„მართვა და მანქანების ცხოვრებით ცხოვრება ჩემთვის სიამოვნება იყო. შეჯიბრებაზე არასდროს, არასდროს, არასდროს მიფიქრია“.
მიშელ მუტონი
მიშელ მუტონი — ეს ის სახელი და გვარია, რომლის გაგონებაც მამაკაცებს შიშის ზარს სცემდა. ეს არის ისტორია ქალისა, რომელმაც რალის სამყარო დაიპყრო. მას გრძელი შავი თმისა და ძლიერი ტემპერამენტის გამო „შავი ვულკანის“ ზედმეტსახელით იცნობენ.
მიშელ მუტონი დაიბადა და გაიზარდა საფრანგეთის ლამაზ, სამხრეთულ ქალაქ გრასში. ბავშვობაში მან თავი ციგურაობასა და ბალეტში გამოიჩინა. წინ შესანიშნავი იურისტის კარიერა ელოდა, მაგრამ — არა. ეს ყველაფერი მისთვის მოსაწყენი იყო; ბედისწერა რაღაც უფრო შთამბეჭდავს უმზადებდა.
მიშელი მამის Citroen 2CV-ს რივიერაზე 14 წლიდან ატარებდა. 1972 წელს მისი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა, როცა იტალიელ მრბოლელ ჟან ტაიბის შეხვდა, რომელიც მოყვარული მრბოლელი იყო. ჟანმა მიშელი კორსიკის რალიზე დაპატიჟა. მაშინ მუტონი მხოლოდ მაყურებელი იყო, 1973 წლის იანვრიდან კი ის ჟანის მეწყვილე (შტურმანი) გახდა.
„შავი ვულკანის“ გაღვიძება

მიშელს მამამ რალის სამყაროში წასვლის გადაწყვეტილება მოუწონა. ადრე მასაც სურდა მრბოლელობა, ამიტომ შვილის სიყვარული ავტომობილისა და რბოლის მიმართ მისთვის გასაგები იყო. ერთადერთი, რაც არ მოსწონდა, ტაიბი და მისი ავტომობილი იყო. მან ქალიშვილს უთხრა: „თუ გინდა რალიში მონაწილეობა გააგრძელო, მრბოლელი უნდა გახდე. გიყიდი მანქანას და ერთ სეზონსაც დაგიფინანსებ. შენი შესაძლებლობების ჩვენების საშუალება გექნება“.
დანარჩენი კი უბრალოდ ისტორიაა. მამამ ოჯახის დანაზოგი დახარჯა და ახალი Alpine A110 შეიძინა. ეს ავტომობილი მაშინდელი რალის პილოტებისთვის ფავორიტი იყო. მან გუნდიც კი ჩამოაყალიბა, რომელიც მეგობრებისა და მეზობლებისგან შედგებოდა. ახალ გუნდს Groupe Compétition Grasse დაარქვეს.
მიშელმა პირველივე სეზონში გამოიჩინა თავი. 1973 წელს, ქალთა შორის შეჯიბრებაში, კორსიკის ტურზე მერვე ადგილი დაიკავა. 1974 წლიდან ის უკვე მსოფლიო რალის ჩემპიონატებში მონაწილეობდა. მის საყვარელ კორსიკის ტურზე მეთორმეტე ადგილი დაიკავა და საფრანგეთისა და ევროპის ჩემპიონი ქალის ტიტული მოიპოვა.
1975 წელი მისთვის კიდევ უფრო წარმატებული აღმოჩნდა. საფრანგეთის ნავთობკომპანია Elf-მა მისი ტალანტი შენიშნა და სპონსორობა შესთავაზა. მიშელ მუტონი რალის პროფესიონალი მრბოლელი გახდა. მან წრიული რბოლის შეთავაზებაც მიიღო და Moynet LM75-ით „ლე მანის“ 24-საათიან რბოლაში თავის კლასში პირველი ადგილი დაიკავა.

„გაწვიმდა. სლიკებით დავიწყე სიარული. მეუბნებოდნენ, უნდა გაჩერდეო, მაგრამ მე ეს არ მინდოდა — ყველას ვუსწრებდი“.
შემდეგი დიდი ცვლილება 1977 წელს მოხდა, როცა მან ხელშეკრულება „ფიატთან“ გააფორმა. მიშელს Fiat 131 Abarth უნდა ეტარებინა, რომელიც, მისივე სიტყვებით, ისე იმართებოდა, როგორც სატვირთო და არა როგორც მსუბუქი ავტომობილი. მიუხედავად ასეთი „მონსტრის“ მართვისა, მან ბრწყინვალე შედეგები აჩვენა და „ტურ დე ფრანსის“ რალი მოიგო.
შემდეგ ყველაფერი გართულდა. მონტე-კარლოს რალიმდე ტურინიდან ცუდი ამბავი მოვიდა: „ფიატს“ მხოლოდ 5 მანქანის უზრუნველყოფა შეეძლო და მუტონისთვის ადგილი აღარ დარჩა. მას მოუწია Lancia Stratos-ის თხოვნა, რომელსაც, ჩვეულებრივ, „ფიატის“ მძღოლი ბერნარ დარნიში ატარებდა. დარნიში ძალიან გაბრაზდა; ფიქრობდა, რომ „ვიღაც ქალი“ მის ავტომობილს გააფუჭებდა. თუმცა მიშელმა მეექვსე ადგილი დაიკავა — ეს იყო რალიზე ყველა „ლანჩას“ შორის საუკეთესო შედეგი. ბერნარდმა, ალბათ, ინანა თავისი სიტყვები, როცა სექტემბერში მიშელი მას პირველი ადგილისთვის ებრძოდა. საბოლოოდ დარნიშმა ძრავა გადაახურა და თავისი Lancia Stratos მწყობრიდან გამოიყვანა.
ლამაზმანი და ურჩხული

ტელეფონზე ზარი გაისმა და „აუდის“ გუნდმა ახალგაზრდა ქალს ახალი Quattro-ს ტარება შესთავაზა. ოთხივემავალი „მხეცი“ 300 ცხენის ძალით რალის სამყაროში აქამდე არნახული ავტომობილი იყო.
„როცა დარეკეს, ეს სრული შოკი იყო. როცა ფრანგ ქალს გერმანიიდან გირეკავენ და რალის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის მიღებას გთავაზობენ, ეს დაუჯერებელია. არ ვიცოდი, ყველაფერი როგორ დამთავრდებოდა, მაგრამ უარის თქმა არ შემეძლო. ჩემი გუნდელი ჰანუ მიკოლა უნდა ყოფილიყო. მე მას ყოველთვის დიდებულ პილოტად მივიჩნევდი და ის ჩემი გუნდელი ხდებოდა“, — იხსენებს მიშელ მუტონი.
1981 წელს ლეგენდარულმა მრბოლელმა არი ვატანენმა თქვა, რომ არც ის და არც მისი მანქანა ქალთან წაგებას არ აპირებდნენ. მიშელმა რალის მსოფლიო ჩემპიონატის სან-რემოს ტურში გაიმარჯვა. მან ჰენრი ტოივონენისა და არი ვატანენის დამარცხება შეძლო. ის გახდა პირველი ქალი, რომელმაც რალის მსოფლიო ჩემპიონატის ეტაპი მოიგო.
შემდეგი წელი მუტონისთვის რთული აღმოჩნდა. კოტ-დ’ივუარის მარათონული რალის დროს შეიტყო, რომ მამამისი გარდაიცვალა. მან მამის ბოლო სურვილი შეასრულა — რბოლა დაიწყო და ფინიშის ხაზიც გადაკვეთა. რომ არა ავარია ფინიშამდე 600 კილომეტრით ადრე, მას ჩემპიონობისთვის ბრძოლის რეალური შანსი ექნებოდა. ვალტერ რორლი გახდა რალის პირველი მრბოლელი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ზედიზედ ორჯერ მოიპოვა. მიშელ მუტონი ჩემპიონს მხოლოდ 12 ქულით ჩამორჩა.

მონსტრების ერა
1983 წლის დასაწყისში „ჯგუფი B“ რალის სამყაროს ყველაზე შეშლილი და ლეგენდარული ნაწილი გახდა. ამ ჯგუფისთვის დამახასიათებელი იყო უპრეცედენტო სიჩქარე. იუჰა კანკუნენმა ერთხელ თქვა: „რალის მსოფლიო ჩემპიონატი ბიჭებისთვისაა, ჯგუფი B კი — კაცებისთვის“. სინამდვილეში კი — კაცებისა და ერთი ქალის, მიშელ მუტონისთვის.
თავისი „კუატროთი“ ის იყო იმ მცირეოდენ პილოტთა შორის, რომელმაც დიდი სიჩქარის დამორჩილება შეძლო.

მიშელ მუტონი მხოლოდ რალიში როდი იყო წარმატებული. ის კოლორადოს „პაიქს-პიკის“ (Pikes Peak) რბოლაში მონაწილეობდა და თავის კლასში პირველი ადგილი დაიკავა. შემდეგ წელს კი ამერიკული V8 პროტოტიპების რბოლა მოიგო. 1986 წელს მიშელს ადგილი „პეჟოს“ გუნდში გამოუჩნდა, სადაც კიდევ უფრო სწრაფ Peugeot 205 T16-ს ატარებდა. მუტონმა გერმანიის რალის ჩემპიონატი დაიპყრო — რვა ეტაპიდან გამარჯვების მოპოვება ექვსში შეძლო.
კორსიკის საბედისწერო რალი
საბოლოოდ, ყველაფერი იქ დასრულდა, სადაც დაიწყო. კორსიკის რალიზე მიშელის „პეჟოს“ კარგი ტემპი ჰქონდა და მესამე ადგილსაც იკავებდა, თუმცა მოგვიანებით, გადაცემათა კოლოფის პრობლემის გამო, რბოლის შეწყვეტა მოუწია.
მეორე დღეს, ახალგაზრდა, ნიჭიერი ფინელი პილოტის, ჰენრი ტოივონენისა და მისი მეწყვილის, სერხიო კრესტოს ტრაგიკული ავარიის შემდეგ, მიშელ მუტონმა გადაწყვიტა, რომ თუ „ჯგუფი B“ გაუქმდებოდა, რბოლას თავს დაანებებდა. გერმანიის რალის ჩემპიონის ტიტულის დაცვიდან ორი კვირის შემდეგ „შავმა ვულკანმა“ რალიდან წასვლის შესახებ განაცხადა.

მისი სიყვარული რალის მიმართ არასდროს განელებულა. შემდგომში მუტონი უკვე რალის მსოფლიო ჩემპიონატის (WRC) მენეჯერი გახლდათ. მისი შედეგების გაუმჯობესება კი დღემდე ვერცერთმა ქალმა შეძლო და, როგორც ჩანს, კიდევ დიდხანს ვერ შეძლებს.