Aa Aa
6 თებერვალი 2021  |  17:57

მე ნიკი ლაუდა ვარ

„ფორმულა 1-ს არასაჭირო რისკის გამო ბევრი აკრიტიკებს, მაგრამ რა იქნებოდა ცხოვრება თუ მხოლოდ იმას გავაკეთებდით, რაც საჭიროა?“

- ნიკი ლაუდა

 

ვენაში მცხოვრებ ლაუდების ოჯახს 1949  წლის 22 თებერვალს ახალი წევრი - ანდრეას ნიკოლაუს (ნიკი) ლაუდა შეემატა. ოჯახის მამა ერნსტ-პეტერი და ბაბუა ჰანსი ცნობილი ბიზნესმენები იყვნენ. თუმცა ნიკი ბიზნესით არ დაინტერესებულა.

15 წლის იყო, როცა 1949 წლის VW Beetle შეიძინა, რომლითაც, როგორც თვითონ ამბობდა, „ყოველგვარ სიგიჟეს“ აკეთებდა. მის შესაძენად, ლაუდა სატვირთო ავტომობილის მეორე მძღოლად მუშაობდა.

მშობლებს უნდად, რომ ნიკი მათ საქმიანობას გაჰყოლოდა, მას კი სხვა გეგმები ჰქონდა. მისი ოცნება ავტომრბოლელობა იყო. როცა ნიკიმ მშობლებს საკუთარი სურვილი გაუმხილა, მას დიდი წინააღმდეგობა შეხვდა. მამამ მას მკაცრად უთხრა, დიდი განათლება იმისთვის არ მომიცია, რომ მრბოლელი გამოსულიყავი, მრბოლელები „შეშლილი უტვინოები“ არიანო. ნიკი წინააღმდეგობას არ შეუშინდა. საკუთარი ოცნებისთვის ბრძოლა განაგრძო და უპასუხა, რომ მამას შეეძლო არ დახმარებოდა, მაგრამ ამას მაშინ ინანებდა, როცა ჟურნალ-გაზეთების ფურცლების პირველ გვერდებზე თასით ხელში დაინახავდა.

სახლიდან წამოვიდა, ბანკიდან 2 მილიონი ავსტრიული შილინგი სესხი აიღო და ფორმულა 2-ის „მარჩის’’ საჯინიბოში ადგილი იყიდა, სადაც იგი არა მხოლოდ კარგი პილოტობით, არამედ  კონსტრუქტორობის უნიკალური ნიჭით გამოირჩეოდა.

მისი ნიჭიერება, საოცარი დისციპლინა, რომელიც მაშინდელ მრბოლელებს ნაკლებად ახასიათებდათ, ავტომობილის და საქმის სიყვარული შეუმჩნეველი არავისთვის ყოფილა. მათ შორის არც ლეგენდარული ენცო ფერარისთვის, რომელმაც, პილოტი კლეი რეგაცონის რჩევით, 1974 წელს ნიკი „ფერარიში“ აიყვანა. ასე მოხვდა ავსტრიელი ფორმულა 1-ის სამყაროში.  მას ზედმეტსახელად, გარეგნული მსგავსების გამო,  ვირთხა შეარქვეს. ეს ნიკის არასდროს აღიზიანებდა. მისი თქმით, ვირთხები ძალიან ჭკვიანი არსებები არიან, რადგან მათ თვითგადარჩენის ინსტინქტი აქვთ განვითარებული.

ლაუდამ ფერარის  იმედები არ გაუცრუა  და 1975 წელს პირველად დაიპყრო მსოფლიო ჩემპიონის ტიტული. სეზონი რთულად დაიწყო. პირველ ოთხ რბოლაში მეხუთე ადგილი საუკეთესო შედეგი იყო. თუმცა, შემდეგ ზედიზედ 4 რბოლა მოიგო. მან ტიტული იტალიის გრან პრიზე მესამე ადგილზე გასვლით გაიფრომა. პირველად, ბოლო 11 წლის განმავლობაში, „ფერარიმ“ კონსტრუქტორების თასი მოიგო.  ლაუდა თავის ყველა ჯილდოს ადგილობრივ ავტოფარეხს აძლევდა იმის სანაცვლოდ, რომ მისი ავტომობილი გაერეცხათ და მასზე ეზრუნათ.

თუმცა, მას მსოფლიოში ყველაზე კარგად იმის გამო იცნობენ, რაც 1976 წლის პირველ აგვისტოს მოხდა, როცა იგი ჩემპიონობაში მის მთავარ კონკურენტს, „მაკლარენის“ ბრიტანელ პილოტ ჯეიმს ჰანტს მისდევდა.

ჯეიმს ჰანტი ფორმულა 1-ის სამყაროში ცნობილი იყო, როგორც უდისციპლინო, თავაშვებული და ქალების მოყვარული მრბოლელი, თუმცა, ის ყველას უყვარდა.  მაშინ, როცა ნიკის ბევრი მეგობარი არ ჰყავდა, რადგან თავისუფალ დროს სახლში ატარებდა. აბსოლუტური სიზუსტით იცავდა დისციპლინას, ფიქრობდა მხოლოდ რბოლასა და ბოლიდზე. იგი იყო რეალისტი, რასაც ხშირად პესიმისტობასა და დილეტანტობაში უთვლიდნენ.

„იმ დროს მე ერთადერთი ვიყავი, ვისაც ბოლიდი აინტერესებდა. რაც უფრო სრულყოფილია ის, მით უფრო სწრაფი ხარ. ეს სხვა მრბოლელებს არ ესმოდათ და მათ შორის არც ჯეიმსს. ჩემთვის წარმოუდგენელი იყო რბოლამდე გართობა და დალევა. ეს ყველაფერი მრბოლელს რბოლაზე აბსოლუტურ კონცენტრაციაში ხელს უშლის.“ - ამბობდა ნიკი ლაუდა.

1976 წლის ნიურბურგრიგნის გრან პრიზე ლაუდა რბოლის გაუქმებას ითხოვდა. გერმანიაში გადაუღებლად წვიმდა. ეს ტრასა კი მსოფლიოში ყველაზე საშიშია და რბოლისთვის იდეალურ ბუნებრივ პირობებს მოითხოვს.  სხვა მრბოლელებმა, ჰანტის მეთაურობით, მის ბოიკოტს მხარი არ დაუჭირეს. რბოლა შედგა. მეორე წრეზე წვიმაში ნიკის ბოლიდი მოუცურდა და ბარიკადს შეეჯახა. მისი ბოლიდი ცეცხლის ალში გაეხვა. ლაუდა იქ აღმოჩნდა გამომწყვდეული. მრბოლელები, რომლებმაც დაინახეს მისი ავარია, გადმოვიდნენ მანქანებიდან და ნიკის გადმოყვანა სცადეს. სანამ ამას შეძლებდნენ, ლაუდა ცოცხლად იწვოდა. ტოქსიკურმა გაზებმა მისი სახე დააზიანა. ყველაზე დიდი დაზიანება მისმა ფილტვება მიიღო. ნიკიმ საავადმყოფოში გაიღვიძა, სადაც ფილტვებზე ურთულეს მკურნალობას უტარებდნენ. ამასობაში კი ტელევიზიით ადევნებდა თვალს, როგორ იგებდა მისი კონკურენტი ჩემპიონატს. ამან მას სწრაფად გამოჯანმრთელებისთვის უდიდესი სტიმული მისცა. სულ რაღაც 6 კვირის შემდეგ, ყველასთვის მოულოდნელად, ის ტრასაზე დაბრუნდა. პირველად იტალიის გრან პრის პრესკონფერენციაზე გამოჩნდა. მაშინ სახის ჭრილობები ჯერ კიდევ არ ჰქონდა შეხორცებული. თავზე წითელი კეპი ეხურა, რომელიც მას შემდეგ მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. იმოლას ტრასაზე, მიუხედავად ურთულესი ფიზიკური მდგომარეობისა,  მეოთხე ადგილი დაიკავა და სატურნირო ცხრილის სათავეში კვლავ მოექცა.

-„მახსოვს, როცა იტალიის გრან პრიზე სახეზე საშინელი დამწვრობებით დავბრუნდი, როცა მარჯვენა ყური მთლიანად დამწვარი მქონდა, სხვებისგან ზიზღს ვგრძნობდი. როცა თვალს ვუსწორებდი, თვითონ თვალს მარიდებნენ. მხოლოდ იმაზე ფიქრობდნენ, რა საშინელება იმალებოდა წითელი კეპის ქვეშ. მაშინ მივხვდი, რომ ეს სახე სხვებში ყოველთვის მსგავს რეაქციას გამოიწვევდა.“ - იხსენებდა ჩემპიონი.

1976 წლის სეზონის ბოლო რბოლა იაპონიაში იყო. კვლავ გადაუღებლად წვიმდა. რბოლის დაწყებიდან მალევე ნიკიმ გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. ეს იყო უდიდესი ენცო ფერარისთვის სახეში სილის გარტყმა. ფერარისთვის ერთადერთი წესი არსებობდა: - „მოკვდი ტრასაზე, მაგრამ არასდროს გადადგე.“  ნიკი მის წესს არ დაემორჩილა. ბევრმა ეს მას სიმხდალედ ჩაუთვალა, მეორე ნაწილმა გმირობად, რადგან ის ერთადერთი იყო, ვინც ფერარისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეძლო.

1976 წლის სეზონი ჯეიმს ჰანტმა მოიგო. ლაუდამ ფაქტობრივად საკუთარი ხელით ჩააბარა ჩემპიონობა. ამან ნიკისა და ენცო ფერარის შორის ურთიერთობა დაძაბა. ნიკის არასდროს უნანია ეს გადაწყვეტილება, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ფორმულა 1-ის სამყარო მას და ჰანტს მტრებად მიიჩნევდა, იგი ძალიან დიდ პატივს სცემდა ჯეიმსს, რომელიც ლაუდას ბრძოლის მოტივაციას მატებდა.

„როცა გადავდექი, ყველას ვუთხარი, რომ პრობლემა ბოლიდში არ იყო. პრობლემა ჩემში იყო. იაპონიამ ნიურბურგრინგი გამახსენა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მე და ჯეიმსს მტრებად გვთვლიდა, ღმერთია მოწმე, რომ მე იგი მომწონდა. ძალიან დიდ პატივს ვცემდი და გულიც ძალიან დამწყდა, როცა გავიგე რომ ის 45 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.“ - ამბობდა ნიკი და ეს სიტყვები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის ხასიათს და იმ ფაქტს, რომ მას მართლაც კარგად ესმოდა, „ბრძენი კაცი მტრისგან უფრო მეტს ისწავლის, ვიდრე სულელი მეგობრისგან.“

როგორც ამბობენ, კარიერის დაწყების დროს ნიკის და ჯეიმსს ერთად ჰქონდათ 1 ოთახიანი ბინა ნაქირავები ლონდონში და ახლო მეგობრობა აკავშირებდათ.

1976 წელს ნიკი ლაუდამ მარლენ კნაუსზე იქორწინა. 1991 წელს ეს ქორწინება განქორწინებით დასრულდა. მათ ორი შვილი შეეძინათ: მათიასი და ლუკასი. მათიასი მრბოლელია, ლუკასი კი მისი მენეჯერია.

1977 წლის სეზონში ლაუდამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. თუმცა, „ფერარის“ გუნდში თავს არაკომფორტულად გრძნობდა. იაპონიის გრან პრიზე გადადგომის შემდეგ,  ენცო ფერარისთან ურთიერთობა გაუფუჭდა და არც თავისი ახალი გუნდელი როიტმანი მოსწონდა. როიტმანი იყო ის ადამიანი, ვისითაც 1976 წელს მისი ავადმყოფობის დროს ჩანაცვლება მოინდომეს. ლაუდა ფიქრობდა, რომ „ფერარიმ“ უღალატა.

-„ჩვენ ვერასდროს ვიტანდით ერთმანეთს. იმის მაგივრად, რომ ჩემთვის სტრესი მოეხსნათ, მათ კარლოს როიტმანის გუნში მოყვანით ჩემზე წნეხი გაზარდეს“.  - ამბობდა ლაუდა.

წლის ბოლოს ავსტრიელმა გუნდიდან წასვლის განცხადება გააკეთა. ტიტულის მოგების შემდეგ, გუნდი სეზონის დასრულებამდე, ამერიკის გრან პრიზე დატოვა.

1978 წელს Brabham-Alfa Romeo-ს გუნდს შეუერთდა. მისი ხელფასი 1 მილიონი დოლარი იყო. ამ სეზონში ლაუდამ 14 რბოლიდან 9 რბოლა ვერ დაასრულა. 1879 წლის სეზონიც წარუმატებელი აღმოჩნა. ბოლოს ნიკიმ გუნდის მფლობელ ბერნი ეკლსტოუნს განუცხადა, რომ „რომ აღარ უნდოდა ეს სულელური წრეებზე სიარული გაეგრძელებინა“.

ამის შემდეგ ლაუდამ 3 წლით შეისვენა. ხელი ბიზნესმენობას მიჰყო. 1979 წლის აპრილში მან Lauda Air დააარსა. თავდაპირველად კომპანია საჰაერო ტაქსის სახით ვენის აეროპორტიდან ფუნქციონირებდა. 1990 წელს კომპანიამ საერთაშორისო ფრენებზე ლიცენზია მიიღო. პილოტის სავარძელში ლაუდაც ჯდებოდა ხოლმე. მისი ავსტრიული აქცენტის გაგონებაზე თვითმფრინავის მგზავრებს გული სიხარულით ევსებოდათ.  2012 წელს კი Lauda Air Austrian Airlines-სთან  გაერთიანდა. ლაუდა სამ ავიაკომპანიას ფლობდა: Lauda Air, Niki და Laudamotion. 

1982 წელს ავსტრიელი ფორმულა 1-ში დაბრუნდა. ის „მაკლარენის“ გუნდის პილოტი გახდა და 1984 წელს ბოლო - მესამე ტიტული მოიპოვა. ჩემპიონობისთვის ბრძოლაში მისი მთავარი კონკურენტი მისივე გუნდელი ალენ პროსტი იყო, რომელიც მხოლოდ 0.5 ქულით დაამარცხა. 1984 წელს ძლიერი წვიმის გამო, მონაკოს გრან პრი შეამოკლეს. ალენ პროსტმა პირველი ადგილი დაიკავა, მაგრამ 9 ქულის ნაცვლად, განახევრებული 4.5 ქულა დაუწერეს. ასე გახდა ნიკი ლაუდა პირველი პილოტი, რომელმაც ტიტული ორ უდიდეს გუნდში „ფერარისა“ და „მაკლარენში“ მოიგო.

მას შემდეგ, რაც 1985 წელს ფორმულა 1-დან ლაუდამ რბოლა შეწყვიტა, მისი გული მაინც ფორმულა 1-ში დარჩა. მისი უნარები გამოსადეგი აღმოჩნდა ჯერ „ფერარის“, შემდეგ „იაგუარის“ და ბოლოს „მერსედესის“ გუნდისთვის. ტოტო ვოლფისა და მისი მენეჯმენტის ქვეშ „მერსედესი“ საშუალო დონის გუნდიდან ჩემპიონატში დომინანტად იქცა. 

ლაუდამ 2009 წელს ერთ-ერთ გერმანულ გაზეთთან თავის ინტერვიუში ახსენა, რომ სარეკლამო სააგენტო, მას თავის ცნობილ წითელ კეპზე რეკლამის ადგილისთვის €1.2 მილიონს უხდიდა.

„მე მინდა ეს ჯილდო დამარცხებულებს მივუძღვნა, რადგან ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით, წაგებისგან უფრო მეტი ვისწავლე, ვიდრე გამარჯვებიდან“. - თქვა 3-გზის მსოფლიო ჩემპიონმა 2016 წელს ლორიესის დაჯილდოებაზე.

კარიერის განმავლობაში ლაუდამ 171 რბოლაში მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან 25 მოიგო და პოდიუმზე 54-ჯერ ავიდა.

ის რბოლებში მისი დროის ტალანტებთან ერთად მონაწილეობდა. ისეთებთან, როგორებიცაა ჯეიმს ჰანტი, ალენ პროსტი, ემერსონ ფიტიპალდი, ჟილ ვილნევი, კეკე როზბერგი და აირტონ სენა. ლაუდას ბოლო პოდიუმის სურათზე ის სწორედ პროსტისა და სენას გვერდით დგას. 

ცხოვრების მანძილზე ლაუდამ არაერთი ურთულესი ოპერაცია გადაიტანა, მათ შორის ორჯერ თირკმლის გადანერგვა, ხოლო 2018 წლის აგვისტოში ფილტვის. 2005 წელს ლაუდას იმჟამინდელმა მეგობარმა ქალმა ბორტგამცილებელმა ბრიჯიტ ვეტცინგემა ნიკი ლაუდას თირკმელი გადაუნერგა. ნიკის 1997 წელს ძმისგან უკვე ჰქონდა თირკმელი გადანერგილი. როცა გადანერგილმა ორგანომ მუშაობა შეწყვიტა, ოპერაციის გაკეთება თავიდან გახდა საჭირო. 2008 წელს წყვილმა იქორწინა. 2009 წელს ბრიჯიტს და ნიკის ტყუპები კრისტოფერი და მაქსი შეეძინათ.

ავტორბოლის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ავარიას გადაურჩა, მაგრამ სამგზის მსოფლიო ჩემპიონი თირკმელებმა იმსხვერპლა. ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, ბრიჯიტმა საზოგადოებას შეატყობინა, რომ ნიკი ლაუდა 70 წლის ასაკში ციურიხის საავადმყოფოში ძილში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალებით ფორმულა 1-ის სამყარომ კიდევ ერთი ლეგენდა დაკარგა.

„ჩვენი ვარსკვლავი ცაში“. - ასე გამოეხმაურა მერსედესის გუნდი ლაუდას გარდაცვალებას.

გაზიარება: