Aa Aa
14 ივნისი 2021  |  17:39

„წითელი ბარონი“ : როგორ დაიპყრო მიხაელ შუმახერმა ფორმულა 1-ს სამყარო

რა არის ფორმულა 1? ეს გაცილებით მეტია, ვიდრე სპორტის ერთი კონკრეტული სახეობა. აქ მუდმივად რაღაც ახალს აღმოაჩენთ, ყოველთვის იცვლება წესები, მაგრამ ერთი რამ უცვლელი რჩება - გრან პრის მოგებით გამოწვეული ემოცია. ეს შეუდარებელია“.

 -  მიხაელ შუმახერი

 

შუმახერი - ეს ის გვარია, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის სისწრაფესთან ასოცირდება. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ეს გვარი ერთხელ მაინც არ სმენია. ლეგენდარულ მიხაელ შუმახერზე და მის მიღწევებზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება. მისი დიდებისკენ გზა სულაც არ ყოფილა ისეთი მარტივი, როგორიც მისი შედეგებიდან ჩანს.  ეს არის იმ ადამიანის ამბავი, რომელმაც ფორმულა 1-ის ახალი ისტორია დაწერა.

მიხაელი ჰიურტში როლფ და ელიზაბეტ შუმახერების ოჯახში დაიბადა.

„ხანდახან მგონია, რომ ძარღვებში სისხლის მაგივრად ბენზინი მიდუღს. მამაჩემი კიოლნის მახლობლად კარტოდრომზე მუშაობდა. 4 წლის ვიყავი, როცა პირველად კარტის საჭესთან დამსვა. ალბათ, მაშინვე მიხვდა, რომ რბოლა ყველაზე კარგად მეხერხებოდა“. - იხსენებდა 7-გზის მსოფლიო ჩემპიონი.

4 წლის შუმახერს მამამ მოდიფიცირებული კარტინგი აუწყო. მასში მოტოციკლეტის ძრავა ჩაუდგა. როცა პატარა მიხაელი კერპენში ლამპიონს შეეჯახა, მშობლებმა მისი კარტინგის ტრეკზე წაყვანა გადაწყვიტეს, სადაც ის კლუბის ყველაზე ახალგაზრდა წევრი გახდა. როლფმა კიდევ ერთი კარტინგი აუწყო და 9 წლის ასაკში შუმახერმა კლუბის ჩემპიონის ტიტულიც მოიგო. კარიერის უზრუნველსაყოფად მამას მეორე სამსახურის დაწყება მოუწია. ის კარტინგების გაქირავებასა და შეკეთებაზე მუშაობდა, დედა კი ტრეკის ბუფეტში მოეწყო. მალე მიხაელს ახალი ძრავა დასჭირდა. მშობლებს ამის უზრუნველყოფა არ შეეძლოთ. ამ დროს კი მას ადგილობრივი ბიზნესმენები დაეხმარნენ. მიხაელის ძმა რალფი და მისი ნახევარძმა სებასტიან შტალიც ფორმულა 1-ის პილოტები იყვნენ.

კარტინგის მართვის უფლების მისაღებად, გერმანიაში სულ მცირე 14 წლის უნდა იყო. ამისთვის თავის ასარიდებლად, ეს უფლება შუმახერმა ლუქსემბურგში 12 წლის ასაკში აიღო.

მას შემდეგ, რაც კარტინგის გერმანიის ჩემპიონატი მოიგო, მართვის მოწმობა გერმანიაშიც მისცეს. მოგვიანებით მან სკოლა მიატოვა და მექანიკოსად მუშაობა დაიწყო.1989 წლიდან კი ფორმულა 3-ში მონაწილეობდა. სწორედ აქედან იღებს სათავეს მისი და მიკა ჰაკინენის მეტოქეობა.

გერმანელი, თავისი ნიჭის გამო, მალევე შეამჩნიეს. მას ექსტრემალურ პირობებშიც კი ყველაზე სწრაფი წრეების დაფიქსირება შეეძლო. ის ყოველთვის ბოლიდის და  საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებდა. წვიმაში მიხაელი საუკეთესო იყო. წვიმიან ამინდში მან 30-დან 17 რბოლა მოიგო. გულშემატკივრები და მედია გერმანელს "Regenkönig" (რეგენქიონიგს - წვიმის მეფეს) ან "Regenmeister" (რეგენმაისტერს - წვიმის მასტერს) უწოდებდნენ.  

შუმახერის დებიუტი ფორმულა 1-ში „ჯორდანის“ გუნდში 1991 წლის ბელგიის გრან პრიზე შედგა. მან დროებით ჯორდან გაჩოტი ჩაანაცვლა, რომელიც ორი თვით ციხეში მოხვდა.

მოგვიანებით, შუმახერის „ბენეტონში“ გამოჩენას დიდი ხმაური მოჰყვა. ედი ჯორდანს ახალგაზრდა ტალანტის თავის გუნდში დატოვება უნდოდა. შუმახერის მენეჯერთანაც თითქოს ყველაფერი გარკვეული იყო. ჯორდანმა სასამართლოში ჩივილი გადაწყვიტა, მაგრამ, რადგან კონტრაქტი ხელმოწერილი არ იყო, ვერაფერს გახდა.

1991 წლის სეზონი გერმანელისთვის წარმატებული არ ყოფილა. სეზონი მხოლოდ 4 ქულით დაასრულა. მისი საუკეთესო შედეგი კი მეხუთე ადგილი იყო.

1992 წელს მისი გადაბირება ახლადშექმნილმა „ზაუბერის“ გუნდმა სცადა, თუმცა, შუმახერმა „ბენეტონში“ დარჩენა გადაწყვიტა.

მექსიკის გრან პრიზე შუმახერი პირველად ავიდა პოდიუმზე. მან მესამე ადგილი დაიკავა. ბელგიის გრან პრიზე კი პირველი გამარჯვება მოიპოვა და საერთო ჩათვლაში 53 ქულით მესამე ადგილზე გავიდა.

ახალგაზრდა პილოტი მედიის ყურადღების ცენტრში მალევე მოხვდა. გერმანელი სკანდალში გაეხვა. 1991 წელს შუმახერი Sportscar World Championship-ში „ზაუბერით“ მონაწილეობდა. ნიურბურგრინგზე ის კვალიფიკაციის დროს დერეკ უორვიკს შეეჯახა. უორვიკი გერმანელის დამოკიდებულებამ ძალიან გააბრაზა და შუმახერს „ზაუბერის“ პიტში დაედევნა. ფიზიკური ძალადობისგან შუმახერი იოხენ მასმა იხსნა.

1994 წელს მიხაელის ნიჭი და შრომა დაფასდა. შუმახერმა მსოფლიო ჩემპიონის პირველი ტიტული მოიპოვა. მიუხედავად ამისა, მას ეს წელი არც თუ ისე კარგად უნდა დამახსოვრებოდა. მიხაელი ლეგენდარული აირტონ სენას გარდაცვალების თვითმხილველი გახდა.

შუმახერს და „ბენეტონს“ რეგულაციების დარღვევაში ადანაშაულებდნენ. აირტონ სენა იმ სეზონში ძალიან შეშფოთებული იყო. ის შუმახერის გამარჯვებებს წესების დარღვევას აწერდა. მისი გუნდელი, დეიმონ ჰილი იხსენებდა, რომ, მას შემდეგ, რაც პასიფიკ გრან პრიზე რბოლის შეწყვეტა მოუწია და შუმახერის ბოლიდმა ჩაუარა, სენა ამტკიცებდა, რომ გერმანელის ბოლიდიდან ძრავის „უცნაური“ ხმა გაიგონა. FIA-მ მოთხოვნა გამოაქვეყნა, რომ გუნდებს გერმანიის გრან პრიმდე ზომები მიეღოთ. რადგან, ზოგიერთ ბოლიდში უკანონო დამხმარე სისტემები აღმოაჩინეს, რომელიც დაძვრასა და მოჭიდების კონტროლზე დადებითად აისახებოდა. თუმცა, კონკრეტულად ვერაფერი დამტკიცდა. შუმახერს გამარჯვება ჩაეთვალა და მიხაელმა თავისი ტიტული აირტონ სენას მიუძღვნა.

„როცა აირტონ სენა დაიღუპა, დაკრძალვას არ დავესწარი. დიდხანს ვიფიქრე, სწორად ვიქცეოდი თუ არა და მიხვდი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ის ჩემთვის ძალიან ძვირფასი იყო. მე კი არ მსურდა მენახა, როგორ დაასაფლავებდნენ’. - თქვა მან.

წლების შემდეგ გერმანელს ჰკითხეს, ვინ იყო მათ შორის საუკეთესო:

„სენას ავარია ჩემი წინა ხედვის კამერითაა გადაღებული“. - ასე უპასუხა გერმანელმა შეკითხვას.

1995 წელს ტიტული წარმატებულად დაიცვა. მეორე ადგილზე მყოფ დეიმონ ჰილს 33 ქულით გაუსწრო. ამ სეზონმა გულშემატკივრებს თავი სწორედ ამ ორი პილოტის დაპირისპირებით დაამახსოვრა. გერმანელის და ჯონი ჰერბერტის წყალობით, „ბენეტონის“ გუნდმა კონსტრუქტორთა თასი პირველად მოიგო. შუმახერი კი ფორმულა 1-ს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა 2-გზის მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

1995 აგვისტოში მიხაელ შუმახერმა კორინა ბეტშზე იქორწინა. მოგვიანებით მათ ორი შვილი ჯინა მარი და მიკი ეყოლათ.

„მუდმივად მჭირდება თანამგზავრი. მინდა, რომ საყვარელი ადამიანი ყოველთვის გვერდით იყოს. რბოლის დროსაც კი, როცა მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობ, ხშირად მახსენდება მეუღლე. კორინა ჩემთვის ყველაფერია!“ - ამბობდა გერმანელი ოჯახზე საუბრისას.

1996 წელს შუმახერი „ფერარიში“ გადავიდა. „ბენეტონთან“ მის კონტრაქტს ჯერ ვადა არ ჰქონდა გასული. გერმანელმა კონტრაქტი დაარღვია. სკუდერია მას ორ წელიწადში $60 მილიონ დოლარს სთავაზობდა. 1 წლის შემდეგ, „ფერარიში“ „ბენეტონის“ გუნდის დიზაინერი რორი ბირნი და ტექნიკური დირექტორი როს ბრაუნიც გადავიდნენ.

სწორედ, შუმახერი, ბირნი, ბრაუნი და ჟან ტოდი გახდნენ „ფერარის“ დიდებული გამარჯვებების შემოქმედები. მსოფლიოს სამ გზის ჩემპიონის - ჯეკი სტიუარტის თქმით, „ფერარის“ ტრანსფორმაცია შუმახერის დიდი დამსახურება იყო.

1996 წელს შუმახერმა პილოტების ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა. მისი წყალობით კი „ფერარი“ კონსტრუქტორთა ჩემპიონატის სიაში მეორე ადგილას აღმოჩნდა. მან სამ რბოლაში გამარჯვების მოპოვება შეძლო. ეს იყო მეტი, ვიდრე „ფერარიმ“ 1991-1995 წლებში მოახერხა. თუმცა, „ფერარის“ ბოლიდი სანდოობით არ გამოირჩეოდა. გერმანელმა 16-დან 6 რბოლის დასრულება ვერ შეძლო. პირველი გამარჯვება „ფერარის“ ბოლიდით ესპანეთის გრან პრიზე მოიპოვა, როცა წვიმაში მართვის საოცარი უნარები გამოამჟღავნა.

„ეს არ იყო რბოლა. ეს იყო გენიალურობის დემონსტრაცია“. - თქვა ესპანეთის გრან პრის შემდეგ ლეგენდარულმა სტირლინგ მოსმა.

1997 წელს შუმახერის მთავარი კონკურენტი „უილიამსის“ გუნდის პილოტი ჟან ვილნევი იყო. სეზონის დასაწყისში ვილნევი ლიდერობდა. მოგვიანებით, ლიდერობა შუმახერმა მოიპოვა და ბოლო რბოლაზე მათ შორის განსხვავება მხოლოდ ერთი ქულა იყო. შუმახერის ბოლიდმა გამაგრილებელი სითხე გაჟონა, რამაც მის ბოლიდს ძალა დააკარგვინა. შეიძლებოდა რბოლა ვერც კი დაესრულებინა. როცა მას ვილნევი მიუახლოვდა, გერმანელმა ავარიის პროვოცირება სცადა. ვილნევი უვნებელი გადარჩა, შუმახერს კი რბოლის დასრულება მოუწია. ვილნევმა ტიტული მოიგო, შუმახერს კი არასპორტული საქციელისთვის ჩემპიონატიდან დისკვალიფიკაცია მისცეს.

ფორმულა 3-ში დაწყებული დაპირისპირება 1998 წლის სეზონში გაგრძელდა. ტიტულისთვის მთავარი კონკურენტი მიკა ჰაკინენი იყო. იმ სეზონში ჰაკინენს კარგი დასაწყისი ჰქონდა. პირველი ორი რბოლა მოიგო. სეზონის მეორე ნახევარში „ფერარის“ მდგომარეობა გაუმჯობესდა. შუმახერმა 6 რბოლა მოიგო. ბოლო ორ რბოლაში ფინელმა გაიმარჯვა და ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.

სპაზე შუმახერი მძიმე წვიმაში რბოლას დიდი უპირატესობით იგებდა. ის მეორე წრეზე დევიდ ქულთარდს დაეწია. შოტლანდიელმა, შუმახერის გასატარებლად ბოლიდი შეანელა. გერმანელი კი მას შეეჯახა. პიტებში დაბრუნების შემდეგ, შუმახერი, ქულთარდს გაეკიდა და მკვლელობის მცდელობაში დაადანაშაულა. ხუთი წლის შემდეგ, შოტლანდიელმა აღიარა, რომ ეს ავარია მისი შეცდომა იყო. შეიძლება ითქვას, რომ მისი ეს შეცდომა იმ წელს შუმახერს ტიტულის ფასად დაუჯდა.

შუმახერისა და ჰაკინენის სანახაობრივი დაპირისპირება 1999 წელსაც გაგრძელდა. ბრიტანეთის გრან პრიზე შუმახერის ავარია მისი ფეხის მოტეხვით დასრულდა. გერმანელი რბოლას 98 დღით გამოეთიშა. ამ პერიოდში ის მიკა სალოთი ჩაანაცვლეს. შუმახერი მალაიზიის გრან პრიზე დაბრუნდა. გამარჯვება ამ სეზონშიც ჰაკინენს დარჩა. მოგვიანებით, შუმახერმა თქვა, რომ ჰაკინენი იყო კონკურენტი, რომელსაც ყველაზე მეტად აფასებდა.

„ფერარის“ და გერმანელი პილოტის თანამშრომლობა გაგრძელდა. 2000-2004 წლები „ფერარისთვის“ ნამდვილი ოქროს ხანა იყო. ეს არის წლები, როცა ამ გუნდმა და თვითონ მიხაელ შუმახერმა ისტორია გადაწერა. დაამყარა ახალი, იმ დრომდე წარმოუდგენელი რეკორდები.

ჰაკინენთან ბრძოლის შემდეგ, როგორც იქნა, გერმანელის გამარჯვების დროც დადგა. სეზონი შუმახერისთვის კარგად დაიწყო, თუმცა, შუა სეზონში ზედიზედ სამმა ფინიშის ხაზის ვერ გადაკვეთამ გერმანელის შანსები შეამცირა. ჰაკინენი ჩემპიონატში მიუახლოვდა. იტალიის გრან პრიში შუმახერი 41 გამარჯვებით ლეგენდარულ აირტონ სენას გაუთანაბრდა. პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვაზე, ნიშნავდა თუ არა ეს მისთვის ბევრს, შუმახერმა ემოციები ვერ დამალა და ატირდა.

საბოლოოდ, ტიტულის საკითხი იაპონიაში გადაწყდა. რბოლა ჰაკინენის სასარგებლოდ მიდიოდა. მეორე პიტ სტოპის შემდეგ კი შუმახერმა მდგომარეობა შემოატრიალა და რბოლა მოიგო. ეს იყო მისი პირველი გამარჯვება „ფერარიში“, ჯამში კი მესამე ტიტული.

2001 წელს მიხაელ შუმახერი დომინირებდა, გამარჯვება სხვა ოთხმა პილოტმაც მოიპოვა, მაგრამ თანაბრად მაღალ დონეს ვერც ერთი მათგანი აჩვენებდა. „წითელმა ბარონმა“ რეკორდული 9 რბოლა მოიგო და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული სეზონის დასრულებამდე 4 რბოლით ადრე მოიპოვა. ამ სეზონში ყველაზე საინტერესო კანადის გრან პრი აღმოჩნდა, რომელშიც მიხაელის მთავარი კონკურენტი მისი ძმა, რალფ შუმახერი იყო. რალფი პირველზე გავიდა, მიხაელი მეორეზე. ეს იყო პირველი შემთხვევა ფორმულა 1-ის ისტორიაში, როცა ძმები პოდიუმის პირველ-მეორე პოზიციაზე აღმოჩნდნენ. აღსანიშნავია, ბელგიის გრან პრიც. შუმახერმა 52-ე გამარჯვება მოიპოვა და ალენ პროსტის ყველაზე ბევრი გამარჯვების რეკორდი მოხსნა.

2002 წელს შუმახერის გამარჯვებისთვის ბრძოლაში კონკურენტი მისივე გუნდელი. რუბენს ბარიკელო იყო. „ფერარი“ შუმახერს დაუფარავად ანიჭებდა უპირატესობას, რაც გულშემატკივრებს აღიზიანებდა.

მოგვწონს ეს თუ არა, გუნდის ბრძანებები ფორმულა 1-ის მნიშვნელოვანი ნაწილია. 2002 წლის ავსტრიის გრან პრის დროს რუბენს ბარიკელომ ბოლო წრეებზე, გუნდის ბრძანების გამო, თავისი ბოლიდი შეანელა და შუმახერი გაატარა. გამარჯვება გერმანელმა მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველა წესსა და რეგულაციაში ჯდებოდა, ამ ფაქტმა გულშემატკივრების გაბრაზება მაინც გამოიწვია. ბევრი მათგანი მიიჩნევდა, რომ ამ რბოლაში გერმანელს გამარჯვების მიცემა არ სჭირდებოდა. რადგან, მას 6-დან 4 რბოლა მოგებული ჰქონდა და თანაც იმ კვირაში ბარიკელო საუკეთესოდ ასპარეზობდა. პოდიუმის პირველ საფეხურზე ასულმა შუმახერმა ბარიკელო მეორე საფეხურიდან აიყვანა და გვერდით დაიყენა, რის გამოც „ფერარი“ მილიონი დოლარით დააჯარიმეს. ამერიკის გრან პრიზე კი გერმანელმა ფინიშის ხაზთან ახლოს შეანელა და ბარიკელოს 0.011 წამით მოაგებინა. ეს იყო ფორმულა 1-ის ისტორიაში მეორე ყველაზე ახლო დრო პირველ და მეორე ადგილებს შორის. ამის შემდეგ FIA-მ გუნდისგან ისეთი ბრძანებები აკრძალა, რომლებიც რბოლის შედეგზე გავლენას მოახდენდა. ეს შეზღუდვა 2011 წლიდან მოიხსნა. 

იმ სეზონში გერმანელმა 11 რბოლაში გაიმარჯვა და ყველა რბოლის შემდეგ პოდუმზე იდგა. ტიტულების რაოდენობით, კი ლეგენდარულ ხუან მანუელ ფანხიოს გაუტოლდა.  

„რბოლას იგებ და შემდეგი რბოლა კითხვის ნიშნის ქვეშაა. ეს გამოწვევაა. ყოველ ჯერზე უნდა დაამტკიცო, რომ საუკეთესო ხარ“. - ამბობდა მიხაელი და ასეც აკეთებდა.

2003 წელს შუმახერმა საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა. ეს სეზონი მისთვის შედარებით კონკურენტუნარიანი აღმოჩნდა. ის ჩემპიონატში ფორმულა 1-ის ახალგაზრდა ვარსკვლავ კიმი რაიკონენს 16 ქულით ჩამორჩა. სეზონის შუაში „უილიამსის“ პილოტები, რალფ შუმახერი და ხუან პაბლო მონტოია დომინირებდნენ. სეზონის შუაში FIA-მ საბურავების სიგანის გაზომვის წესის შეცვლა გადაწყვიტა. Michelin-ს (მიშლენს), რომელიც „უილიამსსა“ და „მაკლარენს“ ამარაგებდა, საბურავის დიზაინის შეცვლა მოუწია. შუმახერს „ბრიჯსტოუნის“ საბურავები ჰქონდა. მან ამ საბურავებით ორი რბოლა მოიგო. ამერიკის შეერთებული შტატების გრან პრიზე მონტოია დააჯარიმეს, რამაც ის ჩემპიონობისთვის ბრძოლიდან გამოთიშა. შუმახერს ახლა მხოლოდ რაიკონეთან უწევდა მეტოქეობა. ბოლო, იაპონიის გრან პრიზე შუმახერს 1 ქულა სჭირდებოდა, რაიკონენს გამარჯვება. გერმანელი მერვე ადგილზე გავიდა, საჭირო ქულა მოიპოვა და მეექვსე ტიტულიც გაიფორმა.

„რეკორდები იმისთვის არსებობს, რომ მოიხსნას“. - ამბობდა გერმანელი და საკუთარ შედეგებს აუმჯობესებდა. 2004 „წითელმა ბარონმა“ კიდევ რამდენიმე რეკორდი დაამყარა. მან სეზონის პირველ 13 რბოლაში 12-ში გაიმარჯვა. მან რეკორდული მეშვიდე ტიტული მოიპოვა და ასევე რეკორდული 148 ქულა დააგროვა.

2005 წელს წესები შეიცვალა. ახალი სეზონის წესებით საბურავებს მთელი რბოლისთვის უნდა გაეძლო. ეს იმ გუნდებს, რომლებიც „მიშლენის“ საბურავებით სარგებლობდა, უპირატესობას ანიჭებდა. როგორც ჩანს, ბევრს „ფერარის“ დომინაცია მობეზრდა და ამ მცდელობამ შედეგი გამოიღო.

„ჩემს თავზე დამოკიდებული აღარ ვარ. ეს დაბლაგვებული იარაღით ბრძოლას ჰგავს. როცა შენი იარაღი სუსტია, შენ შანსი არ გაქვს. - თქვა შუმახერმა სან მარინოს გრან პრის შემდეგ.

„ფერარის“ დომინირება დასრულდა. შუმახერი ჩემპიონატში მესამე ადგილზე გავიდა.

2006 წელი შუმახერის ბოლო წელი იყო „ფერარიში“. ამ სეზონმა გულშემატკივრებს თავი მისი და ფერნანდო ალონსოს ლეგენდარული მეტოქეობით დაამახსოვრა. წარმატებული არც ეს წელი გამოდგა. თუ არ ჩავთვლით ერთ მნიშვნელოვან რეკორდს: სან მარინოში შუმახერმა 66-ე პოლ პოზიცია მოიპოვა, რითაც აირტონ სენას 12-წლიანი რეკორდი მოხსნა.

2006 წლის მონაკოს გრან პრის კვალიფიკაციის დროს შუმახერის ბოლიდი მოსახვევში გაჩერდა და კუთხე ნაწილობრივ ჩაკეტა. სეზონში მისი მთავარი კონკურენტი ფერნანდო ალონსო კვალიფიკაციის ბოლო წრეზე იყო. შუმახერი ამტკიცებდა, რომ მისი ბოლიდი შემთხვევით გაჩერდა. ალონსო კი დარწმუნებული იყო, რომ, ეს ავარია რომ არ მომხდარიყო, პოლ პოზიციას თვითონ დაიკავებდა. სტიუარდებმა პოლ პოზიცია გერმანელს ჩამოართვეს და მას რბოლის დაწყება ბოლო ადგილიდან მოუწია.

იაპონიის გრან პრიზე შუმახერი ჩემპიონატში ლიდერობდა. გერმანელს ძრავამ უმტყუნა და რბოლა ვერ დაასრულა. ამან ალონსოს 10-ქულიანი უპირატესობა მისცა. სეზონის დასრულებამდე მხოლოდ ერთი რბოლა იყო დარჩენილი. შუმახერს პირველი ადგილი და ალონსოს რბოლის ვერ დასრულება სჭირდებოდა.

ბრაზილიის გრან პრიმდე შუმახერმა საკუთარი დამარცხება უკვე აღიარა. რბოლამდე ცერემონიაზე ლეგენდარულმა ფეხბურთელმა პელემ მას ჯილდოდ ფორმულა 1-ში დამსახურებისთვის გადასცა.

ბრაზილიის გრან პრიზე რბოლას გერმანელი მეათე პოზიციიდან იწყებდა. ჯანკარლო ფიზიკელასთან ბრძოლის დროს მისი ბოლიდი დაზიანდა და 19-ე ადგილზე გადაინაცვლა. საბოლოოდ, გერმანელმა ფიზიკელას და რაიკონენსაც გაუსწრო და მეოთხე ადგილი დაიკავა. მართალია, ტიტული წააგო, მაგრამ კრიტიკოსების გულიც კი მოიგო. ამ რბოლას აფასებდნენ, როგორც გმირულს. ეს იყო სანახაობა, რომელიც მის გენიალური კარიერის აჯამებდა, მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, თუ როგორ შეიძლება დამარცხებული მრბოლელი გამარჯვებულზე სწრაფი იყოს. „შუმის“ ავტორიტეტი იმდენად ძლიერი იყო, რომ ამ რბოლაზე მისმა კონკურენტმა BMW-ს გუნდმა უკანა ფრთაზე პატივისცემის ნიშნად “Danke Michael”  წარწერა გამოსახა.

2006 წლის იტალიის გრან პრის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ შუმახერი კარიერას დაასრულებდა. ეს მისი და „ფერარის“ თანამშრომლობის დასრულებას არ ნიშნავდა. შუმახერს გუნდის ახალი აღმასრულებელი დირექტორის ჟან ტოდის ასისტენტობა შესთავაზეს. ის გუნდს პილოტების შერჩევაში უნდა დახმარებოდა. „ფერარიმ“ გერმანელის გამოცდილება საგზაო ავტომობილების განვითარებისთვისაც გამოიყენა.

2009 წლის 21 ივნისს გერმანელი პილოტი TopGear-ში გამოჩნდა. Stig-მა ჩაფხუტი პირველად მოიხსნა და ის მიხაელ შუმახერი აღმოჩნდა. მოგვიანებით ჯერემი კლარკსონმა განმარტა, რომ შუმახერი შოუს რეგულარული სტიგი არ იყო. ის იქ იმიტომ აღმოჩნდა, რომ უნიკალური შავი   Ferrari FXX-ის მართვის უფლება, რომელიც შოუში მონაწილეობდა, სხვას არავის მისცეს. 

2009 წლის დეკემბერში გულშემატკივრებმა სასიხარულო ამბავი შეიტყვეს. შუმახერი ფორმულა 1-ში ბრუნდებოდა და თანაც „მერსედესის“ გუნდში! მისი გუნდელი ახალგაზრდა პილოტი ნიკო როზბერგი იქნებოდა. შუმახერმა 20 მილიონი ევროს ღირებულების 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. 2010 წელს მიხაელი უკვე 41 წლის იყო.

„როცა 14 წელი ერთ გარემოში ხარ, ის შენზე დიდ გავლენას ახდენს. „ფერარი“ ყოველთვის ჩემთან დარჩება. ჩემი გულის ნაწილი ყოველთვის წითელი იქნება“. - თქვა მან.

გერმანელმა ბრაზილიელების რისხვა კიდევ ერთხელ დაიმსახურა. 2010 წლის უნგრეთის გრან პრიზე ბარიკელომ სწორ მონაკვეთზე შუმახერისთვის გასწრება სცადა. შუმახერმა მას საკმარისი სივრცე არ დაუტოვა, რის გამოც ის 290კმ/სთ სიჩქარით სიარულისას კინაღამ ბეტონის კედელს შეეჯახა.

„ეს ყველაზე ცუდი რამ იყო, რაც შემთხვევია. ამისთვის სპეციალური წესი არ არსებობს, მაგრამ ყველა პილოტმა ვიცით, რომ ასეთ შემთხვევაში სივრცე უნდა დავტოვოთ. სულ ესაა“. - თქვა მან.

შუმახერი კი ამტკიცებდა, რომ მან ბრაზილიელს საკმარისი სივრცე დაუტოვა. კომენტატორებმა და ყოფილმა პილოტებმა შუმახერი მკაცრად გააკრიტიკეს. ამჟამად უკვე სტიუარდს - დერეკ უორვიკს, როგორც ჩანს, ძველი წყენა დავიწყებული არ ჰქონდა და გერმანელისთვის შავი დროშის ჩვენებას მოითხოვდა. მისი აზრით, ეს ახალგაზრდა პილოტებისთვის კარგი გაკვეთილი იქნებოდა, მაგრამ შუმახერმა მხოლოდ შემდეგ რბოლაზე 10 წამიანი ჯარიმა მიიღო. შუმახერმა ეს გადაწყვეტილება არ გააპროტესტა და ბოდიშიც კი მოიხადა.

ეს წელი „მერსედესის“ გუნდისთვის წარმატებული არ გამოდგა. შუმახერი 72 ქულით მეცხრე ადგილზე გავიდა. ეს იყო პირველად 1991 წლის შემდეგ, როცა შუმახერმა სეზონი გამარჯვების, პოლ პოზიციის, პოდიუმის და ყველაზე სწრაფი წრის გარეშე დაასრულა.

2011 წელს 7-გზის მსოფლიო ჩემპიონმა შედეგის გაუმჯობესება მხოლოდ 4 ქულით და ერთი პოზიციით შეძლო.

„როგორღაც ჩემი დაბერება გადავდე. როგორც ჩანს, კარგი გენები მაქვს“. - ამბობდა შუმახერი და  გულშემატკივრებს ამას უმტკიცებდა კიდეც. 2012 წელს რამდენიმე წარუმატებელი რბოლის შემდეგ, შუმახერი ევროპის გრან პრიზე პოდიუმზე აღმოჩნდა. მან მესამე ადგილი დაიკავა. ის გახდა ყველაზე დიდი ასაკის პილოტი, რომელიც პოდიუმზე აღმოჩნდა. მაშინ ის 43 წლისა და 173 დღის იყო. კიდევ ერთი რეკორდი გერმანიის გრან პრიზე დაამყარა, როცა თავის კარიერაში 77-ე ყველაზე სწრაფი წრე დააფიქსირა.

შუმახერი თავის მომავალზე ფორმულა 1-ში ჩამოყალიბებული არ იყო. ამან ის გამოიწვია, რომ მოგვიანებით გერმანელი, ბრიტანელი მსოფლიო ჩემპიონით - ლუის ჰამილტონით ჩაანაცვლეს. 2012 წლის ოქტომბერში შუმახერმა ავტოსპორტიდან წასვლაზე განცხადება გააკეთა.

შემდეგ კვირას კი მან თქვა:

„ბოლო თვეებში იყო მომენტი, როცა რბოლაში მონაწილეობის ან გრან პრისთვის მზადების სურვილი არ მქონდა“.

მისი 21-წლიანი ბრწყინვალე კარიერა 2012 წელს ბრაზილიის გრან პრიზე დასრულდა. ამ რბოლაში მან მეშვიდე ადგილი დაიკავა და მისი ბოლო სეზონი 13-ე პოზიციაზე დაასრულა. ეს დღე ფორმულა 1-ის გულშემატკივრებისთვის ძალიან ემოციური იყო.

შუმახერის ერთ-ერთი ჰობი ფეხბურთის თამაშიც იყო და ეს საკმაოდ კარგადაც გამოსდიოდა. ის ადგილობრივ გუნდში - ეხიხენსში თამაშობდა. ის ხშირად საქველმოქმედო თამაშებში მონაწილეობდა და ორგანიზებასაც უწევდა. 2013 წელს ლეგენდარული გერმანელის მიხაელ ბალაკის გაცილებაზე მიხაელ შუმახერმაც ითამაშა. ამ თამაშიდან შესული თანხა მთლიანად საქველმოქმედო ფონდს გადაერიცხა.

2013 წელს ალპებში შვილ მიკთან ერთად ალპებში სრიალებდა. გერმანელი დაეცა და თავი ქვას დაარტყა. რომ არა ჩაფხუტი, ის ადგილზე გარდაიცვლებოდა. მან თავის სერიოზული ტრავმა მიიღო. ირონიულია, მაგრამ ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში რბოლებით სიცოცხლეს საფრთხეში იგდებდა, დასვენების დროს დაშავდა. შუმახერი კომაში ჩავარდა. მას შემდეგ ოჯახი გერმანელის ჯანმრთელობის მდგომარეობას არ ასაჯაროებს. თუმცა, რამდენიმე მცირე დეტალი პერიოდულად მაინც ხდება ცნობილი.

2014 წელს შუმახერი კომიდან გამოვიდა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერ კიდევ ძალიან მძიმე იყო.  ცნობილი გახდა, რომ ის პარალიზებული დარჩა და ეტლით გადაადგილდებოდა. 2015 წელს მისმა მენეჯერმა საბინე კემმა განაცხადა, რომ მისი მდგომარეობა მცირედით უმჯობესდებოდა. 

2016 წელს ადვოკატმა ფელიქს დამმა თქვა, რომ, გავრცელებული ჭორები მცდარი იყო და  შუმახერს სიარული ჯერ კიდევ არ შეეძლო. ავარიის შემდეგ გადაღებული პირველი პაპარაცული ფოტო 1 მილიონ ევროდ გაიყიდა.

2019 წელს ჟან ტოდმა შუმახერების ოჯახის გულშემატკივრებს იმედისმომცემი ინფორმაცია შეატყობინა. გერმანელის ჯანმრთელობის მდგომარეობა პროგრესს განიცდიდა, თუმცა მას კომუნიკაცია ჯერ კიდევ ძალიან უჭირდა. ისიც დაამატა, რომ შვეიცარიაში სახლში შუმახერს რბოლების ყურება შეეძლო.

2019 წელს კი შუმახერი პარიზის ერთ-ერთ საავადმყოფოში ოპერაციის ჩასატარებლად ჩაიყვანეს. საავადმყოფოს თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ლეგენდარული პილოტი გონზე იყო.

ოჯახი ლეგენდარული პილოტის ჯანმრთელობის მდგომარეობას მკაცრად ასაიდუმლოებს, თუმცა, ყველასთვის ცნობილია, რომ შუმახერს კუნთების ატროფია და ოსტეოპოროზი სჭირს.

სანამ მიხაელ შუმახერი გადარჩენისთვის იბრძვის, მას მთელი მსოფლიო ერთსულოვნად გულშემატკივრობს. მსოფლიო ჩემპიონის 7 ტიტული, 91 მოგებული რბოლა, 77 ყველაზე სწრაფი წრე და 13 გამარჯვება ერთ სეზონში - ეს არის ისტორია რიცხვებში, რომელიც მიხაელ შუმახერმა დაწერა. ფორმულა 1-ს მოყვარულებს არასდროს დაავიწყდებათ მისი დამსახურება ამ ავტოსპორტისა და „ფერარის“ გუნდის წინაშე. ლუის ჰამილტონი, რომელიც მის რეკორდებს ყოველ დღე აუმჯობესებს, ამბობს, რომ ბავშვობაში მიხაელს უყურებდა და ოცნებობდა, რომ როდესმე მის გვერდით იდგებოდა. გერმანელი პილოტი ყოველთვის იყო და იქნება მისაბაძი მაგალითი თანამედროვე და მომავალი მსოფლიო ჩემპიონებისთვის. მიხაელის მსგავსი ხისტი ხასიათი, უშიშარი ბუნება, გამარჯვების წყურვილი, ეს ის თვისებებია, რაც პილოტებს ჩემპიონებად აქცევს. ვნახოთ, როგორ შეძლებს მიკ შუმახერი მამის მემკვიდრეობის ღირსეულად მიღებას. ტიტულს კი ბევრი მოიპოვებს, მაგრამ შუმახერის გვარი სამუდამოდ სიჩქარის სინონიმად დარჩება.

გაზიარება: