Aa Aa

ყველაზე დაუფასებელი მსოფლიო ჩემპიონის ისტორია: როზბერგი ჰამილტონის წინააღმდეგ

206 სტარტი, 23 გამარჯვება, 57 პოდიუმი, 30 პოლ-პოზიცია, 20 ყველაზე სწრაფი წრე, 1594.5 ქულა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული — ეს რიცხვები ფორმულა 1-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი პილოტის, ნიკო როზბერგის ანგარიშზეა.

ნიკო როზბერგი 1985 წლის 27 ივნისს ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონის, კეკე როზბერგის ოჯახში დაიბადა. მამა ფინელია, დედა — გერმანელი, ამიტომ ნიკო სხვადასხვა ჩემპიონატზე ხან ფინეთის, ხან კი გერმანიის სახელით მონაწილეობდა. ნიკო ავტომობილებს ძალიან მცირე ასაკიდან მართავდა. თითქოს მშობლები მას დაბადებიდანვე ფორმულა 1-ის ჩემპიონობისთვის ამზადებდნენ.

პატარა ნიკოს მამა თავზე ჩაფხუტს აფარებს, რომელსაც ზედ „ნიკო“ აწერია, და კარტინგში სვამს. დიდ ჩაფხუტში ბავშვი თითქმის აღარ ჩანს. კეკე როზბერგი შვილს სახურავიდან აკვირდება და დროებს ინიშნავს, შემდეგ კი შედეგებს ერთად განიხილავენ. 6 წლიდან ნიკო კარტინგის ჩემპიონატებში მონაწილეობდა. ის „ოქროს ბიჭუნა“ იყო — მსოფლიო ჩემპიონის ნიჭიერი შვილი, ქერა, ხვეული თმით.

მისი დებიუტი ფორმულა 1-ში „უილიამსის“ გუნდში 2006 წელს შედგა. მას იმ გუნდის სახელით ასპარეზობა უწევდა, რომლითაც მამამისმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიგო. ეს ორმაგი პასუხისმგებლობა იყო. ნიკო როზბერგი თითქოს ბავშვობიდან გრძნობდა გარკვეულ ვალდებულებას, რომ მამასავით მსოფლიო ჩემპიონი გამხდარიყო და მისთვის იმედი არ გაეცრუებინა.

2009 წელს ნიკო ხელახლა დაარსებულ „მერსედესის“ გუნდს შეუერთდა. გუნდი 2009 წლის გამარჯვებული „ბრაუნის“ ბაზაზე შეიქმნა და 2010 წელს უკვე „მერსედესის“ სახელით გამოვიდა. 2010-2013 წლებში „რედ ბული“ და სებასტიან ფეტელი დაუმარცხებლები იყვნენ — მათ ერთად მსოფლიო ჩემპიონის 4 ტიტული მოიგეს. 2013 წელს კი „რედ ბულის“ დომინირება დასრულდა და ნიკო როზბერგს ბავშვობის ოცნების ახდენის საშუალება მიეცა. „მერსედესი“ ძალიან სწრაფი იყო. ერთადერთი, ვინც მას ოცნების ასრულებაში ხელს უშლიდა, მისი ბავშვობის მეგობარი, ბრიტანელი ლუის ჰამილტონი იყო.  

 

ლეგენდარული დაპირისპირების დასაწყისი

ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველა ეპოქას ლეგენდარული დაპირისპირება ახსოვს. მაგალითად: ნიკი ლაუდა ჯეიმს ჰანტის წინააღმდეგ, ალენ პროსტი — აირტონ სენას წინააღმდეგ. ბოლო ათწლეულის ყველაზე საინტერესო დაპირისპირება კი „მერსედესის“ პილოტებს შორის გამოდგა. ნიკო როზბერგისა და ლუის ჰამილტონის მეტოქეობას ხშირად სენასა და პროსტის ლეგენდარულ დაპირისპირებას ადარებენ.

როგორც გუნდელებმა, მათ ერთად 78-დან 54 რბოლა მოიგეს. ჰამილტონმა 32-ჯერ გაიმარჯვა და პოდიუმზე 55-ჯერ ავიდა; კვალიფიკაციაში როზბერგზე წინ 42-ჯერ აღმოჩნდა. როზბერგმა 22-ჯერ გაიმარჯვა, პოდიუმზე ისიც 55-ჯერ იდგა და კვალიფიკაციაზე ჰამილტონს 36-ჯერ გაასწრო. ბრიტანელმა ტიტული ორჯერ მოიგო, როზბერგმა — ერთხელ. თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ ციფრებია და ყველაზე საინტერესო ისტორიები სწორედ ამ შედეგების მიღმა იმალება.

ნიკო როზბერგი მდიდარი მსოფლიო ჩემპიონის ოჯახში დაიბადა და მონაკოში იზრდებოდა. ლუის ჰამილტონი კი სტივენეიჯში დაიბადა და მამამისს ერთდროულად რამდენიმე სამსახურში უწევდა მუშაობა. ფორმულა 1-ის კომენტატორმა, უილ ბაქსტონმა, ამ ორი პილოტის მართვის სტილი შეადარა. მან ლუის ჰამილტონი დაახასიათა, როგორც უფრო სწრაფი, ნიკო როზბერგს კი ნაკლებად სწრაფი, მაგრამ უფრო ჭკვიანი უწოდა.

როზბერგმა კარტინგში მონაწილეობა 1991 წელს, 6 წლის ასაკში დაიწყო, ჰამილტონმა კი — 1993 წლიდან, 8 წლის ასაკში. 2000 წელს ისინი გუნდელები იყვნენ და Mercedes-Benz McLaren-ის სახელით Formula A-ში მონაწილეობდნენ. ჰამილტონმა ევროპის ჩემპიონატი მოიგო, როზბერგი კი მას სულ ცოტათი ჩამორჩა. რობერტ კუბიცა, რომელიც რბოლებში მათთან ერთად მონაწილეობდა, იხსენებს, რომ ბიჭები ერთმანეთს არა მხოლოდ ტრასაზე, არამედ პიცის ჭამაშიც კი ეჯიბრებოდნენ. მათმა კარტინგის ხელმძღვანელმა, დინო კიეზამ, აღიარა: მართალია, ჰამილტონი უფრო სწრაფი იყო, მაგრამ როზბერგს ანალიზის უნარი უკეთ ჰქონდა განვითარებული.

ბევრს სჯეროდა, რომ ანალიტიკური უნარის გამო ნიკო როზბერგი უფრო დიდ წარმატებას მიაღწევდა. მას მუხრუჭების, ენერგიისა და საწვავის კონტროლი კარგად გამოსდიოდა, თუმცა ჰამილტონის საბურავების კონტროლის უნარი ხშირად უფრო ეფექტური აღმოჩნდებოდა ხოლმე. ამის წყალობით გუნდს ოპტიმალური სტრატეგიის შედგენა შეეძლო. Sky Sports-ის ჟურნალისტი მარკ ჰიუჯსი ამბობდა: „როზბერგს უფრო მეცნიერული მიდგომა ჰქონდა, ჰამილტონი კი უბრალოდ ბალანსს პოულობდა და შემდეგ მართვის სტილთან ადაპტირდებოდა“.

მოგვიანებით ბავშვობის მეგობრების გზა გაიყო. ორივე პილოტს ფორმულა 1-მდე ღირსეული კარიერა ჰქონდა. 2002 წელს ნიკომ German Formula BMW მოიგო, 2004 წელს კი „უილიამსის“ გუნდის ბოლიდი ტესტირებისას პირველად მართა. 2005 წლის GP2-ის ჩემპიონატის (GP2 Series) მოგების შემდეგ, 2006 წელს როზბერგი „უილიამსის“ ძირითად პილოტად დაამტკიცეს.

ჰამილტონი კი 1998 წელს „მაკლარენის“ ახალგაზრდა პილოტთა მხარდაჭერის პროგრამას შეუერთდა. ეს მოხდა სამი წლის შემდეგ იმ დღიდან, როცა იგი პირველად „მაკლარენის“ ხელმძღვანელ რონ დენისს მიუახლოვდა და უთხრა, რომ ერთ დღეს მათი ბოლიდის პილოტობა სურდა. British Formula Renault-ში, Formula 3 Euro Series-სა და GP2-ის ჩემპიონატებში გამარჯვების შემდეგ, 2007 წელს მისი ოცნება ახდა და „მაკლარენის“ ფორმულა 1-ის გუნდში აიყვანეს. 2008 წელს ბრიტანელმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული პირველად მოიგო.

2013 წელი: ლეგენდარული დაპირისპირება

2013 წელს ბავშვობის მეგობრების გზა კიდევ ერთხელ გადაიკვეთა. ასე დაიწყო ბოლო ათწლეულის ყველაზე საინტერესო, დაძაბული და ინტრიგით სავსე დაპირისპირება — ბავშვობის მეგობრები მტრებად იქცნენ. 2012 წელს მედიაში დაიწყო სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ ლუის ჰამილტონი „მერსედესის“ გუნდში გადასვლას აპირებდა. ამ გადაწყვეტილების გამო ჰამილტონს ხშირად აკრიტიკებდნენ კიდეც.

2013 წელს „რედ ბული“ და სებასტიან ფეტელი კვლავ დომინანტები იყვნენ. „მერსედესის“ პილოტებმა გუნდს ჯამში 360 ქულა მოუტანეს. როზბერგი 171 ქულით მეშვიდე ადგილზე გავიდა, ჰამილტონი კი მეოთხეზე — 189 ქულით. ბრიტანელმა ერთი რბოლა (უნგრეთის გრან-პრი) მოიგო, ნიკომ კი — ორი (მონაკოსა და ბრიტანეთის).

გუნდელებს შორის დაძაბულობამ პირველად თავი 2013 წლის მალაიზიის გრან-პრიზე იჩინა. ნიკოს გუნდმა უბრძანა, რომ ჰამილტონის უკან, მეოთხე ადგილზე დარჩენილიყო. რბოლის შემდეგ ლუისმა კომენტარში თქვა, რომ პოდიუმზე მესამე ადგილს ნიკო იმსახურებდა. როზბერგმა თავი დაჩაგრულად იგრძნო — გუნდისთვის პრიორიტეტი ჰამილტონი აღმოჩნდა.

2014 წელი: პირველი ბრძოლა ტიტულისთვის

წინასწარი ტესტირებების შემდეგ, 2014 წელს „მერსედესის“ გუნდი ფავორიტად სახელდებოდა — „რედ ბულის“ დომინირება შეწყდა. გუნდებს ტურბო-ჰიბრიდული ძრავების გამოყენების უფლება მისცეს. სეზონის გამხსნელ, ავსტრალიისა და მალაიზიის რბოლებში როზბერგმა და ჰამილტონმა დომინანტური გამარჯვება მოიპოვეს.

მათი პირველი ნამდვილი დაპირისპირება 2014 წლის ბაჰრეინის გრან-პრიზე შედგა. უსაფრთხოების ავტომობილის გამოსვლის შემდეგ, ნიკო მეორე ადგილზე იყო, თუმცა უფრო სწრაფი საბურავების უპირატესობა ჰქონდა. რბოლის განახლების შემდეგ ჰამილტონმა ლიდერობა შეინარჩუნა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ლუისზე უპირატესობის მოპოვების მიზნით, გერმანიის სახელით მოასპარეზე პილოტმა ძრავის ის რეჟიმები გამოიყენა, რომელთა გამოყენებაც გუნდს აკრძალული ჰქონდა.

2014 წლის ესპანეთის გრან-პრიზე ლუისს ჩემპიონატში ნიკოსთვის გადასასწრებად გამარჯვება სჭირდებოდა. იგი პოზიციას თავგანწირვით იცავდა. რბოლის შემდეგ როზბერგმა თქვა, რომ გუნდელის გასასწრებად მხოლოდ ერთი წრე დააკლდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ჰამილტონმა პოზიციის შესანარჩუნებლად ძრავის სწორედ ის აკრძალული რეჟიმი გამოიყენა, რომელიც როზბერგმა ბაჰრეინში.

ორი კვირის შემდეგ, მონაკოს გრან-პრიზე, თავისუფალ ვარჯიშებსა და მეორე საკვალიფიკაციო სესიაზე ჰამილტონმა საუკეთესო შედეგი აჩვენა. მესამე სესიაზე პირველი როზბერგი გავიდა, მეორე — ჰამილტონი. გადამწყვეტ მომენტში ნიკო როზბერგი ავარიაში მოჰყვა, რის გამოც ყვითელი დროშები აღიმართა და ჰამილტონმა ბოლო წრის დრო ვეღარ დააფიქსირა. ბრიტანელს ჰკითხეს, შეიძლებოდა თუ არა ნიკოს ეს სპეციალურად გაეკეთებინა. მან უპასუხა, რომ ეს „შესაძლებელი“ იყო. სტიუარდებმა და გუნდის ხელმძღვანელობამ ბრალდება უარყვეს, თუმცა ჰამილტონი დარწმუნებული იყო, რომ გუნდელმა წრე განზრახ გაუფუჭა. რბოლის მეორე ადგილზე დასრულების შემდეგ ლუისმა განაცხადა, რომ ის და ნიკო მეგობრები აღარ იყვნენ. გუნდში მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა.

2014 წლის უნგრეთის გრან-პრიზე როზბერგმა პოლ-პოზიცია დაიკავა, ბრიტანელს კი საწვავის გაჟონვის გამო რბოლის დაწყება პელოტონის ბოლოდან მოუწია. ჰამილტონმა ბრძოლა დაიწყო და რბოლის შუაში, უსაფრთხოების მანქანის გამოსვლის შემდეგ, როზბერგის წინ აღმოჩნდა. გუნდელები სხვადასხვა სტრატეგიაზე იყვნენ: როზბერგი უფრო ახალი საბურავებით მოძრაობდა და ჰამილტონს მიუახლოვდა. რადგან ნიკოს კიდევ ერთი პიტ-სტოპი უწევდა, გუნდმა ბრიტანელს მისი გატარება სთხოვა, თუმცა ჰამილტონმა უპასუხა, რომ ამ პოზიციისთვის მთელი რბოლა იბრძოდა და გუნდელს ასე უბრალოდ არ გაატარებდა.

საბოლოოდ, ლუისმა მესამე ადგილი დაიკავა, ნიკო კი პოდიუმის მიღმა დარჩა. გუნდის წევრთა ნაწილის აზრით, ჰამილტონმა ნიკო დაბლოკა, რაც ტიტულისთვის ბრძოლაში გადამწყვეტი აღმოჩნდა. რბოლის შემდეგ ნიკი ლაუდამ განაცხადა, რომ ლუისი სწორად მოიქცა და გუნდს მის წინააღმდეგ ზომები არ მიუღია.

იმ სეზონში უსიამოვნებები უნგრეთში არ დასრულებულა. ბელგიის გრან-პრიზე გუნდელები ერთმანეთს შეეჯახნენ. ამჯერად კრიტიკა როზბერგმა დაიმსახურა — მან საკუთარი ბოლიდიც დააზიანა და ჰამილტონისაც. ბრიტანელს რბოლის შეწყვეტა მოუწია, ნიკომ კი რბოლა დენიელ რიკიარდოს უკან, მეორე ადგილზე დაასრულა. პოდიუმზე მის გამოჩენას მაყურებლის მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. როზბერგს ბოდიშის მოხდა მოუწია, გუნდმა კი „შესაფერისი დისციპლინური ზომები“ მიიღო. ჰამილტონი დარწმუნებული იყო, რომ ნიკო მას განზრახ დაეჯახა.

ტიტულის ბედი აბუ-დაბის გრან-პრიზე გადაწყდა. პილოტები ბოლო რბოლაზე გაორმაგებულ ქულებს იღებდნენ. ჰამილტონს კარგი სტარტი ჰქონდა და, საბოლოოდ, რბოლაში გაიმარჯვა კიდეც. მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მან 2008 წლის შემდეგ მეორედ მოიპოვა. ნიკო მეთოთხმეტე ადგილზე გავიდა — მის ბოლიდს ERS სისტემის პრობლემა ჰქონდა, რის გამოც ტემპი სრულიად დაკარგა. გუნდმა ურჩია, რბოლა შეეწყვიტა, მაგრამ მისთვის სიტყვა „დანებება“ უცნობი იყო და უარი თქვა. მან გადაწყვიტა, რბოლა დაესრულებინა და ეს შეძლო კიდეც. ნიკოსა და მისი გულშემატკივრებისთვის სამწუხაროდ, აბუ-დაბიში მას ტიტულისთვის ბრძოლის რეალური საშუალება არ მიეცა.

საბოლოოდ, 2014 წლის სეზონში ლუისმა 384 ქულა, 11 გამარჯვება და 7 პოლ-პოზიცია მოიპოვა, ნიკომ კი — 317 ქულა, 5 გამარჯვება და 11 პოლ-პოზიცია.

2015 წლის სეზონი: ჰამილტონის ნაადრევი გამარჯვება

„მერსედესმა“ 2015 წელს ისევ ყველაზე სწრაფი ბოლიდი, W06 Hybrid-ი წარმოადგინა. გუნდმა დომინანტობა პირველივე — ავსტრალიის რბოლაზე დაამტკიცა: გუნდელებმა პირველი და მეორე ადგილები დაიკავეს, მესამე ადგილზე გასული „ფერარი“ კი 34 წამით დაჯაბნეს. „მერსედესის“ პილოტები მთელი სეზონის განმავლობაში დომინირებდნენ. ჰამილტონმა სეზონის დასრულებამდე 3 რბოლით ადრე, ამერიკის შეერთებული შტატების გრან-პრიზე გაიფორმა ტიტული.

გუნდელებს შორის დაძაბულობამ პიკს სწორედ ამერიკის გრან-პრიზე მიაღწია. ლუისმა იცოდა, რომ ტიტულის მოსაპოვებლად ამ რბოლაში გამარჯვება ჰყოფნიდა. პირველ მოსახვევში ჰამილტონმა ზედმეტად აგრესიულად შეუტია. რბოლის ბოლო წრეებზე როზბერგი წინ გაიჭრა, მაგრამ მეთორმეტე მოსახვევში შეცდომა დაუშვა და ჰამილტონმა გაასწრო. ამ შეცდომამ ბრიტანელს მსოფლიო ჩემპიონის მესამე ტიტული მოუტანა.

რბოლის შემდეგ როზბერგი გაბრაზებული იყო როგორც საკუთარ თავზე, ისე გუნდელზე. მისი თქმით, ლუისს პირველ მოსახვევში „ზედმეტი მოუვიდა“. როდესაც პილოტები პოდიუმზე გასასვლელად მოსაცდელ ოთახში ემზადებოდნენ, გაბრაზებული ნიკო სავარძელში იჯდა და გასვლას არ ჩქარობდა. ლუისმა მას მეორე ადგილისთვის განკუთვნილი კეპი გადაუგდო, როზბერგმა კი გუნდელს ის აგრესიულად უკანვე ესროლა.

ამ სეზონში ბრიტანელმა 381 ქულა მოიპოვა — მან 10-ჯერ გაიმარჯვა და პოლ-პოზიციაზე 11-ჯერ იდგა. ამ მიღწევებისთვის მან FIA-ს (ეფ-აი-ეის) პოლ-პოზიციის ჯილდო და DHL-ის (დი-ეიჩ-ელის) ყველაზე სწრაფი წრის ჯილდო დაიმსახურა. ნიკომ 322 ქულა, 6 გამარჯვება და 7 პოლ-პოზიცია მოიპოვა.

2016 წელი: ნიკო როზბერგი მსოფლიო ჩემპიონია

2015 წელს ტიტულის წაგების შემდეგ როზბერგი მოტივირებული დაბრუნდა. მიუხედავად უდიდესი სტრესისა, იგი დანებებას არ აპირებდა — ბოლოს და ბოლოს, მსოფლიო ჩემპიონი უნდა გამხდარიყო!

2016 წლის პირველ ოთხ რბოლაში მან გამარჯვება მოიპოვა. ესპანეთის გრან-პრიზე იგი ჰამილტონს 43 ქულით უსწრებდა. ამავე რბოლაზე ჰამილტონმა პოლ-პოზიცია მოიპოვა. ორივეს კარგი სტარტი ჰქონდა. ნიკომ პირველ მოსახვევში ჰამილტონს გაასწრო. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, როზბერგის ბოლიდის ძრავა არასწორ რეჟიმში იყო (მან ფორმაციის წრეზე შეცდომა დაუშვა), რაც იმას ნიშნავდა, რომ მესამე მოსახვევიდან გამოსვლისას მისი ბოლიდი უფრო ნელი იყო. ჰამილტონმა გასწრება სცადა, ნიკომ გუნდელს გზა ჩაუკეტა, ბრიტანელი ბალახზე გადავიდა, დაბზრიალდა და ისევ ნიკოს შეეჯახა. რბოლა ორივე პილოტისთვის დასრულდა.

მარცხში პილოტები ერთმანეთს ადანაშაულებდნენ, სტიუარდებმა კი გადაწყვიტეს, რომ ეს სარბოლო ინციდენტი იყო. ჰამილტონის ქმედება იმით გაამართლეს, რომ იგი 17 კმ/სთ-ით უფრო სწრაფი იყო და მისი მცდელობაც ლეგიტიმური გახლდათ. ნიკი ლაუდამ ამჯერად ბრალი ჰამილტონს დასდო. ნიკის აზრით, ეს სულელური საქციელი იყო, რადგან გუნდს შეეძლო დაჯერებული გამარჯვება მოეპოვებინა, ლუისი კი „ზედმეტად აგრესიული“ აღმოჩნდა. ჰამილტონის თქმით, ამ ინციდენტს როზბერგთან მის ურთიერთობაზე არ უმოქმედია, თუმცა მოგვიანებით აღიარა, რომ მათი ურთიერთობა 2014 წლის შემდეგ მხოლოდ მცირედით იყო გამოსწორებული.

2016 წლის ავსტრიის გრან-პრიზე როზბერგს მუხრუჭების პრობლემა ჰქონდა. ნიკოს გუნდელი ბოლო წრეებზე მიუახლოვდა. როზბერგმა პირველ მოსახვევში შეცდომა დაუშვა, რამაც ლუისს მეორე მოსახვევში შანსი მისცა. ლუისმა მოხვევა დაიწყო, ნიკო კი პირდაპირ წავიდა, რის შედეგადაც ერთმანეთს შეეჯახნენ. ნიკოს ბოლიდს წინა ფრთა დაუზიანდა. ჰამილტონი პირველ ადგილზე გავიდა, როზბერგი — მეოთხეზე. რბოლის შემდეგ მრბოლელები ამ ავარიას კვლავ ერთმანეთს აბრალებდნენ. გუნდის ხელმძღვანელი, ტოტო ვოლფი, განრისხებული იყო და განაცხადა, რომ გუნდის ბრძანებები გამკაცრდებოდა. სტიუარდებმა როზბერგი დაადანაშაულეს და 2-ქულიანი ჯარიმა მისცეს; მათი აზრით, გერმანელმა გუნდელს სივრცე არ დაუტოვა და შეჯახება გამოიწვია.

დრამა 2016 წელს, აბუ-დაბის გადამწყვეტ რბოლაზე გაგრძელდა. რბოლის დაწყებამდე ჩემპიონატში როზბერგი გუნდელს 12 ქულით უსწრებდა. ბოლო წრეებზე ბრიტანელმა გუნდის ბრძანებების შესრულებაზე უარი თქვა — ჯერ რბოლის ინჟინრის, შემდეგ კი ტექნიკური დირექტორის. იგი როზბერგს განზრახ ანელებდა და ფეტელსა და ფერსტაპენს მისი გუნდელისთვის გასწრების შანსს აძლევდა. თუ ასე მოხდებოდა, ჩემპიონი თავად გახდებოდა. ტემპის მომატების ბრძანებაზე ბრიტანელმა უპასუხა, რომ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს აგებდა და საერთოდ არ აინტერესებდა, რბოლას მოიგებდა თუ არა. მიუხედავად კარგი ტემპისა, ფეტელის საბურავები უკვე გაცვეთილი იყო და მან დაწევა ვერ შეძლო. როზბერგმა მეორე ადგილის შენარჩუნება მაინც შეძლო, ჩემპიონატში ლუისს 5 ქულით გაასწრო და მსოფლიო ჩემპიონის დიდხანს ნანატრი და დამსახურებული ტიტული მოიპოვა — ზუსტად ისევე, როგორც მამამისმა 34 წლის წინ.

რბოლის შემდეგ პრესკონფერენციაზე როზბერგს დაღლილობა ემჩნეოდა. მან თქვა, რომ ძალიან სტრესული რბოლა იყო: ჰამილტონი მის შენელებას ცდილობდა, ფეტელი და ფერსტაპენი კი მოსვენებას არ აძლევდნენ. მიუხედავად ამისა, ნიკომ აღნიშნა, რომ გუნდისა და ლუისის სტრატეგიაც მისთვის სრულიად გასაგები იყო.

„ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს მთელი ცხოვრებაა რბოლებში ვმონაწილეობ. ჩემთვის ტიტულის წართმევას ყოველთვის სულ მცირედი განსხვავებით ახერხებდა — მაშინაც კი, როცა ბავშვები ვიყავით და კარტინგს ვმართავდით. ის საოცარი პილოტია, ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო. მისი დამარცხება ნამდვილად განსაკუთრებული გრძნობაა. დონე ძალიან მაღალია; მე მას მსოფლიო ჩემპიონის ტიტული წავართვი და ეს ფენომენალურია“, — თქვა 2016 წლის სეზონის მსოფლიო ჩემპიონმა.

როზბერგის მოულოდნელი გადაწყვეტილება

მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოგებიდან მხოლოდ ხუთი დღის შემდეგ, ვენაში გამართულ დაჯილდოების ცერემონიალზე, ნიკომ გულშემატკივრებისთვის მოულოდნელი განცხადება გააკეთა — მან ფორმულა 1-დან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ალენ პროსტის შემდეგ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა სპორტიდან წასვლა გადაწყვიტა. რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებაზე, უპირველეს ყოვლისა, ყველას ლუის ჰამილტონის აზრი აინტერესებდა. მან თქვა, რომ ეს ნაბიჯი არ გაკვირვებია, თუმცა, მიუხედავად დაძაბული ურთიერთობისა, გული დაწყდა, რომ მისი მრავალწლიანი მეტოქე სპორტიდან მიდიოდა.

„18 წლის განმავლობაში პირველად მოიგო, ამიტომ არ ვარ გაკვირვებული, რომ გაჩერება გადაწყვიტა. ახლა იგი ოჯახზეა კონცენტრირებული და მეტი შვილის ყოლა სურს, ფორმულა 1 კი დიდ დროს ითხოვს. რა თქმა უნდა, ეს მეტოქეობა მომენატრება. ერთმანეთს 13 წლიდან ვეჯიბრებოდით და ყოველთვის მსოფლიო ჩემპიონობაზე ვოცნებობდით. როცა გუნდს შემოვუერთდი, ნიკო უკვე აქ იყო. ამაზე ბავშვობიდან ვფიქრობდით. უცნაური და სევდიანი იქნება, მომავალ წელს ჩემს გუნდში რომ აღარ იქნება“, — თქვა ჰამილტონმა.

ასე დასრულდა ღრმა ბავშვობიდან დაწყებული მეტოქეობა. მართალია, 2013 წლიდან გუნდში დაწყებულმა დაპირისპირებამ მათ ურთიერთობას დაღი დაასვა, თუმცა ნიკო დღესაც ერთ-ერთი პირველია, ვინც ლუის ჰამილტონს ყოველ ახალ გამარჯვებას ულოცავს.

2016 წელს როზბერგის ფორმულა 1-დან წასვლამ, გარდა იმისა, რომ მის გულშემატკივრებს გული დაწყვიტა, ეს სპორტი საგრძნობლად შეცვალა კიდეც. მას შემდეგ ბრიტანელი პილოტი თითქმის დაუმარცხებელი გახდა; მისმა დომინირებამ და გვერდით ძლიერი კონკურენტის არყოლამ სპორტს ინტერესი ნაწილობრივ დაუკარგა.

ფორმულა 1-ის გულშემატკივრების ნაწილს ნიკო მისი ფიცხი და ცივი ხასიათის გამო არ უყვარდა. ისტორიულ მეტოქეობებში ქომაგები იმას, რასაც პატიობდნენ სენას, არ პატიობდნენ პროსტს. მსგავსი ვითარება იყო 21-ე საუკუნის მეორე ათწლეულის ყველაზე დიდ დაპირისპირებაშიც: რასაც პატიობდნენ ჰამილტონს, არ პატიობდნენ როზბერგს.

არადა, ბოლო წლებში ნიკო როზბერგი იყო ერთადერთი, ვინც რბოლის დროს საოცრად მშვიდ, კონცენტრირებულ და ცივსისხლიან ჰამილტონს აღელვებდა და ხანდახან შეცდომის დაშვებასაც აიძულებდა. ახლა კი ამ სპორტში ასეთი პიროვნება აღარავინ ჩანს. რაც დრო გადის, ნიკო როზბერგი გულშემატკივრებს სულ უფრო მეტად ენატრებათ და მის რეალურ ფასსაც ახლა უფრო მეტად აცნობიერებენ.

გაზიარება: