Aa Aa
5 იანვარი 2021  |  12:08

კუბის რევოლუცია, ფანხიოს გატაცება და მოსის მაქინაცია

1952 წლის გადატრიალების შემდეგ კუბის ხელისუფლებაში ფულხენსიო ბატისტა მოვიდა. მან სამხედრო-პოლიციური დიქტატურა დაამყარა, რაც პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდებს არ მოსწონდათ. ხელისუფლებით უკმაყოფილო ახალგაზრდების ყველაზე რადიკალურ ჯგუფს ადვოკატი და დამწყები პოლიტიკოსი ფიდელ კასტრო ხელმძღვანელობდა. თუმცა, ჩვენი მთავარი ამბავი 5-გზის მსოფლიო ჩემპიონი ხუან მანუელ ფანხიოს უცნაურ თავგადასავალსა და რბოლაზე განვითარებულ მოვლენებზეა და არა კუბის რევოლუციაზე.

1958 წელს ხელისუფლებას დიდი ძალისხმევით ჯერ კიდევ ფულხენსიო ბატისტა ინარჩუნებდა. თუმცა, უკვე ჩანდა, რომ მისი მმართველობა დიდხანს აღარ გაგრძელდებოდა. სწორედ მაშინ გაეხვა ხუან მანუელ ფანხიო, ლეგენდარული ავტომრბოლელი პოლიტიკურ სკანდალში.

პირველი გრან პრი კუბაში, მალეკონში ჩატარდა და წარმატებულიც გამოდგა. ამიტომ, გასაკვირი არ იყო, როცა რბოლის ჩატარება 1958 წელსაც გადაწყვიტეს. ის უამრავი გულანთებული გულშემატკივრის თვალწინ უნდა გამართულიყო და გაიმართა კიდეც, თუმცა იმას, რაც რბოლამდე და რბოლაზე მოხდა, არავინ ელოდა.

1957 წლისთვის ფანხიო უკვე 5-გზის მსოფლიო ჩემპიონი იყო. ის ტიტულის დასაცავად იბრძოდა. პელეტონში მის გარდა ავტოსპორტის სხვა ლეგენდებიც იყვნენ. მათ შორის იყო ბრიტანელი სტირლინგ მოსიც. ისინი სასტუმრო „ლინკოლნში“ განათავსეს.

კუბის გრან პრის წინა საღამოს, ფანხიო დერეფანში ჩავიდა და სასადილოსკენ მიდიოდა, როცა ტყავის ქურთუკიანმა ახალგაზრდა კაცმა მას იარაღი მიადო.

როგორც მაშინდელი მედია იტყობინებოდა, ოდნავ ანერვიულებულმა ახალგაზრდამ ფანხიოს უთხრა:

„უნდა გამომყვე. მე 26 ივლისის რევოლუციის მოძრაობის წევრი ვარ“.

ხუან მანუელ ფანხიოსთან ერთად მყოფმა პირება შეწინააღმდეგება სცადეს, თუმცა, იარაღის წინააღმდეგ ვერაფერს გახდებოდნენ.

„დამშვიდდით! თუ გაინძრევით, ვისვრი!“ კიდევ ერთხელ დაიყვირა გამტაცებელმა და ფანხიოსთან ერთად გაიქცა. გარეთ ავტომობილი ელოდებოდა.

მოტივის ამოკითხვა მარტივი იყო: ავტოსპორტში ყველაზე ცნობილი ადამიანის გატაცებით, რევოლუციონერები მსოფლიოს ყურადღებას მიიპყრობდნენ. თუმცა, მათ იმ მონეტში თავისას მაინც ვერ მიაღწიეს. ბატისტა გადადგომას არ აპირებდა. რბოლის ჩვეულებრივ რეჟიმში ჩატარება გადაწყვიტა. ამასობაში, პოლიცია გამტაცებლების ძებნას აგრძელებდა.

მთელი ღამის განმავლობაში სტირლინგ მოსს სპეციალური დაცვა ჰყავდა მიჩენილი. ისინი მის კარზე ყოველ სამ საათში ერთხელ აკაკუნებდნენ იმისთვის, რომ შეემოწმებინათ, იყო თუ არა ბრიტანელი საწოლში.

„ძალიან შემაწუხებელი ღამე იყო. ფანხიომ მეამბოხეებს უთხრა, რომ მე არ უნდა წავეყვანე, რადგან თაფლობის თვე მქონდა. რა თქმა უნდა, ეს ტყუილი იყო, მაგრამ მისი მხრიდან ეს ღირსეული საქციელი იყო“. - იხსნებედა მოსი.

ფანხიომ ღამე უცნობ ადგილას, კარგად მოწყობილ ბინაში გაათია, სადაც მას ჩაძინებამე კარტოფილითა და სტეიკით გაუმასპინძლდნენ. არგენტინელი მიხვდა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა. მოგვიანებით, გამტაცებლების მიმართ თანაგრძნობაც კი გამოხატა.

„ეს კიდევ ერთი თავგადასავალია. თუ გამტაცებლებს ამის გასაკეთებლად კარგი მიზეზი ჰქონდათ, მაშინ მე, როგორც არგენტინელი, მას მივიღებ“. - თქვა მან.

როგორც ბატისტამ ბრძანა, რბოლის დილას პილოტები 150 000-იანი აუდიტორიის წინ საბრძოლველად მოემზადნენ. „მაზერატიში“ ფანხიოს ცარიელი ადგილი მორის ტრენტინანმა დაიკავა. ამასობაში, კასტრომ 5-გზის მსოფლიო ჩემპიონს თავისი კაცის, ფაუსტინო პერესის საშუალებით ბოდიში შეუთვალა და რბოლის მოსასმენად რადიოც კი გადასცა. თუმცა, ფანხიო ცუდ ხასიათზე იყო.  

„ემოციები მომაწვა. მოსმენა არ მინდოდა, რადგან ნოსტალგია ვიგრძენი“.  - თქვა მან.

ყველაზე ცუდი მაინც ტრასაზე ხდებოდა...

რბოლა ჩვეულებრივად დაიწყო. სტირლინგ მოსი და „ფერარის“ პილოტი მასტენ გრეგორი ლიდერობისთვის იბრძოდნენ. თუმცა, მალე ტრასის დიდ მონაკვეთზე ზეთი დაიღვარა. პილოტებს ბარიერებთან მიახლოება სულ უფრო ხშირად უწევდათ. თავდაპირველად, იფიქრეს, რომ ეს მეამბოხეების კიდევ ერთი საბოტაჟი იყო, მაგრამ, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, რობერტო მირესის „პორშეს“ ზეთის მილი ჰქონდა დაზიანებული.

ტრაგედიამაც არ დააყოვნა. ადგილობრივმა პილოტმა გარსია სიფუენტესმა თავისი შავ-ყვითელი ფერის „ფერარი“ ვეღარ დაიმორჩილა და მაყურებლებში შევარდა.  30 ადამიანზე მეტი დაშავდა. 7 კი გარდაიცვალა. შეჯახებამ ხიდის ჩამონგრევა გამოიწვია, რომელიც ბარიერებს დაეცა. „პორშეს“ მძღოლმა ულფ ნორიდენმა დახმარება სცადა.

„Ferrari-ს ვერც ვხედავდი. ზემოდან სულ სხეულები ეყარა“. - იხსენებს საშინელ ავარიას ნორიდენი.

მოსმა ამის შესახებ არაფერი იცოდა და მან ისტორიაში ყველაზე უცნაურ რბოლაში საკამათო გამარჯვება მოიპოვა.

„მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ავარია მოხდა და ხიდი ჩამოვარდა. „ხიდი“ ძნელი სათქმელია. ეს იყო ხის ნაჭერი, რომელსაც ორივე მხრიდან კიბეები ჰქონდა. შემდეგ წითელი დროშა აჩვენეს და სვლა ყველამ შეანელა. მასტენ გრეგორი ჩემს წინ იყო. ფინიშის ხაზიც გამოჩნდა. მეორე სიჩქარეში გადავრთე, სიჩქარეს მოვუმატე და ფინიშის ხაზი პირველმა გადავკვეთე. როცა გავჩერდით, გრეგორი გაბრაზებული ჩანდა. მითხრა, მისმინე, მთელი რბოლა მე ვლიდერობდი და გამარჯვებაც ჩემიაო. მე კი ვუთხარი, რომ ფინიშის ხაზი პირველმა მე გადავკეთე. ვიცოდი, რომ წითელ დროშასთან დაკავშირებით თავისი სიმართლის დამტკიცება გაუჭირდებოდა, ამიტომ შევთავაზე, რომ ჩუმად ყოფილიყო, საპრიზო თანხა აგვეღო და თანაბრად გაგვეყო. სხვა შემთხვევაში სიმართლის გასარკვევად დიდი დრო იქნებოდა საჭირო და შეიძლებოდა თანხის გარეშეც დავრჩენილიყაით. რატომ უნდა გვედავა? თან იმ კვირას ბევრი ცუდი რამ მოხდა“. - იხსნებედა მოსი.

საპრიზო თანხა აიღეს და თანაბრად გაიყვეს. თუმცა, მაშინ მოსის მაქინაციებისთვის არავის სცხელოდა. 7 ადამიანი გარდაიცვალა, ავტოსპორტის ლეგენდა გაიტაცეს და რევოლუციაც მალე კარს შემოაღებდა.

მთელი კვირა ბატისტასთვის კატასტროფა აღმოჩნდა. სიფუენტესი მრავალი ადამიანის მკვლელობაში დაადანაშაულეს, მაშინ, როცა საავადმყოფოში ჯერ კიდევ გადარჩენისთვის იბრძოდა. საქმე ფანხიოს უცნობი გამტაცებლების წინააღმდეგაც აღიძრა. პილოტი არგენტინის საელჩოს გადასცეს. მართალია, რბოლა მაინც ჩატარდა, მაგრამ გამტაცებლებმა მიზანს ნაწილობრივ მაინც მიაღწიეს. მსოფლიო მასმედიის ყურადღება მიიპყრეს. სტატიების სათაურებმა ყველაფერი ააჭრელა.

1958 წლის ახალი წლის საღამოს, კასტრომ გამარჯვება მოიპოვა. რბოლები კუბას 1960 წელს დაუბრუნდა. მთავარი ღონისძიება სტირლინგ მოსმა მოიგო. თუმცა, ტრაგედიის გარეშე არც ამ რბოლას ჩაუვლია. ფერარის წყევლა გრძელდებოდა. ეტორე ჩიმერი ბარიერს შეეჯახა და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მომდევნო რამდენიმე წელიწადში კუნძულზე რბოლები შეწყდა. ავტოსპორტი კომუნისტური რეჟიმისთვის ზედმეტად ბურჟუაზიული აღმოჩნა. 1958 წლის სარბოლო კვირა კი თავისი უცნაურობებით და ტრაგიკულობით ყველას დაამახსოვრდა. განსაკუთრებით კი, გარდაცვლილების ოჯახების გარდა, პოლიტიკურ სკანდალში მოულოდნელად გახვეულ ხუან მანუელ ფანხიოს.

 

 

გაზიარება: