Aa Aa
6 აპრილი 2021  |  17:35

პილოტი წითელი წიგნიდან: კიმი რაიკონენის ისტორია

„ფორმულა 1-ში ნამდვილი მამაკაცები აღარ არიან“ - ამბობდა ნიკი ლაუდა და ძნელია არ დაეთანხმო. დღევანდელი მსოფლიო ჩემპიონები ბევრად განსხვავდებიან იმ პილოტებისგან, რომლებიც ამ სპორტის ისტორიაში წარმატებას სიკვდილის და სიცოცხლის ზღვარზე აღწევდნენ. განსხვავებული იყო მათი ცხოვრების სტილიც. დღევანდელი მსოფლიო ჩემპიონი „მოდურად“ იცვამს და გარემოს დაცვაზე ზრუნავს. ძველ პილოტებს კი მსგავსი საკითხები ნაკლებად ადარდებდათ. ტიპური პილოტის კარგი მაგალითია 1976 წლის სეზონის ჩემპიონი ჯეიმს ჰანტი: თავზეხელაღებული, უდისციპლინო და მექალთანე. დღეს ასეთი პილოტები თითქმის აღარ არიან. თითქმის იმიტომ, რომ ფორმულას ჯერ კიდევ ჰყავს კიმი რაიკონენი, რომელსაც წვეულებები ძალიან უყვარს. პილოტი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მხოლოდ ერთხელ მოიგო, მაგრამ მის გენიალურობაში ეჭვი არავის ეპარება. ყინულის კაცი არის ფორმულა 1-ის პილოტი წითელ წიგნში, ეს კი მისი ისტორიაა:

კიმი რაიკონენი 1979 ესპოოში, ფინეთში დაიბადა. ამ ქვეყანამ მსოფლიო ავტოსპორტს ბევრი პილოტი აჩუქა: იუჰა კანკუნენი, არი ვატანენი, ჰანუ მიკოლა, ტომი მაკინენი, მიკა ჰაკინენი და მრავალი სხვა. ამ უდიდესი სახელების გვერდით მოხსენიების დამსახურება ძალიან რთულია. კიმიმ ეს შეძლო და ბევრისთვის ის ამ ლეგენდებში გამორჩეულიც კია.

ოთხი წლის ასაკში, რაიკონენმა უთხრა დედას, ერთ დღეს მე მსოფლიოს ჩემპიონი გავხდები. არ ვიცი რომელ სპორტში, მაგრამ აუცილებლად გავხდებიო. მას შემდეგ პატარა კიმიმ ბედი სპორტის ბევრ სახეობაში სცადა: სნოუბორდში, ველოსპორტში, ფეხბურთში.

რბოლებში მონაწილეობა კი 1988 წლიდან დაიწყო. 1995 წელს კარტინგის „ფორმულა ა“-ში კლასში პირველი რბოლა ჩაატარა  და პირველი ადგილიც მოიპოვა.

კიმიმ სხვადასხვა კლასის რბოლებში იზეიმა გამარჯვება და 2000 წელს ბრიტანეთის ფორმულა „რენოს“ ჩემპიონი გახდა, იმის მიუხედავად, რომ მხოლოდ 10 ეტაპში მონაწილეობად.

მისმა ნიჭმა ფორმულა 1-ის გუნდების მფლობელების ყურადღება მაშინვე მიიპყრო. ფორმულას კლასში გამოცდილების არქონის გამო, ფორმულა 1-ის გუნდში მისი აყვანა არ სურდათ.

„როცა ბავშვი ვიყავი, რბოლებს ვუყურები ხოლმე. ყველა მრბოლელობაზე ოცნებობდა. მე ამაზე ფიქრი მხოლო 18-19 წლის ასაკში დავიწყე, მანამდე კი აზრს ხშირად ვიცვლიდი“. - იხსენებს კიმი რაიკონენი.

კიმი რაიკონენის ფორმულა 1-ში გამოჩენას გულშემატკივრები პეტერ ზაუბერს უნდა უმადლოდენ, რომელმაც ახალგაზრდა ფინელი პილოტი გამოსცადა. თავისი ნიჭით მან ფორმულა 1-ის სპეციალისტები და მაშინ ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონი მიხაელ შუმახერი გააოცა. „წითელმა ბარონმა“  მისი ტესტირების ყურებისას განაცხადა, რომ ფინელი ოდესმე მსოფლიო ჩემპიონი გახდებოდა. შემდეგ იყო ფორუმი რაიკონენის ფორმულაში მიღების საკითხზე. იმის მიუხედავად, რომ საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტმა მაქს მოსლიმ ხმა მის წინააღმდეგ მისცა, რაიკონენმა საკმაო რაოდენობის ხმები დააგროვა და 2001 წელს ფორმულა 1-ში მოხვდა.

მისი პირველი სეზონი საშუალო დონის გუნდში თითქმის სენსაციური აღმოჩნდა. რაიკონენმა ორჯერ მოახერხა მე-4 ადგილზე გასვლა, საბოლოოდ 9 ქულა დააგროვა და  სეზონი მე-10 ადგილზე დაასრულა. დიდმა გუნდებმა კიმის თავისთან გადაყვანის სურვილი მაშინვე გამოხატეს. ამ გუნდებს შორის იყო ორი გრანდი „ფერარი“ და „მაკლარენი“, თუმცა რაიკონენი ხვდებოდა, რომ „ფერარიში“ გადასვლით ის, შუმახერის გვერდით, მეორე ნომერი იქნებოდა. „მაკლარენმა“ კი მისაღები პირობები შესთავაზა. ის დევიდ კულთარდთან თანაბარ პირობებში იქნებოდა. გუნდში რაიკონენმა ასევე ლეგენდარული ფინელი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი - მიკა ჰაკინენი შეცვალა.

2003 წელი ვუნდერკინდი ფინელისთვის წარმატებული აღმოჩნდა. მან მთლიან ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა და მიხაილ შუმახერთან მხოლოდ ორი ქულით წააგო.

2004 წლის 31 ივლისს, 24 წლის ასაკში რაიკონენმა იქორწინა 22 წლის ჯენი დალმანზე, 2000 წლის მის სკანდინავიაზე. მათი ურთიერთობა 2014 წელს განქორწინებით დასრულდა.

2005 წელს კიმი ისევ მეორე ადგილას გავიდა. ამჯერად მან ტიტული ესპანელ ფერნანდო ალონსოსთან დათმო. ფინელი პილოტის ნიჭში უკვე ეჭვი აღარავის ეპარებოდა. ერთ დღეს რაიკონენი მსოფლიო ჩემპიონი გახდებოდა.

„მაკლარენის“ გუნდში წარმატებას თან ახლდა მუდმივი ტექნიკური გაუმართაობები, რაც ფინელს თავის შესაძლებლობების ბოლომდე გამომჟავნების უნარს არ აძლევდა. სწორედ ეს გახდა გუნდის დატოვების მთავარი მიზეზი. თანაც მისით „ფერარი“ კიდევ ერთხელ დაინტერესდა.

2006 წლის იტალიის გრან პრის შემდეგ, „ფერარიმ“ განაცხადა, რომ 2007-2009 წლებში კიმი რაიკონენი მათი პილოტი იქნებოდა. ის გუნდში ფელიპე მასას შეუერთდა. ამაზე კიმიმ განაცხადა, რომ ცვლილებებით ბედნიერი იყო და „მაკლარენს“ მომავალში წარმატებას უსურვებდა.

2007 წელი კიმი რაიკონენმა საუკეთესოდ დაიწყო. მან ავსტრალიის რბოლაზე გამარჯვება მოიპოვა. ეს გამარჯვება „ფერარისთვისაც ბევრს ნიშნავდა. ეს იყო პირველად 1989 წელს ნაიჯელ მანსელის გამარჯვების შემდეგ, როცა „ფერარის“ პილოტმა რბოლა მოიგო.

მთლიანობაში კი სეზონი ძალიან დაძაბული აღმოჩნდა. კიმის ლუის ჰამილტონთან და ფერნანდო ალონსოსთან ტიტულისთვის ბრძოლა მოუწია.

ტიტულისთვის გადამწყვეტი ავარიებით სავსე ბრაზილიის გრან პრი გამოდგა. პოლ პოზიციაზე ფელიპე მასა იდგა. მას ჰამილტონი მოყვებოდა, შემდეგ იდგა რაიკონენი და ალონსო. სტარტზე ფინელმა ბრიტანელს გაუსწრო და მასას უკან აღმოჩნდა. ჰამილტონს ალონსომაც გაასწრო. მსოფლიოში ყველაზე უიღბლო პილოტ ფელიპე მასას იმ სეზონში ჩემპიონობის შანსი აღარ ჰქონდა. გუნდისთვის რაიკონენის გამარჯვება ბევრად მნიშვნელოვანი იყო. მასას სტრატეგიის წყალობით, რაიკონენმა ლიდერობა შეინარჩუნა და ჩემპიონის ტიტულის მოგება მხოლოდ 1 ქულის სხვაობით შეძლო. თუმცა ჰამილტონისა და ალონსოსგან განსხვავებით, მას 6 - ყველაზე მეტი გამარჯვება ჰქონდა.

ფინელის ტიტული კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, როცა სტიუარდებმა ნიკო როზბერგის, რობერტ კუბიცასა და ნიკ ჰაიდფელდის წინააღმდეგ საწვავის რეგულაციების შესაძლო დარღვევის შესახებ გამოძიება დაიწყეს. დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, ჰამილტონი ბრაზილიის გრან პრის შედეგებში მეშვიდე ადგილიდან მეოთხეზე გადაინაცვლებდა და ტიტული მას დარჩებოდა. საბოლოოდ, სანქციების მიღება საჭირო არ გახდა. „მაკლარენმა“ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ მიაღწია. დაძაბული სეზონის შემდეგ, ტიტული კიმი რაიკონენს დარჩა. ეს იყო ფინელი პილოტისა და „ფერარის“ გუნდისთვის დიდი და მნიშვნელოვანი გამარჯვება.

შემდეგი წლები ნაკლებად წარმატებული გამოდგა. 2009 წელს „ფერარიმ“ გამოაცხადა, რომ რაიკონენი გუნდს ტოვებდა, მიუხედავად იმისა, რომ მას კონტრაქტი 2010 წლამდე ჰქონდა გაფორმებული. ის ფერნანდო ალონსოთი ჩაანაცვლეს. „მაკლარენმა“ მისი გადაპირება სცადა, მაგრამ მოლაპარაკებები ჩაიაშალა.

რაიკონენმა ფორმულა 1-დან წავიდა, მაგრამ ავტოსპორტისთვის თავის დანებება არც უფიქრია. ბედი რალიში სცადა. მისი დებიუტი რალის მსოფლიო ჩემპიონატში 2009 წელს ფინეთში შედგა.

ჯორდანის რალის გუნდში კი მისი პირველი ქულები მოიპოვა. ის გახდა პირველი ადამიანი კარლოს როიტმანის შემდეგ, ვინ ფორმულა 1-სა და რალიში ქულები მოიპოვა.

„რალიში შესაძლოა ყველა მოსახვევი იმისგან განსხვავებული იყოს, როგორიც წარმოგედგინა. სწორედ ამიტომაა საინტერესო“. - თქვა კიმიმ.

2010 წელს გადამდგარმა 4-გზის მსოფლიო ჩემპიონმა იუჰა კანკუნენმა ფინეთის რალიში მიიღო მონაწილეობა. მან თქვა, რომ თუ რაიკონენი მის დამარცხებას ვერ შეძლებდა, მაშინ მას ერჩივნა ფორმულა 1-ში დაბრუნებულიყო. რაიკონენს ავარია მოუვიდა და დამარცხდა.

18 სექტემბერს საფრანგეთის რალიში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

მთლიანობაში 2019 წლის სეზონში 25 ქულა მოიაგროვა და ჩემპიონატში მეათე აგილი დაიკავა.

2011 წლისთვის მან თავისი გუნდით ICE 1 Racing-ით სცადა ბედი. ის Citroen DS3-ს მართავდა. ამ სეზონში მან სულ 34 ქულა მოიპოვა. მიუხედავად შედეგის გაუმჯობესებისა, ის მაინც მეათე ადგილზე აღმოჩნდა.

„რალი ჩემს კარიერიაში მნიშვნელოვანი საფეხური იყო, მაგრამ ამ ბოლო დროს ფორმულა 1-ს წყურვილს, ვეღარ ვუმკლავდები“. - მოგვიანებით თქვა კიმიმ და უკვე გასაგებიც იყო ყველასთვის, რომ ის ამ სპორტს დაუბრუნდებოდა.

2011 წელს ბედი ნასკარშიც სცადა, მაგრამ ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.

„როცა წელს ბედი ნასკარში ვცადე, მივხვდი, რომ რბოლის ყველაზე მნიშვნელოვანი მხარე, ერთმანეთთან რბოლა მენატრებოდა. რალიში კი დროს ებრძვი“.

2012 წელს ყინულის კაცი, ბევრისთვის სასიხარულოდ, ფორმულა 1-ში, „ლოტუსის“ გუნდში დაბრუნდა.

„მიხარია, რომ 2-წლიანი შესვენების შემდეგ, ფორმულაში დავბრუნდი. ამ შესაძლებლობის გამო, „ლოტუსის“ გუნდის ძალიან მადლობელი ვარ“. - თქვა მან.

მადლიერების მიზეზიც ჰქონდა. დაბრუნება წარმატებული გამოდგა. 2012 წლის სეზონში კიმიმ მესამე ადგილი დაიკავა. ავსტოსპორტის ფრანგულმა ვებგვერდმა ის წლის საუკეთესო პილოტადაც კი დაასახელა.

2013 წელს გამოაცხადეს, რომ კიმი რაიკონენმა „ფერარისთან“ 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. 2014 წლიდან პილოტებს უფლება ჰქონდათ ბოლიდისთვის სასურველი ნომერი აერჩიათ. კიმიმ 7 ნომერი აირჩია. ნომერი, რომლითაც „ლოტუსში“ გამოდიოდა.

„ეს ნომერი უკვე მაქვს და შეცვლის მიზეზს ვერ ვხედავ“. - თქვა მან.

დადგა პირად ცხოვრებაში ცვლილებების დროც. რაიკონენი მოდელ მინა-მარი „მინტუ“ ვირტანენზე დაინიშნა. 2016 წელს მათ იტალიაში, სიენაში იქორწინეს. დღეს მათ ორი შვილი ჰყავთ და მინტუ კიმის ყველაზე ერთგული გულშემატკივარია.

საუკეთესო შედეგი ფინელმა პილოტმა „ფერარისთან“ თანამშრომლობის ბოლო წელს აჩვენა.

Räikkönen-მა 39 წლის ასაკში 2018 წლის ამერიკის გრან პრი მოიგო. ის გახდა ყველაზე ასაკოვანი გამარჯვებული 1994 წელს ნაიჯელ მენსელის შემდეგ. ასევე ეს იყო მისი პირველი გამარჯვება 2013 წლის ავსტრალიის გრან პრის შემდეგ და პირველი მოგებული რბოლა ჰიბრიდულ ერაში. მან ორი რეკორდი დაამყარა: ყველაზე მეტი (113) რბოლა გამარჯვებებს შორის და ყველაზე დიდი შუალედი პირველ და ბოლო გამარჯვებას შორის (5691 დღე). ამ სეზონში კიმი მესამე ადგილას გავიდა. კიმი რაიკონენი დღემდე ბოლო პილოტია, რომელმაც „ფერარისთან“ ერთად ჩემპიონის ტიტული მოიგო.

2018 წელს Sauber-მა გამოაცხადა, რომ კიმი შემდეგი სეზონიდან მათ გუნდს შეუერთდებოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ რაიკონენისა და „ფერარის“ თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა. 2019 წლის სეზონისთვის გუნდს სახელი შეუცვალეს - Alfa Romeo Racing. 

„ფერარის“ ძრავიან ბოლიდს ტემპი აკლია. ფინელი პილოტი და მისი მეწყვილე ანტონიო ჯოვინაცი რბოლას ძირითადად ათეულს მიღმა ასრულებენ.

„კიმი ავტოსპორტის ლეგენდაა და ბედნიერი ვარ, რომ მისი გუნდელი ვარ. ყოველ წელს ფიქრობენ, რომ კიმისთვის ბოლო იქნება, მაგრამ ის ჩვენს გაკვირვებას არ წყვეტს“. - ამბობს ანტონიო ჯოვინაცი, რომელიც ერთ-ერთია იმ რამდენიმე ადამიანთაგან, ვისთანაც ფინელს ნორმალური ურთიერთობა აქვს.

2020 წელს კი აიფელის გრან პრიზე კიმიმ ახალი რეკორდი დაამყარა. ყველაზე მეტი - 323 სტარტი ფორმულა 1-ის ისტორიაში. კიმი ამ რეკორდსაც ცივი გონებით შეხვდა.

„რეკორდს მნიშვნელობა არ აქვს. ამ რბოლისთვის მეც ისევე ვემზადები, როგორც ნებისმიერი სხვა“. - აღნიშნა ჟურნალისტებთან სიტყვაძუნწმა პილოტმა.

თუმცა, ეს შედეგები არ არის იმის მიზეზი რის გამოც კიმი რაიკონენი ლეგენდაა. მისი ცივი და გულწრფელი დამოკიდებულება, რამდენად გასაკვირიც უნდა იყოს, გულშემატკივრებს მოსწონთ. არ არსებობს ადამიანი, რომელიც კიმი რაიკონენს პატივს არ ცემს.

„ფორმულა 1 მედიის გარეშე სამოთხე იქნებოდა“. -ამბობს კიმი და მისი ეს დამოკიდებულება თითქმის ყველა ინტერვიუში ჩანს:

რომელია ყველაზე ამაღელვებელი მომენტი რბოლის დღეს?

როგორც წესი, ეს სტარტია ხოლმე.

ყველაზე მოსაბეზრებელი?

ახლა!

2006 წლის ბრაზილიის გრან პრის შემდეგ, მარტინ ბრანდლმა ჰკითხა კიმის, რატომ გამოტოვა ცერემონია, რომელიც ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელ პელეს მიჰყავდა. რაზეც კიმიმ ასე უპასუხა:

"I was having a shit“.

ბევრისთვის ჩაფხუტი იდენტობის და გრძნობების გამოხატვის საშუალებაა. მაგალითად, კობი ბრაინტის გარდაცვალების შემდეგ, დენიელ რიკიარდომ ჩაფხუტი მისი ხსოვნის საპატივსაცემოდ შექმნა. და რას ფიქრონბ კიმი ჩაფხუტზე?

„ის ჩემს თავს იცავს! - ამბობს კიმი.

„მაკლარენში“ ყოფნის დროს რონ დენისმა რაიკონენს „ყინულის კაცი“ უწოდა და ამისთვის მას ბევრი მიზეზი ჰქონდა. გარდა ფინეთის ცივი კლიმატისა, რაიკონენი რბოლის დროს ცივსისხლიანი იყო. თანამშრომლებთანაც და სხვა პილოტებთანაც მას ცივი დამოკიდებულება ჰქონდა. კიმიმ ერთხელ თქვა: „მე აქ იმიტომ არ ვარ, რომ სხვებს ვასიამოვნო. აქ იმისთვის ვარ, რომ ყველაფერი გავაკეთო, რაც შემიძლია“.

მისი უცნაურობები მედიასთან ცუდი დამოკიდებულებით არ სრულდება. კიმი საოცრად მშვიდია. ფორმულა 1-ში დებიუტამდე მას ნახევარი საათით ჩაეძინა.

2009 წლის დროებით შეჩერებული მალაიზიის გრან პრის დროს კი ის ნაყინს მიირთმევდა.

ერთ-ერთი იშვიათი ინტერვიუს დროს კიმიმ აზრი გამოთქვა, რომ „ფორმულა 1-ში პოლიტიკა უკვე დიდ როლს თამაშობდა და ეს სისულელე იყო“. იმავე სტატიაში კი „ლოტუსის“ ხელმძღვანელმა ერიკ ბულიემ თქვა, რომ რაკონენი, ყოველთვის რასაც უნდა იმას აკეთებდა.

2006 წლის მონაკოს გრან პრის დროს ფინელის ბოლიდი გაფუჭდა და მას რბოლის დასრულება დროზე ადრე მოუწია. კიმი არ დაიბნა, პირდაპირ მის იახტაზე წავიდა და ჯაკუზიში ჩაწვა.

რაიკონენის რადიოები განხილვის თემა ხშირად ხდება. ფორმულა 1-დან მისი წასვლის შემდეგ მისი რადიოები ერთ-ერთი იქნება, რაც გულშემატკივრებს მოენატრებათ. 2012 წლის აბუ დაბის გრან პრიზე მას ფერნანდო ალონსოს ტემპზე ინფორმაცია მიაწოდეს. „თავი დამანებეთ, ვიცი რასაც ვაკეთებ“. - უპასუხა კიმიმ. როგორც ჩანს, ფინელი იმ დღეს ძალიან გაღიზიანებული იყო. გუნდს კიდევ ერთხელ შეუტია, როცა უთხრეს, რომ საბურავებში წნევა შეემოწმებინა. „კი, კი.. ამას სულ ვაკეთებ.. არაა საჭირო ყველა 10 წამში შემახსენოთ“.  

რბოლის შემდეგ კიმი არაერთხელ გააკრიტიკეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, მას ბოდიშის მოხდა არც უფიქრია. ხმები დადიოდა, რომ კიმიმ ამ წარწერებით მაისურები მთელი გუნდისთვის დაბეჭდა და დაურიგა, მაგრამ მოგვიანებით ეს ჭორი უარყვეს.

„ფერარის“ გუნდში კიმის ინტერვიუები ერთ სიტყვამდე, უფრო სწორად შორისდებულამდე დავიდა: „ბვოაჰ“ - პასუხობდა კიმი ყველა შეკითხვაზე. თუმცა, ეს გასაკვირი არც არის. მის გუნდს მისთვის რბოლისთვის სასმელი წყლის დამონტაჟება და საჭის მიცემაც კი ავიწყდებოდა.

თუმცა იყო დასამახსოვრებელი მომენტიც. 2017 წლის ესპანეთის გრან პრიზე კიმი რბოლას პირველივე წრეზე გამოეთიშა. კადრში გამოჩნდა პატარა ბიჭი. რომელიც ფინელს გულშემატკივრობდა და ავარიის შემდეგ ტიროდა. „ფერარიმ“ ბიჭის ოჯახი იპოვა და კიმისთან შესახვედრად დაპატიჟა. ფინელმა პილოტმა პატარა გულშემატკივართან ფოტოები გადაიღო და საკუთარი 7-ნომრიანი კეპიც აჩუქა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, რაიკონენი კოლეგებთან კარგი დამოკიდებულებით არ გამოირჩევა. როგორც ჩანს ლაუდას აზრს კიმიც იზიარებს. ბოლო დროს მან ლუის ჰამილტონსაც კი დასცინა. მან თავის ინსტაგრამ გვერდზე ორი სურათი გამოქვეყნა. ერთ-ერთზე ჯეიმს ჰანტი და ლუის ჰამილტონი ჩანდა, წარწერით, ფორმულა 1-ის პილოტის განვითარება. ამით, მან ლუის ჰამილტონის ჩაცმულობის სტილს დასცინა. მეორე სურათში კი თვითონ ჩანდა, ნასვამი და სიგარეტით ხელში, რომელსაც ეწერა, რომ იმედი ჯერ კიდევ არსებობდა. რა თქმა უნდა, ის ამის გამოც გააკრიტიკეს, მაგრამ ეს მას არ ადარდებს.

კიმი რაიკონენი თავს ბოლო იმედად მიიჩნევს. ის არის პილოტი წითელი წიგნიდან. ერთადერთი ადამიანი ტრასაზე, რომელიც იმ შეხედულებებს და ცხოვრების სტილს იზიარებს, რომლებმაც წლების წინ სხვა პილოტები ლეგენდად აქცია. ის მთლიანად რბოლაზეა კონცეტრირებული. „ფორმულა 1-ში ერთადერთი, რაც მომწონს, მართვაა“.- ამბობს ის. მას არ ადარდებს პოლიტიკა, შოუ და არავის გულის მოგებას არ ცდილობს. ჯეიმს ჰანტის მსგავსად, წვეულებებზე უარს არც ის ამბობს. საზოგადოებაში ხშირად ნასვამიც ჩნდება. რა თქმა უნდა, ეს პილოტისთვის მაინცდამაინც სახარბიელო არ არის, მაგრამ მას სხვების აზრი ნაკლებად ადარდებს. სწორედ ამ ყველაფრის გამო, უკვე დიდი ხანია ნამდვილი ლეგენდაა და ისტორიაშიც ასე ჩაიწერება.

გაზიარება: