუის ჰამილტონმა შუმახერის გამარჯვებების რეკორდი მოხსნა. თურქეთის გრან პრიზე კი ლეგენდარული გერმანელის ტიტულების რაოდენობას გაუთანაბრდა. მალე ბრიტანეთის დედოფალი მას რაინდად შერაცხავს და შემდეგი სეზონიდან ის სერ ლუის ჰამილტონი იქნება.

საჰირის გრან პრიზე კი პოდიუმზე სერხიო პერესის გვერდზე მისი გუნდელი ლენს სტროლი და ესტებან ოკონი აღმოჩნდნენ.

მას შემდეგ, რაც ჰამილტონს კორონავირუსი დაუდგინდა, ჯორჯ რასელისთვის პატარა ზღაპარი დაიწყო. ბრიტანელი ამომავალი ვარსკვლავი ყველას ყურადღების ცენტრში მოექცა. ის ერთი რბოლით „უილიამსის“ ყველაზე ნელი ბოლიდიდან „მერსედესის“ ყველაზე სწრაფ ბოლიდზე გადაჯდა. მის ზღაპარს კარგი დასასრული არ ჰქონია. პიტ სტოპზე „მერსედესის“ ჯერ არნახულმა შეცდომამ გუნდის ორივე პილოტს გამარჯვების შანსი დააკარგინა.

ყველაზე დიდი იმედგაცრუება კი წელს „ფერარისა“ და სებასტიან ფეტელის თანამშრომლობა იყო. სეზონის დასაწყისშივე აშკარა გახდა, რომ გუნდი უპირატესობას შარლ ლეკლერს ანიჭებდა. ფეტელს ქულების ზონაში მოსახვედრად დიდი შრომა უწევდა, მაშინ, როცა მისი გუნდელი გაცილებით უკეთეს შედეგებს აჩვენებდა. ეს მის რეპუტაციას კიდევ უფრო ანადგურებდა. ამ სეზონს მუდმივი უიღბლობა და ბევრი ბზრიალი ახლდა თან. ბოლოს კი ცნობილი გახდა, რომ „ფერარი“ მისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას აღარ აპირებდა. მედია 4-გზის მსოფლიო ჩემპიონის კარიერის დასასრულზე ალაპარაკდა. საბედნიეროდ, ლოურენს სტროლი სხვა აზრზე იყო. გერმანელისთვის ადგილი 2021 წლიდან „ასტონ მარტინის“ იმედისმომცემ გუნდში გამოინახა.

ბაჰრეინის გრან პრი ფრანგ პილოტ რომენ გროჟანს კინაღამ სიცოცხლის ფასად დაუჯდა. ფორმულა 1-ში კარიერის დასრულებამდე ორი რბოლით ადრე ის უდიდეს ავარიაში მოყვა. ბოლიდს ცეცხლი მომენტალურად აეკიდა. ავარიის მომსწრე პილოტებსა და ტელემაყურებლებს პილოტის გადარჩენის იმედი არ ჰქონდათ, როცა გროჟანი უცებ ფენიქსივით ცეცხლიდან აღსდგა. მარშლები მას ბარიერზე გადმოძრომაში დაეხმარნენ. ფრანგი დიდი ავარიიდან კოჭისა და ხელების მცირე დამწვრობებით გამოძვრა. თუმცა, ამან მისი სეზონი და ფორმულა 1-ის კარიერა დროზე ადრე დაასრულა.

ჯამში ამ სეზონში ნაკლები რაოდენობის - 17 რბოლა გაიმართა. ტრადიციულად სეზონი აბუ დაბიში დასრულდა. სეზონის ბოლო რბოლაში მაქს ფერშტაპენმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და პოდიუმის პირველ საფეხურზე ამ სეზონში მეორედ, ჯამში კი მეათედ ავიდა.

საბოლოოდ, ინდივიდუალურ ჩემპიონატში გამარჯვება ლუის ჰამილტონს დარჩა. კონსტრუქტორთა თასი კი ზედიზედ მეშვიდედ „მერსედესის“ გუნდმა მოიგო.

2021 წლის სეზონი კი დიდ სანახაობას გვპირდება. „ჰაასის“ გუნმდმა ორივე პილოტის ჩანაცვლება გადაწყვიტა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფორმულა 1-ში კევინ მაგნუსენის კარიერაც დროებით დასრულდა. შუმახერის გვარი კი ფორმულა 1-ში ბრუნდება. მიკ შუმახერმა ფორმულა 2-ში გაიმარჯვა და შემდეგი სეზონიდან უფრო მაღალ საფეხურზე ვიხილავთ. Renault-ის გუნში კი ვეტერანი მრბოლელი ფერნანდო ალონსო ბრუნდება.

შემდეგი წლისთვის ჯერ ყველა გუნდი ბოლომდე დაკომპლექტებული არ არის. ამ ეტაპზე კი სურათი ასეთია:

Mercedes: ? და ვალტერი ბოტასი (ჰამილტონს ჯერ ახალი კონტრაქტი არ აქვს)
Red Bull: მაქს ფერშტაპენი და ?
Aston Martin: სებასტიან ფეტელი და ლენს სტროლი
McLaren: დენიელ რიკიარდო და ლანდო ნორისი
Renault: ფერნანდო ალონსო და ესტებან ოკონი

Ferrari: შარლ ლეკლერი და კარლოს საინსი
AlphaTauri: პიერ გასლი და ?
Alfa Romeo: კიმი რაიკონენი და ანტონიო ჯოვინაცი
Haas: მიკ შუმახერი და ნიკიტა მაზეპინი
Williams: ჯორჯ რასელი და ნიკოლას ლატიფი

გაზიარება: