Aa Aa
14 მარტი 2021  |  11:42

კოლინ ჩეპმენი - გენიოსი თუ თაღლითი

ნათელი, ლურჯი თვალები, სწორი ცხვირი და საფირმო ულვაში - კოლინ ჩეპმენს ბევრი მომხიბვლელ მამაკაცად მიიჩნევდა, თუმცა გარეგნობა არ ყოფილა ის მიზეზი,  რის გამოც მან მსოფლიოში აღიარება მოიპოვა და პატივისცემა დაიმსახურა. მან მსოფლიოს თავი დაამახსოვრა, როგორც ადამიანი, რომელმაც მსოფლიო ავტოსპორტს ახალი ცეცხლი შემატა. სწორედ მან შექმნა საცოლესგან ნასესხები 25 ფუნტით კომპანია „ლოტუსი“, რომელიც თავისი გამორჩეული ფილოსოფიით ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანია გახდა. თავის დროზე ქარიზმატული ხასიათის და გენიალური იდეების გამო მას ენცო ფერარის ადარებდნენ. ავტოსამყაროში ის გენიალურობით, სანდოობით, იმპროვიზაციის უნარით და ინოვაციებით გამოირჩეოდა.

კოლინ ჩეპმენი 1928 წლის 19 მაისს მასველ ჰილთან ახლოს დაიბადა. ავტოინჟინერის კარიერია 19 წლის ასაკში ლონდონის ჩაკეტილ ავტოფარეხში დაიწყო. ომის შემდეგ ბრიტანული ავტოინდუსტრია სიდიდით ამერიკის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებდა, თუმცა მისი პროდუქტები ძირითადად ძველმოდურობით, სიმძიმითა და მოუხერხებელობით ხასიათდებოდა. სამაგიეროდ, ჩეპმენის ავტომობილები იყო თანამედროვე, მსუბუქი და მოქნილი. ავტოსპორტში ბრიტანეთი არა მხოლოდ აუტსაიდერი იყო, არამედ ვერაფრით ეჯიბრებოდა გერმანელებს და იტალიელებს, რომლემიც გრან პრიებზე 20-იანი წლებიდან დომინირებდნენ. იტალიური მანქანები წითელი ფერის იყო. გერმანული - ვერცხლისფერი, ფრანგული - ცისფერი და ბრიტანული - მწვანე. თუმცა ეს უკანასკნელი ვერცერთ შეჯიბრებას იგებდა. ჩეპმენი იყო ის, ვინც ამ წარუმატებლობას ბოლო მოუღო და დაარსა ომის შემდგომი პირველი ბრიტანული კომპანია. წარმატებაში დიდი წვლილი კი სწორედ ამ კომპანიის ფილოსოფიამ შეიტანა.

კოლინ ჩეპმენი (1968წ.)

 

„ლოტუსის“ ფილოსოფია

  • ლოტუსი პირველია
  • ჩვენ არ ვთამაშობთ წესებით, ჩვენ თავიდან ვმართავთ მათ
  • როცა კონკურენტები გვეწევიან, ჩვენ კიდევ უფრო ვწინაურდებით
  • „ლოტუსი“ არასდროს ჩერდება

კომპანიის არსებობის რვა დეკადის განმავლობაში ის ყოველთვის ინოვაციური იყო და სწორედ ამის გამო გახდა წარმატებული. ლოტუსის დე ენ ემის ფესვებში კი ჩადებულია ჩეპმენის შეპყრობილობა ავტომობილის სიმსუბუქით.

„გაამარტივე და დაუმატე სიმსუბუქე“ - ეს იყო კოლინ ჩეპმენის ფილოსოფია იმაზე ადრე, ვიდრე მინიმალიზმი მოდური გახდებოდა.

„სიმძლავრის დამატება გმატებს სისწრაფეს სწორ გზაზე, წონის დაკლება კი ყველგან“ - ამბობდა ის.

ტრადიციის მიხედვით, „ლოტუსი“ ნაწილების შეძლებისდაგვარად მცირე რაოდენობას იყენებდა. კომპანია გახდა ლიდერი გარემოსთვის მეგობრულ ტექნოლოგიებში. ისინი იქირავებდნენ ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანებს, რომელთა უმეტესობაც იყო პილოტი-ინჟინერი.

მათ არ სჭირდებოდათ ჯეიმს ბონდის მხარდაჭერა, რადგან ყველა მოდელს მოჰყვებოდა მღელვარების ლიცენზია.

კოლინისთვის წესები გამოწვევა იყო. ის საათებს ატარებდა კანონების წიგნების კითხვაში და ეძებდა ხვრელებს. თუ წესების შექმნაში იყო ჩართული, ცდილობდა ისეთი წესი შეექმნა, რომელსაც მისთვის გამოსადექი ხარვეზი ექნებოდა.

კოლინ ჩეპმენი და სარბოლო ავტომობილები

ჩეპმენის და მისი გუნდის ფილოსოფიას ხორცს თითოეული შექმნილი ავტომობილი ასხამდა. 1946 წელს ჩეპმენმა პირველი ლოტუსი ააწყო, რომელიც მოდიფიცირებული Austin 7 იყო. მან ეს ავტომობილი რბოლებში გამოიყენა. მანქანას „ლოტუსი“ დაარქვა. ამის მიზეზი არასდროს დაუკონკრეტებია, თუმცა, არსებობს თეორიები, რომ ეს სახელი მისი მაშინდელი შეყვარებულის, მოგვიანებით კი ცოლის, ჰეზელის საპატივსაცემოდ დაარქვა, რომელსაც მოფერებით „ლოტუსის ყვავილობას“ ეძახდა. მოგებული ფულით მან Lotus Mk2 ააწყო. ამ დროს ის მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, რომ გამხდარიყო უფრო ბრძოლისუნარიანი წესების დაცვით. ერთ-ერთ პირველ მანქანას 6-პორტიანი ძრავის თავაკი 4 მაყუჩი და ჰაერის ორმაგი შემშვები სისტემა ჰქონდა. ჩეპმენი მიხვდა, რომ 8-პორტიანი თავაკი უკეთესი გამონაბოლქვის ნაკადების შესაძლებლობას და მეტ სისწრაფეს მისცემდა.  რესურსების ნაკლებობის გამო ამ იდეის გახორციელება ვერ შეძლო და პორტებისთვის ფუქციების შეცვლით შემოიფარგლა.  შესაბამისი გამშვები სისტემით და გამანაწილებელი ლილვით მისი ძრავა უკონკურენტო იყო, სანამ წესები არ შეიცვალა და მისი გაკეთებული ცვლილებები უკანანო გახდა. წარმატებული აღმოჩნდა Lotus 6 მოდელი, რომლის 100-ზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა.

Lotus 7 კომპანიის გამორჩეული მოდელია, რომლის ვერსიასაც Caterham დღემდე აწყობს -  Caterham  7-ს. 90-ზე მეტი Lotus 7-ის კლონი და გამეორება არსებობს, რომლებსაც მსოფლიო სხვადასხვა ავტომწარმოებელი გვთავაზობს. ამ ავტომობილმა ყველანაირ დროს გაუძლო და მიუხედავად კონსტრუქციის სიძველისა, დღემდე ერთ-ერთ საუკეთესო მართვის და შესაძლებლობების მქონე ავტომობილად ითვლება.

1950-იანებში წარმატება მიაღწია ფორმულა 2-ში, აწყობდა ბრძოლისუნარიან ავტომობილებს. მოგვიანებით ფორმულა 1-ში გადაინაცვლა. გარდა ინჟინერის საქმიანობისა ის პილოტიც იყო. მართავდა Vanwall F1 ბოლიდს. 1955 წელს ჩეპმენმა თავისი ძირითადი სამსახური მიატოვა და „ლოტუსი“ პირველად გამოჩნდა ლემონდზე. გუნდის ნომერ 1 პილოტიც თვითონ იყო.

რამდენიმე კვირის შემდეგ ოპერატორი საფრანგეთის გრან პრის პრაქტიკას იღებდა. ის, რაც მან გადაიღო აღმოჩნდა გადამწყვეტი მომენტი ჩეპმენის კარიერაში. მუხრუჭებმა მარცხი განიცადა. ჩეპმენი გუნდელ მაიკ ჰოვტორნს დაეჯახა, რამაც ჩეპმენს ფორმულა 1-ში დებიუტის შანსი დააკარგვინა. კოლინი იძულებული იყო ბოლიდების ტექნიკურ მხარეზე გადასულიყო. ჯონ კუპერთან ერთად, მან ავტოსპორტის სამყაროში რევოლუცია მოახდინა.  მისი საიდუმლო იყო მეტი ძალის მიღება იმ ძრავისგან, რომელსაც ყველა იყენებდა. პატარა, მსუბუქი, შუაძრავიანი იმდენად სწრაფი ვერ იყო, მაგრამ კარგად იმართებოდა და ხშირად „ფერარის“ და „მაზერატისაც“ ამარცხებდა. საბოლოოდ, ლეგენდარულ ჯიმ კლარკთან ერთად „ლოტუსი“ დაუმარცხებელი ჩანდა. სწორედ მასთან ერთად მოიგო გუნდმა Lotus 25-ით 1963 წლის ფრომულა 1-ის ჩემპიონატი. კლარკი იყო ის, ვისი პილოტობითაც Lotus 38-მა ინდი 500 1965 წელს პირველად მოიგო შუაძრავიანი ავტომობილით. კლარკი და ჩეპმენი კარგი მეგობრები გახდნენ. 1968 წელს ჯიმის ტრაგიკულმა გარდაცვალებამ კოლინს გული დასწყვიტა.  

ჩეპმენი ფარავს ჯიმ კლარკს, სანამ მექანიკოსები მუშაობენ Lotus 33-ზე 1966 წლის ჰოლანდიის გრან პრიზე

„ლოტუსის“ ქვეშევრდომების რიგებში იყვნენ მაიკ კოსტინი და კეით დაკვორსი, რომლებმაც Cosworth დაარსეს. გრეჰემ ჰილი „ლოტუსის“ მექანიკოსი იყო.  

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩეპმენმა „ფორდი“ დაარწმუნა Cosworth-ის დასპონსორებაში, რის შედეგადაც DVF სარბოლო ძრავა შეიქმნა.

 

ინოვაციები და მემკვიდრეობა

ჩეპმენის კიდევ ერთი დიდი ინოვაცია რბოლებში ღია ძარიანი ბოლიდების პოპულარიზაცია იყო. „ლოტუსმა“ საზოგადოებას თავი ყველაზე კარგად სწორედ მისი 1962 Lotus 25-ით დაამახსოვრა. ეს ავტომობილი იყო მსუბუქი და უზრუნველჰყოფდა მძღოლის დაცვას ავარიის შემთხვევაში. პირველი ავტომობილი მსგავსი შასით იყო 1922 Lancia Lambda. „ლოტუსმა“ ეს ტექნოლოგია ისესხა Lotus Elite-ის შექმნისთვის.

როცა ამერიკელმა ფორმულა 1-ის პილოტმა დენ გარნიმ ჰოლანდიის გრან პრიზე Lotus 25 პირველად ნახა, მისი დიზაინით აღფრთოვანებული დარჩა. მან ჩეპმენი 1962 წლის ინდი 500-ზე დაპატიჟა, სადაც თვითონ ჯონ კროსვეითის (ადრე ჩეპმენთან მუშაობდა) დიზაინის და ამერიკელი ჰოთ როდერის მიკი ტომფსონის აწყობილი მანქანით გამოდიოდა. რბოლის შემდეგ ჩეპმენმა „ფორდს“ ალუმინის მზიდი ძარა შესთავაზა, რომელიც „ფორდის“ მარკის ფართო წარმოების მსუბუქი ავტომობილის ასევე ალუმინის 4.2-ლიტრიან V-8 ძრავას მოიხმარდა. „ფორდმა“ შეთავაზება მიიღო და 1963 წლის რბოლაზე Lotus 29-ის დებიუტი შედგა. ჯიმ კლარკმა მეოე ადგილი დაიკავა. დიზაინმა მაშინვე ჩაანცვლა ის სტანდარტი, რაც მანამდე ფორმულა 1-ის სამყაროში არსებობდა - მილის ფორმის შასი. მართალია დღეს ალუმინის ნაცვლად, კარბონი გამოიყენება, მაგრამ შენების ტექნიკა უცვლელია.  

ჯიმ ჰოლის შთაგონებით, ჩეპმენი მათ შორის იყო, ვინც ფორმულა 1-ის სამყაროს აეროდინამიკა გააცნო. „ფერარისთან“ და „ბრებჰემთან“ ერთად „ლოტუსი“ იყო, რომელმაც 1968 წლის ბელგიის გრან პრიზე მეტი მიზიდულობისთვის ავტომობილს ფრთა მიამაგრა.

ჩეპმენმა წინიდან რადიატორები გვერდებზე გადაიტანა, რათა შეემცირებინა ჰაერის წინააღმდეგობა და წონის განაწილებას ცენტრალიზება გაუკეთა. ეს იდეები დღემდე ყველა სარბოლო ავტომობილში გამოიყენება.

კოლინი ბიზნესის მიმართულებითაც საკმაოდ ინოვაციური იყო. ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ბოლიდი ბილბორდად აქცია და რეკლამებისთვის გამოიყენა.

მისი ერთ-ერთი ბოლო ინოვაცია იყო ორმაგშასიანი ბოლიდი 1981 Lotus 88. ერთ შასიში, სადაც პილოტი იჯდა, დაკიდების სისტემა იყო რბილი, მეორეში - ხისტი. რამდენიმე რბოლის შემდეგ სხვა გუნდებმა პროტესტი გამოთქვეს და მანქანას მონაწილეობა აეკრძალა. არც შედგომში განვითარებულა.

ფორმულა 1-ის მანქანის კოლინ ჩეპმენისეული მარტივი განმარტება

ფრანკფურტის მოტოშოუზე ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სანახაობა, მანქანების გარდა, შუშის ქვეშ მოთავსებული ფურცელი აღმოჩნდა. ეს იყო გვერდი კოლინ ჩეპმენის ბლოკნოტიდან, რომელიც მოიცავდა ფორმულა 1-ის ავტომობილების შესახებ ბევრ საინტერესო ციტატას. ზოგი მათგანი მარტივია, ზოგიც რაინდული, ზოგიც კი სასტიკად უხეში.

დოკუმენტი, რომელიც 1975 წლის 17 ივლისითაა დათარიღებული, დასათაურებულია, როგორც ფორმულა 1-ის მომავალი მანქანების მახასიათებლები“.

1. სარბოლო მანქანა შექმნილია მხოლოდ ერთი მიზეზით: რბოლებში გამარჯვებისთვის. თუ ის ამას არ აკეთებს, მაშინ ის დროის, ფულის და მცდელობის ფუჭი ხარჯვაა.

ეს შეიძლება ნათელია, მაგრამ დაიმახსოვრეთ, რომ მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად ჭკვიანურია, ან იაფი, ან როგორი ადვილია მისი ყოლა, ანდაც უსაფრთხოა, თუ ის მუდმივად არ იგებს, მაშინ ის არაფერია!

ყურადღებას იქცევს სიტყვა „უსაფრთხოა“. ამ სიტყვების დაწერიდან 7 წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონი ჯიმ კლარკი გადაიცვალა, რომელიც Lotus F2-ის გაუმართაობამ შეიწირა.

ჩეპმენი აგრძელებს:

2. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოვიგოთ?

მანქანამ მძღოლის რაც შეიძლება ნაკლები უნარებით უნდა შეძლოს ტრასის ყველაზე სწრაფად გავლა და გაძლოს რბოლის დასრულებამდე.

მხოლოდ და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იყოს განხილული ავტომობილის ფასი, სიმარტივე და უსაფრთხოება.. „საკმაოდ კარგი“ არ არის საკმარისი, რომ მოიგო და გააგრძელო მოგება.

ამის დაწერამდე 6 წლით ადრე მან წერილი მიიღო იოხენ რინდტისგან, მას შემდეგ რაც რინდტის ლოტუს 49-ს ფრთა გაუფუჭდა, რამაც ბარსელონაში მძიმე ავარია გამოიწვია: „გულწრფელად, შენი მანქანები იმდენად სწრაფია, რომ სუსტი ნაწილების გაძლიერებას შედარებით მეტ ფუნტებს რომ უთმობდეთ, მაინც კონკურენტუნარიანი ვიქნებოდით... მხოლოდ იმ ავტომობილის ტარება შემიძლია, რომელშიც თავდაჯერებული ვარ და ამ ბოლიდში თავდაჯერებასთან ახლოსაც არ ვარ“.

1970 წლის სეზონში რინდტმა მიიღო მანქანა, რომელსაც არაფერი ეტყობოდა არც სიმარტივის და არც უსაფრთხოების. ამ მანქანამ რინდტს მსოფლიო ჩემპიონობა აჩუქა და წაართვა სიცოცხლე.

ჩეპმენის ბნელი მხარე და დელორეანის სკანდალი

კოლინ ჩეპმენი გულის შეტევით 54 წლის ასაკში საკუთარ სახლში, ნორვიჩში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალებიდან 20 წლის შემდეგ, ჩეპმენის სრულიად განსხვავებულ პიროვნებაზე დაიწყეს საუბარი: შთამაგონებელი ინჟინერის ნაცვლად, მატყუარა, ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანი, რომელიც ციხეს გულის შეტევის წყალობით გადაურჩა.

ისტორიკოსი მაიკ ლოურენსი ჩეპმენის სულ სხვა სურათს გვიხატავს. მისი თქმით, ჩეპმენი 1950-იანი წლების სპეკულიანტი იყო, რომელიც მძიმე გრაფიკისთვის ფეხის ასაწყობად ნარკოტიკებზე დამოკიდებული გახდა და სხვა ადამიანის იდეებს იპარავდა.

„კოლინ ჩეპმენი ჩემი გმირი იყო და ამ წიგნის დაწერა გამიჭირდა. მაგრამ, ჩემი აზრით, უბრალოდ სრული ისტორიის მოყოლა უკეთესი იქნებოდა“. - ამბობს ლოურენსი.

ის აქვეყნებს მტკიცებულებებს, რომ ჩეპმენი იპარავდა კონკურენტების იდეებს და ხანდახან მისი ძლიერი გუნდის წარმატებას ითვისებდა. ლოურენსი ამატებს: - „ჩემთვის ყველაზე გამაოგნებელი იყო, როგორ შლიდა სხვა ადამიანებს ისტორიიდან და მათი მიღწევებისთვის სექებას თვითონ იმსახურებდა. ასევე გაკვირვებული ვიყავი, როცა დავადგინე, რომ ბარბიტურატებს და ამფეტამინს იყენებდა იმისთვის, რომ ფეხზე ყოფილიყო“.

 ყველაზე შავი წერტილი მის ისტორიაში არის 1978 წელი, როდესაც „ლოტუსი“  ჯონ დელორეანს დაუკავშირდა. მათ უნდა აეწყოთ უჟანგავი ფოლადის სპორტული ავტომობილები ჩრდილო ირლანდიის ქარხანაში, რომელსაც ბრიტანეთის მთავრობა აფინანსებდა. საწყისი დიზაინი იყო შუა-ძრავიანი სპორტული ავტომობილი, თუმცა Wankel -ის ძრავების გამო საბოლოოდ უკანაძრავიანი მოდელი მიიღეს. მთავრობამ რაც არ იცოდა იყო ის, რომ პროექტი თაღლითური ოინი იყო. 1982 წელს ამერიკის მთავრობამ ჯონ დელორეანი კოკაინის სკანდალში ამხილა. FBI-მ  ლოს ანჟელესის სასტუმროში სპეცოპერაცია ჩაატარა. გადაცმულმა აგენტებმა დააფიქსირეს, როგორ თანხმდებოდა 100 კილოგრამი კოკაინის კონტრაბანდაზე.  საბოლოოდ, დელორეანის კომპანია ჩამოიშალა. დადგინდა, რომ დაიკარგა 10 მილიონი ევრო.

ამ საქმნის საიდუმლოებები ჩეპმენმა საფლავში ჩაიყოლა, თუმცა მისი ბუღალტერის, ფრედ ბუშელის სასამართლოზე, მოსამართლემ თქვა, რომ ჩეპმენი ცოცხალი რომ ყოფილიყო, სასჯელად მინიმუმ 10 წლიან პატიმრობას მიიღებდა.

მანქანის კონცეპტი მოგვიანებით „ტოიოტას“ მიჰყიდეს, რომელმაც ის AW11 MR-ის განვითარებისთვის გამოიყენა.

თუმცა ამ ბნელ მხარეს საზოგადოებაში ჩეპმენის მიმართ პატივისცემა და სიყვარული არ შეუცვლია. გრეჰემ არნოლდი, „ლოტუსის“ გაყიდვების დირექტორი 60-იან წლებში ამბობს, რომ კოლინი უდაოდ ერთ-ერთი საუკეთესო ინჟინერი იყო, რომელიც ბრიტანეთს ჰყოლია. - „მას ჰქონდა ყველაზე გასაოცარი, შეუჩერერბელი გონება, რომელიც ყველა პრობლემას წყვეტდა. მას არაფერი გამორჩებოდა. მაგალითად, ერთხელ კოლინს ყურები საოცრად სტკიოდა და მაშინ დააპატენტა აჩქარების მაკონტროლებელი მოწყობილობა, რომელიც ლიფტებსა და მატარებლებში გამოიყენება“.

 ჯონ დელორეანი

ჩნდება კითხვა: ღირს კოლინ ჩეპმენის მიღწევების, გამოგონებების გვერდზე გადადება და მის პიროვნულ თვისებებზე ყურადღების გამახვილება? განსჯით თუ არა მას, ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია, თუმცა ფაქტი ერთია: მან მართლაც დიდი წვლილი შეიტანა ავტოინდუსტრიისა და ავტორბოლის განვითარებაში და ამას მისი ყველაზე დიდი კრიტიკოსიც ვერ უარჰყოფს.

გაზიარება: