Aa Aa
13 თებერვალი 2021  |  17:38

Porsche-ს სიყვარულით შთაგონებული: Ruf-ის შექმნის ისტორია

1939 წელს ავტოსახელოსნო სახელად Auto RUF გერმანიაში ქალაქ ფაფენჰაუზენში ალოის რუფმა დააარსა. მის მშობლიურ ქალაქსა და მის მიდამოებში ის საუკეთესო ხელოსანი და ინჟინერი იყო. მომდევნო წელს ალოის რუფ უმცროსი დაიბადა, რომელიც მუდამ ავტომობილების გარემოცვაში იზრდებოდა.



ალოის რუფის სახელოსნო, Pfaffenhausen, 1939

ათი წლის შემდეგ, ერთ მშვენიერ დღეს, ავტობანზე სარეისო ავტობუსის მართვის დროს ლუის (უფროს) ახალმა Porsche 356-მა ჩაუქროლა. ისეთი მაღალი სიჩქარით მიდიოდა, რომ ავტომობილმა კონტროლი დაკარგა და ალოისის თვალწინ ავარიაში განიცადა. ალოისმა ავტობუსი მაშინვე გააჩერა, რათა „პორშეს“ მძოლის კეთილდღეობაში დარწმუნებულიყო. მძღოლი კი გადარჩა, მაგრამ მანქანა ვერა. სანამ ავტომობილის მფლობელი საავადმყოფოში იქნებოდა, ლუისმა მანქანის თავის სახელოსნოში დატოვება შესთავაზა, რაზეც თანხმობა მიიღო.



ახალი „პორშე“ დაზღვეული იყო, თუმცა სადაზღვეომ ავტომობილის აღდგენაზე უარაი განაცხადა. ალოის რუფმა სადაზღვეო კომპანიას ავტომობილის ყიდვა შესთავაზა. სადაზღვეოს თანამშრომელმა, ამ არაორდინარული შეთავაზებით შოკირებულმა, უარი ვერ უთხრა. ასე დაიწყო ალოის რუფის და „პორშეს“ ურთიერთობა.


Porsche 356

რაც უფრო დიდ ხანს ატარებდა „პორშესთან“ და მის მოქნილ შასის აუმჯობესებდა, მით უფრო უყვარდებოდა ეს ავტომობილი. ალოის რუფი უმცროსი უყურებდა მამას, თუ რა ენთუზიასმით და სიყვარულით ეპყრობოდა საქმეს და „პორშე“ მასაც შეუყვარდა. რამდენიმე წელიწადში Auto RUF სამხრეთ გერმანიაში „პორშეების“ ნომერ პირველი სახელოსნო გახდა.



ავტოსახელოსნო Auto RUF, 1939

1964 წელს, როდესაც რუფები თავიანთ საყვარელ Porsche 356-ში ავტობანზე მიდიოდნენ, გვერდით ჩაუარათ Porsche 901-მა – რომელიც შემდგომ ფრანგების, კერძოდ, „პეჟოს“ უკმაყოფილოების გამო Porsche 911-ის  სახელით გამოუშვეს. „პეჟოს“ თქმით, ავტომობილის მოდელის 3-ციფრიანი დასახელება 0-ით შუაში მათი ინტელექტუალური საკუთრებაა და იმით გაამართლეს, რომ დასახელების მსოფლიოს მსხვილ ბაზრებზე ანალოგიური სქემის მქონე ძალიან ბევრი ავტომობილი გაყიდეს. 911-ის დებიუტის შემდეგ, მალე რუფების სახელოსნოში ახალი „პორშეების“ სასერვისოდ მოყვანა დაიწყეს. რუფებმა ეს სენსაციური ავტომობილი ძალიან მალე შეისწავლეს. მაშინ ალოის უმცროსს „პორშებისადმი“ იდეოლოგია ჩამოუყალიბდა: „ნაკლებით უფრო მეტს აღწევ.“ 60-იან წლებში ალოუს რუფ უმცროსი საკმაოდ ხშირად ესწრებოდა „პორშეების“ ლოკალურ რბოლებს, სადაც „პორშეს“ 904, 906 და 908 სარბოლო ბოლიდებს აკვირდებოდა. ავტოსპორტისადმი სიყვარულის ზრდასთან ერთად, მისი მისწრაფებებიც, გამხდარიყო ავტოსპორტის ნაწილი, იზრდებოდა.

 

Porsche 901 კონცეპტი, 1962

სამწუხაროდ მამამისმა, ალოის რუფ უფროსმა, შვილის წარმატება ვერ გაიზიარა, რადგან 1974 წელს გარდაიცვალა. ალოის რუფ უმცროსმა საოჯახო საქმიანობა გააგრძელა. 1975 წელს მან გადაწყვიტა, რომ მისი საყვარელი „პორშეს“ სპორტული ხასიათის სრული პოტენციალი გამოეაშკარავებინა. ამიტომ იმავე წელს, ალოის რუფმა Porsche 911 SC-ს გაუმჯობესება გადაწყვიტა.

ალოის რუფ უმცროსი,  1974

70-იანების საწვავის კრიზისის გამო, „პორშეს“ ძრავმა დეფორსირება განიცადა და სულ რაღაც 180 ცხენისძალას გამოიმუშავებდა, რაც თანამედროვე Volkswagen Golf-ზე ნაკლებია. ალოის 3 წლის განმავლობაში მუშაობდა ავტომობილზე. ატმოსფერული ძრავის მოცულობა 3 ლიტრიდან 3.2 ლიტრამდე გაზარდა, შეცვალა ზეთის მიწოდების სისტემა, საწვავის შეფრქვევის სისტემა, დაუყენა შეზღუდული მოჭიდების დიფერენციალი (LSD), ახალი დაკიდების სიტემა, უკეთესი მუხრუჭები და უფრო ეფექტური რადიატორი. ვხუმრობთ, რადიატორი არ შეუცვლია, რადგან ჰაერის გაგრილების ძრავია. ამ გაუმჯობესებებთან ერთად რუფმა სალონიდან ამოიღო ყველაფერი, რაც ზედმეტად მიაჩნდა: უკანა სავარძლები, კარების ტყავით გაფორმებული მძიმე პანელები, ხალიჩები და აუდიოსისტემა. მსოფლიომ ახალი 911 SCR 1978 წელს იხილა. ატმოსფერული ავტომობილს 214 ცხენის ძალა ჰქონდა და სულ რაღაც 1088 კილოს იწონიდა. წონის და ც.ძ.-ს ასეთი კომბინაციით, ახალი 911 SCR იმავე შედეგებს დებდა, როგორც იმდროინდელი Porsche 930 (turbo).

Porsche 911 SC 3.0

Porsche 911 SCR, 1978


Porsche 911 SCR-ის სალონი, 1981


ყველა გერმანულ ავტოჟურნალში RUF-ის ახალი SCR-ის შესაძლებლობებსა და მაჩვენებლებზე სტატია იყო გამოქვეყნებული. ძალიან მალე RUF გახდა ცნობილი, როგორც კომპანია, რომელიც სპორტულ Porsche 911-ს მართვაზე ორიენტირებულ უფრო სწრაფ ავტომობილად აქცევდა და სანდოობაზე ეს ნეგატიურად არ აისახებოდა.

 ალოის რუფი ხვდებოდა, რომ მამამისის პატარა სახელოსნოში ვერ მიაღწევდნენ სასურველ მასშტაბსა და შედეგებს. ამიტომ გადაწყვიტა ახალი ქარხანა-სახელოსნოს აშენება. RUF-ში საქმისადმი ულევ ენთუზიაზმს ყველა იზიარებდა. ამიტომ, როდესაც ახალი სახელოსნოს აშენების საკითხი დადგა, ყველამ ქანჩები გადადო, სამშენებლო ჩაფხუტები დაიხურა და  RUF-ის ახალი სახელოსნოც აშენდა.

RUF-ის განახლებული სახელოსნო


იცოდით თუ არა, რომ 1980-იან წლებში „პორშემ“ ლეგენდარული სპორტული 911 მოდელების წარმოების და შექმნის შეწყვეტა და სრულიად უფრო რაციონალური მოდელების, მაგალითად Porsche 928, წარმოებაზე გადასვლა გადაწყვიტა, თუმცა სწორედ RUF-ის „პორშეებზე“ მაღალი მოთხოვნის გამო, „პორშემ“ 911-ის წარმოება განაგრძო და 1983 წელს RUF-თან ძალიან საინტერესო ხელშეკრულებაც დადო.

ამ ხელშეკრულების ფარგლებში, „პორშე“ RUF-ის ქარხანაში ცარიელ შასის ძარასთან ერთად უგზავნიდა. ე.წ. „თეთრი ძარები“ (“Bodies in White”), რათა RUF-ს საჭირო ნაწილების თავიდანვე დაყენება შეეძლებოდა და არა გადაკეთება. იმ დღიდან RUF გახდა Porsche-ს პარტნიორი.

"Bodies in white" - ინვოისი


ალოის რუფის შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი ახალი ავტომობილის შექმნა იქნებოდა, რომელიც Porsche 930-ს დაჩრდილავდა. RUF-ის, როგორც ავტომწარმოებლის, პირველი ავტომობილი RUF-ის უნიკალური VIN ნომრით 1983 წელს RUF BTR გახდა. BTR შემდეგნაირად იშიფრება: Group B Turbo RUF, რაც ამ ავტომობილის „ბ ჯგუფის“ „პორშეს“ სარბოლო კლასის მსგავს მონაცემებზე მიუთითებდა. ამ ავტომობილის ბაზა, რა თქმა უნდა, Porsche 911 (930)-ის შასისა და ძარისგან შედგებოდა, თუმცა ყველა დანარჩენი დეტალი, პირდაპირ „პორშეს“ ქარხანაში იყო ნაყიდი, RUF-ის მიერ გაუმჯობესებული და შემდგომში ავტომობილზე დაყენებული. შედეგად 3,4-ლიტრიანი 369 ც.ძ.-იანი ტურბოდაბერვის მქონე ძრავა გამოვიდა, რაც Porsche 930-ზე 40 ცხენისძალით მეტი იყო. ახალი RUF 0-100 კმ/სთ-ს 4.5 წამში აღწევდა.

RUF BTR

ამერიკული ჟურნალი “Road and Track ”-ის მიერ ჩატარებულ ტესტში, RUF BTR-მა გაასწრო Lamborghini Countach-ს და Ferrari Testarossa-ს და გახდა პირველი ავტომობილი, რომელმაც 300 კმ/სთ-ს ბარიერი თავისი 306 კმ/სთ ამქსიმალური სიჩქარით დასძლია. RUF BTR-ს „რეკაროს“ სავარძლები და სარბოლო ღვედები, უფრო ხისტი დაკიდების სისტემა, უფრო მძლავრი მუხრუჭები ქარხნულად მოჰყვებოდა. ასევე RUF BTR მსოფლიოში პირველი ფართო წარმოების ავტომობილი იყო, რომელსაც ქარხნულად 17-იანი დისკები ეყენა.

1984-1987 წლებში ალოის რუფს შემოქმედებითი ჰიბერნაციის პერიოდი ჰქონდა. ამ წლებში ტექნოლოგიურად დატვირთული და განვითარებული ავტომობილები გამოიგონეს, როგორიცაა Porsche 959 და Ferrari F40. ინჟინერიის გენიის ასეთი პიკის დროს, სამყაროს გასაკვირვებლად რუფს ისეთი ავტომობილი სჭირდებოდა, რომელიც ზემოხსენებულ კონკურენტებს მეორე პლანზე გადასწევდა.

RUF CTR "Yellowbird"


ის, რაც ფაფენჰაუზენის სახელოსნოში შეიქმნა, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით: RUF CTR, ზედმეტსახელად Yellowbird. 3,2-ლიტრიანი ტურბო ძრავისგან მათ 463 ცხენის ამოღება შეძლეს. მაგრამ ახალ ძრავს იმდენი მაბრუნი მომენტი აღმოაჩნდა, რომ 1981 წელს RUF-ის მიერ შექმნილი 5-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი ვეღარ ერეოდა. ამის გამო 1987 წელს RUF-მა შექმნა 6-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი, რომელმაც სარბოლო დატვირთვის დროს  ძრავს ტურბინის მუშა დიაპაზონში მუდმივად ყოფნის საშუალება მისცა. ეს კოლოფი ისე იყო შემუშავებული, რომ RUF-ის ნებისმიერ წინა მოდელსაც მორგებოდა.  ამის შედეგად ავტომობილი 100კმ/სთ-ს 4 წამზე ნაკლებ დროში ავითარებდა და 339 კმ/სთ მაქსიმალურ სიჩქარეს აღწევდა. ასეთ დატვირთვებს ვერცერთი საბურავი ვერ მოერეოდა. ამიტომ Dunlop-მა ექსკლუზიურად CTR-ისთვის საბურავები შექმნა.

RUF CTR "Yellowbird", "Body in White" და დანარჩენი შემადგენელი ნაწილები


ისეთი გიჟური ავტომობილი იყო, რომ RUF-მა მძღოლის უსაფრთხოების მიზნით ქარხნულად უსაფრთხოების კარკასის დაყენება გადაწყვიტა და ავტომობილის ძარის გასამყარებლად. მიუხედავად მართვის სირთულეებისა, მაღალ სიჩქარეებზე Yellowbird-ის საოცარი სტაბილურობა ყველამ აღნიშნა. ზედმეტსახელი „Yellowbird” (ყვითელი ჩიტი) ჟურნალისტებმა დაარქვეს, როცa „ფოლქსვაგენ გრუპის“ Ehra-Lessien-ის სატესტო ტრეკზე, CTR-მა 339 კმ/სთ-ით მათ ცხვირწინ ჩაუქროლა.

RUF CTR, Ehra Lessien


RUF ერთი ავტომობილით ისეთ ავტომწარმოებელ გიგანტებს შეებრძოლა, როგორიცაა Ferrari, Lamborghini, Mercedes-Benz, Porsche და ყველა ნოკაუტში ჩააგდო. RUF CTR მსოფლიოს ყველაზე სწრაფი ავტომობილი გახდა. საზოგადოებას წარმოდგენა რომ ჰქონოდა ახალი RUF CTR რა ჯიშის ცხოველია, 1989 წელს გადაიღეს ყველა ავტომოყვარულისთვის საყვარელი ფილმი სახელად „მშვენიერება ნიურბურგრინგზე”, სადაც ნაჩვენებია, ტესტ-პილოტი სტეფან როზერი მსოფლიოს ყველაზე დაუნდობელ ტრასაზე ავტომობილს როგორ ეჭიდავება.

კადრი ფილმიდან "მშვენიერება ნურბურგრინგზე"


1993 და 1995 წელს RUF-მა განახლებული BTR და CTR წარადგინა. ორივე მოდელი Porsche 911 (993)-ის ბაზაზე იყო აწყობილი. საინტერესოა, რომ BTR პირველი ტურბინიანი 993 იყო. BTR-ში 3.6-ლიტრიანი ერთტურბინიანი 414 ცხენისძალიანი ძრავა ეყენა. ეს საშუალებას აძლევდა 0-დან 100-მდე 4.2 წამში აჩქარებულიყო და და 319 კმ/სთ მაქს სიჩქარე განევითარებინა.

Porsche 964 RSR, Le Mans, 1993


ალოის რუფ უმცრ. და RUF CTR 2, 1998


ახალი CTR იყო პირველი CTR-ის ყველა ასპექტში გაუმჯობესებული ვერსია. ახალი CTR-ის შექმნისას ალოის რუფის შთაგონების წყარო „ლე მანის“ Porsche 964 გახდა. ახალ CTR-ს მეორე ტურბინის დამატებით უფრო მეტი ც.ძ. ჰქონდა, ვიდრე მის წინამორბედს. თუ ძველ CTR-ს 463 ც.ძ. ჰქონდა და მისი წონასწორობაში გაჩერება რთული იყო, ახალ 520 ც.ძ.-ს უკანაწამყვანი თვლები ვეღარ დაიმორჩილებდა. ამ პრობლემის გადასაჭრელად RUF ის ინჟინრებმა CTR 2 ოთხივეწამყვანი გახადეს. შედეგად ავტომობილი 100კმ/სთ-ს 3,5 წამში ავითარებდა და 349 კმ/სთ მაქსიმალურ სიჩქარეს აღწევდა. თუ McLaren F1-ის არსებობას ყურადღებას არ მივაქცევთ, 90-იანების ყველაზე სწრაფი Road Legal მანქანა იყო. CTR-ის სულ 28 ერთეული იყო წარმოებული, იქიდან 16 სტანდარტული და 12 სპორტული, უფრო განიერი ძარის მქონე ვერსია. იმ პერიოდისთვის CTR 2 RUF-ების ისტორიაში ყველაზე ძვირიანი RUF იყო (315 000$). დღეს ამ ავტომობილის შეძენას მხოლოდ აუქციონზე მინიმუმ 800 000$-ად შეძლებთ.

RUF CTR 2 Sport/Widebody


RUF CTR 2-ის სარბოლო ხასიათის დასამტკიცებლად, ალოის რუფმა ორი სპორტული ვერსია 

“პაიკს პიკის“ აღმართის დაძლევის შეჯიბრებაში გამოიყვანა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოდიფიკაცია ძრავმა განიცადა. მოდიფიცირებული ძრავი 707 ცხენისძალას გამოიმუშავებდა. მრბოლელებმა ძმებმა სტივ და დევიდ ბედორი უმაღლეს ღია კლასში  მე-2 და მ-4 პოზიცია დაიკავეს. ამ წარმატების კვალობაზე RUF-მა შეერთებულ შტატებში სხვადასხვა აღმართის დაძლევის შეჯიბრებაში მონაწილეობა განაგრძო და თითქმის ყველაში პოდიუმზე ავიდნენ.

სტივ ბედორის RUF CTR 2 Sport "Pikes Peak" edition, 1997


ძმები ბედორების RUF CTR 2 Sport “Pikes Peak” edition


ამ სტატიის წაკითხვას არც დაიწყებდით, რომ სადმე RUF-ის ბრენდი არ შეგხვედროთად. ამისთვის Porsche-სა და EA (Electronic Arts)-ს მადლობა უნდა გადავუხადოთ. 90-იანების დასაწყისში, თამაშების შემქნელმა კომპანიამ Electronic Arts-მა და ავტომწარმოებელმა Porsche-მ ხელშეკრულება დადეს, რის ფარგლებში EA-ს „პორშეების“ მოდელების თამაშებში გამოყენების ექსკლუზიური უფლება ჰქონდა. ამ ვითარებაში, თამაშების სხვა კომპანიებმა ერთი გამოსავალი ნახეს, სასურველი „პორშეების“ ნაცვლად პორშესმაგვარი, ვიზუალურად მსგავსი RUF დაამატეს. შესაბამისად Gran Turismo, Project Cars, Assetto Corsa და Forza-ს თამაშები 2016 წლამდე მხოლოდ RUF-ს იყენებდნენ. 2016 წელს კი იმ ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა და „პორშე“ უცბად მთელ სარბოლო სამყაროს მიედ-მოედო.

 

1990 წელს „პორშემ“ ჰაერის გაგრილების ძრავებზე უარი განაცხადა და წყლის გაგრილების მქონე ძრავების ერა დაიწყო. ეს RUF-ისთვის ერთგავერი გამოწვევა იყო, რომელიც წარმატებით შეასრულეს და ბევრი საინტერესო მოდელი გამოუშვეს.

RUF RGT, 2000


2000 წელს Porsche 996-ის ბაზაზე აწყობილი 305 კმ/სთ მაქსიამლური სიჩქარის მქონე RUF RGT წარადგინეს, რომელიც 0-100-მდე 4,6 წამში ადიოდა. „პორშეს“ მომდევნო 997 მოდელიც გააუმჯობესეს. ძრავის მოცულობა 3,6 ლიტრიდან 3,8-ამდე,  ცხენის ძალების რაოდენობა კი 447-ამდე გაზარდეს. 

RUF RGT-8, 2010


2010 წელს ჟენევას ავტოშოუზე RUF-მა RGT-8 წარადგინა. მოდელის სახელში ციფრი 8 სიმბოლური არაა. „რუფმა“ ყველასთვის 911-ის ყველაზე საყვარელი და ძვირფასი 6-ცილინდრიანი ძრავა გადააგდო და მის სანაცვლოთ „რუფის“ ინჟინრების მიერ შექმნილი 4.5-ლიტრიანი V8 ჩადო. დიახ, V8. ძრავას V8-სთვის არადამახასიათებელი 180-გრადუსიანი, „მუხლების“ ჰორიზონტალური განლაგების მქონე მუხლალილვი ჰქონდა, რადგან იგი უფრო მსუბუქია, უფრო კომპაქტურია, უფრო დაბალანსებულია, უფრო მაღალ ბრუნს (rpm) აღწევს და უკეთესი ჟღერადობით გამოირჩევა.  ასევე ძრავას საწვავის მრავალწერტილიანი საფრქვევი სისტემა ჰქონდა და ინოვაციური სფეროსებრივად განთავსებული 4-სარქველიანი კონფიგურაცია. RGT-8-ს ქარხნულად კერამიკული მუხრუჭები, 19-იანი ნაწრთობი დისკები Michelin Pilot Sport Cup საბურავებით და ინტეგრირებული უსაფრთხოების კარკასი მოჰყვებოდა.

180-გრადუსიანი მუხლალილვი


RUF RGT-8-ის V8 ძრავა


2007-ში RUF-მა CTR 3 წარადგინა, რომელიც ვიზუალურად Porsche Cayman-სა და ლეგენდარულ Porsche Carrera GT-ს ჰგავდა, თუმცა დიზაინის ინსპირაცია „ლე მანის“ ძველი ბოლიდებისგან არის აღებული. CTR-ის ძარის წინა ჩარჩო თუთიაში ამოვლებული ფოლადისგან იყო გაკეთებული, ხოლო უკანა - ალუმინის ყალიბით. ძარის ამ უნიკალურ კონსტრუქციას “Bird Cage” („ჩიტის გალია“) დაარქვეს. Carrera GT-ს V10-სგან განსხვავებით, CTR 3-ის „ჩიტის გალიაში“ ოპოზიტური 6-ცილინდრიანი ტვინ ტურბო ძრავა ჭიჭკჭიკებს, რომელიც 691 უმშვენიერეს გერმანულ ცხენს გამოიმუშავებს.

RUF CTR 3, 2007


რა შეიძლება იყოს CTR 3-ზე უკეთესი? რა თქმა უნდა, უფრო მძლავრი CTR 3 ClubSport, რომელსაც 86 ც.ძ. შეემატა და ჯამში „იღბლიან“ 777 ც.ძ.-ს მიაღწიეს. ახალი ClubSport კიდევ 380 კმ/სთ მაქსიმალური სიჩქარით გამოირჩეოდა. ეს ციფრი შემთხვევით ხომ არაფერს გახსენებთ, McLaren-ის მოყვარულებს?

RUF CTR 3 Clubsport


2015-ში RUF-მა ახალი მოდელი გამოუშვა, მათთვის, ვისაც ბუნება და ძრავის სიმფონიების მოსმენა უყვარს. ეს RUF Turbo Florio გახლავთ, რომელიც 2015 წელს გამოჩნდა, როგორც Porsche 911 Targa. Turbo Florio-ში 3.8-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი 636-ცხენისძალიანი ოპოზიტური ტვინ-ტურბო ძრავა იყო. „პორშეს“ ანალოგისგან განსხვავებით, მას წინა ბამპერის წაგრძელებული სპოილერი და უკან Ducktale-ის სპოილერი აეროდინამიკის ოპტიმიზირების მიზნით ჰქონდა. უკანა ფრთებზე კი ჰაერის შემშვები 2 დიდი არხი იყო გაკეთებული, რათა ძრავს უკეთესად ესუნთქა.

RUF Turbo Florio, ჟენევას ავტოშოუ, 2014


ალოის რუფ უმცროსის თქმით, Turbo Florio-ს შექმნის მიზეზს სუფთა ემოციური დატვირთვა ჰქონდა, რომელსაც მძღოლი Targa-ს დიზაინისა და სპეციფიკური ძრავის ჟღერადობისგან იღებდა.

კადრი ვიდეორგოლიდან "RUF CTR 2017 - Making Of"


2017-ში ინტერნეტში ინფორმაციამ გაჟონა, რომ RUF ახალი მანქანის წარმოებას აპირებდა. ვიდეოში ისე ჩანდა, რომ ეს ძველი CTR Yellowbird-ის რესტავრირებულ, გათანამედროვებულ ვარიანტს წააგავდა. მაგრამ არა! ეს არც „პორშეს“ ბაზაზე აწყობილი რამ იყო, არამედ ის რაც ვნახეთ RUF-ისა და Vela Perfomance-ის მიერ შემუშავებული კარბონის სრულიად ახალ შასიზე აწყობილი ქმნილება, რომელიც აბსოლუტურად არც ერთ ნაწილს არ უზიარებს მის მეგობარ „პორშეს“.

RUF CTR 2017 კარბონის მონოკოკის შასი


ამაში RUF-ის, როგორც დამოუკიდებელი ავტომწარმოებლის, მომავალი ისახება. ერთი უნიკალური შასით და მისი მოდიფიცირებით, RUF-ს ახალი მოდელების გამოშვების საშუალება ექნება, ძრავის განლაგების და წამყვანი თვლების სხვადასხვა კონფიგურაციით.

ჩვენს მემატიანეს როლს ამით ვასრულებთ და RUF-ის ახალ შემოქმედებებს ჩვენთან სიახლეების განყოფილებაში შეხვდებით ხოლმე.

გაზიარება: